Facebook Twitter

¹ბს-28-28(კ-08) 6 მარტი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 16 ნოემბერს თ. გ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ფოთის მთავრობის მიმართ და ზიანის _ 10000 აშშ დოლარის _ ანაზღაურება მოითხოვა.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 28 სექტემბრის ¹32/686 გადაწყვეტილებით ქ. ფოთის აღმასკომმა იკისრა ვალდებულება, რომლის თანახმადაც, ქ. ფოთში, გ.-ს ქ. ¹67-ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და სამოსახლო მიწის ნაკვეთის აღების სანაცვლოდ, ქ. ფოთში, ...-ს და ...ს ქუჩების გადაკვეთაზე ასაშენებელ საცხოვრებელ სახლში, მესამე სართულზე მოსარჩელეს გამოეყოფოდა ოროთახიანი კეთილმოწყობილი ბინა. მოპასუხემ მის მიერ აღებული ხსენებული ვალდებულება აღიარა 1990 წლის 1 ოქტომბრის წერილითაც და აღნიშნა, რომ თ. გ.-ს დასახელებული მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა ასაშენებელ საცხოვრებელ სახლში ბინების განაწილების დროს. მოსარჩელემ 2005 წლის 30 სექტემბერს იგივე მოთხოვნით კვლავ მიმართა ქ. ფოთის მთავრობას, თუმცა ქ. ფოთის მთავრობის პასუხით მას განემარტა, რომ ქ. ფოთის აღმასკომი სახელმწიფო ორგანოს წარმოადგენდა, სახელმწიფო და თვითმმართველობა კი სხვადასხვა რამ იყო და ქ. ფოთის მთავრობა, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სახელმწიფო ორგანოს მიერ აღებულ ვალდებულებაზე პასუხს ვერ აგებდა. მოსარჩელემ აღნიშნული მსჯელობა უკანონოდ მიიჩნია და მიუთითა, რომ მოპასუხემ ხსენებული ვალდებულების შესრულებაზე უარი მხოლოდ 2005 წლის ნოემბერში განაცხადა, მანამდე კი იგი ვალდებულების არსებობას არ უარყოფდა, თუმცა მისი შესრულების კონკრეტულ ვადას არ უთითებდა.

ამდენად, თ. გ.-ს მოსაზრებით, ქ. ფოთის მთავრობის 2005 წლის 10 ოქტომბრის წერილიდან აშკარა იყო, რომ მოპასუხე ზემოთ მითითებული ვალდებულების შესრულებას არ აპირებდა, რის გამოც მან სარჩელით მიმართა სასამართლოს და ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, დაპირებული ოროთახიანი ბინის სანაცვლოდ, ზიანის სახით 10000 აშშ დოლარის ანაზღაურება მოითხოვა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. გ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და ქ. ფოთის მთავრობას მის სასარგებლოდ 10000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. ფოთის მთავრობა წარმოადგენდა ქ. ფოთის აღმასკომის უფლებამონაცვლეს და სწორედ იგი იყო ვალდებული, ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა. ამასთან, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 10000 აშშ დოლარი გონივრულ თანხას წარმოადგენდა, რამდენადაც ქ. ფოთში კეთილმოწყობილი ოროთახიანი ბინა ამ თანხით იყო შეფასებული.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება ქ. ფოთის მთავრობამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 25 მაისის ახალი გადაწყვეტილებით ქ. ფოთის მთავრობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება და თ. გ.-ს სარჩელს დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის მოტივით უარი ეთქვა.

თ. გ.-მ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა და მიუთითა, რომ მან თავისი უფლებების დარღვევის შესახებ ქ. ფოთის მთავრობის 2005 წლის 10 ოქტომბრის პასუხიდან შეიტყო, როცა აცნობეს, რომ ქ. ფოთის მთავრობა ქ. ფოთის აღმასკომის მიერ ნაკისრ ვალდებულებაზე პასუხს არ აგებდა. შესაბამისად, მას ამ დროიდან წარმოეშვა მოთხოვნის უფლება და სწორედ ამის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში სარჩელი სასამართლოში შეიტანა. კასატორმა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ კანონიერ ნდობაზეც მიუთითა, სარჩელის ხანდაზმულად ცნობა უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 დეკემბრის განჩინებით თ. გ.-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ თ. გ.-ს სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია და ამ მოტივით უთხრა მას უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე, საკასაციო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, საქმეზე არსებითი გადაწყვეტილება მიეღო, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე თავის გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია და სათანადო წესით არ შეუფასებია ისინი.

საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის ხელახლა განხილვისას თ. გ.-ს სარჩელის ხანდაზმულობაზე საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა ემსჯელა და ყურადღება მიექცია შემდეგ გარემოებებზე:

ქ. ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 28 სექტემბერის ¹32/686 გადაწყვეტილებით ქ. ფოთის აღმასკომმა თ. გ.-ს მიმართ იკისრა ვალდებულება, ქ. ფოთში, ...-ს ქუჩის ¹67-ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და სამოსახლო მიწის ნაკვეთის აღების სანაცვლოდ, მისთვის ქ. ფოთში, ...-ს და ...-ს ქუჩების გადაკვეთაზე ასაშენებელ სახლში, მესამე სართულზე, ოროთახიანი კეთილმოწყობილი ბინა გამოეყო. საქმეში წარმოდგენილი იყო ქ. ფოთის მთავრობის 2005 წლის 10 ოქტომბრის წერილის ასლი, რომლითაც მოპასუხემ ქ. ფოთის აღმასკომის მიერ აღებული ვალდებულების შესრულებაზე უარი განაცხადა. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გამოეკვლია, 1990 წლიდან 2005 წლამდე მოსარჩელე მიმართავდა თუ არა ქალაქის აღმასკომს ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოცემულ დავაზე 10-წლიანი ხანდაზმულობის ვადა გაავრცელა, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლს, რომლის თანახმადაც, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდებოდა, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანდა სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად ანდა შეეცდებოდა დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიც იყო სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. ხანდაზმულობის ვადის დენა კი იწყებოდა მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, კერძოდ, როცა პირი შეიტყობდა ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი).

ამდენად, საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს სარჩელის ხანდაზმულობის საკითხზე მსჯელობისას უნდა დაედგინა, თ. გ.-ს მოთხოვნის უფლება 1990 წლიდან წარმოეშვა თუ მხოლოდ 2005 წლიდან, როცა ქ. ფოთის მთავრობამ აღმასკომის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე უარი განაცხადა და სარჩელის ხანდაზმულობის საკითხზე მხოლოდ ამის შესაბამისად ემსჯელა. სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოებაც, რომ მხარეთა შორის 1990 წელს წარმოშობილი სამართალურთიერთობის თანახმად, მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების კონკრეტული ვადა მითითებული არ ყოფილა და ემსჯელა, ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს უფლება, ვალდებულების შესრულებამდე ნებისმიერ დროს მოეთხოვა მოვალის მიერ მისი შესრულება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს საქმის ხელახლა განხილვისას სრულყოფილად უნდა გამოეკვლია ქ. ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამართალმემკვიდრეობის საკითხი და დაედგინა ქ. ფოთის მთავრობა იყო თუ არა 1990 წელს მოქმედი ქ. ფოთის მმართველობის ორგანოს _ აღმასკომის უფლებამონაცვლე და მის მიერ აღებულ ვალდებულებაზე პასუხისმგებელი პირი, წინააღმდეგ შემთხვევაში სათანადო მოპასუხეზეც უნდა ემსჯელა. სააპელაციო სასამართლოს ყურადღება უნდა მიექცია, აგრეთვე, იმ გარემოებისათვის, რომ ქ. ფოთის აღმასკომის 1990 წლის გადაწყვეტილებით თ. გ.-ს და ქ. ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომს შორის, ფაქტობრივად, დაიდო ორმხრივი გარიგება, რომლის თანახმადაც, ხსენებული აღმასკომის მიერ დაპირებული ბინის სანაცვლოდ, თ. გ.-ს უნდა ჩაებარებინა ქ. ფოთში, ...-ს ქ. ¹67-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და სამოსახლო მიწის ნაკვეთი, რაც, მოსარჩელის განცხადებით, მის მიერ შესრულებულ იქნა.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გამოერკვია სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა _ 10000 აშშ დოლარი შეესაბამებოდა თუ არა ქალაქ ფოთში მოსარჩელისათვის დაპირებული ბინის საბაზრო ღირებულებას და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მისი ოდენობაც განესაზღვრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. გ.-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ქ. ფოთის მერიას თ. გ.-ს სასარგებლოდ 6000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 28 სექტემბრის ¹32/686 გადაწყვეტილებით, თ. გ.-ს, მისი სახლის აღების სანაცვლოდ, ქ. ფოთში, ...-ს და ...-ს ქუჩების გადაკვეთაზე, ასაშენებელ სახლში ბინების განაწილების დროს, უნდა გამოყოფოდა ოროთახიანი კეთილმოწყობილი ბინა, მესამე სართულზე. ქ. ფოთის აღმასკომის აღნიშნული გადაწყვეტილება არ შესრულებულა. ქ. ფოთის მთავრობის 2005 წლის 10 ოქტომბრის შესაბამის წერილში კი განმარტებული იყო, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტების თანახმად, სახელმწიფო და თვითმმართველობა სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს წარმოადგენდა. ქ. ფოთის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომი კი 1990 წელს წარმოადგენდა სახელმწიფო ორგანოს.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო და თვითმმართველობა სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს წარმოადგენდა, მაგრამ ქ. ფოთის აღმასკომი წარმოადგენდა აღმასრულებელ ორგანოს, რომლის სამართალმემკვიდრეც იყო აღმასრულებელი ორგანო _ ქ. ფოთის მერია. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ შესაბამისი ვალდებულება იკისრა აღმასრულებელმა ორგანომ, რის გამოც ხსენებულ ვალდებულებაზე პასუხისმგებელი ქ. ფოთის აღმასკომის სამართალმემკვიდრე ქ. ფოთის მერია იყო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ იყო დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა ზიანის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქმეში არსებული შპს “ს.-ის” 2006 წლის 25 მაისის დასკვნის თანახმად, ქ. ფოთში, ოროთახიანი ბინის ღირებულება შეადგენდა 6000 აშშ დოლარის ეკივალენტ ლარს.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თ. გ.-ს შუამდგომლობის საფუძველზე, მოცემულ საქმეზე ბინის ღირებულების გარკვევის მიზნით, დაინიშნა ექსპერტიზა, თუმცა მოსარჩელის მიერ ექსპერტიზის ხარჯების გადაუხდელობის გამო, ექსპერტიზა არ ჩატარდა, რის გამოც სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო შპს “ს.-ის” 2006 წლის 25 მაისის დასკვნას.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მითითება თ. გ.-ს სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე, ვინაიდან ქ. ფოთის აღმასკომის 1990 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებაში არ იყო მითითებული ვადა, თუ როდის უნდა გადასცემოდა მოსარჩელეს შესაბამისი ბინა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ იყო განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვეოდა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეეძლო მოეთხოვა მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეეძლო იგი დაუყოვნებლივ შეესრულებინა. ქ. ფოთის აღმასკომის 1990 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო, რომ თ გ.-ს უნდა გადასცემოდა ბინა ასაშენებელ სახლში. ამდენად, ვალდებულების შესრულება დამოკიდებული იყო განსაზღვრული პირობის დადგომაზე, მოვლენაზე _ საცხოვრებელი სახლის აშენებაზე, რომელიც არ აშენებულა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის მე-3 ნაწილზე მიუთითა და განმარტა, რომ დამატებითი ვადის განსაზღვრა არ იყო საჭირო, თუ აშკარა იყო, რომ მას რაიმე შედეგი არ მოჰყვებოდა ან, როცა არსებობდა განსაკუთრებული გარემოებები, რომლებიც ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით ამართლებდნენ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაუყოვნებლივ გამოყენებას. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ, რამდენადაც საცხოვრებელი სახლი არ აშენდა, ორივე მხარის ინტერესებში შედიოდა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ ხსენებული მუხლის თანახმად, არ იყო აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარა იყო, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნებოდა. მოცემულ შემთხვევაში ქ. ფოთის მერიამ 2005 წლის 10 ოქტომბრის წერილით უარი განუცხადა მოსარჩელეს შესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, აშკარა გახდა ვალდებულების შეუსრულებლობა, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობაც აქედან უნდა ათვლილიყო, ვინაიდან ამ პერიოდიდან გახდა მოსარჩელისათვის ცნობილი, რომ მისი უფლება დაირღვა. ამასთან, ვინაიდან თ. გ.-მ შესაბამისი მოთხოვნით 2005 წელს მიმართა ქ. ფოთის მერიას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდამულობის ვადის დენა შეწყდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით ხანდაზმულობის საერთო ვადა 10 წელს შეადგენა, იმავე კოდექსის 130-ე მუხლით ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. თ. გ.-ს ქ. ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 28 სექტემბრის ¹32/686 გადაწყვეტილებით უნდა გადასცემოდა ქ. ფოთში, ...-ს და ...-ს ქუჩების გადაკვეთაზე ასაშენებელ საცხოვრებელ სახლში, მესამე სართულზე ოროთახიანი კეთილმოწყობილი ბინა. ვინაიდან მოსარჩელემ ხსენებული მოთხოვნით 2005 წელს მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს და 1990 წლიდან 2005 წლამდე ვალდებულება არ შესრულებულა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, მას უნდა სცოდნოდა, რომ მისი მოთხოვნა არ სრულდებოდა და ამდენად, მან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად გაუშვა ხანდაზმულობის ვადა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო და თვითმმართველობა სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენდა. 1990 წელს ქ. ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომი წარმოადგენდა სახელმწიფო ორგანოს. ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით კი ქ. ფოთის მთავრობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმოადგენდა და არა სახელმწიფო ორგანოს, ამდენად ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო პასუხს ვერ აგებდა სახელმწიფო ორგანოს ვალდებულებაზე. კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, ქ. ფოთის მთავრობა არასათანადო მოპასუხეს წარმოადგენს და საქმეში მოპასუხეებად უნდა ჩაერთონ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები _ საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროები.

კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 368-ე მუხლზეც, რომლის თანახმად, თუ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია რაიმე პირობის დადგომაზე, მაშინ ვალდებულება შესასრულებელია იმ დღიდან, როცა ეს პირობა დადგება. ვინაიდან, ქ. ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 28 სექტემბრის ¹32/686 გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ თ. გ.-ს საცხოვრებელი ბინა უნდა გადასცემოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქ. ფოთში, ...-ს და ...-ს ქუჩების გადაკვეთაზე აშენდებოდა საცხოვრებელი სახლი, ზემოხსენებული ვალდებულების წარმოშობა დამოკიდებული იყო გარკვეული პირობის შესრულებაზე _ ...-ს და ...-ს ქუჩების გადაკვეთაზე საცხოვრებელი სახლის აშენებაზე, ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 368-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების შესრულების დრო არ დამდგარა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 18 იანვრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 6 მარტამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.