Facebook Twitter

¹ბს-287-280(კ-08) 15 ოქტომბერი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი – ქ. მაღრაძე

კასატორი (მოპასუხე) – ქ. თბილისის მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – გ. ო-ი

მესამე პირი – თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობა

დავის საგანი – საგარანტიო ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.01.08წ. განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ო-მა 23.02.05წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მთაწმინდა_კრწანისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ქ. თბილისის მერიის და მესამე პირის _ ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული გამგეობის მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის მის მიერ ჩაბარებული ბინის ანალოგიური ფართობის მქონე საცხოვრებელი სახლის საკუთრების უფლებით მისთვის გადაცემის დაკისრება მოითხოვა ქ. თბილისის იდენტურ რაიონში.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 20.08.91წ. ერთი მხრივ, კოოპერატივ “....” თავმჯდომარე მ. ზ-ს, ფირმა “....” პრეზიდენტ თ. ზ-სა და გ. ო-ს შორის დაიდო ¹9 საგარანტიო ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებისას მხარეები: კოოპერატივი “....” და ფირმა “....” მოქმედებდნენ ქ. თბილისის პრეფექტის 30.05.91წ. ¹80 ბრძანების საფუძველზე, დამატებით საგარანტიო ხელშეკრულების შედგენის საკითხი შეთანხმებული იყო ჩუღურეთის რაიონის საკრებულოსთან. აღნიშნული ხელშეკრულებით, გ. ო-მა აიღო ვალდებულება, ჩაებარებინა მის საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, .... VI მიკრორაიონის ¹14 კორპუსში მდებარე ოროთახიანი ბინა (31,15 კვ.მ.). საგარანტიო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მის მიერ ჩაბარებულ იქნა აღნიშნული ბინა. მიუხედავად მის მიერ ვალდებულების შესრულებისა, ხელშეკრულების მეორე მხარემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და საკუთრების უფლებით არ გადასცა 5-ოთახიანი ბინა განსხვავებულ ფართობზე სათანადო ღირებულების გადახდით.

გ. ო-მა 10.02.06წ. დააზუსტა სარჩელი და მოპასუხისათვის 20.08.91წ. საგარანტიო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დაკისრება _ ქ. თბილისის იდენტურ რაიონში საკუთრების უფლებით 5 ოთახიანი ბინის გადაცემა მოითხოვა.

გ. ო-მა 27.03.06. დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც 20.08.91წ. ¹9 საგარანტიო ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მოპასუხე ქ. თბილისის მერიისათვის მის სასარგებლოდ, მისი ბინის საბაზრო ღირებულების 20000 (ოცი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.05.06წ. გადაწყვეტილებით გ. ო-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 20.08.91წ. ¹9 საგარანტიო ხელშეკრულება და ქ. თბილისის მერიას გ. ო-ის სასარგებლოდ დაეკისრა 20000 (ოცი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა, გადახდის დროისათვის არსებული კურსის შესაბამისად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.05.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.01.08წ. განჩინებით ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.05.06წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ თავად ქ. თბილისის მერია სააპელაციო საჩივარში უთითებდა, რომ პრეფექტის აღნიშნულ საქმეში ჩართვა, იმ დროს არსებული საბინაო კანონმდებლობის თანახმად, იყო აუცილებელი, რადგან ბინის ორდერების გაცემის უფლება მინიჭებული ჰქონდა მხოლოდ პრეფექტს. ამდენად, ჩაბარებული ბინის ნაცვლად (ეს ბინა კი გ. ო-მა ადგილობრივ მმართველობას ჩააბარა) ახალი ბინა მოსარჩელეს უნდა მიეღო ქ. თბილისის მერიისაგან და არა უშუალოდ კოოპერატივ “....” ან ფირმა “....”. ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულად შეესაბამებოდა აბსოლუტურად ანალოგიურ საქმეზე საკასაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას (სუს 31.10.03წ. ¹ბს-156-329-კ-03 გადაწყვეტილება). სააპელაციო პალატის მოსაზრებით, უსაფუძვლოა ასევე აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ გ. ო-ის სარჩელი ხანდაზმული იყო, როგორც 1964წ. სამოქალაქო კოდექსით, ასევე სადღეისოდ მოქმედი სამოქალაქო კოდექსის მიხედვით. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ზიანის ანაზღაურება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის მიხედვით კი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა დელიქტურ სარჩელებზე წარმოადგენს სამ წელს იმ მომენტიდან, როდესაც დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლიც სამწლიან სასარჩელო ხანდაზმულობის ვადას ითვალისწინებდა ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. აპელანტმა ვერ წარმოადგინა რაიმე სახის მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა წარმოდგენილი სარჩელის ხანდაზმულობა. 20.08.91წ. საგარანტიო ხელშეკრულებაში და არც ქ. თბილისის პრეფექტის 30.05.91წ. ¹80 ბრძანებაში არ არის მითითებული თუ კონკრეტულად, რა ვადაში უნდა მისცემოდა გ. ო-ს სანაცვლო ბინა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი ირკვეოდა, რომ 25.01.05წ. ქ. თბილისის მერიამ უარი განუცხადა გ. ო-ს ზიანის ანაზღაურებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხანდაზმულობის ვადის დენა სასარჩელო ხანდაზმულობასთან დაკავშირებით დაიწყო არა უადრეს 2005 წლის 26 იანვრისა, სარჩელი კი სასამართლოში 23.02.05წ. იქნა აღძრული. ამრიგად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გ. ო-ის სარჩელი ხანდაზმული არ იყო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის მოტივები არ იქნა გაზიარებული და საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.01.08წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა უსაფუძვლობისა და ხანაზმულობის ვადის გასვლის გამო.

კასატორმა მიუთითა, რომ სს “....” დირექტორი იყო ენერგეტიკისა და ენერგეტიკული ნაგებობის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, რომლის გარდაცვალების შემდეგ აღნიშნული ორგანიზაცია აღარ ფუნქციონირებს. ქ. თბილისის მერია არ უნდა ჩაითვალოს ლიკვიდირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის სამართალმემკვიდრედ. რაიმე საბუთი იმის თაობაზე, რომ მერიამ მოსარჩელის წინაშე აიღო ვალდებულება, არ არსებობს. პრეფექტის ბრძანებით მხოლოდ დაკმაყოფილდა მშენებლის მოთხოვნა და გამოეყო მიწის ნაკვეთი საბინაო კომპლექსის ასაშენებლად. პრეფექტურას კი ევალებოდა ორდერების გაცემა. სასამართლომ გამოიყენა სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 205-ე მუხლი და არ გამოიყენა ამავე კოდექსის 75-ე მუხლი – სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო ვადები, რომლითაც სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით. მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს. მოსარჩელეს 1991 წლის შემდეგ არ მიუმართავს ადგილობრივი ორგანოსათვის და არ მოუთხოვია ვალდებულების შესრულება. მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 1996 წლიდან, როდესაც აუცილებელი იყო კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელახალი რეგისტრაცია, ვინაიდან ზემოაღნიშნულ იურიდიულ პირებს არ გაუვლიათ რეგისტრაცია. ამდენად, მოსარჩელე გ. ო-ს გაშვებული აქვს, როგორც 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის, ასევე მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 28.03.08წ. განჩინებით, სასკ-ის 34.3 მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი. აღნიშნულ განჩინებაზე 18.04.08წ. მოსაზრება წარმოადგინა გ. ო-მა, რომელმაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა მოითხოვა, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებდა სასკ-ის 34.3 მუხლის მოთხოვნებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 16.07.08წ. განჩინებით ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განხილულ იქნა მხარეთა დასწრებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.01.08წ. განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ქ. თბილისის პრეფექტის 30.05.91წ. ¹80 ბრძანებით კოოპერატივ ,,....” და ფირმა ,,....” საბინაო კომპლექსის ასაშენებლად იმ პირობით გადაეცათ ..... ქ. ¹40/2 და .... ქ. ¹47-ში მდებარე ხანძრის შედეგად დამწვარი სახლები მიმდინარე ტერიტორიით, რომ უზრუნველყოფდნენ ამ სახლში მცხოვრებთა დაკმაყოფილებას საცხოვრებელი ბინებით. ხსენებული ბრძანების მე-3 პუნქტით, კოოპერატივ ,,....”, ფირმა ,,....” და ჩუღურეთის რაიონის საკრებულოს ნება დაერთოდ დაზარალებული ოჯახების ბინებით დაკმაყოფილების მიზნით გაეცათ საგარანტიო ხელშეკრულებები და არსებული წესის მიხედვით ჩაებარებიათ მოქალაქეთა ბინები. 20.08.91წ. დაიდო ¹9 საგარანტიო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით კოოპერატივმა “....” და ფირმა “.....” იკისრეს ვალდებულება, რომ მოსარჩელე გ. ო-ს მისცემდნენ .... ქ. ¹40-ში მდებარე სახლში ხუთოთახიან ბინას, ხოლო გ. ო-ი ვალდებული იყო ჩაებარებინა მასზე რიცხული ქ. თბილისში, .... VI მ/რ-ში ¹14 კორპუსში მდებარე ¹41 ოროთახიანი ბინა, რომელშიც შესახლდებოდა ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქე ფ. დ-ი. ¹9 საგარანტიო ხელშეკრულება დაიდო ქ. თბილისის პრეფექტის 30.05.91წ. ¹80 ბრძანების საფუძველზე, ხელშეკრულებას კოოპერატივ ,,...”, ფირმა ,,....” წარმომადგენლებთან და გ. ო-ან ერთად ხელს აწერს აგრეთვე ჩუღურეთის საკრებულოს გამგეობის თავმჯდომარე, ხელშეკრულების ტექსტი შეთანხმებული იყო აგრეთვე ჩუღურეთის რაიონის საკრებულოსთან, რის დასტურადაც ხელშეკრულებას ხელს აწერდა საკრებულოს წარმომადგენელი. საგარანტიო ხელშეკრულების თანახმად, გ. ო-მა იკისრა ვალდებულება ჩაებარებინა მასზე რიცხული ბინა, საცხოვრებელი ფართით 31,15 კვ.მ. თავისი ყველა სათავსოთი, ბინაში უნდა შესახლებულიყო .... ქ. ¹40-ში მცხოვრები ფ. დ-ი, აღნიშნულის სანაცვლოდ, სახლის ექსპლუატაციაში შესვლისთანავე, გ. ო-ს უნდა მისცემოდა ხუთოთახიანი ბინა. კასატორმა გ. ო-მა შეასრულა ¹9 საგარანტიო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ჩააბარა მასზე რიცხული, ..... VI მ/რ, კორპ. 14, ბინა ¹41. ჩუღურეთის რაიონის საკრებულოს გამგეობის 17.09.91წ. ¹385 განკარგულების საფუძველზე, ჩუღურეთის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის მიერ ფ. დილანიანის სახელზე გაიცა ¹009707 ორდერი ბინაში შესასახლებლად, ხოლო 30.09.93წ. ფ. დ-ა მოახდინა ბინის პრივატიზება. ამდენად, გ. ო-ის მიერ საცხოვრებელი ბინის ჩაბარებით ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიეცა შესაძლებლობა შეესრულებინა ხანძრის შედეგად განადგურებული სახლის მობინადრის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების იმჟამად მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება (საბინაო კოდექსის 47-ე მუხ.). საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის ჩუღურეთის რაიონის საკრებულოს გამგეობამ 17.09.91წ. განიხილა კოოპერატივ ,,.....” და ფირმა ,,....” ხელმძღვანელობის მიმართვა საცხოვრებელი ბინების ჩამბარებელ მობინადრეებზე საგარანტიო ხელშეკრულების გაცემის და ჩაბარებულ ბინებში ხეთაგუროვის ქ. ¹40-ში ხანძრის შედეგად დამწვარი საცხოვრებელი სახლიდან მობინადრეთა შესახლების შესახებ. ჩუღურეთის რაიონის პრეფექტურის საბინაო საკითხთა შემსწავლელი დროებითი კომისიის 06.09.91წ. წინადადების საფუძველზე რაიონის საკრებულოს გამგეობის 17.09.91წ. ¹385 განკარგულებით მოქ. გ. ო-ის 6 სულიან ოჯახზე გაიცა ხუთოთახიანი ბინის საგარანტიო, ხოლო მის ბინაში შესახლებულ იქნა მოქ. ფ. დ-ის სამ სულიანი ოჯახი. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ გარანტიის გაცემისა და გ. ო-ის მიერ ბინის ჩაბარების დროისათვის მოქმედი საბინაო კოდექსი არ ითვალისწინებდა ბინიდან მოქალაქეთა გამოსახლებას სხვა ბინის მიუცემლად, გარდა დამქირავებლის მიერ სისტემატურად სადგომის დაზიანებისა, არადანიშნულებისამებრ გამოყენებისა, ფართის თვითნებურად დაკავებისა, ბინის ორდერის ბათილად ცნობისა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ 20.08.91წ. ¹9 ხელშეკრულების გარანტი კოოპერატივი ,,...” და ფირმა ,,....” სადღეისოდ არ ფუნქციონირებენ და ვერც მათი უფლებამონაცვლე არის დადგენილი. გარანტიის გაცემის მომენტისათვის მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 205-ე მუხლის თანახმად გარანტიად მიიჩნევა კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, რომლის ნაწილის შეუსრულებლობის ან ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის მოვალე ორგანიზაციის ზემდგომი ორგანო პასუხს აგებს მისი კრედიტორის ორგანიზაციის წინაშე. იმის გათვალისწინებით, რომ გარანტია გაიცა 30.05.91წ. ¹80 ბრძანების საფუძველზე, ხოლო ,,საქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებ” კანონის თანახმად თბილისის მმართველობის ორგანოს სადღეისოდ წარმოადგენს მერია, ხოლო გამგეობა მისი ტერიტორიული ორგანოა, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების მოსაზრებას იმის შესახებ რომ გ. ო-ის მიერ ჩაბარებული ბინის 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში ანაზღაურება უნდა მოხდეს ქ. თბილისის მერიის მიერ.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ქ. თბილისის მერია ვალდებული იყო დაეკმაყოფილებინა გ. ო-ის მოთხოვნა 20.08.91წ. ¹9 ხელშეკრულებით სახელმწიფოსათვის ჩაბარებული ბინის სანაცვლოდ სხვა ბინის გამოყოფის თაობაზე, რადგან ¹9 საგარანტიო ხელშეკრულებით გათვალისწინებული, .... ქ. ¹40-ში საცხოვრებელი სახლი დღემდე არ აშენებულა და შესაბამისად, არც გ. ო-ი დაკმაყოფილებულა ბინით. საქმეზე დადგენილია, რომ გ. ო-მა ბინა ჩააბარა ადგილობრივ მმართველობას და არა კოოპერატივ “....” ან ფირმა “.....”, რის გამოც ჩაბარებული ბინის სანაცვლოდ ბინა უნდა მიეღო ქ. თბილისის მერიისაგან და არა კოოპერატივ “.....” ან ფირმა “.....”.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, ვინაიდან საგარანტიო ხელშეკრულებაში ვალდებულების შესრულების დროდ მითითებულია სახლის ექსპლუატაციაში შესვლის დრო. ამასთანავე, სახლი არ აშენებულა და ექსპლუატაციაში არ შესულა. ვალდებულების შესრულების რაიმე სხვა ვადაზე ხელშეკრულებაში დათქმა არ არის. გ. ო-მა 05.11.04წ. ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მერიას, ადმინისტრაციული ორგანოს 26.01.05წ. გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა ჩაბარებული ბინის სანაცვლოდ სხვა ბინის გამოყოფაზე, ხოლო სარჩელით სასამართლოს გ. ო-მა 23.02.05წ. მიმართა. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, როდესაც პირი შეიტყობდა ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულების შესრულებაზე უარი 26.01.05წ. განაცხადა. საგარანტიო ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულების კონკრეტული ვადა განსაზღვრული არ არის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება. იმავე წესს ადგენს საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 169-ე მუხლი. საგარანტიო ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ გ. ო-ს უნდა გადასცემოდა ბინა სახლის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ. ამდენად, ვალდებულების შესრულება დამოკიდებული იყო საცხოვრებელი სახლის აშენებასა და ექსპლუატაციაში შესვლაზე, რომელიც დღემდე აშენებული არ არის. ამდენად, საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება მოსარჩელის მიერ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გაცდენის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობას წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.08წ. განჩინება;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.