Facebook Twitter

ბს-290-283(კ-08) 22 მაისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

მარიამ ცისკაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 10 აგვისტოს ი. შ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა აბაშის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ....... სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, აბაშის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი. შ-ეს უარი ეთქვა ....... სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნისა და უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ზემოაღნიშნული გამგეობის ........ სამსახურის უფროსის 2006 წლის 15 თებერვლის ¹29 ბრძანებით, მოსარჩელეს ხელფასი განესაზღვრა სპეციალისტის თანამდებობრივი სარგოს შესაბამისი ოდენობით _ 170 ლარით, მაშინ, როცა უფროსი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 190 ლარს. აღნიშნული ბრძანებით, მოპასუხე საფინანსო სამსახურმა უშუალო ზიანი მიაყენა მოსარჩელის შრომით უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, რომელიც პროტესტის ნიშნად არ იღებდა სპეციალისტის ხელფასის შესაბამის თანხას. “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად, სხვა თანამდებობაზე ან სხვა ადგილმდებარეობის სამუშაოზე მოხელის გადაყვანა, აგრეთვე, მისთვის დაკავებული თანამდებობით გაუთვალისწინებელი დავალების დაკისრება დასაშვები იყო მხოლოდ მისი თანხმობით. აბაშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა აბაშის რაიონის გამგეობის ........ სამსახურის უფროსის 2005 წლის 28 თებერვლის ¹14 ბრძანებაში, 2006 წლის 15 თებერვლის ¹29 ბრძანების მე-7 პუნქტში და კიდევ ზოგიერთ აქტში და ი. შ-ის თანამდებობად სპეციალისტის ნაცვლად, მიეთითა უფროსი სპეციალისტი, იგი აღდგენილ იქნა აბაშის რაიონის გამგეობის ....... სამსახურში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე 2005 წლის 2 მარტიდან 2006 წლის 18 დეკემბრამდე პერიოდში, ასევე ი. შ-ეს აუნაზღაურდა 2006 წლის 15 თებერვლიდან იმავე წლის 28 დეკემბრამდე მიუღებელი ხელფასი უფროსი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგოს შესაბამისი ოდენობით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მიუღებელ მთლიან ხელფასთან ერთად, მოპასუხე მხარისათვის 2006 წლის 1 თებერვლიდან 2007 წლის 10 აგვისტომდე ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტის ანაზღაურების დაკისრება საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 31-ე მუხლის “ვ" ქვეპუნქტის თანახმად, რომლის მიხედვითაც, დამსაქმებელი ვალდებული იყო ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დასაქმებულისთვის გადაეხადა დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი.

აბაშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის, დაყოვნებული თანხის 0,07%-ის ანაზღაურების შესახებ დამსაქმებლის ვალდებულება გათვალისწინებული იყო საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილით, “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით კი ამგვარი ვალდებულება გათვალისწინებული არ იყო.

აბაშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. შ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 იანვრის განჩინებით ი. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა აბაშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. შ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. შ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 27 მარტის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 22 მაისამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. შ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. შ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.