ბს-283-268(კ-07) 19 ივლისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
09.06.06წ. მ. ე-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოპასუხე აჭარის ა/რ ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის ¹00752 და ¹01106 ნომრების აღდგენა და მისი მეუღლის საოჯახო ნომრის ¹01345 გაუქმება ან მასზე რიცხული 7000 აშშ დოლარის მისთვის გადაცემის დავალდებულება, აღდგენილი საოჯახო ნომრების საკომპენსაციო თანხების გამცემ ერთიან კომპიუტერულ სიაში შეყვანა-დარეგისტრირება და შესწორებული სიის კომპანია ,, .. .." გადაცემა მოითხოვა. მოსარჩელემ მესამე პირად დაასახელა ,, .. .." და მოითხოვა შესწორებული სიის მიხედვით საკომპენსაციო თანხის გაცემის მისთვის დავალდებულება.
მოსარჩელის განმარტებით, 1993 წლიდან ცხოვრობდა სასტუმრო ,,მ....ში". საოჯახო ნომერი 00752 მინიჭებული ჰქონდა მას და მის შვილებს: ხ. ბ-ს, თ. ბ-ს, ლ. ბ-ს, ¹00729 _ მის შვილებს ი. ბ-ს, ვ. ბ-ს, ხოლო ¹001106 მის შვილს გ. ბ-ს. კომპანია ,,.. .." შეისყიდა აჭარის ა/რ კურორტების 100% და სს ,,მ...ის" 52.8%-იანი პაკეტი. აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 14.02.06წ. ¹15 ბრძანების მე-4 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით განისაზღვრა, რომ კომპანიას იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, თითოეული ოჯახისათვის 7000 აშშ დოლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდის შემდეგ უნდა უზრუნველეყო მათი გამოსახლება. 12.03.06წ. მან და მისმა ოჯახმა მიმართა აჭარის ა/რ ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებული საკომპენსაციო თანხების გამცემ შტაბს. აღმოჩნდა, რომ მათი საოჯახო ნომრები გაუქმებული იყო და მისი ოჯახის ყველა წევრი რეგისტრირებული იყო მხოლოდ ერთი საოჯახო ნომრით. ერთიან საოჯახო სიაში რეგისტრირებული იყო მისი გარდაცვლილი მეუღლეც, ნ. ბ-ა, რომელიც 15.10.05წ. გარდაიცვალა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 26.06.06წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო (ს.ფ. 84).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 01.08.06წ. გადაწყვეტილებით მ. ე-ს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა აჭარის ა/რ ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთიანი კომპიუტერული სიიდან აწგარდაცვლილი ნ. ბ-ს ამოღება ნომრით 01345, მ. ე-ს, საოჯახო ნომრით 00752 საკომპენსაციო თანხების გამცემ ერთიან კომპიუტერულ სიაში დამატება და საკომპენსაციო თანხის გასაცემად კომპანიისათვის გადაცემა დაევალა.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს მინიჭებული ჰქონდა დევნილის სტატუსი და 1993 წლიდან სასტუმრო ,,მ...ში" ცხოვრობდა შვილებთან ერთად. ოჯახს გააჩნდა სამი საოჯახო ნომერი: ¹00752, ¹00729, ¹001106. საკომპენსაციო თანხების გამცემ ერთიან კომპიუტერულ სიაში მითითებულ იქნა მ. ე-ა საოჯახო ნომრის გარეშე. მისი სახელი შეტანილი იქნა სიაში შვილის, ი. ბ-ს საოჯახო ნომერში.
სასამართლო კოლეგიამ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მ. ე-ა წარმოადგენდა ცალკე ოჯახს, ვინაიდან მინიჭებული ჰქონდა ცალკე საოჯახო ნომერი და საკომპენსაციო თანხების გამცემ ერთიან საკომპენსაციო სიაში ცალკე ოჯახად უნდა ყოფილიყო მითითებული.
მ. ბ-ს საოჯახო ნომრის აღდგენის მოთხოვნის ნაწილში სასამართლომ მოსარჩელე არაუფლებამოსილ პირად მიიჩნია, ვინაიდან გ. ბ-ა, სრულწლოვანი პირი, განსახილველ საქმეში მხარეს არ წარმოადგენდა და სასამართლო მის უფლებებზე ვერ იმსჯელებდა. აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.02.07წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 01.08.06წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ნ. ბ- იყო მოსარჩელე მ. ე-ს მეუღლე. მოსარჩელე 1993 წლიდან ცხოვრობდა სასტუმრო ,,მ...ში" და მინიჭებული ჰქონდა საოჯახო ნომერი ¹00752. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით დაუთმო თავისი უფლება ი. ბ-ს, ამის გამო არ ეკუთვნოდა საკომპენსაციო სიაში შეყვანა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული ხელშეკრულებით ი. ბ-ს მ. ე-ს ნაცვლად ხელშეკრულების დადების უფლებამოსილება მიენიჭა. აჭარის ა/რ მთავრობის მეთაურის 14.02.06წ. ¹15 ბრძანებით განსაზღვრული იყო, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო და კომპენსაციის თანხა 7000 აშშ დოლარი უნდა გადასცემოდა თითოეულ დევნილ ოჯახს. აღნიშნულის გამო დაიდო მ. ე-სა და ი. ბ-ს შორის ხელშეკრულება, რაც არ გულისხმობდა ე-ს მიერ საკომპენსაციო სიაში შეყვანაზე უარის თქმას.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კომპენია ,,.. .." გაეგზავნა სასამართლო უწყება, მაგრამ ადრესატმა გზავნილი არ ჩაიბარა და სსკ-ის 75-ე მუხლის მიხედვით უწყება ჩაბარებულად უნდა ჩათვლილიყო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამნისტრომ. კასატორის განმარტებით, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 14.02.05წ. ¹15 ბრძანების შესაბამისად საკომპენსაციო თანხა უნდა გაცემულიყო დევნილ ოჯახებზე მათ მიერ დაკავებული ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ. კასატორის აზრით, სასამართლოს ,,ოჯახი" უნდა განემარტა სამოქალაქო კოდექსის ნორმათა შესაბამისად, რომელთა საფუძველზეც ოჯახი განიმარტება, როგორც ქორწინებაზე ან ახლო ნათესაობაზე დაფუძნებული, ადამიანთა მცირე ჯგუფი რომლის წევრები დაკავშირებული არიან ერთმანეთთან საერთო ოჯახური ყოფით, ურთიერთდახმარების, მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საერთო გრძნობით. კასატორმა აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე და მისი შვილი ეწეოდნენ ერთ სამეურნეო საქმიანობას, ცხოვრობდნენ ერთად ერთ საოჯახო ფართში და გააჩნდათ ერთმანეთის მიმართ საერთო უფლებები და მოვალეობები. კასატორმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 06.02.07წ. განჩინების გაუქმება და სასამართლო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საკასაციო სასამართლოს 12.04.07წ. განჩინებით აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს განესაზღვრათ ვადა დასაშვებობის თაობაზე მოსაზრებების წარმოდგენისათვის.
კასატორმა წამოადგინა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის პირობებს. ამასთანავე აღნიშნა შემდეგი: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 01.08.06წ. გადაწყვეტილებით, რომელიც ძალაში დარჩა გასაჩივრებული განჩინებით, სამინიტროს დაევალა მოსარჩელის შეყვანა საკომპენსაციო თანხების გამცემ ერთიან კომპიუტერულ სიაში ნომრით 00752 და შესწორებული სიის კომპანია ,, .. .." საკომპენსაციო თანხის გასაცემად გადაცემა. კასატორის აზრით, გადაწყვეტილება მესამე პირს ავალდებულებდა გარკვეული მოქმედების შესრულებას, რომელიც საქმეში მოპასუხე მხარედ ჩაბმული არ ყოფილა. მისი მოპასუხედ საქმეში ჩაბმის გარეშე საქმის განხილვა, კასატორის განცხადებით სსკ-ის 422-ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განჩინების ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევის გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისთვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.