Facebook Twitter

¹ბს-284-277(კ-08) 26 ივნისი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე

ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. ნ.-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტო

(მოპასუხე)

მესამე პირი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

დავის საგანი – წელთა ნამსახურების მიხედვით პენსიის დანიშვნა

გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ნ.-მ 2006 წლის 21 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ და მოითხოვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: იგი 1976 წლიდან 2004 წლამდე მსახურობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე, საიდანაც მაიორის წოდებით განთავისუფლდა. 2004 წლის 7 ივლისიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტში გამომძიებლად. 2005 წლის ნოემბერში სამმართველოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ყველა გამომძიებელმა დაწერა პატაკი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რადგან უნდა ყოფილიყო ხელახალი დანიშვნები. მას შემდეგ, რაც არ მოხდა ნ. ნ.-ის დანიშვნა, მან განცხადებით მიმართა სამინისტროს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით, “ფინანსური პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 20-ე მუხლის "ა" პუნქტის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებდა პოლიციის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნას განსაზღვრული ასაკის მიღწევის ან წელთა ნამსახურების გამო. სამართალდამცავ ორგანოებში, საერთო ჯამში, ნამსახურები აქვს 33 წელი და 3 თვე. აღნიშნულ განცხადებაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2005 წლის 30 ნოემბრის ¹02-15-17-68/... წერილით ნ. ნ.-ს ეცნობა, რომ მისი სამუშაოდან განთავისუფლება მოხდა “ფინანსური პოლიციის შესახებ” კანონის 20-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტით, პირადი განცხადების საფუძველზე, 2005 წლის 22 ნოემბრის ¹პ-2287 ბრძანებით, ვინაიდან “ფინანსური პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული ფინანსთა მინისტრის ბრძანება “ფინანსურ პოლიციაში სამსახურის წესის გავლის შესახებ” არ ითვალისწინებს წელთა ნამსახურობის ოდენობას და ზღვრულ ასაკს. შესაბამისად, მსვლელობა მიეცა მოსარჩელის პირველ განცხადებას. ამავე წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მომზადებულია პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ფინანსურ პოლიციაში სამსახურის გავლის წესში დამატების შეტანას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ნ.-ის სარჩელი საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ წელთა ნამსახურებით პენსიის დანიშვნის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიინია, რომ მოსარჩელე მსახურობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე 1976 წლიდან 2004 წლამდე. 2004 წლიდან 2005 წლის ნოემბრამდე მსახურობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში. განთავისუფლებულ იქნა ფინანსური პოლიციიდან 2005 წლის 22 ნოემბერს, “ფინანსური პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 20-ე მუხლის “ი” ქვეპუნქტის შესაბამისად, პირადი განცხადების საფუძველზე. ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა ფინანსური პოლიციის ¹26-1/3121 წერილით გაგზავნილი მოსარჩელის განცხადება სამუშაოდან დათხოვნის შესახებ. ბრძანების გამოცემამდე, 16 ნოემბერს, ფინანსური პოლიციის უფროსის ¹26-1/3151 წერილით მიემართა ფინანსთა სამინისტროს და ეცნობა, რომ მოსარჩელემ გამოთქვა სურვილი წელთა ნამსახურობით სამსახურიდან დათხოვნის შესახებ და ეთხოვა ფინანსთა მინისტრს, რათა მოსარჩელის დათხოვნა მომხდარიყო არა პირადი განცხადების, არამედ წელთა ნამსახურობით, “ფინანსური პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 20-ე მუხლის “ა" პუნქტის თანახმად. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 30 ნოემბრის ¹02-15-17-68/... წერილით მოსარჩელეს უარი ეთქვა წელთა ნამსახურობის გამო დათხოვნასთან დაკავშირებით, მსვლელობა მიეცა მის პირველ განცხადებას და განთავისუფლებული იქნა ფინანსური პოლიციის შესახებ კანონის 20-ე მუხლის “ი” ქვეპუნქტის შესაბამისად. აღნიშნულის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ აღნიშნული კანონის და მის საფუძველზე გამოცემული ფინანსთა მინისტრის ბრძანებით “ფინანსურ პოლიციაში სამსახურის გავლის წესის შესახებ” არ განსაზღვრავს ზღვრული ასაკის და წელთა ნამსახურობის ოდენობას. ამასთან, მოსარჩელეს ეცნობა, რომ მზადდება ბრძანების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ფინანსურ პოლიციაში სამსახურის გავლის წესში ცვლილების შეტანას, სადაც განსაზღვრული იქნება ზღვრული ასაკი და წელთა ნამსახურობის ოდენობა. მოსარჩელემ, მიუხედავად ამისა, მიმართა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს და მოითხოვა პენიის დანიშვნა წელთა ნამსახურობის მიხედვით, საიდანაც მიიღო უარი იმ მოტივით, რომ გათავისუფლების საფუძვლად მითითებული აქვს პირადი განცხადება, ხოლო პენსიის დანიშვნის მოთხოვნის უფლება აქვთ მხოლოდ პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც დათხოვნილი არიან ზღვრული ასაკის მიღწევის ან წელთა ნამსახურობის გამო. შესაბამისად, ფონდი მოკლებული იყო შესაძლებლობას დაენიშნა მოსარჩელისათვის პენსია 2005 წლამდე მოქმედი კანონმდებლობით. რაც შეეხება მოთხოვნას შს სამინისტროში ნამსახურები წლების მიხედვით პენსიის დანიშვნის შესახებ, წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი დოკუმენტები შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოსარჩელისთვის სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ პენსიის დანიშვნაზე გაცემული უარის ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წელთა ნამსახურობით პენსიის დანიშვნის თაობაზე. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონი, რომელიც ანალოგიით უნდა ყოფილიყო გამოყენებული. აღნიშნული კანონის 1-ლი მუხლი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონის მოქმედება. ფინანსურ პოლიციაში მომსახურე პირები ხსნებული კანონის 1-ლი მუხლის ჩამონათვალში არ შედიან. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული კანონის მოქმედება ვრცელდებოდა ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციიდან დათხოვნილ პირებზე 2006 წლის “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ" კანონის ამოქმედებამდე. 2004 წლიდან მოქმედებდა კანონი “ფინანსური პოლიციის შესახებ", რომლის მიხედვით ფინანსური პოლიცია არის ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, სპეციალური სამართალდამცავი ორგანო, ხოლო “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს სამხედრო ძალებიდან, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებიდან, შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროების ორგანოს სამსახურებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებზე. მოსარჩელის მითითება აღნიშნული კანონის 1-ლი მუხლის “გ” ქვეპუნქტზე უსაფუძვლოდ მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლომ, ვინაიდან ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულია კანონის გავრცელება “სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებზე", რასაც არ შეიძლება მიეკუთვნოს ფინანსური პოლიცია, რომლის სამართლებრივი სტატუსი განსაზღვრულია სპეციალური კანონით. აქედან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მსჯელობა იმის შესახებ, რომ 2006 წლამდე მას, როგორც ფინანსური პოლიციიდან დათხოვნილ პირს ჰქონდა პენსიის დანიშვნის უფლება.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 27-ე მუხლით დასაშვებია კანონის ანალოგიის გამოყენება მხოლოდ კერძო სამართლებრივი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება “სამხედრო შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის ნ. ნ.-ის მიმართ ანალოგიით გამოყენების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ნ.-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ნ. ნ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ კანონი "ფინანსური პოლიციის შესახებ" ამოქმედდა 2005 წლის 15 მარტიდან (იგი ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2006 წლის 24 ნოემბრის საქართველოს პარლამენტის ¹3727 კანონით). აღნიშნული კანონის 23-ე მუხლის თანახმად, პოლიციის თანამშრომელს, რომელიც გათავისუფლდა სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად გახდომის გამო, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უფლება ჰქონდა მიეღო შესაბამისი სახელმწიფო კომპენსაცია და სახელმწიფო პენსია. ამავე კანონის 21-ე მუხლის თანახმად, პოლიციის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს წარმოადგენდა განსაზღვრული ასაკის მიღწევა ან წელთა ნამსახურობა პოლიციაში გავლის წესის მიხედვით. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობით არ იყო განსაზღვრული ფინანსურ პოლიციაში სამსახურისთვის ზღვრული ასაკი ან საპენსიო უზრუნველყოფისათვის საჭირო წელთა ნამსახურობა.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა პენსიის დანიშვნის შესახებ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ვინაიდან მასში პირდაპირ არის მითითებული იმ პირთა წრე, რომელზედაც ვრცელდება აღნიშნული კანონი, მათ შორის კი არ მოიაზრებიან ფინანსური პოლიციის თანამშრომლები.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტმა თავად განაცხადა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების დროს კანონიერ ძალაში იყო შესული “სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც აწესრიგებდა ფინანსური პოლიციის მუშაკების საპენსიო უზრუნველყოფის საკითხს. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, კომპენსაციის (პენსიის) დანიშვნის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა. ამავე კანონის (2006 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი ფინანსური პოლიციის მოსამსახურეებზე ხსენებული უფლება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ნამსახურობის 20 წელი ჰქონდათ, მათ შორის - 4 წელი ფინანსურ პოლიციაში.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თუკი ნ. ნ.-ე გააგრძელებდა სამსახურს ფინანსურ პოლიციაში, იგი მიიღებდა კიდევაც ხსენებული სახის პენსიას (ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო) აღნიშნული კანონის შესაბამისად, თუკი მისი ნამსახურობის ვადა ფინანსურ პოლიციაში იქნებოდა 4 წელი. კონკრეტულ შემთხვევაში კი, აპელანტმა თავად დაწერა განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რის გამოც “სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პრივილეგია მასზე ვერ გავრცელდება.

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა გამოეყენებინა კანონის ანალოგია, კონკრეტულ შემთხვევაში "სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონი, რადგან თუკი კანონმდებლის ნება იქნებოდა, იგი მოაწესრიგებდა აღნიშნულ საკითხებს იმგვარად, როგორც ამას აპელანტი უთითებს. მოცემულ შემთხვევაში კი, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ნ. ნ.-ე არ არის დარჩენილი სოციალური უზრუნველყოფის გარეშე, რადგან "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მას მიეცემა შესაბამისი პენსია 65 წლის ასაკის მიღწევისთანავე.

ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ როდესაც არსებობს "სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონი, არ არსებობს კანონის ანალოგიის გამოყენების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ნ.-მ.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ განჩინება მიიღო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტების მოთხოვნათა დარღვევით. კერძოდ, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი; ამავე კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

კასატორის მითითებით, 2005 წლის ნოემბერში მოპასუხე ორგანიზაციაში მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, სხვა თანამშრომლებთან ერთად, დაწერა პატაკი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. როდესაც შეიტყო, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლებოდა არ დანიშნულიყო სამსახურში. ახალი პატაკით მიმართა ფინანსური პროლიციის უფროსს, წელთა ნამსახურობით პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ფინანსური პოლიციის იმდროინდელმა უფროსმა, დ. კ.-მ მისი პატაკი 2005 წლის 16 ნოემბრის ¹26-1/3151 მიმართვით გადაუგზავნა საქართველოს ფინანსთა მინისტრს და მოითხოვა, რომ არ მიეცათ მსვლელობა 2005 წლის 14 ნოემბრის ¹26-1/3121 წერილით გადაგზავნილი მისი პირველი პატაკისათვის, რადგან კასატორს გააჩნდა სათანადო წელთა ნამსახურობა და სამსახურიდან დათხოვნილი უნდა ყოფილიყო არა პირადი განცხადების საფუძველზე, არამედ წელთა ნამსუხრობით, ,,ფინანსური პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად.

მიუხედავად აღნიშნულისა, კასატორმა ფინანსთა სამინისტროდან მიიღო ბრძანება პირადი განცხადების საფუძველზე მისი სამსახურიან გათავისუფლების შესახებ და 2005 წლის 30 ნოემბრის ¹02-15-17068/... წერილი, რომლითაც განემარტა, რომ ვერ მოხერხდა ფინანსური პოლიციის უფროსის 16 ნოემბრის ¹26-1/3 ¹51 წერილის შესაბამისად პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით წელთა ნამსახურობით მისი სამსახურიდან გათავისუფლება, რადგან ,,ფინანსურ პოლიციაში სამსახურის გავლის წესი”, რაც კანონქვემდებარე აქტია, არ განსაზაღვრავდა ზღვრული ასაკისა და წელთა ნამსახურობის ოდენობას. ამასთანავე, მას აცნობეს, რომ მომზადებულია შესაბამისი ბრძანების პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ფინანსურ პოლიციაში სამსახურის გავლის წესში ცვლილებების შეტანას, სადაც განსაზღვრული იქნებოდა ზღვრული ასაკი და წელთან ნამსახურობის ოდენობა. აღნიშნული ცვლილებით დარეგულირდებოდა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით არსებული წანააღმდეგობა – ხარვეზი.

კასატორის მითითებით, იმ დროს მოქმედი ,,ფინანსური პოლიციის შესახებ” კანონის მე-20 მუხლის ,,ა” პუნქტით პოლიციის თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი იყო ,,განსაზღვრული ასაკის მიღწევა და წელთა ნამსახურობა პოლიციაში სამსახურის გავლის წესის მიხედვით”, ე.ი. აღნიშნულ კანონში თავიდანვე ჩადებული იყო როგორც ზღვრული ასაკი, ასევე წელთა ნამსახურობაც, რაც არ იქნა გათვალისწინებული ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ ,,ფინანსურ პოლიციაში სამსახურის გავლის წესში”, რომელიც კანონქვემდებარე აქტია და მასში დაშვებული იყო ხარვეზი.

კასატორის განმარტებით, მან ვადაში მიმართა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს, რათა დამსახურების მიხედვით დაენიშნათ მისთვის კუთვნილი პენსია წელთა ნამსახურობის მიხედვით, საიდანაც 2006 წლის 12 იანვარს, როცა ამოქმედდა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონი, ¹8-5/05-220 წერილით აცნობეს, რომ ვინაიდან იგი ფინანსური პოლიციიდან გათავისუფლდა ,,ფინანსური პოლიციის შესახებ” კანონის მე-20 მუხლის ,,ი” ქვეპუნქტით, ე.ი. პირადი განცხადების საფუძველზე, ამიტომ ვერ მოიპოვა პენსიის დანიშვნის უფლება. პენსია ,,ფინანსური პოლიციის შესახებ” კანონით ენიშნება პოლიციის თანამშრომელს, რომელიც განთავისუფლდა ზღვრული ასაკის მიღწევის ან შეზღუდული შესაძლებლობის პირად გახდომის გამო, თუმცა რა იგულისხმებოდა ზღვრულ ასაკში, წელთა ნამსახურობა – 25 წელი, თუ საპენსიო ასაკი, დაკონკრეტებული არ ყოფილა.

კასატორის მითითებით, 2006 წლის იანვრიდან ამოქმედდა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” კანონი, რომლის მე-9 მუხლის შესაბამისად წელთა ნამსახურობით პენსია ენიშნება ფინანსური პოლიციის იმ თანამშომელს, რომელსაც გააჩნია წელთა ნამსახურობის 20 წელი და აქედან არანაკლები 4 წელი ფინანსურ პოლიციაში. აღნიშნულით გაუარესდა კასატორის მდგომარეობა, რადგან ფინანსური პოლიცია შეიქმნა 2004 წლის თებერვალში და ეს სახელმწიფო ორგანო მისი სამსახურიდან გათავისუფლების დროისთვის მოქმედებდა სულ 2 წლის მანძილზე.

,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” კანონის მე-3 თავში – კომპენსაცია ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო, მე-8 მუხლით უკვე მოცემულია სამხედრო შინაგან საქმეთა ორგანოების, ფინანსური პოლიციის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა კომპენსაციის გაანგარიშებისას წელთა ნამსახურობა არანაკლებ 20 წელი. ე.ი. ახალი კანონმდებლობით უკვე განისაზღვრა წელთა ნამსახურობა, რაც დაკონკრეტებული არ იყო ,,ფინანსური პოლიციის შესახებ” კანონის მხოლოდ სოციალური უზრუნვეყოფის თავში. ე.ი. წელთა ნამსახურობა უნდა განისაზღვროს ისე, როგორც ეს განისაზღვრებოდა სხვა სამართალდამცავ სტრუქტურებში. კასატორის მითითებით, ,,სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის კანონის ჩამონათვალში გათვალისწინებული არ არის სამხედრო პოლიცია, რის გამოც კასატორს მიუღებლად მიაჩნია, რომ სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა ვერ მიიღონ მომავალში პენსია. ეს მოხდა იმიტომ, რომ ამ კანონის შემუშავების დროს სამხედრო პოლიცია არ არსებობდა, ისე, როგორც ეს მოხდა 2002 წლის 25 დეკემბერს მიღებული საქართველოს კანონის ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” მიღების დროს, როცა ფინანსური პოლიცია საერთოდ არ იყო შექმნილი, იგი ჩამოყალიბდა მოგვიანებით და კასატორს მიაჩნია, რომ ვერ მოხდებოდა ამ კანონით განსაზღვრულ ჩამონათვალში.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამუშაოდან დათხოვნის სურვილი გამოთქვა წელთა ნამსახურობის გამო, რაც საშუალებას აძლევდა დანიშნოდა პენსია ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად: საქართევლოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისაგან მიიღო პასუხი 2006 წლის 12 იანვარს ¹მ-05/05-220 წერილით, რომ არ დაენიშნებოდა პენსია ხსენებული კანონის შესაბამისად. კასატორი თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებით გარემოებას წარმოადგენს ის, რომ მან ნება წელთა ნამსახურობით სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გამოხატა ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მოქმედების პერიოდში და ვიდრე ძალაში შევიდოდა ამჟამად მოქმედი კანონი ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ”.

სამოტივაციო ნაწილი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ. ნ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოსათვის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები. საკასაციო სასამართლოს ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ ნ. ნ.-ის საკასაციო საჩივრის მიზეზები არ ქმნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ, სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. ამასთან, მოცემულ საქმესთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს შემდეგს:

ნ. ნ.-ე არ წარმოადგენს 2006 წლის 1 იანვრამდე მოქმედი “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული პენსიის მიღების უფლების მქონე სუბიექტს, ვინაიდან აღნიშნული კანონის 1-ლი მუხლის თანახმად ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილი, საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები. ამდენად, იმ საჯარო დაწესებულებათა (ორგანოთა) ჩამონათვალი, რომელთა სისტემაში დასაქმებული მოსამსახურეებს ენიჭებოდათ ამავე კანონით განსაზღვრული პენსიის მიღების უფლება, ამომწურავია. ფინანსური პოლიცია კი, “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის ¹39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას, რომელიც არ მოიაზრება მითითებული კანონით განსაზღვრულ საჯარო დაწესებულებათა (ორგანოთა) რიცხვში.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის ნ. ნ.-ის მიმართ ანალოგიით გამოყენება დაუშვებელია. “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილში გათვალისწინებულია სამართლის ნორმა-პრინციპი, რომლის თანახმადაც სპეციალური ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმები (საგამონაკლისო ნორმები) არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანალოგიით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონი შეიცავს პირთა ამომწურავ წრესა და საქართველოს სახელმწიფოს შორის წარმოშობილი საპენსიო ურთიერთობების მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმებს, რომელთა ანალოგიით გამოყენება სხვა, თუნდაც ამ კანონით განსაზღვრულ პირთა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების საპენსიო ურთიერთობათა მოსაწესრიგებლად დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ნ. ნ.-ს მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება სადავოდ არ გაუხდია. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი ასევე არ წარმოადგენს “ფინანსური პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული პენსიის მიღების უფლების მქონე სუბიექტს, ვინაიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2005 წლის 22 ნოემბრის ¹პ-2287 ბრძანებით ნ. ნ.-ე თანამდებობიდან გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე; მითითებული ნორმის თანახმად კი სახელმწიფო პენსიის (სახელმწიფო კომპენსაციის) მიღების უფლება წარმოეშობოდათ ფინანსური პოლიციის იმ თანამშრომლებს, რომლებიც გათავისუფლდებოდნენ სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად გახდომის გამო.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული საქმის განხილვისას ადგილი არ აქვს კასატორის მიერ მითითებული კანონების დარღვევას, ასევე - სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დაადგინა:

ნ. ნ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.