Facebook Twitter

¹ბს-286-279(კ-08) 26 ივნისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

მარიამ ცისკაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს გამომცემლობა “მ.-ის” დირექტორის _ ვ. ე.-ის (დ.-ა) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1980 წლიდან ჟურნალ “პ.-ის” რედაქციას იჯარით ჰქონდა აღებული ქალაქ თბილისში, ...-ს ქუჩის ¹36-ში არსებული 100 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი რედაქციის განსათავსებლად. საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო, ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის 1997 წლის 21 თებერვლის ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ჟურნალ “პ.-სა” და ¹... საბინაო-საექსპლუატაციო უბანს შორის დადებული ხელშეკრულება. ჟურნალ “პ.-ს” სარგებლობისათვის 50 კვ.მ ფართი დაუტოვეს, მეორე 50 კვ.მ კი გამომცემლობა “მ.-ს” გადაეცა. 1997 წლის 13 მარტს გამომცემლობა “მ.-ზე” სარეგისტრაციო მოწმობა გაიცა.

1997 წლის 11 აგვისტოს ჟურნალ “პ.-ის” რედაქციამ საქართველოს უზენაეს საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი აღძრა და ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის 1997 წლის 21 თებერვლის ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. საქართველოს უზენაესმა საარბიტრაჟო სასამართლომ 1997 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ისე დააკმაყოფილა, რომ გამომცემლობა “მ.-ი” სასამართლო პროცესში მხარედ არ ჩაურთავს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 1998 წლის 8 სექტემბრის განჩინებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პროტესტი დააკმაყოფილა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 320-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, არბიტრაჟის გადაწყვეტილება გააუქმა და საქმე ხელახლა განსახილველად საბურთალოს რაიონის სასამართლოს დაუქვემდებარა.

ჟურნალ “პ.-ის” რედაქციას ქალაქ თბილისის საბურთალოს რაიონულ სასამართლოში დავა აღარ გაუგრძელებია, რადგან იმ დროისათვის სადავო 50 კვ.მ ჟურნალ “პ.-ის” რედაქციისათვის დარჩენილ 50 კვ.მ ფართთან ერთად, იჯარა-გამოსყიდვის უფლებით ზ. ე.-ს გადაეცა. იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების ხელშეკრულების დადებისას, კერძოდ, 1998 წლის 25 ივნისს, საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ კანონიერ ძალაში იყო, რადგან იგი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მხოლოდ 1998 წლის 8 სექტემბერს გაუქმდა.

ვ. ე.-მ საბურთალოს რაიონის სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა და სადავო არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების ბათილობა, დარღვეული უფლებების აღდგენა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 21 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ვ. ე.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ შეისწავლა ქალაქ თბილისში, ...-ს ქუჩის ¹36-ში არსებული 132 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების საკითხი. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ შექმნილი არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების კანონიერების შემსწავლელი კომისიის მოხსენებითი ბარათი ვ. ე.-მ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნია და აღნიშნულის გამო, საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

2000 წლის 5 აპრილს გამომცემლობა “მ.-ის” დირექტორმა ვ. ე.-მ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა იმავე სასამართლოს 1999 წლის 21 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებისა და არსებითად განხილვის მოთხოვნით.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 13 ნოემბრის განჩინებით გამომცემლობა “მ.-ის” დირექტორ ვ. ე.-ის განცხადება ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 21 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში დაკმაყოფილდა, ხოლო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვა შეჩერებულ იქნა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით გამომცემლობა “მ.-ის” დირექტორ ვ. ე.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის მიერ ზ. ე.-ის სახელზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომლითაც იგი ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ...-ს ქუჩის ¹36-ში განთავსებული 132 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრედ.

აღნიშნული გადაწყვეტილება ზ. ე.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და ხსენებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით ზ. ე.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გამომცემლობა “მ.-ს” სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო უარი ეთქვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება გამომცემლობა “მ.-ის” გენერალურმა დირექტორმა ვ. ე.-მ იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 2 ივლისის განჩინებით ვ. ე.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

2005 წლის 1 დეკემბერს ზ. ე.-ის რწმუნებულმა დიმიტრი ალექსიძემ დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა ქ, თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის 1997 წლის 21 თებერვლის ბრძანების ბათილად ცნობა გამომცემლობა “პ.-თვის” კუთვნილი ფართის ჩამორთმევისა და ჩამორთმეული ფართის შპს “მ.-თვის” გადაცემის შესახებ, შპს “მ.-ზე” გაცემული ¹... სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობა, შპს “მ.-სა” და სს “ი.-ს” შორის 1997 წლის 14 თებერვალს გაფორმებული ¹... ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ზ. ე.-ის საკუთრების მოწმობის აღდგენა მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისში, ...-ს ქ. ¹36-ში.

2006 წლის 6 იანვარს ზ. ე.-ის რწმუნებულმა დიმიტრი ალექსიძემ შეგებებული სარჩელი წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონი დაარღვია, როდესაც 2005 წლის 28 აპრილის სასამართლო სხდომაზე საოქმო განჩინების გარეშე შეგებებულ სააპელაციო საჩივრად ცნო გამომცემლობა “მ.-ის” 2005 წლის 22 თებერვლის შეპასუხება. საქმეზე დართული საიჯარო ხელშეკრულება გამომცემლობა “მ.-სა” და სს “ი.-ს” შორის დადებული იყო 1997 წლის 1 მაისიდან 2001 წლის 1 მაისამდე და ხსენებული თარიღები ნამდვილად გადასწორებული იყო 1997 წლის 14 თებერვლიდან 1998 წლის 14 თებერვლამდე.

შეგებებული სარჩელის ავტორმა მოითხოვა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის 1997 წლის 21 თებერვლის ბრძანების, 1997 წლის 13 მარტს შპს “მ.-ზე” გაცემული ¹6324 სარეგისტრაციო მოწმობისა და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო, შპს “მ.-სა” და სს “ი.-ს” შორის 1997 წლის 14 თებერვალს დადებული ¹50 საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ასევე ზ. ე.-ის კანონიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისში, ...-ს ქ. ¹36-ში, გამომცემლობა “მ.-ის” რეგისტრაციის გაუქმება, გამომცემლობა “მ.-თვის” მის ერთადერთ სასარჩელო მოთხოვნაზე, ბათილად ყოფილიყო ცნობილი ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის მიერ ყოფილი გამომცემლობა შპს “პ.-ის” კუთვნილი 136 კვ.მ ფართის, მდებარე ქ. თბილისში, ...-ს ქ. ¹36-ში, ზ. ე.-ის სახელზე პრივატიზება, უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივლისის განჩინებით სააპელაციო და შეგებებული სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისში, ...-ს ქ. ¹36-ში განთავსებული 132 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის ხელშეკრულება; სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებისა და ფართიდან გამოსახლების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ე.-ის წარმომადგენელმა ი. ლ.-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 28 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმება, გამომცემლობა ,,მ.-ის" სახელით აღძრული სარჩელის განუხილველად დატოვება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილისა და 275-ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ. ე.-თვის (დ.-ა) ზ. ე.-ის მიერ გაწეული ხარჯის _ 4600 ლარის, რომელიც შედგება გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და იურიდიული მომსახურების თანხისაგან, დაკისრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომაც, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივლისის საოქმო განჩინებით გამომცემლობა “მ.-ის” უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაერთო შპს “მ.-ი”.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 სექტემბრის სხდომაზე ზ. ე.-ის წარმომადგენელმა ი. ლ.-მა მოხსნა შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 28 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმების ნაწილში საკასაციო საჩივრის მოთხოვნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ზ. ე.-ის წარმომადგენელ ი. ლ.-ისა და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს (ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; შეწყდა შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 28 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში ზ. ე.-ის წარმომადგენელ ი. ლ.-ის საკასაციო საჩივრის წარმოება.

საკასაციო სასამართლომ მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი, კერძოდ, ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და ბათილად ცნო ქ. თბილისში, ...-ს ქ. ¹36-ში განთავსებული 132 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის ხელშეკრულება, რითაც გასცდა სარჩელის ფარგლებს და მხარეს _ შპს გამომცემლობა “მ.-ს” მიაკუთვნა ის, რაც მას არ მოუთხოვია, რადგან მოსარჩელეს _ შპს გამომცემლობა “მ.-ს” იჯარით გადაეცა ქ. თბილისში, ...-ს ქ. ¹36-ში მდებარე 100 კვ.მ ფართის მხოლოდ ნახევარი _ არასაცხოვრებელი ფართის მხოლოდ 50 კვ.მ და მისი სასარჩელო მოთხოვნა არასოდეს ყოფილა 132 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეასრულა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 2 ივლისის განჩინებაში მოყვანილი მითითებები. საკასაციო სასამართლომ ზემოაღნიშნულ განჩინებაში განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის შესაბამისად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალე იყო გადაეცა მოიჯარისთვის განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველეყო სარგებლის მიღების შესაძლებლობა, ასევე აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა პრივატიზაციის კანონიერების თაობაზეც, ხოლო “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, პრივატიზაციის ბათილობის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო მხოლოდ კანონის უხეში და არსებითი დარღვევები, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია და შეეფასებინა, თუ რამდენად არსებითი იყო ის დარღვევები, რასაც სადავო ფართის პრივატიზაციის დროს ჰქონდა ადგილი და მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-492-ე მუხლები.

საკასაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად საკასაციო სასამართლოს ზემოხსენებული მითითებებისა, სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია იმ საკითხზე, თუ რამდენად არსებითი ხასიათისა იყო ის დარღვევები, რომლებსაც სადავო ფართის პრივატიზაციის დროს ჰქონდა ადგილი. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლომ მიუთითა მოცემულ საქმეში წარმოდგენილ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს (იმჟამად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო) მიერ შექმნილ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების კანონიერების შემსწავლელი კომისიის მოხსენებით ბარათზე, რომლის მიხედვით, 1998 წლის 27 აპრილის ¹1-4/211 ბრძანებით და იმავე წლის 28 აპრილს გაზეთ “თ.-ში” გამოცხადებული არასაცხოვრებელი ფართი და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 29 ნოემბრის ¹17.15.1159 დადგენილებით საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში დამტკიცებული შპს “პ.-ე”, მდებარე ...-ს ქ. ¹34-ში, არ შეესაბამებოდა ერთმანეთს, ვინაიდან შპს “პ.-ზე” მდებარეობდა არა ...-ს ქ. ¹34-ში, არამედ ...-ს ქ. ¹36-ში. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული საკითხის გარკვევას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მოცემულ საქმეზე მართებული გადაწყვეტილების მისაღებად, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს უნდა იმსჯელა, რეალურად რამდენად მოახდინა ზეგავლენა საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შპს “პ.-ის” მისამართის არასწორად მითითებამ შპს გამომცემლობა “მ.-ის” უფლებებზე, იმის გათვალისწინებით, რომ გაზეთ “თ.-ში” შესაბამისი არასაცხოვრებელი ფართის მონაცემები, კერძოდ, მისი მისამართი სწორად გამოქვეყნდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლომ ზემოხსენებული, კანონიერ ძალაში შესული განჩინებით უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ...-ს ქუჩის ¹36-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის ზ. ე.-ის სახელზე იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გადაცემისას _ 1998 წლის 25 ივნისს, საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ კანონიერ ძალაში იყო და პრივატიზაციისას შესაბამისი ნივთი არ იყო უფლებრივად დატვირთული. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ გაიზიარა ზემოთ მითითებული კასატორის მოსაზრება, რომ ქ. თბილისში, ...-ს ქ. ¹36-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი არ ყოფილა ნაკლის მქონე მისი პრივატიზაციის დროისათვის, რადგან ძალაში იყო საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის (იმჟამად ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო) 1997 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება (ბრძანება), ხოლო საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება გაუქმდა 1999 წელს, მას შემდეგ, რაც ქ. თბილისში, ...-ს ქ. ¹36-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი უკვე პრივატიზებული იყო და ზ. ე.-ის საკუთრებას წარმოადგენდა.

საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო არასაცხოვრებელ ფართთან ზ. ე.-ისა და შპს გამომცემლობა “მ.-ის” უფლებრივი მიმართება, შესაბამისად, საკუთრებისა და სარგებლობის სამოქალაქო-სამართლებრივ უფლებებში გამოიხატებოდა. ამასთან, საკუთრების უფლება აღემატებოდა სარგებლობის უფლებას, რის გამოც, ზოგადად, ნივთით სარგებლობის უფლებას იმავე ნივთზე საკუთრების უფლების მიმართ უპირატესობა ვერ მიენიჭებოდა. მეიჯარესა და მოიჯარეს შორის სამართლებრივი ურთიერთობა კი სწორედ ნივთის მესაკუთრესა და იმავე ნივთით მოსარგებლეს შორის სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობას წარმოადგენდა, რაც უზრუნველყოფდა საიჯარო ხელშეკრულების ორივე მხარის მიერ შესაბამისი სარგებლის მიღებას.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 სექტემბრის სხდომაზე ზ. ე.-ის წარმომადგენელმა ი. ლ.-მა უარი თქვა შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 28 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმების ნაწილში საკასაციო საჩივარზე, ამ ნაწილში უნდა შეწყვეტილიყო აღნიშნული საკასაციო საჩივრის წარმოება, მით უმეტეს, რომ ზიანის ანაზღაურების თაობაზე შპს გამომცემლობა “მ.-თვის” უარის თქმის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეს არ გაუსაჩივრებია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ზ. ე.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს გამომცემლობა “მ.-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა; შპს გამომცემლობა “მ.-ს” ზ. ე.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 600 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოხსენებულ განჩინებაში მოყვანილი მითითების შესაბამისად, შეისწავლა სადავო ფართის მისამართთან დაკავშირებით საქმეში არსებული მასალები და დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 29 ნოემბრის ¹17.15.1159 დადგენილებით საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში დამტკიცდა შპს “პ.-ზე", მდებარე ...-ს ქ. ¹34-ში. 1998 წლის 27 აპრილის ¹1-4/211 ბრძანებით გამოცხადდა კონკურსი ...-ს ქ. ¹36-ში მდებარე 132 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის იჯარა-გამოსყიდვის წესით პრივატიზების შესახებ და ინფორმაცია იმავე წლის 28 აპრილს გამოქვეყნდა გაზეთ “თ.-ში". 1998 წლის 5 ივნისის ბრძანებით დამტკიცდა კონკურსის შედეგები და 1998 წლის 26 ივნისს ზ. ე.-ზე გაიცა ¹23/477-ი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ქ. თბილისში, ...-ს ქ. ¹36-ში განთავსებულ 132 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე. ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის უფლებამონაცვლის _ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს წარმომადგენლის განმარტებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 29 ნოემბრის დადგენილებით დამტკიცებულ საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში შეტანილ იქნა ჟურნალ “პ.-ის" სახელზე რიცხული არასაცხოვრებელი ფართი, მდებარე ქ. თბილისში, ...-ს ქ. ¹34-ში. საპრივატიზაციო დოკუმენტაციის მომზადებისას დადგინდა, რომ ფართის მისამართი, ფაქტობრივად, იყო ქ. თბილისი, ...-ს ქ. ¹36 და არა ¹34. ხსენებული ხარვეზი გამოსწორდა პრივატიზების პროცესში, კერძოდ, იჯარა-გამოსყიდვის შესახებ კონკურსი გამოცხადდა ...-ს ქ. ¹36-ში მდებარე არასაცხოვრებელ ფართზე. ზ. ე.-ე კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაიცა ...-ს ქ. ¹36-ში მდებარე არასაცხოვრებელ ფართზე. აღნიშნული განმარტება სააპელაციო სასამართლომ სარწმუნოდ მიიჩნია, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ქონების განკარგვაზე უფლებამოსილ პირს _ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სარჩელი არ აღუძრავს და არ მოუთხოვია სადავო პრივატიზების ბათილად ცნობა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შპს “პ.-ის" მისამართის არასწორად მითითებამ არანაირი ზეგავლენა არ მოახდინა შპს გამომცემლობა “მ.-ის" უფლებებზე, იმის გათვალისწინებით, რომ გაზეთ “თბილისის ამბებში" საპრივატიზაციო არასაცხოვრებელი ფართის მისამართი სწორად გამოქვეყნდა, ხოლო შპს გამომცემლობა “მ.-ს" კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია.

სააპელაციო სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ რაიონული სასამართლოს მიერ დარღვეული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი _ მხარეს მიაკუთვნა ის, რაც მას არ უთხოვია. გამომცემლობა “მ.-ი" სარჩელით ითხოვდა პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კი ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის მიერ ზ. ე.-ის სახელზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომლითაც იგი ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ...-ს ქ. ¹36-ში განთავსებული 132 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრედ.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, შპს გამომცემლობა “მ.-ის" მიერ სასარჩელო განცხადებაში სადავო პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობისათვის მითითებული ერთადერთი საფუძველი ნასყიდობის საგნის უფლებრივი ნაკლის შესახებ, საქმის ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდებოდა, რაც შპს გამომცემლობა “მ.-ის" სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იგი ითვალისწინებდა “ქონების ლეგალიზების შესახებ" საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონის მოთხოვნას, რომლის თანახმად, ლეგალიზებულად ითვლებოდა სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ნებისმიერი ქონება, რომელზეც საკუთრების შეძენა განხორციელდა, ან საკუთრების საფუძველი წარმოიშვა სამართლებრივი აქტით, ან გარიგებით, ამ კანონის ამოქმედებამდე. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ ზ. ე.-ს საქმის წარმოებისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ჰქონდა 600 ლარი, რაც უნდა დაკისრებოდა შპს გამომცემლობა “მ.-ს".

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს გამომცემლობა “მ.-ის” დირექტორმა _ ვ. ე.-მ (დ.-ა), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ მოტივზე, რომ რაიონულმა სასამართლომ მხარეს მიაკუთვნა ის, რაც მას არ უთხოვია. სასამართლო სწორად მოიქცა, როდესაც შპს გამომცემლობა “მ.-ს" მთლიანად მიაკუთვნა ის ფართიც, რომელიც მას არ უთხოვია, რადგან სასამართლოს წარდგენილი ჰქონდა საქართველოს კონტროლის პალატისა და სხვა ორგანოების დასკვნები პრივატიზაციის არაკანონიერების შესახებ, რასაც სააპელაციო სასამართლომ არ მისცა სათანადო შეფასება.

კასატორის მტკიცებით, მას არასოდეს მოუთხოვია მთლიანი ფართი _ 100 კვ.მ ან 136 კვ.მ და ყოველთვის მოითხოვდა მასზე იჯარით გაცემულ 50 კვ.მ ფართს, რომლის ორდერიც გააჩნია ამ გამომცემლობას. კასატორი ასევე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მისთვის 600 ლარის დაკისრებას და აღნიშნავს, რომ ზ. ე.-ის მიერ მისთვის მიყენებული ზარალი 600 ლარს გაცილებით აღემატება. კასატორის მტკიცებით, მას პრივატიზებული ფართით საერთოდ არ უსარგებლია, თუმცა გადახდილი ჰქონდა საიჯარო ქირა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს გამომცემლობა “მ.-ის” დირექტორის _ ვ. ე.-ის (დ.-ა) საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 8 მაისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 26 ივნისამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს გამომცემლობა “მ.-ის” დირექტორის _ ვ. ე.-ის (დ.-ა) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან შპს გამომცემლობა “მ.-ის” დირექტორს _ ვ. ე.-ს (დ.-ა) საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს გამომცემლობა “მ.-ის” დირექტორის _ ვ. ე.-ის (დ.-ა) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება;

შპს გამომცემლობა “მ.-ის” დირექტორს _ ვ. ე.-ს (დ.-ა) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის 70 პროცენტი _ 210 ლარი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.