Facebook Twitter

¹ბს-288-273(კ-07) 13 ივნისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა რ. ე.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 6 აპრილს რ. ე.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ პენსიის გადაანგარიშების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ არის შსს პენსიონერი, პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, შსს ორგანოებიდან დათხოვნილი იყო სამმართველოს ...-ის თანამდებობიდან. არის ომის ვეტერანი.

,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10, 43-ე და 45-ე მუხლების შესაბამისად, მინიმალური პენსიის, დანამატისა და ფულადი კმაყოფის მომატებისას უნდა მოხდეს პენსიების გადასინჯვა და მომატება.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 21 აგვისტოს ¹347 ბრძანებულებით საქართველოს შსს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელებს დაუწესდათ თანამდებობრივ განაკვეთზე დანამატი, მათ შორის იმ თანამდებობასაც, რომელიც პენსიაზე გასვლამდე ეკავა, დაემატა 290 ლარი.

მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხე ორგანიზაცია თვითონ იყო ვალდებული, მოეხდინა პენსიის გადაანგარიშება, რაც მას არ გაუკეთებია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დავალებოდა პენსიის ოდენობის გადაანგარიშება და ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის სხავობის ანაზღაურება.

მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. ე.-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 21 აგვისტოს @¹347 ბრძანებულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს თანამდებობრივ განაკვეთზე დაუწესდათ დანამატი, აღნიშნული დანამატი არ ნიშნავდა თვით თანამდებობრივი განაკვეთის ოდენობის გაზრდას, ვინაიდან თანამდებობრივი განაკვეთი და დანამატი თანამდებობრივ განაკვეთზე, სხვადსხვა ცნებებია. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის აღნიშნულ ბრძანებულებაზე დამყარება უსაფუძვლოა, ვინაიდან “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ" პუნქტი პენსიის გადასინჯვას ითვალისწინებს მხოლოდ ფულადი კმაყოფის მომატებისას და არა თანამდებობრივ განაკვეთზე დანამატის დაწესებისას.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ასევე უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნის დამყარება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 21 იანვრის ¹55 ბრძანებაზე, რომლითაც, მართალია, გაიზარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი, მაგრამ ამავე ბრძანებით დადგინდა, რომ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე სამინისტროს მომსახურეთა პენსიის გადასინჯვა ამ ბრძანებით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის შესაბამისად უნდა მომხდარიყო მხოლოდ 2006 წლის 1 იანვრიდან.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ე.-მ.

Aაპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონებსა და სხვა ნორმატიულ აქტებში მითითებული ტერმინები და დაასკვნა, რომ “თანამდებობრივი განაკვეთი" და “დანამატი თანამდებობრივ განაკვეთზე" სხვადასხვა ცნებებია. აპელანტის მოსაზრებით, ტერმინ “დანამატს" ყველა შემთხვევაში აქვს დასახელება, თუ რა დანამატია იგი, მაგალითად, წელთა ნამსახურობის, სასურსათო ულუფის ღირებულების, სპეციალური წოდების, ზეგანაკვეთური მუშაობის, მაღალმთიან და სხვა განსაკუთრებულ პირობებში სამხედრო სამსახურის გავლისათვის და ასე შემდეგ, თანამდებობრივ განაკვეთზე უსახელო დანამატის დანიშვნა კი ნიშნავს თანამდებობრივი განაკვეთის ოდენობის გაზრდას, რაც დასტურდება შემდგომში შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 21 იანვრის ¹55 ბრძანების გამოცემით. ამასთან, “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის 45-ე მუხლის გამოყენებისათვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, განცალკავებულად განიხილება განაკვეთის და დანამატის ცნებები, თუ ერთიანობაში, ვინაიდან, აღნიშნულ ნორმაში გამოყენებული ტერმინი “ფულადი კმაყოფა (სარგო)" შეიცავს როგორც თანამდებობრივ განაკვეთს, ისე თანამდებობრივ განაკვეთზე დანამატს. ნორმატიული აქტების ნორმების ლინგვისტური, ლოგიკური და სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარე, “კმაყოფა" არის ფართე ცნება და მოიცავს ყველაფერს, რითაც უზრუნველყოფილია, დაკმაყოფილებულია თანამშრომელი სამსახურში, “ფულადი კმაყოფა" (სარგო) არის “კმაყოფის" ფულადი გამოსახულება, გაერთიანებული ერთ დიდ სარგოში, რომელიც “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად შედგება “თანამდებობრივი", “წოდების", “პროცენტული დანამატის", “ულუფის" და სხვა სარგოებისაგან. ამას გარდა, აღნიშნულ ნორმაში გათვალისწინებულია მხოლოდ ერთი შეზღუდვა, “პენსიის გაანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება დანამატი ფულად სარგოზე, რომელიც გათვალისწინებულია მაღალმთიან და სხვა განსაკუთრებულ პირობებში სამხედრო სამსახურისათვის", რაც ნიშნავს იმას, რომ დანარჩენი დანამატები და, მათ შორის, პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი დანამატი, მიღებული უნდა იქნეს. აპელანტის განმარტებით, რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 21 იანვრის ¹55 ბრძანებას, სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული ბრძანების მე-5 პუნქტით შეჩერებულია “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მოქმედება, რაც კანონქვემდებარე აქტით Dდაუშვებელია.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 თებერვლის განჩინებით რ. ე.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა მატერიალური უზრუნველყოფისა და სოციალური დაცვის გაუმჯობესების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 21 აგვისტოს ¹347 ბრძანებულებით, “პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ე" ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგებისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად, დაუწესდათ თანამდებობრივ განაკვეთზე დანამატი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატის, საგამოძიებო დეპარტამენტის, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს, ოპერატიული დაზვერვის მთავარი სამმართველოს, ოპერატიულ- ტექნიკური უზრუნველყოფისა და სპეცტექნიკის სამმართველოს, გენერალური ინსპექციის, კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს, სამეურნეო და საფინანსო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს, სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველოს, სამხარეო მთავარი სამმართველოების, საქალაქო და რაიონული შინაგან საქმეთა სამმართველოებისა და განყოფილებების თანამშრომლებს აღნიშნული ბრძანებულების დანართის შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ ზემოაღნიშნული ბრძანებულებით მოხდა არა თანამდებობრივი განაკვეთის გაზრდა, არამედ, დაწესდა დანამატი თანამდებობრივ განაკვეთზე, რაც პენსიის გადასინჯვის საფუძველს არ წარმოადგენს. ამასთან, სააპელაციო პალატის მითითებით, ბრძანებულების ჩამონათვალში საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის ¹263 ბრძანებულებით დამტკიცებული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-7 მუხლით განსაზღვრული, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დაცვის პოლიცია, საიდანაც გავიდა მოსარჩელე პენსიაზე, მითითებული არ არის, აქედან გამომდინარე, აღნიშნული ბრძანებულება მოცემული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდებოდა. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 21 იანვრის ¹37 ბრძანებულებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 21 აგვისტოს ¹347 ბრძანებულება ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული.

რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 21 იანვრის ¹55 ბრძანებას სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული ბრძანებით განისაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები თანდართული ნუსხის მიხედვით. აღნიშნული ბრძანების თანდართულ ნუსხაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დაცვის პოლიცია, გათვალისწინებული არ არის. ამასთან, აღნიშნული ბრძანება ძალადაკარგულია 2005 წლის 1 მაისიდან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 8 ივნისის ¹567 ბრძანებით, რომლის დანართშიც დაცვის პოლიცია ასევე გათვალისწინებული არ ყოფილა. 2005 წლის 8 ივნისის ბრძანება კი, თავის მხრივ, ძალადაკარგული იქნა 2006 წლის 2 თებერვლის ¹115 ბრძანებით.

აღნიშნული ბრძანებით სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა თანამდეობრივი სარგოს განაკვეთები უნდა ამოქმედებულიყო 2006 წლის 1 იანვრიდან და ამ ბრძანების დანართშიც საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაცვის პოლიცია, მითითებული არ არის.

სააპელაციო პალატის განმარტებით, “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლი, რომელიც 2005 წლის 23 დეკემბრის კანონით ამოღებულია და აღარ არსებობს, ითვალისწინებდა პენსიის გაანგარიშების და არა ამავე კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებულ, პენსიის გადასინჯვის წესს, 45-ე მუხლის თანახმად კი პენსიები გადაისინჯებოდა მხოლოდ ფულადი კმაყოფის (სარგოს) და არა დანამატის მომატებისას.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ე.-მ.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 21 აგვისტოს ¹347 ბრძანებულების და საქართველოს შს მინისტრის 2005 წლის 21 იანვრის ¹55 ბრძანების ჩამონათვალში ,,საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის ¹263 ბრძანებულებით დამტკიცებული, საქართველოს შსს დებულების მე-7 მუხლით განსაზღვრული სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ ,,დაცვის პოლიცია”, საიდანაც გავიდა პენსიაზე მოსარჩელე, თითქოს მითითებული არ არის არამართებულია.

პენსიაზე გასვლის დროს 2001 წლის 30 ივნისს დაცვის პოლიცია იყო არა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, არამედ შსს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რაც დასტურდება საქმეში არსებული, პენსიაზე გასულ წელთა ნამსახურობის გაანგარიშებიდან, ფულადი ატესტაციიდან, პენსიის დანიშვნის შესახებ დასკვნიდან და შს მინისტრის ბრძანებიდან.

ზემოაღნიშნული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ იგი იყო შს სამინისტროს ნომენკლატურული თანამშრომელი და ამიტომ ყველა მისი გადაადგილება სხვადასხვა სამსახურში, მათ შორის შსს ორგანოებიდან დათხოვნა, ხდებოდა მხოლოდ შს მინისტრის ბრძანებით, მაგრამ არ ხდება სსიპ თანამშრომლების მიმართ, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონისა და სსიპ ,,დაცვის პოლიციის” დებულების თანახმად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი იყო შს სამინისტროს ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფი, ხოლო დაცვის პოლიციის საქალაქო და რაიონული სამმართველოები და განყოფილებები შს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები, რის გამოც, როცა საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 20 აგვისტოს ¹549 ბრძანებულებით დადგენილი სარგოები გაიზარდა 10%-ით, გაიზარდა სარგოები ავტომატურად დაცვის პოლიციაშიც. მოპასუხე ორგანიზაციამ პენსიის დანიშვნის დროს გაანგარიშება გააკეთა არა იმ თანამდებობრივი განაკვეთიდან (76 ლარი), რომელიც მას ჰქონდა და მითითებული იყო ფულად ატესტაციაში, არამედ შს სამინისტროს შტატების განაკვეთის მიხედვით - 66.55 ლარიდან. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არ შეამოწმა აღნიშნული და არ მისცა საკუთარი მოსაზრების წარმოდგენის საშუალება.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 21 აგვისტოს ¹347 ბრძანებულების და შს მინისტრის 2005 წლის 21 იანვრის ¹55 ბრძანების ჩამონათვლებს, კასატორის მითითებით, ორივეში მითითებულია ტერიტორიული ორგანოების სამმართველოს უფროსის მოადგილეები და მათთან გათანაბრებული პირები, რომლის კატეგორიასაც მიეკუთვნებოდა პენსიაზე გასვლის დროს, ხოლო თუ მოსამართლემ ჩათვალა, რომ პენსიის გადაანგარიშება უნდა მომხდარიყო საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,დაცვის პოლიციის” თანამშრომლებისათვის თანამდებობრივი სარგოების გაზრდის შემთხვევაში, მაშინ უნდა გამოეყენებინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,დაცვიის პოლციის დეპარტამენტის” 2005 წლის 29 ივლისის ¹288 და 2006 წლის 23 თებერვლის ¹90 ბრძანებები.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ ისე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ პრეზიდენტის ბრძანებულებით მოხდა არა თანამდებობრივი განაკვეთის გაზრდა, არამედ დაწესდა დანამატი თანამდებობრივ განაკვეთზე, რომ არ დაასაბუთა აღნიშნული მოსაზრება და ის თუ რომელ თანამდებობრივ განაკვეთზე დაწესებული დანამატი არ გაზრდის თანამდებობრივ განაკვეთს, ან რატომ არ მიიღება ასეთი დანამატი პენსიის გაანგარიშებისას. ამ შემთხევევაში სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი.

კასატორის მოსაზრებით, არასაწორია ასევე ,,სამხედრო პენსიების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 და 45-ე მუხლების განმარტებაც.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. ე.-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 5 აპრილის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად რ. ე.-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

2007 წლის 19 აპრილს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება, რომლითაც მოითხოვა რ. ე.-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, იმ საფუძვლით, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, რ. ე.-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ რ. ე.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს რ. ე.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას რ. ე.-ს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.