Facebook Twitter

ბს-292-285(2კ-08) 28 მაისი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. ფ-ისა და ნ. ფ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 31 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 2 ივლისს დ. ფ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე იმერეთის სააღსრულებო ბიუროსა და მესამე პირის – მ. ს-ის მიმართ აუქციონის ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა იმერეთის სააღსრულებო ბიუროს წყალტუბოს სასამართლო აღმასრულებლის 2007 წლის 15 ივნისის ოქმის, 2007 წლის 19 ივნისის განკარგულების ბათილად ცნობასა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურის დ. ფ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების მ. ს-ის საკუთრებაში გადასვლის თაობაზე ჩანაწერის ბათილად ცნობას.

2007 წლის 14 აგვისტოს მესამე პირმა _ ნ. ფ-მა დამოუკიდებელი სასარჩელო განცხადებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: დ. ფ-ის, მ. ს-ისა და მესამე პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა დ. ფ-ის ურავი ქონების მ. ს-ის საკუთრებაში გადასვლის შესახებ ჩანაწერის ბათილად ცნობა, სოფელ ....... მდებარე უძრავი ქონების (საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის) 1/2½ ნაწილის საკუთრებად ცნობა და ამ ნაწილში იმერეთის სააღსრულებო ბიუროს წყალტუბოს სასამართლო აღმასრულებლის 2007 წლის 15 ივნისის აუქციონის ოქმისა და 2007 წლის 19 ივნისის განკარგულების ბათილად ცნობა, აგრეთვე საჯარო რეესტრის ჩანაწერებში სათანადო ცვლილებების შეტანა.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 23 აგვისტოს განჩინებებით ადმინისტრაციული საქმე დ. ფ-ის სარჩელისა გამო და ადმინისტრაციული საქმე მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ნ. ფ-ის სარჩელისა გამო, გაერთიანდა ერთ წარმოებად.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. ფ-ისა და მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ნ. ფ-ის სასარჩელო განცხადებები არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. ფ-მა და ნ. ფ-მა.

აპელანტები სააპელაციო საჩივრებით ითხოვდნენ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 31 იანვრის განჩინებით დ. ფ-ისა და ნ. ფ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. ფ-მა და ნ. ფ-მა.

კასატორები საკასაციო საჩივრებით ითხოვდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 31 იანვრის განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილვად იმავე სასამართლოში დაბრუნებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის განჩინებებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. ფ-ისა და ნ. ფ-ის საკასაციო საჩივრები; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 28 მარტის განჩინებების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად დ. ფ-ისა და ნ. ფ-ის საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

2008 წლის 30 აპრილს დ. ფ-მა და ნ. ფ-მა მოსაზრებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვეს მათი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა, იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივრები აკმაყოფილებდნენ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს.

2008 წლის 24 აპრილს მ. ს-ის წარმომადგენემა მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დ. ფ-ისა და ნ. ფ-ის საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, დ. ფ-ისა და ნ. ფ-ის საკასაციო საჩივრებს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ დ. ფ-ისა და ნ. ფ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დ. ფ-ისა და ნ. ფ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას დ. ფ-სა და ნ. ფ-ს საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.