¹ბს-279-272(2კ-08) 23 ივლისი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი – ქ. მაღრაძე
კასატორი (მოწინააღმდეგე მხარე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (კასატორი) – ნ. ჭ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 22 სექტემბერს ნანა ჯულუხაძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1993 წლიდან 2004 წლამდე მსახურობდა ქ. ქუთაისის საგარნიზონო სამხედრო ჰოსპიტალში ჯერ ექიმ-ორდინატორად, შემდეგ ინფექციური განყოფილების უფროსად. შტატების რეორგანიზაციის გამო, 2005 წლის იანვრიდან 2006 წლის 1 ივლისამდე მუშაობდა მე-.... ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის ..... ექიმ-ინფექციონისტად.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 აგვისტოს ¹1681 ბრძანებით დაითხოვეს შეიარაღებული ძალების რიგებიდან "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 თავის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის "დ" ქვეპუნქტით, რომელსაც საფუძვლად დაედო მე-2 ქვეითი ბრიგადის მეთაურის შუამდგომლობა.
მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ბრძანება უკანონოა, ვინაიდან ა.წ. 1 ივნისიდან სამსახურებრივი მივლინებით იმყოფებოდა ორფოლოს სასწავლო პოლიგონზე. 28 ივნისს მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დატოვა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ადგილი. ოჯახური მდგომარეობის შესახებ აცნობა ასეულის მეთაურს და მიიღო თანხმობა გათავისუფლებაზე. წასვლამდე ჯერ ტელეფონით, შემდეგ მოგვიანებით პირადად ესაუბრა ბატალიონის მეთაურს, უფროს ლეიტენანტ კ-ს, აუხსნა შექმნილი მდგომარეობა და ითხოვა გათავისუფლება, რაზედაც მიიღო თანხმობა და იმ დღესვე დაწერა პატაკი. სახლში ყოფნის მეცხრე დღეს - 7 ივლისს, ბატალიონის იურისტისაგან შეიტყო, რომ იყო დათხოვნილი, როცა შეეცადა სიტუაციის გარკვევას და მიხვდა, რომ შედავებას აზრი არ ჰქონდა, მოითხოვა მიეცათ კუთვნილი შვებულება, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მოეძებნა სხვა ბრიგადაში ადგილი სამუშაოდ. 12 ივლისს ბატალიონის იურისტმა შეატყობინა, რომ 13 ივლისს დანიშნული იყო სამანდატო კომისია, სადაც უნდა გამოცხადებულიყო. მოსარჩელის განმარტებით, იგი ჩავიდა ორფოლოში, მაგრამ სამანდატო კომისია ჩაატარეს მის გარეშე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 აგვისტოს ¹1681 ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.
მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ჭ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2006 წლის 1 აგვისტოს ¹1681 ბრძანება ნ. ჭ-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. ნ. ჭ-ე აღდგენილ იქნა სამსახურში და აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი სამუშაოზე აღდგენამდე.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სადავო აქტის გამოცემისას დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე, 53-ე და 55-ე მუხლები, რადგან იგი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ იყო უფლებამოსილი, გადაწყვეტილება დაეფუძნებინა იმ გარემოებებზე, რაც არ იყო გამოკვლეული. თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას არ უხელმძღვანელია კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, კერძოდ, ნ. ჭ-ეს არ მისცემია ახსნა-განმარტების საშუალება. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, ეცნობებინა მოსარჩელისათვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, ვინაიდან ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით გაუარესდა მისი სამართლებრივი მდგომარეობა.
' საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, წერილობით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას, ხოლო თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ამ აქტის გამოცემისას. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ კანონის არც აღნიშნული მოთხოვნა იქნა გათვალისწინებული, რადგან სადავო აქტში არ არის მითითებული თუ რაში გამოიხატა მოსარჩელის სამართლებრივი შეუსაბამობა, რადგან წარმოდგენილი პირადი საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს აქვს მიღებული უმაღლესი განათლება, მონაწილეობდა სხვადასხვა სწავლებებში, წარმატებით აქვს დამთავრებული სასწავლო პროგრამებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, გამოცხადებული აქვს მადლობები და ა.შ.
ამასთან, საქალაქო სასამართლოს მითითებით, სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია 2006 წლის 1 აგვისტოს. მოსარჩელე გათავისუფლებულია 2006 წლის 1 ივლისიდან და გათავისუფლების საფუძველია მე-2 ქვეითი ბრიგადის მეთაურის შუამდგომლობა, დათარიღებული 2006 წლის 21 ივლისით, ე.ი. ჯერ კიდევ მანამდე არსებობდა მეთაურის შუამდგომლობა. ადმინისტრაციული აქტი არა მხოლოდ არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს, არამედ იგი გამოცემული უნდა იქნეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში კი მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას ერთი თვის უკან დახევით. აღნიშნული ეწინააღმდეგება სამართლის ზოგად პრინციპებსაც _ სამართალურთიერთობას, სტაბილურობას, კეთილსინდისიერებას და კანონიერების პრინციპებს.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სამხედრო სამსახური წარმოადგენს საჯარო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს. "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეებზე არ ვრცელდება აღნიშნული კანონის მოქმედება, ვინაიდან სამხედრო მოსამსახურის შრომით ურთიერთობებს არეგულირებს სპეციალური კანონმდებლობა. "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" კანონის 21-ე მუხლი განსაზღვრავს სამხედრო მოსამსახურის უპირობო დათხოვნის საფუძვლებს. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე არ დაემორჩილა სამხედრო მოსამსახურისათვის დადგენილ წესებს, არ დაემორჩილა მეთაურებსა და მათ ბრძანებებს, ადმინისტრაცია უფლებამოსილი იყო, დაეთხოვა მისი მოსამსახურე, მით უფრო, რომ მოსარჩელეს დათხოვნამდე გამოცხადებული ჰქონდა სასტიკი საყვედური.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2006 წლის 1 აგვისტოს ¹1681 ბრძანება ნ. ჭ-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოეცა ახალი აქტი წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში; ნ. ჭ-ეს აუნაზღაურდა ბრძანების ბათილად ცნობიდან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე პერიოდის იძულებით განაცდური ხელფასი.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389.2-ე მუხლის "ბ" და "გ" ქვეპუნქტების თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით, ასევე მისი შეცვლის დასაბუთებას. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მასზე მითითებით.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე იმყოფებოდა ორფოლოს პოლიგონზე გაერთიანებულ საველე სწავლება "კავკასიონი 2006"-ში მონაწილეობის მისაღებად. მისი ახსნა-განმარტებით და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ მეუღლის ავადმყოფობის გამო, 2006 წლის 28 ივნისს ითხოვა შვებულება, დაწერა პატაკი, რომელიც ჩააბარა კადრების განყოფილებაში და მის თხოვნაზე შვებულების მიღების თაობაზე წერილობითი ბრძანების გარეშე დატოვა პოლიგონი, რაც ჩაითვალა სამსახურებრივ შეუსაბამობაში და გათავისუფლდა თანამდებობიდან "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა სამანდატო კომისიაზე, რის შედეგადაც ნ. ჭ-ის გათავისუფლების შესახებ წარდგინებით იქნა მიმართული გენერალური შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსისადმი.
სააპელაციო პალატა ასევე ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე, 53-ე, 96-ე მუხლების მოთხოვნათა დაუცველად, რაც გამოიხატა თავდაცვის სამინისტროს მიერ საკითხის გადაწყვეტაში, საამისოდ საჭირო ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და შესწავლა-შეჯერების გარეშე. პალატამ აღნიშნულთან მიმართებაში მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ არ იქნა სათანადოდ გამოკვლეული და შესაწავლილი ის გარემოება, ნ. ჭ-ემ თვითნებურად დატოვა სამხედრო ნაწილი თუ ჰქონდა ნებართვა ხელმძღვანელობის მიერ, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის. მოწმედ დაკითხული სამედიცინო ასეულის მეთაურის - დ. ც-ის განმარტებით, იგი დაჰპირდა ნ. ჭ-ეს გათავისუფლებას, აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა, რომ შევიდოდა უფროსთან მოსარჩელის მიერ საამისოდ დაწერილი პატაკით, რომელიც შემდგომ უფროსმა არ დააკმაყოფილა. დ. ცაბაძემ სამანდატო კომისიის სხდომაზე განმარტა, რომ ოჯახური პრობლემების გამო მოსარჩელე რამდენჯერმე იმყოფებოდა მოკლევადიან შვებულებაში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა ბატალიონის მეთაურის მიერ, რის შემდეგაც ნ. ჭ-ემ თვითნებურად მიატოვა სამხედრო ნაწილი, რაც ითვლება მოსარჩელისთვის უღირს საქციელად. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ არის დადასტურებული მოსარჩელემ დატოვა პოლიგონი მეთაურთა სიტყვიერი ნებართვით, თუ თვითნებურად, ბატალიონის მეთაურის მიერ დაუკმაყოფილებლობის შემდეგ. ამდენად, გაუგებარი მტკიცებულებების საფუძველზე იქნა საქალაქო სასამართლოს მიერ დადასტურებულად მიჩნეული ის გარემოება, რომ ნ. ჭ-ე შეუთანხმდა დათხოვნის თაობაზე ასეულისა და ბატალიონის მეთაურებს.
სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ არ არის დასაბუთებული, თუ რის საფუძველზე მიიჩნია საქალაქო სასამართლომ დადგენილად ის გარემოება, რომ მოსარჩელეს არ მიეცა საშუალება, ემტკიცებინა მის მიერ განხორციელებული ქმედების კანონიერება. სამანდატო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, სხდომაზე აღინიშნა, რომ ნ. ჭ-ის ცნობილი იყო კომისიის სხდომის თაობაზე და იგი არ გამოცხადდა. ნ. ჭ-ემ ახსნა-განმარტებაში აღნიშნა, რომ იცოდა სხდომის შესახებ, მივიდა, მაგრამ არ შეუშვეს. ამდენად, გაუგებარია, ნ. ჭ-ემ თავისი სურვილით თქვა უარი მის მიმართ მიმდინარე წარმოებაში მონაწილეობაზე, თუ ადგილი ჰქონდა სხვა პირთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს.
შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის "ე" ქვეპუნქტის და 385-ე მუხლის თანახმად, მისი გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის მიზეზი, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იმ არსებითი საკითხების გამოურკვევლობა, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ნ. ჭ-ის სამსახურებრივი შესაბამისობის დადგენისათვის, რის გამოც სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, არსებითად გადაეწყვიტა სადავო საკითხი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისთვის მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეზე გამოყენებული უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაევალოს თავდაცვის სამინისტროს საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მიიღოს ახალი გადაწყვეტილება ნ. ჭ-ის მიერ სამხედრო ნაწილის დატოვების ფაქტზე. ხელახალი ადმინისტრაციული წარმოებისას აპელანტმა უნდა გაარკვიოს, ჰქონდა თუ არა ნამდვილად მიღებული ნ. ჭ-ეს სიტყვიერი თანხმობა სამსახურის დატოვების შესახებ უშუალოდ ხელმძღვანელობისაგან და იყო თუ არა იგი უფლებამოსილი, მეთაურის ბრძანების გარეშე, მხოლოდ სიტყვიერი ნებართვით დაეტოვებინა ტერიტორია. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოებაც, რომ თუკი ნ. ჭ-ემ დატოვა სამსახური მეთაურთა სიტყვიერი ნებართვით და აღნიშნული მას ჩაეთვალა სამხედრო მოსამსახურისათვის უღირს საქციელად, მოჰყვა თუ არა შედეგად ამგვარი ნებართვის გაცემას, მეთაურების მიმართ რაიმე ადეკვატური ღონისძიებების გატარება სამინისტროს მხრიდან, რაც უტყუარი დასტური იქნება იმ გარემოებისა, რომ მოსარჩელის მიერ ადგილი ჰქონდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს და სამხედრო სადისციპლინო წესდების დარღვევას. თვითდათხოვნა, თუ ასეთს ადგილი ჰქონდა კონკრეტულ შემთხვევაში, თავისთავად წარმოადგენს დისციპლინური გადაცდომის სახეს და თუ იგი განხორციელდა მეთაურის კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მეშვეობით, შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდათ თვით მოსარჩელის მეთაურებსაც, რათა დაცულ იქნეს კანონის წინაშე პირთა თანასწორობისა და პროპორციულობის პრინციპი. ამ პრინციპიდან გამომდინარე, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა შესაბამისი ზომები გატარებული მეთაურთა მიმართ, გაურკვეველია, რატომ იქნა საკითხი განსხვავებულად გადაწყვეტილი მოსარჩელესთან მიმართებაში.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილით დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისთვის ხელის შეშლა, აგრეთვე კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება, ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრეციული ზომების მიღება. აღნიშნული მოთხოვნა გათვალისწინებული უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის ხელახალი განხილვისას.
ზემოაღნიშნული მოსაზრებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამასთან, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს გათავისუფლებიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე პერიოდის იძულებითი განაცდური ხელფასის სახით, რადგან საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო, ხოლო ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სასამართლოს მიერ ბათილად არის ცნობილი და შესაბამისად, არ არსებობს ხელფასის გაუცემლობის საფუძველი.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ჭ-ემ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კასატორი _ ნ. ჭ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
კასატორი საკასაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სასარჩელო განცხადებაში.
მეორე კასატორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სამხედრო სამსახური არის სპეციფიკური სამსახური, რომელიც რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით, კონკრეტულ შემთხვევაში - "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონით და "საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდებით" დამტკიცებული 2006 წლის 10 თებერვლის საქართველოს პრეზიდენტის ¹111 ბრძანებულებით.
"საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების" პირველი მუხლი განსაზღვრავს საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების ამოცანებსა და მიზნებს. ამავე წესდების 31-ე მუხლით განსაზღვრულია დისციპლინური გადაცდომის ცნება. მითითებული ნორმატიული აქტის 21-ე თავი განსაზღვრავს დისციპლინური საქმეების განხილვის წესს. შესაბამისად, როგორც აღინიშნა, ნ. ჭ-ის მიერ ჩადენილი ქმედება განხილულ იქნა სამანდატო კომისიაზე, რაც თავისი არსით ნიშნავს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დარღვევის ფაქტებზე უსაფუძვლოა.
ასევე უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 აგვისტოს ¹1681 ბრძანების შესახებაც, თითქოსდა იგი გამოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე, 53-ე მუხლების დუცველად.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნას და გასაჩივრებული ბრძანება ცნო ბათილად არა მოსარჩელის ნაწილში, არამედ მთლიანად (თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 აგვისტოს ¹1681 ბრძანება ეხება რამდენიმე სამხედრო მოსამსახურის დათხოვნას).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა სამინისტროსთვის ხელფასის განაცდურის დაკისრების ნაწილშიც, ვინაიდან ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად. შესაბამისად, გაუმართლებელია სამინისტროსთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება ამ დავის საბოლოოდ დასრულებამდე, რადგან სასამართლოსთვის წინასწარ უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს სამინისტრო ადმინისტრაციული წარმოების შედეგად. 32.4 მუხლით აქტის ბათილობისას უდავოა, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა უბრუნდება პირვანდელ (აქტის გამოცემამდე) მდგომარეობას. შესაბამისად, მისი ხელახლა გათავისუფლებაზე გადაწყვეტილების მიღებისას, გათავისუფლება მოხდება იმ თარიღიდან, როცა გასაჩივრებული აქტი გამოიცა, რადგან სასამართლომ სადავოდ გახადა არა გათავისუფლების თარიღი, არამედ ბრძანების გამოცემის დასაბუთებულობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მხარეთა შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნ. ჭ-ის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება და დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნ. ჭ-ის მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი და დავის მორიგებით დამთავრების გამო, სარჩელზე წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის აღნიშნული მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, ხოლო იმავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნ. ჭ-ეს შორის გაფორმებული, საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2008 წლის 23 ივლისს წარმოდგენილი მორიგების აქტი და მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხსენებული მორიგების აქტი არ შეიცავს რაიმე კანონსაწინააღმდეგო დებულებას, აღნიშნული მორიგების აქტით არ ილახება სახელმწიფო (საჯარო) ინტერესები და, ამდენად, შესაძლებელია დასახელებული მორიგების აქტის დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლზე და მხარეებს განუმარტავს, რომ აღნიშნული მუხლის თანახმად, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით, ხოლო საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-3 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” პუნქტით, 273-ე , 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაკმაყოფილდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნ. ჭ-ის შუამდგომლობა მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე;
2. მორიგების აქტის დამტკიცების გამო წინამდებარე საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება;
3. ნ. ჭ-ის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება;
4. დამტკიცდეს მორიგების აქტი ნ. ჭ-ესა და საქართველოს თავადაცვის სამინისტროს შორის, შემდეგი პირობებით:
ნ. ჭ-ე უარს ამბობს:
1. 1.1 სასარჩელო მოთხოვნაზე სამინისტროსათვის იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში; 1.2 სასარჩელო მოთხოვნაზე აღდგენის ნაწილში ამ მორიგების 2.3 პუნქტში ჩამოყალიბებული სამინისტროს ვალდებულების გამო; 1.3 სასარჩელო მოთხოვნაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 01.08.2006 წლის ¹1681 ბრძანების (ნ. ჭ-ის დათხოვნის ნაწილში) ბათილობის ნაწილში ამ მორიგების 2.1 პუნქტში ჩამოყალიბებული სამინისტროს ვალდებულების გამო;
2. კასატორი საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე მხარე):
2.1 ბათილად ცნობს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 01.08.2006 წლის ¹1681 ბრძანებას (ნ. ჭ-ის დათხოვნის ნაწილში);
2.2 იღებს ვალდებულებას ნ. ჭ-ეს 01.07.2006 წლიდან 30.05.2008 წლამდე პერიოდი ჩაუთვალოს ნამსახურობის წელთა სტაჟში;
2.3 იღებს ვალდებულებას მოახდინოს ნ. ჭ-ის შრომითი მოწყობა არაუგვიანეს კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდის ამოწურვის თარიღისა.
5. მხარეებს განემარტოთ საქმის წარმოების შეწყვეტის შემდეგ დაუშვებელია იმავე საფუძვლით, იმავე მხარეებს შორის, იგივე დავაზე სასამართლოსათვის მიმართვა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.