საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-291-284(კ-08) 2 მაისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შპს “ა-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.07წ. განჩინებაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.07წ. განჩინებით შპს “ა-ის” წარმომადგენლის ვ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; დარჩა უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 21.02.07წ. გადაწყვეტილება; გადახდა აპელანტს სახელმწიფო ბაჟი 6048 ლარის ოდენობით. შპს “ა-მა” 11.03.08წ. საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.07წ. განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელე აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. ამასთან, კასატორმა შუამდგომლობით მიმართა საკასაციო პალატას, რომლითაც სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა საქმის განხილვის დამთავრებამდე, ვინაიდან შპს “ა-ი” არ ფუნქციონირებდა და არ გააჩნდა რაიმე ქონება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 28.03.08წ. განჩინებით შპს “ა-ს” ხარვეზის შესავსებად მიეცა ვადა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღე, რადგან შპს “ა-ს” საკასაციო საჩივარზე არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო სასამართლოში დავის საგნის ღირებულების 151200 ლარის 5 პროცენტი, რაც შეადგენს 7560 ლარს. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ კასატორმა საქმის განხილვის დამთავრებამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა, მაგრამ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისათვის კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნიდნენ სსკ-ის 48-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებს. კასატორის მიერ მითითებულ გარემოებას არ ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების საფუძვლად, ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისათვის საჭირო უტყუარი მტკიცებულებები არ იქნა წარმოდგენილი კასატორის მიერ, რის გამო არ არსებობდა შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესაძლებლობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 28.03.08წ. განჩინების კასატორისათვის ჩაბარების შესახებ უზენაეს სასამართლოში შემოსული დასტურიდან ირკვევა, რომ კასატორს ხსენებული განჩინება ჩაბარდა 12.04.08წ. ხარვეზის შევსების ბოლო ვადა იყო 21 აპრილი, მაგრამ კასატორის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს მისცემდა საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესაძლებლობას, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს “ა-ის” საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.07წ. განჩინებაზე დატოვებული იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.