ბს-286-271(კ-07) 6 ივნისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ე. და ნ. ო.-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 26 ივლისს ე. და ნ. ო.-ებმა სარჩელი აღძრეს ხარაგაულის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების _ ხარაგაულის რაიონის გამგეობისა და ხარაგაულის რაიონის სოფელ ...-ს გამგეობის მიმართ და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, მოითხოვეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა, რომელთაAსაფუძველზეც მოხდებოდა მათი წინაპრების კუთვნილი სახლის, 1,20 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მათთვის დაბრუნება და ხსენებული მიწის ნაკვეთზე მათი ნებართვის გარეშე აშენებული ობიექტების დაშლა და გატანა.
მოსარჩელეთა განმარტებით, 1937 წელს მათი ოჯახი გადასახლებულ იქნა 17 წლით, ხოლო დედა _ ნ. მ.-ი და მამა _ პ. ო.-ე დახვრიტეს. 1951 წელს მათ სახლში, მათივე თანხმობის გარეშე, გაიხსნა ...-ის სახელობის სახლ-მუზეუმი, საკარმიდამო მიწა კი გადაეცა მუზეუმს.
მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ 1954 წელს, რეაბილიტაციის შემდეგ, ე. ო.-ს და მის ძმას _ გ. ო.-ს დაუბრუნეს საკარმიდამო მიწის მხოლოდ ნაწილი, რაც შეადგენდა 0,45 ჰა-ს, რადგან დანარჩენი ნაწილი უკვე მუზეუმს ეკუთვნოდა. აღნიშნულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე 1980 წელს სოფლის ხელმძღვანელობამ ააშენა სოფლის საბჭოს შენობა, პურის საცხობი, სატყეო და საყოფაცხოვრებო კომბინატი, რითაც, ფაქტობრივად, მოხდა დაბრუნებული მიწის ნაკვეთის კვლავ ჩამორთმევა.
მოსარჩელეთა განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 13 მარტის განაჩენით მათი მშობლები აღიარეს 1936-1937 წლების პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად, ქონებრივ უფლებებში მათი აღდგენა არ მოხდა, კერძოდ, სოფელ ...-ში მდებარე წინაპრების სახლისა და მიწის ნაკვეთის დაბრუნება არ განხორციელებულა, ვინაიდან იქ უკვე განთავსებული იყო ...-ის სახლ-მუზეუმი.
მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ არაერთხელ მიმართეს ხარაგაულის რაიონის გამგეობას წინაპრების კუთვნილი ქონების დაბრუნების მოთხოვნით, თუმცა 2006 წლის 28 ივნისს ხარაგაულის რაიონის გამგეობამ წერილობით განაცხადა უარი მის დაბრუნებაზე.
2006 წლის 9 აგვისტოს ხარაგაულის რაიონის სოფელ ...-ს საკრებულომ ხარაგაულის რაიონულ სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, რომლითაც ნაწილობრივ ცნო სარჩელი და აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა რეპრესირება მართლაც მოხდა, მხოლოდ არა სოფელ ...-ში, არამედ ქ. თბილისში, ვინაიდან 1937 წელს მათთვის სოფელ ...-ში არაფერი ჩამოურთმევიათ. 1951 წელს მოსარჩელეთა სახლში მართლაც გაიხსნა ...-ის სახლ-მუზეუმი, მაგრამ მაშინდელმა მთავრობამ სანაცვლოდ სახლი აუშენა ი. ო.-ს, რომელიც იმ პერიოდში სოფელ ...-ში მდებარე მათი სახლის კანონიერი მემკვიდრე იყო და 1972 წელს გარდაიცვალა. სწორედ აღნიშნული სახლის ტერიტორიაზე იყო განლაგებული ე. ო.-ის საცხოვრებელი სახლი სარჩელის წარდგენის დროისათვის. აღნიშნულის შემდეგ ...-ის მუზეუმი გამოცხადდა სახელმწიფო მუზეუმად. 1954 წელს მოსარჩელეთათვის, როგორც რეაბილიტირებულთათვის, მიწა არავის დაუბრუნებია და იგი მიიღეს ისე, როგორც შეეძლო ნებისმიერ მოქალაქეს, პირადი განცხადებისა და კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრების დადგენილების საფუძველზე. სიმართლეს არ შეესაბამება მოსარჩელეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ, თითქოს, სოფლის საბჭომ 1980 წელს, მათთან შეუთანხმებლად, მათივე მიწაზე ააშენა შენობები. ხსენებული მშენებლობები მიმდინარეობდა 1964-1966 წლებში. ე. ო.-ე ხარაგაულის რაიონის სოფელ ...-ს მუდმივი მცხოვრები გახდა 1973 წლის 25 აპრილიდან. 1992 წელს სოფელ ...-ში ჩატარდა სოფლის ყრილობა მოსახლეობისათვის მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. ე. ო.-ე მიაკუთვნეს მე-2 კატეგორიის კომლს, რომლისთვისაც გათვალისწინებული იყო 0,50 ჰა მიწის გადაცემა. მას შესაბამისი აქტით მიღებული ჰქონდა 0,4760 ჰა მიწის ნაკვეთი და დაკმაყოფილებული იყო, როგორც მე-2 კატეგორიის კომლი. რაც შეეხებოდა იმას, რომ გ. ო.-ს 1955 წელს მიეცა 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი, რაც 1955 წლის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა საკომლო წიგნებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, 1992 წელს მას ავტომატურად დაუმტკიცდებოდა აღნიშნული მიწის ნაკვეთი.
ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 25 აგვისტოს განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხარაგაულის სარეგისტრაციო სამსახური.
ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით ე. და ნ. ო.-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე. და ნ. ო.-ებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის განჩინებით ე. და ნ. ო.-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 13 მარტის განაჩენით მოსარჩელეთა დედა _ ნ. მ.-ი და მამა _ პ. ო.-ე აღიარებულნი იქნენ 1936-1937 წლების პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად, მაგრამ ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლით, სოციალურ შეღავათებთან ერთად, მათთვის არ იყო გათვალისწინებული სახლისა და მიწის ნაკვეთის დაბრუნება. ხსენებული კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, რეაბილიტირებული პირის ქონებრივი უფლებების აღდგენის წესი განისაზღვრებოდა სხვა კანონით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ე. და ნ. ო.-ებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
კასატორები მიუთითებენ, რომ სასამართლომ მათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის მოტივით უთხრა უარი და მიიჩნია, რომ, ვინაიდან, მოსარჩელეთა განმარტებით, მათი ქონებრივი უფლებების დარღვევა მოხდა გასული საუკუნის შესაბამის წლებში, მათ სასამართლოსთვის სარჩელით უნდა მიემართათ აღნიშნულ დროს. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია იმაზე, რომ მოსარჩელეთა მშობლები პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარეს 1998 წელს და აღნიშნულ დრომდე ხსენებულ საკითხზე დავა შეუძლებელი იყო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. და ნ. ო.-ების საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 10 აპრილის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 13 ივნისამდე.
2007 წლის 20 აპრილს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსაზრება წარადგინეს ე. და ნ. ო.-ებმა და აღნიშნეს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებია.
2007 წლის 25 აპრილს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსაზრება წარადგინა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ე. და ნ. ო.-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის შედეგზე და განაპირობებდა არასწორი განჩინების მიღებას. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. და ნ. ო.-ების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.