Facebook Twitter

ბს-29-29(კ-07) 17 ივლისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე

გ. ილინას მდივნობით

კასატორი (მოსარჩელე) _ ... შრომის ინვალიდთა კავშირი “.. ..” თავმჯდომარე _ დ. გ-ა, წარმომადგენელი _ თ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წარმომადგენელი _ თ. გ-ი;

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარმომადგენელი _ გ. ფ-ე

მესამე პირი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სასახური; წარმომადგენელი _ ა. დ-ე

მესამე პირი _ კავშირი “... ლიგა” _ წარმომადგენელი არ გამოცხადდა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ საბაჟო გადასახადის (აქციზის) დაბრუნება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

“... ინვალიდთა კავშირის” წარმომადგენლებმა _ ა. კ-მ და ნ. კ-მ სარჩელი აღძრეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხის _ საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს მოპასუხისათვის 376809 ლარის გადახდის დაკისრება, შემდეგი საფუძვლით:

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ორგანიზაცია “... ინვალიდთა კავშირი” 1997 წლიდან ეწეოდა სხვადასხვა დასახელების საქონლის იმპორტს, ხოლო 1998 წელს, საავტომობილო ბენზინის იმპორტსაც. “... ინვალიდთა კავშირის” მიზანს წარმოადგენდა ინვალიდთა რეაბილიტაციის პროცესის ორგანიზება, ინვალიდთა ძირითადი უფლებების განმტკიცება და ცხოვრების დონის ამაღლება, მათი სამუშაო და დასვენების ნორმალური პირობებისა და საცხოვრებელი პრობლემების გადაწყვეტა და სხვა. “ინვალიდთა კავშირი” გაერთიანებული იყო ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში. 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის მე-2 თავის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობისა და ინვალიდთა სოციალური დახმარების დამატებითი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, როგორც გამონაკლისი, 1998 წლის 1 იანვრიდან ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებული ცალკეული ორგანიზაციების მიერ გადახდილი დამატებითი ღირებულების გადასახადიდან, აქციზისა და საბაჟო გადასახადიდან მიღებული ფაქტობრივი შემოსავლები აღირიცხებოდა საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებული თითოეული საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიხედვით, სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე, ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშისაგან გამოცალკევებით. იმავე ნორმის “ბ” და “გ” ქვეპუნქტები არეგულირებდა სახელმწიფო ხაზინიდან სახსრების გაცემისა და დასაფინანსებელი ღონისძიებების დაფინანსების წესებს. მითითებული მოთხოვნა ფაქტობრივად სრულდებოდა 1998 წლის 26 აგვისტომდე, ხოლო 1998წ.30.08 _ 01.01.99 წლამდე აღნიშნული კანონი დაირღვა, რასაც საფუძვლად დაედო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1998 წლის 16 ივლისის ¹02-06/1217 წერილი, რომლის ადრესატიც იყო საქართველოს საბაჟო დეპარტამენტი. აღნიშნული წერილი ეყრდნობოდა 1998წ.01.05 “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილ დამატებებს, 38-ე მუხლისა და საქართველოს პრეზიდენტის 1998წ.22.06 ¹383 ბრძანებულების მოთხოვნებს. სახაზინო სამსახურის წერილი საბაჟო დეპარტამენტს ავალებდა ბენზინის აქციზით მიღებული შემოსავლები გადაერიცხა საქართველოს ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოს საავტომობილო ბენზინის აქციზის გამანაწილებელ ¹... ანგარიშზე, საიდანაც 50% უნდა გადარიცხულიყო ბიუჯეტში, ხოლო დანარჩენი 50% საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გახსნილ “საგზაო ფონდის” ¹199700705 სატრანზიტო ანგარიშზე. 1998 წლის აგვისტოდან 1999 წლის 1 იანვრამდე “... ინვალიდთა კავშირის” მიერ საავტომობილო ბენზინის იმპორტირებისას გადახდილია აქციზის გადასახადი, სულ ჯამში 753.618 ლარი. მითითებული თანხიდან, მოსარჩელის მონაცემებით, 376.809 ლარი საბაჟო დეპარტამენტმა გადარიცხა საგზაო ფონდის ¹... სატრანზიტო ანგარიშზე, ხოლო 376.809 ლარი _ საქართველოს ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოში გახსნილ გამანაწილებელ ¹... ან ¹... ანგარიშზე. მოსარჩელის მიერ საავტომობილო ბენზინის იმპორტირებისას გადახდილი აქციზის ოდენობა დადასტურებულია სასარჩელო განცხადებაზე თანდართული საბაჟო დეკლარაციებით.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ “... ინვალიდთა კავშირის” საქმიანობაზე არ უნდა გავრცელებულიყო “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონში 1998წ.01.05 შეტანილი დამატება, აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტის 1998წ.22.06 ¹383 ბრძანებულების მოქმედებაც. აღნიშნულს ადასტურებს მოცემულ სასარჩელო განცხადებაზე თანდართული საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის 1998წ.07.06 ¹12-2419/26-2710551 წერილი, რომლის დასკვნით, აღნიშნულ საკანონმდებლო აქტებს შორის წინააღმდეგობა /სამართლებრივი კოლიზია/ არ არსებობდა. “... ინვალიდთა კავშირის” მიერ საავტომობილო ბენზინის იმპორტისას გადახდილი აქციზებიდან მიღებული ფაქტობრივი შემოსავალი აღრიცხული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე, ცენტრალური საბიუჯეტო შემოსავლების ანგარიშსწორებისაგან გამოცალკევებით. შემდეგში ეს თანხები უნდა დაბრუნებოდა კანონით დადგენილი წესით დასახელებულ “ინვალიდთა კავშირს”. ამდენად, თანხები არ უნდა გადარიცხულიყო არც სპეციალურ გამანაწილებელ ანგარიშზე და არც “საგზაო ფონდის” სატრანზიტო ანგარიშზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან ზემოაღნიშნული ნორმები უხეშად დაირღვა, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების არასწორად გაგების შედეგად დაირღვა აფხაზეთიდან დევნილი მე-2 მსოფლიო ომის მონაწილე “ინვალიდთა კავშირის” უფლებები, რადგან მოხდა მოსარჩელის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების არადანიშნულებისამებრ გადარიცხვა საბაჟო დეპარტამენტის მიერ, რაც მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა მხოლოდ 2003 წლის აპრილში, როდესაც სატელევიზიო ეთერში გავიდა “... ლიგის” ანალოგიურ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კომენტარები, რის შემდეგაც მოსარჩელემ მიმართა საგზაო დეპარტამენტს, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სახაზინო დეპარტამენტს, საიდანაც მიიღო უარყოფითი პასუხები /იხ.ს.ფ. 2-6 ტ. I/.

საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტმა რაიონულ სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში არ ცნო “... ინვალიდთა კავშირის” სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლით:

სასარჩელო განცხადებით და მასზე დართული მასალებით არ იქნა დასაბუთებული, როდის, სად და ვის მიერ დაარსდა ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭო, სად და როდის არის იგი რეგისტრირებული, გააჩნია თუ არა მას წესდება, რა წესით ხდება მასში ინვალიდთა სხვადასხვა ორგანიზაციების გაერთიანება. ასევე, დაუსაბუთებელია, კანონით დადგენილი რა წესით იყო დაარსებული ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭო, როდის და რა წესით გაერთიანდა მასში “... ინვალიდთა კავშირი”, დაუსაბუთებელია ასევე “... ინვალიდთა კავშირის” არსებობის საკითხი.

მოპასუხემ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად იშუამდგომლა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მესამე პირად ჩაბმა, რადგან სასარჩელო განცხადებაში მითითებული იყო, რომ მოსარჩელის უფლებები ირღვეოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1998 წლის 16.07. ¹02-06/1217 წერილის საფუძველზე, ხოლო საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად, აქციზის (მათ შორის, საავტომობილო ბენზინის აქციზის) გადასახადებს კრეფს და შესაბამის ბიუჯეტში ან სახელმწიფო ფონდში რიცხავს საბაჟო დეპარტამენტი. ასევე, “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე 1998 წლის 01.05 კანონით, მითითებული კანონის 21-ე მუხლში სიტყვა აქციზის შემდეგ დაემატა სიტყვები: “გარდა საავტომობილო ბენზინის აქციზისა”, ასევე დაემატა 38-ე მუხლის გარდამავალი დებულებანი, რომელთა შესაბამისადაც საავტომობილო ბენზინის აქციზის შემოსავალი იქცა სახელმწიფო საგზაო ფონდის შემოსავლის წყაროდ. სარჩელში მითითებული იყო, რომ სადავო თანხები ირიცხებოდა სახელმწიფო საგზაო ფონდის სატრანზიტო ანგარიშზე, რის გამოც სახელმწიფო საგზაო ფონდი აუცილებლად უნდა ჩაბმულიყო საქმეში მესამე პირად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად. მოპასუხის აღნიშშვნით, ის გარემოება, რომ “... ლიგის" სარჩელი მათ მიმართ დაკმაყოფილდა, არ წარმოადგენს სადავო ურთიერთობის მოწესრიგების საფუძველს, რადგან საქართველოს კანონმდებლობამ უარი Yთქვა პრეცედენტულ სამართალზე (იხ.ს.ფ. 63-65, ტ. I).

“... ინვალიდთა კავშირის” წარმომადგენლებმა: ა. კ-მ და ნ. კ-მ რაიონულ სასამართლოში წარდგენილ შეპასუხებაში არ ცნეს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის შესაგებელი და დამატებით განმარტეს:

1998 წლიდან, ფაქტობრივად, არსებობდა ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკორდინაციო საბჭო, რომელშიც გაერთიანებული იყო ოცამდე სუბიექტი, მათ შორის, “... ინვალიდთა კავშირი”, რომელსაც, როგორც არასამეწარმეო იურიდიულ პირს, გააჩნდა ბეჭედი, საანგარიშსწორებო და სხვა სახის ანგარიშები საქართველოში, ომის ვეტერანთა სოციალური და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თან აწარმოებდა საქველმოქმედო საქმიანობას. ამდენად, მოპასუხის შესაგებელში მითითებულ გარემოებას, არსებობდა თუ არა ინვალიდთა საკოორდინაციო საბჭო და იყო თუ არა ამ საბჭოს წევრი “... ინვალიდთა კავშირი”, არ ჰქონდა მნიშვნელობა კონკრეტული საქმისათვის, რამდენადაც “კავშირის" მიერ ფაქტობრივად შესრულებულია საწვავის იმპორტი, რის შემდეგაც მას ჩამოეჭრა აქციზისა და საბაჟო გადასახადების თანხები (376809 ლარი), რომელიც უკანონოდ იქნა ჩარიცხული მოპასუხის ანგარიშზე, რითაც ზიანი მიადგა “კავშირს." მოპასუხეს თავის შესაგებელში უნდა ედავა იმ გარემოებაზე, მიღებული აქვს თუ არა მას ზემოაღნიშნული თანხები და ამ თანხების მიღება რამდენად კანონიერად მოხდა.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კავშირს სრული უფლება აქვს, სასამართლოში იდავოს კუთვნილი თანხების დაბრუნებაზე, ამასთან, აღნიშნა, რომ მათი ორგანიზაცია 1999 წლის 02.02 შექმნილი “... შრომის ინვალიდთა კავშირ “.. ..ის" სამართალმემკვიდრეა და თუ სასამართლო მიზანშეწონილად ჩათვლის, რომ საქმეზე სათანადო მოსარჩელეს წარმოადგენდა კავშირი “.. ..", მაშინ სასამართლოს მოთხოვნით დამატებით იქნებოდა წარდგენილი შესაბამისი საბუთები. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.1 მუხლის თანახმად, მხარე, ამ შემთხვევაში მოსარჩელე, თვითონ განსაზღვრავს დავის საგანს და თვითონვე იღებს გადაწყვეტილებას, ვის მიმართ აღძრას სასარჩელო მოთხოვნა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საგზაო ფონდის საქმეში თანამოპასუხედ ჩაბმაზე მოპასუხეს იმ შემთხვევაში დაეთანხმებოდა, თუ მოპასუხე მხარე წარმოადგენდა მტკიცებულებებს, რომ მოსარჩელის მხრიდან უკანონოდ მიღებული თანხები შემდგომ გადაეცა სახელმწიფო საგზაო ფონდს. ასევე, მოსარჩელემ განმარტა, რომ “... ინვალიდთა კავშირს” მათთან არავითარი ურთიერთობა წარსულში არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ მოპასუხემ უკანონოდ მიითვისა “კავშირის" კუთვნილი 376809 ლარი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ, შესაძლოა, მათ მიერ გაიზარდოს სასარჩელო მოთხოვნა, ვინაიდან ლარის კურსი გაუფასურდა 85%-ით (იხ. ს.ფ. 70-73, ტ. Iს).

სახელმწიფო საგზაო ფონდმა განცხადებით მიმართა რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საქმეში მესამე პირად ჩაბმა. რაიონული სასამართლოს 2003 წლის 07.10 განჩინებით საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის _ გ. ჯ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ჩაბმულ იქნა საგზაო ფონდი, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სახაზინო სამსახური, საბაჟო დეპარტამენტი და ... ლიგა საქმეში ჩაებნენ მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე (იხ. ს.ფ. 230, ტ. I).

“... ინვალიდთა კავშირის” წარმომადგენლებმა: ა. კ-მ და ნ. კ-მ დაზუსტებული სარჩელით მიმართეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე საქართველოს საავტომობილო სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ, III პირების: საქართველოს საგზაო ფონდის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტის, საბაჟოO დეპარტამენტის, საქართველოს ... ლიგის მონაწილეობით, რომლითაც მოითხოვეს მოპასუხისათვის დაევალებინათ მოსარჩელის სასარგებლოდ 495 505 ლარის გადახდა შემდეგი საფუძვლით:

წარმოდგენილ სასარჩელო განცხადებაში უზუსტობა იყო დაშვებული, კერძოდ, “... ინვალიდთა კავშირის" ნაცვლად მითითებული იყო “... ინვალიდთა კავშირი”, ამასთან, მათ მიერ საქართველოს ეროვნული ბანკიდან გამოთხოვილი 2003წ.10.10 და 2003წ.17.10 ¹1955/28-04 და 1994/28-04 წერილების თანხამად, საქართველოს ეროვნული ვალუტის _ ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 1998 წლის 01.08 აგვისტოდან 1999 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, როცა მოსარჩელის სადავო თანხა 376,809 ლარი უკანონოდ ჩაირიცხა მოპასუხის ანგარიშზე, იყო გაცილებით უფრო მაღალი და შეადგენდა 1.464 ლარს, ვიდრე მოსარჩელემ სასამართლოში აღძრა თავდაპირველი სარჩელი. ვალუტის გაცვლითი კურსი იყო 2129 ლარი 0665 ლარის სხვაობით, რამაც მთლიანობაში შეადგინა 117697 ლარი და, ამდენად, 1998 წლის მომდევნო პერიოდში ლარის კურსის დაცემით მიღებული სხვაობის თანხა _ 117697 ლარი უნდა დაემატოს ძირითად სადავო თანხას _ 376809 ლარს და მათი ჯამი _ 494505 ლარი, “... ინვალიდთა კავშირის" სასარგებლოდ, გადასახდელად უნდა დაეკისროს მოპასუხეს სამოქალაქო კოდექსის მე-400, 402-ე 403-ე, 404-ე, 411-ე და 412-ე მუხლების თანახმად (იხ. ს.ფ. 231-233, ტ. I).

რაიონული სასამართლოს 2003 წლის 19.12. განჩინებით მესამე პირის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელ გ. ღ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, არასათანადო მოსარჩელე “... ინვალიდთა კავშირი” შეიცვალა სათანადო მოსარჩელით _ ... შრომის ინვალიდთა კავშირ “.. ..თი" (იხ. ს.ფ. 288, ტ. I).

რაიონული სასამართლოს 2003 წლის 19.12 გადაწყვეტილებით ... შრომის ინვალიდთა კავშირ “.. ..ის" სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტს დაეკისრა 494505 ლარის გადახდა, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები: “... ინვალიდთა კავშირი" 1998-1999 წლებში გაერთიანებული იყო საქართველოს ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინააციო საბჭოს შემადგენლობაში, რომელიც წარმოადგენდა საქართველოში მოქმედ ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაბაყოფლობით გაერთიანებას. მისი დებულების 1.5 პუნქტის თანახმად, იგი წარმოადგენდა თავისი წევრი ორგანიზაციების კანონიერ ინტერესებს საზოგადოებრივ და სასამართლო ორგანოებში. აღნიშნულმა გაერთიანებამ, მასში შემავალი ორგანიზაციების მეშვეობით, 1998 წელს აწარმოვა საავტომობილო ბენზინის იმპორტი და გადაიხადა აქციზის გადასახადი. პირადად “... ინვალიდთა კავშირის" მიერ 1998 წლის აგვისტოდან 1999 წლის 1 იანვრამდე საავტომობილო ბენზინის იმპორტისას გადახდილი აქციზის გადასახადმა საერთო ჯამში შეადგინა 753.618 ლარი. აღნიშნული თანხიდან 376809 ლარი გადახდილია საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საგზაო ფონდის ანგარიშზე, რაც სადავოდ არ გაუხდიათ მხარეებს და მესამე პირებს.

რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მესამე პირის _საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მტკიცება, რომ მოპასუხისათვის კანონიერად მოხდა სადავო თანხების ჩარიცხვა და განმარტა, რომ “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" კანონში დამატების შეტანის თაობაზე, საქართველოს 1999 წლის 01.05 კანონით არ გაუქმებულა და არც შეცვლილა საქართველოს 1998 წლის საქართველოს ბიუჯეტის კანონის მე-18 მუხლის მე-2 თავის მე-3 პუნქტის “ა" ქვეპუნქტი, რომლითაც დადგენილი იყო, რომ ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობისა და ინვალიდთა სოციალური დახმარების დამატებითი ღონისძიების დაფინანსების მიზნით, როგორც გამონაკლისი, 1998 წლის 1 იანვრიდან ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებული ცალკეული ორგანიზაციების მიერ გადახდილი დღგ-დან, აქციზისა და საბაჟო გადასახადიდან მიღებული ფაქტობრივი შემოსავლები, საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებული თითოეული საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიხედვით, გადაირიცხა საქართველოს ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე, ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლების ანგარიშებისაგან გამოცალკევებით. აღნიშნული, რაიონული სასამართლოს განმარტებით, დასტურდება საქართველოს ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს წერილობით მიმართვაზე საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა კანონიერების კომიტეტის იმდროინდელი თავმჯდომარის _ მ. ს-ის 1998 წლის 6 ივლისის წერილობითი პასუხით, რომლის თანახმად _1998 წლის 01.05 კანონით გათვალისწინებული ცვლილებები არ ეხება ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გადახდილი გადასახადების განკარგვას, ვინაიდან გათვალისწინებული გადასახადები არ წარმოადგენს ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლებს, შესაბამისად არ გაუქმებულა “საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-18 მუხლის მე-2 თავის, მე-3 პუნქტის “ა" ქვეპუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად, ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გადახდილი დღგ-დან, აქციზისა და საბაჟო გადასახადებიდან მიღებული ფაქტობრივი შემოსავალი უნდა აღირიცხოს სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე, ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლების ანგარიშსწორებისგან გამოცალკევებით, რის გამოც, აღნიშნული წერილის თანახმად, საკანონმდებლო აქტებს შორის წინააღმდეგობა არ არსებობდა.

რაიონულმა სასამართლომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ ახალი მოქმედების წესი, რასაც ითვალისწინებს 1998 წლის 01.05 კანონი, არ უნდა გავრცელდეს იმ ურთიერთობაზე, რომელიც რეგულირდება “საქართველოს 1998 წლის ბიუჯეტის შესახებ" კანონის მე-18 მუხლის მე-2 თავის მე-3 პუნქტის “ა" ქვეპუნქტით და “... ინვალიდთა კავშირის" მიერ საავტომობილო ბენზინის იმპორტისას გადახდილი აქციზის გადასახადიდან მიღებული ფაქტობრივი შემოსავალი უნდა აღრიცხულიყო სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე და არა საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საგზაო ფონდში.

რაიონულმა სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს უკანონოდ ჰქონდა მისაკუთრებული მოსარჩელის კუთვნილი 494505 ლარი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად, საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტი ვალდებულია, დაუბრუნოს “... შრომის ინვალიდთა კავშირ “.. ..ს" უსაფუძვლოდ მიღებული თანხა, რადგან ადმინისტრციული ორგანო ვალდებულია, აანაზღაუროს უკანონო მოქმედებებით იურიდიული პირისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი.

რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეული არ ყოფილა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.3 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადა, რადგან საქველმოქმედო ჰუმანიტარული ორგანიზაცია “... ლიგასა" და საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტს შორის არსებული დავის სასამართლო წესით განხილვის შედეგები მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა სატელევიზიო ეთერით 2003 წლის აპრილში, იმავე წლის 19 ივნისს წერილობითი განცხადებით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა უკანონოდ მისაკუთრებული თანხის უკან დაბრუნება მორიგებით, რაზედაც იმავე წლის 8 ივლისს მოპასუხისგან მიიღო უარყოფითი პასუხი. აღნიშნულის გამო მოსარჩელე იძულებული გახდა იმავე წლის 10 ივლისს მიემართა სასამართლოსთვის.

რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე იყო გაერთიანებული საქართველოს ... არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოში, ხოლო ... ლიგის ანალოგიურ საქმეზე არც თბილისის საოლქო სასამართლოში და არც საქართველოს უზენაეს სასამართლოში არ გამხდარა სადავო ხანდაზმულობის ვადები, ამასთან მიუთითა, რომ საქართველოში არ მოქმედებს პრეცენდენტული სასამართლო, მაგრამ კონკრეტული საქმეების განხილვისას საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ კანონის განმარტება, თუ მას ეთანხმება მოსამართლე, არ შეიძლება შეიზღუდოს და ერთსა და იმავე კანონს მისცეს ანალოგიური განმარტება, რის გამოც მოცემული საქმის არსებითად გადაწყვეტისას სასამართლომ გაითვალისწინა ანალოგიურ საქმეში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002 წლის 20.11 განჩინება.

რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლი და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, ლარის კურსის დაცემით გამოწვეული ფულადი ვალდებულების გადახდა, ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას. ამასთან, ლარის კურსის დაცემა სწორად იქნა გაანგარიშებული, რადგან საქართველოს ფულადი ერთეულის მდგრადობა ეროვნული ბანკის მიერ განისაზღვრა ფულად საკრედიტო ბირჟაზე, უპირველესად, აშშ დოლარის კურსის მიხედვით (იხ. ს.ფ. 344-348, ტ.I).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომლითაც მოთხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება, შემდეგი მოტივით:

ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს დებულებაში, რომელზედაც რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, ჩამოთვლილი იყო ის საკანონმდებლო აქტები, რომელთა საფუძველზეც თითქოს შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, მათ შორის იყო მითითებული “მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების შესახებ", “ინვალიდთა სოციალური დაცვის შესახებ" კანონები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს კონსტიტუცია და საერთაშორისო სამართლებრივი აქტები. აღნიშნული დებულება არ არის ხელმოწერილი, არ არის დადასტურებული და დამტკიცებული. დებულების შინაარსიდან გამომდინარე, გაუგებარია, საქართველოში არსებულ ინვალიდთა რომელი საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაერთიანების შედეგად შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, როდის შეიქმნა ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭო, რომელიც, როგორც საზოგადოებრივი გაერთიანება, “მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების შესახებ" 1994 წლის 14.06 კანონის შესაბამისად შექმნილი არ ყოფილა და ამავე კანონის მე-7, მე-8, მე-9, მე-12, მე-19 და მე-14 მუხლების თანახმად, რეგისტრაციაში არ გატარებულა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. სასამართლომ არ გამოიკვლია საკოორდინაციო საბჭოს არსებობისა და მასში შემავალ ინვალიდთა ორგანიზაციების საკითხი, მაშინ, როცა აღნიშნულს არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმის გადაწყვეტისათვის, რადგან 1998 წლის “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის “ა" ქვეპუნქტი არის სპეციალური ნორმა, რომლითაც შეღავათები, დაწესებული მხოლოდ ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ცალკეული ორგანიზაციებისათვის. აპელანტმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.2 მუხლზე და განმარტა, რომ სასამართლომ მტკიცებულებათა სათანადო გამოკვლევისა და შესაბამისი სამართლებრივი შეფასების გარეშე გამოიტანა გადაწყვეტილება, ამასთან, სასამართლომ გადაწყვეტილება დაასაბუთა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.3 მუხლით გათვალისწინებული, ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადის დაცვით აღძრულ სარჩელის სისწორეზე, რაც კანონშეუსაბამოა, რადგან სარჩელის მოთხოვნა იყო მიყენებული ზიანის ანაზღაურება და არა ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა და ძალადაკარგულად გამოცხადება. აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლი, რადგან სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობდა საჯარო სამართლებრივი ურთიერთობიდან, რომელიც მიმართული იყო ადმინისტრაციული ორგანოს _ საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ, შესაბამისად სარჩელის განხილვა მოხდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2 “გ" პუნქტის თანახმად, ხოლო სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმით რეგულირდება სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა კრედიტორსა და მოვალეს შორის. ამასთან, სასამართლომ არ გაარკვია, იყო თუ არა სათანადო მოსარჩელე სადავო სამართალურთიერთობაში ... შრომის ინვალიდთა კავშირი “.. ..”, ასევე მიუთითა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, რომელიც რაიონულმა სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითა, არასწორია, ამასთან, სასამართლომ განავითარა ზემოაღნიშნული განჩინება სარჩელის გაზრდილი ოდენობის დაკმაყოფილებით, რადგან მითითებული გადაწყვეტილებით “... ლიგის" სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 353-356, ტ. I).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი მოტივით:

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე 1998-1999 წლებში გაერთიანებული იყო საქართველოს ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში და მასზე უნდა გავრცელებულიყო “საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" 1997 წლის 12.12 კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის “ა" ქვეპუნქტი, რაც თითქოს სადავოდ არ გაუხდიათ მხარეებს, რაც არასწორია, რადგან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება აღნიშნული ფაქტი, რის გამოც ფინანსთა სამინისტრომ მოითხოვა დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა. ასევე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არის კოლიზია “საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" 1997 წლის 12.12 კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის “ა" ქვეპუნქტსა და “საბიუჯეტო სისტემისა და საბიჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე" 1998 წლის 01.05 კანონს შორის, ხოლო ამის დასადასტურებლად მიუთითა საქართველოს პარლამენტის საკოორდინაციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის 1998 წლის 06.07 წერილსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 20.11 ¹3გ/ად-150-კ-02 განჩინებაზე, რაც, აპელანტის მითითებით, არასწორია, რადგან პარლამენტის მითითებულ წერილს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებას არა აქვს სავალდებულო ძალა კონკრეტული საქმის განხილვისას, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა არ ცნობს პრეცენდენტულ სამართალს.

ვინაიდან ზემოაღნიშნული ნორმები სხვადასხვაგვარად არეგულირებდა ერთსა და იმავე საკითხს, კერძოდ, გადახდილი აქციზის განაწილების წესს, ამდენად “ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე" 1998 წლის 01.05 კანონი, რაც წარმოადგენდა სარჩელის არდაკმაყოფილების საფუძველს.

აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად იმსჯელა სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე, რადგან სასამართლომ მოსარჩელის მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვება მიიჩნია საპატიოდ იმ გარემოების გამო, რომ მოსარჩელემ 2003 წლის აპრილში ტელევიზიის საშუალებით შეიტყო საქველმოქმედო ჰუმანიტარული ორგანიზაცია “... ლიგისა" და საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტს შორის არსებული დავის სასამართლო წესით განხილვის შედეგებზე და, შესაბამისად, ამის შემდეგ გახდა მისთვის ცნობილი დარღვეული უფლებების თაობაზე, რადგან ასეთი განცხადება საერთოდ არ ყოფილა სასამართლო პროცესზე, ხოლო სასამართლოს აღნიშნულის თაობაზე მტკიცებულებები არ ჰქონდა. ამასთან, სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლით და თანხის გადახდა მოპასუხეს დააკისრა აშშ დოლართან მიმართებაში, რაც არასწორია, ვინაიდან არ არის მითითებული ნორმა, რომელიც ითვალისწინებს თანხის გადაანგარიშებას აშშ დოლარის მიხედვით. სადავო სამართალურთიერთობა წარმოადგენს საგადასახადო ურთიერთობას, ხოლო საგადასახადო კანონმდებლობა საერთოდ არ ცნობს ასეთ გადაანგარიშებას. ასევე, აპელანტმა განმარტა, რომ 2003 წლის 19.12 დანიშნული სხდომის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი არ იყო გაფრთხილებული კანონით დადგენილი წესით, გადაწყვეტილება გაუქმებას ექვემდებარებოდა სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილშიც, რადგან სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო (იხ. ს.ფ. 357-359, ტ. I).

... შრომის ინვალიდთა კავშირ “.. ..ის" წარმომადგენლებმა ა. კ-მ და ნ. კ-მ სააპელაციო სასამართლოში გაადიდეს სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვეს მოპასუხე მხარისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრებინათ 5838565 ლარის გადახდა, შემდეგი მოტივით:

საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე გამოთხოვილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ აფხაზეთის ა/რ საბაჟო სამმართველოდან 1998 წელს იმპორტით წარმოებული საავტომობილო ბენზინის დეკლარაციების მიხედვით კავშირ “.. ..ს" წარმოებული აქვს 932319 ლარის ღირებულების საავტომობილო ბენზინი, რაც დადასტურდა საგადასახადო დავალებათა ქვითრებითა და სასაქონლო დეკლარაციებით, სადაც მითითებულია იმპორტით წარმოებული საქონლის საავტომობილო ბენზინის ღირებულება, რომლიდანაც ნახევარი _ 50% (466159.5 ლარი) გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო ნახევარი 50% (4661595 ლარი) უკანონოდ გადაირიცხა საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გახსნილ “საგზაო ფონდის" ¹199700705 სატრანზიტო ანგარიშზე. დეკლარაციებისა და საგადასახადო დავალებათა ქვითრების გამოთხოვით და მათი შეჯერებით დადგინდა, რომ მათ 376809 ლარის ზიანის ნაცვლად, მიადგათ 4661595 ლარის მატერიალური ზიანი, რასაც ემატება ინდექსაციით გამოწვეული სხვაობა 117697 ლარის ოდენობით, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 583856 ლარის გადახდა (იხ. ს.ფ. 69-70).

სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის 23.07 სხდომაზე კავშირ “.. ..ის" წარმომადგენელმა ა. კ-მ უარი განაცხადა სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილზე, რომელიც ეხებოდა ინდექსაციის ფარგლებში სასარჩელო მოთხოვნის გადიდებას და მოითხოვა მოსარჩელისათვის დაეკისრებინათ 4661595 ლარის გადახდა (იხ. ს.ფ. 100-105, ტ. II).

სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 03.02 გადაწყვეტილებით საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 19.12. გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ... შრომის ინვალიდთა კავშირ “.. ..ის" სარჩელი არ დაკმაყოფილდა /იხ.ს.ფ.207-211, ტ.II/.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 2 ივნისის განჩინებით ... შრომის ინვალიდთა კავშირ ,,.. ..ის‘‘ გამგეობის თავმჯდომარის _ დ. გ-ას საკასაციო საჩივრის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს /იხ.ს.ფ. 246-265, ტ. II/.

სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით საავტომობილო გზების დეპარტამენტის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რეგისტრირებული “ ... შრომის ინვალიდთა კავშირ “.. ..ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 31.07.2006 წლის ¹01/27/12-2114 წერილის თანახმად, ,, ... შრომის ინვალიდთა კავშირი ,,.. .." რეგისტრირებულია თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში 1999 წლის 9 თებერვალს (რეგისტრაციის ¹03/9-87). კავშირის დამფუძნებლები არიან ფიზიკური პირები: დ. გ-ა, ვ. ბ-ა, მ. კ-ა, ბ. კ-ა, შ. ხ-ა და ,,... ინვალიდთა კავშირი", ხოლო თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 9 თებერვლის დადგენილების თანახმად, ,,... შრომის ინვალიდთა კავშირი ,,.. .." არის ,,... ინვალიდთა კავშირის" სამართალმემკვიდრე. სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს 1999 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქმეზე ¹2/29-99 გაუქმებულ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს 08.11.95წ. კოლეგიის დადგენილებით მითითებული ,,... ინვალიდთა კავშირის" რეგისტრაცია და იგი ცნობილ იქნა ლიკვიდირებულად, შესაბამისად ამოიშალა სამეწარმეო რეესტრიდან. ,,... ინვალიდთა კავშირი" გათავისუფლდა სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე საგადასახადო დავალიანების _ 497.5 ათასი ლარის გადახდისაგან და შეწყდა მასზე საჯარიმო სანქცია-საურავების დარიცხვა. მოსარჩელე ,,... შრომის ინვალიდთა კავშირი ,,.. .." არის ,,... ინვალიდთა კავშირის" სამართალმემკვიდრე. სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს 1999 წლის 6 აგვისტოს დადგენილებით განხორციელდა ახალი კავშირის რეგისტრაცია სახელწოდებით: ,,... ინვალიდთა კავშირი" (რეგისტრაციის ¹ა/4100/9-1), რომლის დამფუძნებელი და პრეზიდენტია ფიზიკური პირი დ. გ-ა. განსახილველი დავის საგანს და სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს: საგზაო დეპარტამენტის სახელზე ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციის ,,... ინვალიდთა კავშირის" მიერ ჩარიცხული კუთვნილი თანხის _ 375045 ლარის უკან დაბრუნების თაობაზე ქმედების განხორციელების მოთხოვნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე. საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის 08.07.2003 წლის ¹06-03/572 წერილით ,,... ინვალიდთა კავშირს", მისსავე 2003 წლის 19 ივნისის განცხადებაზე, რომლითაც ისინი ითხოვდნენ 1998 წლის აგვისტოდან 1999 წლის 1 იანვრამდე საგზაო ფონდის ანგარიშზე მათ მიერ იმპორტირებული საავტომობილო ბენზინის აქციზის გადასახადიდან ჩარიცხული თანხების დაბრუნებას, ეცნობა, რომ ,,საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" საქართველოს კანონში 1998 წლის 1 მაისს შეტანილი ცვლილებით საავტომობილო ბენზინის აქციზის თანხა წარმოადგენდა სახელმწიფო საგზაო ფონდის შემოსავლების წყაროს, ხოლო ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებული ორგანიზაციების იმპორტირებულ საავტომობილო ბენზინზე აქციზის, დღგ-ს და საბაჟო გადასახადებით გადახდილი თანხების მათსავე სპეციალურ სახაზინო ანგარიშზე დაბრუნება უნდა განხორციელებულიყო ცენტრალურ ბიუჯეტში შესატანი თანხების ხარჯზე. ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ იმპორტირებულ საავტომობილო ბენზინზე საგზაო ფონდის სასარგებლოდ გადახდილი აქციზის თანხები არ ექვემდებარებოდა უკან დაბრუნებას და მათი მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე ქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელის აღძვრის შემთხვევაში, საპროცესო კანონმდებლობით რაიმე შეზღუდვა სარჩელის აღძვრის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით არ არის დაწესებული, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საბაჟო სამმართველოს 2003 წლის 6 მაისის ¹50 წერილის თანახმად, ,,... ინვალიდთა კავშირის" თავმჯდომარე დ. გ-ას ეცნობა, რომ მათ მიერ 1998 წელს იმპორტირებული საავტომობილო ბენზინის განბაჟების აქციზის საერთო თანხა შეადგენს 1 038 880 ლარს, რაც გადარიცხულ იქნა საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ საოპერაციო სამმართველოს გამანაწილებელ ანგარიშზე ¹.... ამასთანავე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საბაჟო სამმართველოს 2003 წლის 17 სექტემბრის ¹91 წერილის თანახმად, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, მისივე 2003 წლის 10 სექტემბრის განჩინების თანახმად, გადაეგზავნა ,,... ინვალიდთა კავშირის" მიერ, 1998 წლის 1 აგვისტოდან 1999 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, იმპორტით წარმოებული საავტომობილო ბენზინის აქციზის საგადასახადო დავალებების პირველი პირები (1998 წლის 26 აგვისტოდან იმავე წლის 25 ნოემბრის ჩათვლით, ნომრის, თარიღის, თანხის მითითებით) 20 ფურცლად, თანხით 753 618 ლარი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დეკლარაციების თანახმად, ,,... ინვალიდთა კავშირი" ეწეოდა საავტომობილო ბენზინის იმპორტს და იხდიდა საბაჟო გადასახადს ,,აქციზის" სახით (მათ შორის სადავო პერიოდში 1998 წლის 1 აგვისტოდან 1999 წლის 1 იანვრამდე). საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 03.07.03წ. ¹18/187/2402 წერილის მიხედვით, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიმართვის საფუძველზე, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 4 აგვისტოს ბრძანებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან ამოღებულ იქნა ინვალიდთა და ომის ვეტერანთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მათ შორის, ,,... ინვალიდთა კავშირის" 1998-1999 წლების შემოსავლებისა და ხარჯების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები (საბანკო ამონაწერების სახით). საქართველოს ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს წევრის მოწმობის თანახმად, ,,... ინვალიდთა კავშირი" (სპეციალური ანგარიშის ¹...) არის საქართველოს ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს წევრი.

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ,,საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 თავის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტი და განმარტა, რომ ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობისა და ინვალიდთა სოციალური დახმარების დამატებითი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, როგორც გამონაკლისი, 1998 წლის 1 იანვრიდან ინვალიდთა არსამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებული ცალკეული ორგანიზაციების მიერ გადახდილი დამატებითი ღირებულების გადასახადიდან, აქციზისა და საბაჟო გადასახადიდან მიღებული ფაქტობრივი შემოსავალი აღირიცხებოდა საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებული თითოეული საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიხედვით, სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშებზე, ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლის ანგარიშისგან გამოცალკევებით. ამ მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებულ ინვალიდთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე, მათ მიერ გადახდილი გადასახადების ფარგლებში, სახელმწიფო ხაზინიდან სახსრებს გასცემდა მხოლოდ საკოორდინაციო საბჭოს ნებართვით, ხოლო ამავე მუხლის ,,გ" პუნქტით დასაფინანსებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს, მოცულობას, დაფინანსების წესებს ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი გაანგარიშებების საფუძველზე განსაზღვრავდა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებთან შეთანხმებით საქართველოს ეკონომიკისა და სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს შესაბამისი დასკვნების გათვალისწინებით.

სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1998 წლის 5 თებერვლის ¹30 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა ,,საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 თავის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის აღსრულების წესი", რომლითაც განისაზღვრა ის სპეციალური წესი, რომლის დაცვითაც სახაზინო სამსახურს უნდა გაეცა საქართველოს ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს სპეციალურ ანგარიშებზე აკუმულირებული თანხები საკოორდანიციო საბჭოში გაერთიანებულ ინვალიდთა ორგანიზაციებზე, მათ მიერ გადახდილი გადასახადების ფარგლებში, სახელმწიფო ხაზინიდან საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური საკითხებისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან შეთანხმებული, დასაფინანსებული ღონისძიებების ჩამონათვალის, მოცულობისა და დაფინანსების დეპარტამენტის თანხმობისა და საკოორდინაციო საბჭოს ნებართვით. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სპეციალური საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ იქნა ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გადახდილი იმპორტირებული საავტომობილო ბენზინის აქციზის თანხის დაბრუნების სპეციალური წესი და ეს წესი არ ითვალისწინებდა აღნიშნული თანხის პირდაპირ და უშუალოდ ინვალიდთა რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის დაბრუნებას.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1998 წლის 5 თებერვლის ¹30 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 თავის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პროცედურის დაცვით, თანხის დაბრუნების მოთხოვნით, მოსარჩელეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის არ მიუმართავს, რაც აგრეთვე დაადასტურა ,,... შრომის ინვალიდთა კავშირ ,,.. ..ის" (,,... ინვალიდთა კავშირი") თავმჯდომარე დ. გ-მ, რომელმაც 2006 წლის 16 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ფინანსთა სამინისტროსათვის მიმართვის ვალდებულება მას არ ეკისრებოდა, მან მიმართა საკოორდინაციო საბჭოს, რომელიც ამტკიცებდა პროგრამას და რომლის ხელმოწერის შემდეგ მას წარადგენდა ხაზინაში და მიიღებდა ფულს.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" საქართველოს 1996 წლის 29 მაისის კანონში (პარლამენტის უწყებანი ¹17, ივლისი) 1998 წლის 1 მაისს შეტანილ იქნა შემდეგი დამატებები: 1. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტში სიტყვა ,,აქციზის" შემდეგ დაემატა სიტყვები: ,,გარდა საავტომობილო ბენზინის აქციზის თანხებისა, რომლებიც მიემართება სახელმწიფო საგზაო ფონდში", 2. კანონს დაემატა შემდეგი შინაარსის 38-ე მუხლი: გარდამავალი დებულებანი ,,საავტომობილო ბენზინის აქციზის თანხები 1999 წლის 1 იანვრამდე თანაბრად ნაწილდება ცენტრალურ ბიუჯეტსა და სახელმწიფო საგზაო ფონდს შორის. ,,საგზაო ფონდის გადასახადების აკრეფის, შემოსავლების აღრიცხვის კონტროლისა და მიზნობრივი გამოყენების შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 12 იანვრის ¹17 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 ივნისის ¹383 ბრძანებულების 4.1 მუხლის თანახმად, იმპორტირებული საავტომობილო ბენზინის აქციზის თანხებს საბაჟო დეპარტამენტი რიცხავდა საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოში გახსნილ შესაბამის სატრანზიტო ანგარიშზე.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 ივნისის ¹383 ბრძანებულება, რომლითაც განისაზღვრა საბაჟო დეპარტამენტის ვალდებულება, იმპორტირებული საავტომობილო ბენზინის აქციზი გადაერიცხა საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამის სატრანზიტო ანგარიშზე, აგრეთვე სადავოდ არ გაუხდია საბაჟო დეპარტამენტის მიერ თანხების საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამის სატრანზიტო ანგარიშზე გადარიცხვის კანონიერება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება, რომ 1998 წლის 1 მაისის კანონი არ უნდა გავრცელდეს იმ ურთიერთობებზე, რომელიც რეგულირდება ,,საქართველოს 1998 წლის ბიუჯეტის შესახებ" კანონის მე-18 მუხლის მე-2 თავის მე-3 პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტით და “... ინვალიდთა კავშირის" მიერ საავტომობილო ბენზინის იმპორტისას გადახდილი აქციზის გადასახადიდან მიღებული ფაქტობრივი შემოსავალი უნდა აღრიცხულიყო სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე და არა საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საგზაო ფონდში, რომელიც მოპასუხეს (საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტს) უკანონოდ აქვს. სასამართლოს დასკვნით, საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" საქართველოს 1996 წლის 29 მაისის კანონში (პარლამენტის უწყებანი ¹17, ივლისი) 1998 წლის 1 მაისს შეტანილი დამატებებისა და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 ივნისის ¹383 ბრძანებულების დებულების მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოპასუხის _ საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის (უფლებამონაცვლე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი) ანგარიშზე სადავო პერიოდში საავტომობილო ბენზინის აქციზის სადავო თანხების ჩარიცხვა არის კანონშესაბამისი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ გასახილველ დავაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 2 ივნისის განმარტებით, სამართლებრივ საკითხებზე დასკვნების ჩამოყალიბება წარმოადგენს სასამართლოს და არა სხვა უწყების კომპეტენციას და მიუღებელია ხელისუფლების ორგანოების მიერ სამართლებრივ საკითხებზე გაცემულ დასკვნებზე სასამართლო გადაწყვეტილების დაფუძნება.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლით დადგენილი წესით, პრეიუდიციული ძალა არ მიენიჭება მოსარჩელის მიერ მტკიცებულებად მითითებულ და საქმეში წარმოდგენილ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებას (საქმე ¹3ა/52), რაც უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002 წლის 20 ნოემბრის განჩინებით (საქმე 3გ/ად-150-კ-02), ვინაიდან აღნიშნულით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის კავშირ ,,... ლიგის" სარჩელი მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის, საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის, მესამე პირების _ საქართველოს ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, ხოლო განსახილველი დავის საგანს და სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს: მოსარჩელე ... შრომის ინვალიდთა კავშირ ,,.. ..ის" (,,... ინვალიდთა კავშირის" უფლებამონაცვლე) მოთხოვნა მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის (საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის უფლებამონაცვლე), მესამე პირების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის, კავშირ ,,... ლიგის" მიმართ - საგზაო დეპარტამენტის სახელზე ჩარიცხული მათი კუთვნილი თანხის (475045) ლარის უკან დაბრუნების თაობაზე ქმედების განხორციელება, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე /იხ.ს.ფ. 453-470/.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა “... შრომის ინვალიდთა კავშირმა “.. ..”, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:

სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" პუნქტი); სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა (ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" პუნქტი); სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი (ამავე მუხლის ,,გ" პუნქტი); საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ა" პუნქტი); გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული (ამავე მუხლის ,,ე" პუნქტი); გადაწყვეტილება გამოტანილია იმ მოსამართლის მიერ, რომელიც ამ საქმის განხილვაში ადრე მონაწილეობდა (ამავე მუხლის “ბ" პუნქტი).

სააპელაციო სასამართლოს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ ,,... ინვალიდთა კავშირს” ... ლიგაში" შემავალ სხვა ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს ეროვნულ ბანკში შესაბამისი 5 ანგარიშიდან გახსნილი ჰქონდა ერთ-ერთი სპეციალური ანგარიში ¹... . აღნიშნული ანგარიში ,,საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 თავის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, აღსრულების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1998 წლის 5 თებერვლის ¹30 ბრძანებით დამტკიცებული წესის მოთხოვნებიდან გამომდინარე, გაიხსნა იმ მიზნით, რომ საქართველოს ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებული ნამდვილი წევრი ორგანიზაციების შემოსავლები და ხარჯები აღრიცხულიყო ცალ-ცალკე. საქართველოს პარლამენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია რა ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობისადმი კიდევ უფრო ქმედითი ხელშეწყობისა და წახალისების აუცილებლობა, ინვალიდთა სოციალური დახმარების დამატებითი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, ,,საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის მე-18 მუხლში მე-3 პუნქტის ,,ა", ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტების სახით, სპეციალური ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, შეიტანა საგამონაკლისო ნორმები. 1998 წლის 1 იანვრიდან წლის ბოლომდე, ანუ კანონის მოქმედების ვადის განმავლობაში, ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებული ცალკეული ორგანიზაციების მიერ დამატებითი ღირებულებების, ასევე, აქციზისა და საბაჟო გადასახადიდან მიღებული ფაქტობრივი შემოსავლები უნდა აღრიცხულიყო სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე, საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებული თითოეული ორგანიზაციის მიხედვით (ანუ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნულ ¹... სპეციალურ ანგარიშზე), ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლის ანგარიშისაგან გამოცალკევებით. კანონში შეტანილი ცვლილებების შინაარსი ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ხაზინაში სპეციალურ ანგარიშზე აკუმულირებული, ზემოთ აღნიშნული თანხები წარმოადგენდა ინვალიდთა საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებული ორგანიზაციების ისეთ საკუთრებას, რომელიც სამართლის მეცნიერებაში ცნობილია ,,განსაკუთრებული საკუთრების სახელით" ამგვარ ტერმინს იცნობს ,,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის ,,კ" პუნქტის თანახმად: ,,განსაკუთრებული საკუთრება არის არათავისუფლად ბრუნვადი საქონლის ტრანსპორტირების (გატარების) ერთი ან რამდენიმე საშუალება. ამავე მუხლის ,,მ" პუნქტის შესაბამისად კი: ,,არათავისუფლად ბრუნვადი საქონელი" ისეთი საქონელია, რომლის წარმოება, იმპორტი, მიწოდება და მოხმარება ხდება შეზღუდული სპეციალური პირობებით”. ამგვარი სახის საკუთრების შეზღუდვა იმაში მდგომარეობდა, რომ ,,საქართველოს 1998 წლის ბიუჯეტის შესახებ" კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლის ანგარიშისაგან გამოცალკევებით, სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე, ანუ მოცემულ შემთხვევაში ¹... ანგარიშზე მოხვედრილი სახსრები გაიცემოდა საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებულ ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ გადახდილ გადასახადების ფარგლებში, მაგრამ ამისათვის საჭირო იყო საკოორდინაციო საბჭოს ნებართვა. თვით თანხები კი ამ პროცესის დაცვის შემდეგ გაიცემოდა საკოორდინაციო საბჭოში შემავალ ინვალიდთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტში კი დაკონკრეტდა კანონის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებითაც, რომ ხაზინაში გახსნილი სპეციალური ანგარიშიდან საკოორდინაციო საბჭოში შემავალ საზოგადოებრივ ორგანიზაციას, თავისი კუთვნილი სახსრები შეუძლია მიიღოს მისთვის აუცილებელი იმ დასაფინანსებელი ღონისძიებების ჩამონათვალის ფარგლებში, რომლებსაც წარმოდგენილი გაანგარიშების საფუძველზე საჭიროდ მიიჩნევდა თვით ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაცია ამ პროცედურის დაცვით.

ამდენად, კასატორის მოსაზრებით, ,,საქართველოს 1998 წლის ბიუჯეტის შესახებ" კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტში შეტანილი ცვლილების არსი მდგომარეობს შემდეგში, რომ ,,... ინვალიდთა კავშირის" მიერ 1998 წელს გადახდილი დამატებითი ღირებულების გადასახადიდან, აქციზისა და საბაჟო გადასახადიდან მიღებული ფაქტობრივი შემოსავალი უნდა აღრიცხულიყო მისსავე სახელზე სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ ¹... სპეციალურ ანგარიშზე; თვით “... ინვალიდთა კავშირს” უნდა გაეკეთებინა დასაფინანსებელი ღონისძიებების ჩამონათვალი და მისი მოცულობის გაანგარიშება, რაც უნდა წარედგინა შესათანხმებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის. ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის ამ სახით გასაწევი სოციალური დახმარების საერთო მოცულობის თაობაზე საკითხის შეთანხმება უნდა მომხდარიყო ასევე საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,... ინვალიდთა კავშირი" სახელმწიფო ხაზინიდან მის მიერვე გადახდილი გადასახადების ფარგლებში თანხებს მიიღებდა მხლოდ მას შემდეგ, თუ ეს გადასახადები აღრიცხული იქნებოდა მის სახელზე, ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშებისაგან განცალკევებულ სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ¹... ანგარიშზე და შემდეგში დაცული იქნებოდა შესაბამისი პროცედურა.

,,საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 თავის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დასახა შემდგომი ღონისძიებები: პირველი პუნქტის თანახმად, ქ. თბილისის ¹6 სოციალური სფეროს დანარჩენი დარგების მომსახურეობის სახაზინო სამსახურს ეროვნულ ბანკში უნდა გაეხსნა შემოსავლებისა და ხარჯების ხუთი სხვადასხვა სპეციალური ანგარიში, ხოლო საქართველოს ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებული ნამდვილი წევრი ორგანიზაციებისათვის ცალ-ცალკე აღსარიცხად უნდა გახსნილიყო ანგარიში ¹1 დანართის მიხედვით. ამავე წესის მე-2 პუნქტის საფუძველზე დაევალათ საქართველოს საბაჟო დეპარტამენტსა და საქართველოს საგადასახადო ინსპექციას, რომ საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ცალკეული ორგანიზაციების მიერ გადახდილი დამატებითი ღირებულების აქციზი და საბაჟო გადასახადებით მიღებული შემოსავლი მიემართათ ქ. თბილისის ¹6 სოციალური სფეროს დანარჩენი დარგების მომსახურების ხაზინისათვის გახსნილ შესაბამის ხუთ ანგარიშზე საქართველოს ეროვნულ ბანკში, ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლების ანგარიშიდან ცალკე (აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ,,საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის მე-2 თავის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და ამ წესის პირველი და მე-5 პუნქტების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოში სოციალური სფეროს და დანარჩენი დარგების მომსახურების ¹6 სახაზინო სამსახურისათვის გახსნა სპეციალური ანგარიში, მათ შორის, ... ლიგისა და მასში შემავალი ორგანიზაციებისათვის. აღნიშნული წესის მე-3 პუნქტით კი ქ. თბილისის ¹6 სოციალური სფეროს დანარჩენი დარგების მომსახურების სახაზინო სამსახურს დაევალა საქართველოს ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს სპეციალურ ანგარიშებზე აკუმულირებული თანხების ამ საბჭოში გაერთიანებულ ინვალიდთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე გაცემა მათ მიერ გადახდილი გადასახადების ფარგლებში.

კასატორის მითითებით, კანონში ცვლილების შეტანის ერთ-ერთი მიზანი იყო სოციალური დახმარების დაფინანსება, ანუ ინვალიდთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ჰქონოდათ ისეთი დახმარების (იგივე შემწეობის) მიღების უფლება, რომელსაც მატერიალური ხასიათი გააჩნდა და აღნიშნულის გამო, წარმოადგენდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლით (საკუთრების დაცვა) დაცულ სიკეთეს, ანუ საკუთრებას. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 1998 წლისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის (იგი ეხება გადასახადების დაწესებისა და გადახდევინების სამართლებრივ საფუძვლებს. დანართი ¹10) მე-3 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის მიხედვით დარიცხული გადასახადი (მოცემულ შემთხვევაში საუბარია ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" პუნქტით გათვალისწინებულ საერთო სახელმწიფოებრივ გადასახადებს მიკუთვნებულ აქციზზე) არის ვალი და ასეთად რჩება იგი იმ შემთხვევაშიც, თუ გადასახადი უკანონოდ იყო დარიცხული.

კასატორმა მიუთითა, რომ ,,ვალს" ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს როგორც მფლობელობას ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის ¹1 ოქმის პირველი მუხლის მიზნებისათვის, ანუ საკუთრებად.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ,,საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" კანონში 1998 წლის 1 მაისს შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე 38-ე მუხლი და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 ივნისის ¹383 ბრძანებულების მოთხოვნები, რამდენადაც ,,საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" საქარველოს კანონში 1998 წლის 1 მაისს შეტანილი დამატების თაობაზე 1998 წლის 1 მაისის ¹1371-II კანონით, ცვლილებები შეეხო მხოლოდ მე-2 მუხლს, კერძოდ, 21-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის ,,ბ" ქვეპუნქტში სიტყვა ,,აქციზს" შემდეგ დაემატა სიტყვები: ,,გარდა საავტომობილო ბენზინის აქციების თანხებისა, რომლებიც მიემართება სახელმწიფო საგზაო ფონდში." . დასახელებულ კანონს დაემატა ასევე შემდეგი შინაარსის ახალი 38-ე (გარდამავალი დებულებანი) მუხლი: ,,საავტომობილო ბენზინის აქციზის თანხები 1999 წლის 1 იანვრამდე თანაბრად ნაწილდება ცენტრალურ ბიუჯეტსა და სახელმწიფო საგზაო ფონდს შორის". აღნიშნულ კანონში შეტანილი ცვლილებების შინაარსი ცხადყოფს, რომ იგი არ ეხებოდა და არ ზღუდავდა იმ შეღავათებს, რაც კანონის ძალით დაწესებული იყო ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ 1998 წელს. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, ,,საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" საქართველოს კანონი წარმოადგენდა ზოგადი ხასიათის კანონს და მას არ შეეძლო გაეუქმებინა სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონის საგამონაკლისო ნორმა, რომელიც ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის ადგენდა საშეღავათო პირობებს, მით უფრო, რომ ამგვარი გაუქმება არ წარმოადგენდა კანონის პირდაპირ მიზანს. ახალ კანონში მითითებული უნდა ყოფილიყო, რომ საავტომობილო ბენზინის აქციზის თანხები ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, 1999 წლის 1 იანვრამდე თანაბრად ნაწილდება ცენტრალურ ბიუჯეტსა და სახელმწიფო საგზაო ფონდს შორის და რომ უქმდებოდა ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის დაწესებული შეღავათები. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ახალ ნორმატიულ აქტში შევიდოდა ნორმა, რომელიც მოსარჩელის უფლებრივ მდგომარეობას გააუარესებდა, მას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე არ შეიძლებოდა მინიჭებოდა უკუძალა, ანუ არ უნდა გავრცელებულიყო ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 47-ე მუხლის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის საფუძველზე.

“.... შრომის ინვალიდთა კავშირ “.. ..ის” თავმჯდომარემ დ. გ-მ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის საფუძველზე ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას, რამდენადაც საკასაციო საჩივარი მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურმა საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ მოსაზრებებში აღნიშნეს, რომ საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას.

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 31 მაისის განჩინებით “... შრომის ინვალიდთა კავშირ “.. ..ის” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. “ა” მუხლის საფუძველზე /აბსოლუტური კასაცია/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:L

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების დასაბუთებულობა _ საფუძვლიანობის, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ “...შრომის ინვალიდთა კავშირ “.. ..ის” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას არ დაურღვევია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა კანონი, საპროცესო ნორმები არ დარღვეულა, სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვეტილია არსებითად სწორად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისას საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 407.2. მუხლის მიხედვით წარმოდგენილი არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადასტურებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, კერძოდ, საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის 08.07.2003 წლის ¹06-03/572 წერილით ,,... ინვალიდთა კავშირს", მისსავე 2003 წლის 19 ივნისის განცხადებაზე, რომლითაც ისინი ითხოვდნენ 1998 წლის აგვისტოდან 1999 წლის 1 იანვრამდე საგზაო ფონდის ანგარიშზე მათ მიერ იმპორტირებული საავტომობილო ბენზინის აქციზის გადასახადიდან ჩარიცხული თანხების დაბრუნებას, ეცნობა, რომ ,,საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" საქართველოს კანონში 1998 წლის 1 მაისს შეტანილი ცვლილებით საავტომობილო ბენზინის აქციზის თანხა წარმოადგენდა სახელმწიფო საგზაო ფონდის შემოსავლების წყაროს, ხოლო ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებული ორგანიზაციების იმპორტირებულ საავტომობილო ბენზინზე აქციზის, დღგ-ს და საბაჟო გადასახადებით გადახდილი თანხების მათსავე სპეციალურ სახაზინო ანგარიშზე დაბრუნება უნდა განხორციელებულიყო ცენტრალურ ბიუჯეტში შესატანი თანხების ხარჯზე. ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ იმპორტირებულ საავტომობილო ბენზინზე საგზაო ფონდის სასარგებლოდ გადახდილი აქციზის თანხები არ ექვემდებარებოდა უკან დაბრუნებას და მათი მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1998 წლის 5 თებერვლის ¹30 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 თავის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პროცედურის დაცვით, თანხის დაბრუნების მოთხოვნით, მოსარჩელეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის არ მიუმართავს, რაც აგრეთვე დაადასტურა ,,... შრომის ინვალიდთა კავშირ ,,.. ..ის" (,,... ინვალიდთა კავშირი") თავმჯდომარე დ. გ-მ, რომელმაც 2006 წლის 16 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ფინანსთა სამინისტროსათვის მიმართვის ვალდებულება მას არ ეკისრებოდა, მან მიმართა საკოორდინაციო საბჭოს, რომელიც ამტკიცებდა პროგრამას და რომლის ხელმოწერის შემდეგ მას წარადგენდა ხაზინაში და მიიღებდა ფულს.

საქმის მასალების თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საბაჟო სამმართველოს 2003 წლის 6 მაისის ¹50 წერილის თანახმად, ,,... ინვალიდთა კავშირის" თავმჯდომარე დ. გ-ს ეცნობა, რომ მათ მიერ 1998 წელს იმპორტირებული საავტომობილო ბენზინის განბაჟების აქციზის საერთო თანხა შეადგენს 1 038 880 ლარს, რაც გადარიცხულ იქნა საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ საოპერაციო სამმართველოს გამანაწილებელ ანგარიშზე ¹.... ამასთანავე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საბაჟო სამმართველოს 2003 წლის 17 სექტემბრის ¹91 წერილის მიხედვით, ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, მისივე 2003 წლის 10 სექტემბრის განჩინების თანახმად, გადაეგზავნა ,,... ინვალიდთა კავშირის" მიერ, 1998 წლის 1 აგვისტოდან 1999 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, იმპორტით წარმოებული საავტომობილო ბენზინის აქციზის საგადასახადო დავალებების პირველი პირები (1998 წლის 26 აგვისტოდან იმავე წლის 25 ნოემბრის ჩათვლით, ნომრის, თარიღის, თანხის მითითებით) 20 ფურცლად, თანხით 753 618 ლარი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დეკლარაციების თანახმად, ,,... ინვალიდთა კავშირი" ეწეოდა საავტომობილო ბენზინის იმპორტს და იხდიდა საბაჟო გადასახადს ,,აქციზის" სახით (მათ შორის სადავო პერიოდში, 1998 წლის 1 აგვისტოდან 1999 წლის 1 იანვრამდე). საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 03.07.03წ. ¹18/187/2402 წერილის მიხედვით, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიმართვის საფუძველზე თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 4 აგვისტოს ბრძანებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან ამოღებულ იქნა ინვალიდთა და ომის ვეტერანთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მათ შორის, ,,... ინვალიდთა კავშირის" 1998-1999 წლების შემოსავლებისა და ხარჯების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები (საბანკო ამონაწერების სახით). საქართველოს ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს წევრის მოწმობის თანახმად, ,,... ინვალიდთა კავშირი" (სპეციალური ანგარიშის ¹...) არის საქართველოს ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს წევრი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1998 წლის 5 თებერვლის ¹30 ბრძანებით დამტკიცდა ,,საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 თავის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის აღსრულების წესი", რომლითაც განისაზღვრა სპეციალური პროცედურა, რომლის დაცვითაც სახაზინო სამსახურს უნდა გაეცა საქართველოს ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს სპეციალურ ანგარიშებზე აკუმულირებული თანხები საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებულ ინვალიდთა ორგანიზაციებზე, მათ მიერ გადახდილი გადასახადების ფარგლებში, სახელმწიფო ხაზინიდან საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური საკითხებისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან შეთანხმებული, დაფინანსებული ღონისძიებების ჩამონათვალის, მოცულობისა და დაფინანსების წესების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის თანხმობისა და საკოორდინაციო საბჭოს ნებართვით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სპეციალური საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ იქნა ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გადახდილი იმპორტირებული საავტომობილო ბენზინის აქციზის თანხის დაბრუნების სპეციალური წესი და ეს წესი არ ითვალისწინებდა აღნიშნული თანხის პირდაპირ და უშუალოდ _ უპირობოდ ინვალიდთა რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის დაბრუნებას, არამედ ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გადახდილი იმპორტირებული საავტომობილო ბენზინის აქციზის თანხის დაბრუნებას სახაზინო სამსახური მხოლოდ სახელმწიფო ხაზინიდან საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური საკითხებისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან შეთანხმებული, დაფინანსებელი ღონისძიებების ჩამონათვალის, მოცულობისა და დაფინანსების წესების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის ნებართვის შემთხვევაში მოახდენდა. ამდენად, ზემოაღნიშნული პროცედურების გავლის შემდეგ იყო სახაზინო სამსახური უფლებამოსილი ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის გაეცა მათ მიერ გადახდილი იმპორტირებული საავტომობილო ბენზინის აქციზის თანხა, რაც არ გულისხმობს თანხის უპირობო ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის გადარიცხვას.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ამგვარი პროცედურა განხორციელებული არ ყოფილა, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა იურიდიულად არ არის გამართლებული. აგრეთვე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას, რომ ეს თანხები მათ საკუთრებას წარმოადგენდა, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით გადასახადების სახით შეტანილი თანხა არის ამ კოდექსის მიხედვით ბიუჯეტებსა და სპეციალურ სახელმწიფო ფონდებში (შემდგომში _ სახელმწიფო ფონდი) სავალდებულო შენატანი, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადასახადის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე და სპეციალური ანგარიშის გახსნა, რომელზეც ირიცხებოდა დასაფინასებელი პროგრამების თანხები ვერ იქნება განმაპირობებელი მითითებული თანხის საკუთრებად მიჩნევისათვის. ასევე, სამართლებრივი ნონსენსია მითითებულის “განსაკუთრებულ საკუთრებად” კვალიფიკაცია, როგორც ამას კასატორი ასაბუთებს, რის გამოც უადგილოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოხმობა მოცემულ კონტექსტში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" საქართველოს 1996 წლის 29 მაისის კანონში 1998 წლის 1 მაისს შეტანილ იქნა შემდეგი დამატებები: 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტში სიტყვა ,,აქციზის" შემდეგ დაემატა სიტყვები: ,,გარდა საავტომობილო ბენზინის აქციზის თანხებისა, რომლებიც მიემართება სახელმწიფო საგზაო ფონდში"; კანონს დაემატა შემდეგი შინაარსის (გარდამავალი დებულებანი) 38-ე მუხლი: ,,საავტომობილო ბენზინის აქციზის თანხები 1999 წლის 1 იანვრამდე თანაბრად ნაწილდება ცენტრალურ ბიუჯეტსა და სახელმწიფო საგზაო ფონდს შორის. ,,საგზაო ფონდის გადასახადების აკრეფის, შემოსავლების აღრიცხვის კონტროლისა და მიზნობრივი გამოყენების შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე _ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 12 იანვრის ¹17 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 ივნისის ¹383 ბრძანებულების 4.1 მუხლის თანახმად, იმპორტირებული საავტომობილო ბენზინის აქციზის თანხებს საბაჟო დეპარტამენტი რიცხავდა საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოში გახსნილ შესაბამის სატრანზიტო ანგარიშზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, იმ პირობებში, როცა მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 ივნისის ¹383 ბრძანებულება, რომლითაც განისაზღვრა საბაჟო დეპარტამენტის ვალდებულება, იმპორტირებული საავტომობილო ბენზინის აქციზი გადაერიცხა საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამის სატრანზიტო ანგარიშზე, აგრეთვე საბაჟო დეპარტამენტის მიერ თანხების საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამის სატრანზიტო ანგარიშზე გადარიცხვის კანონიერება, შესაბამისად 1998 წლის 1 მაისის კანონი, არ შეიძლება გავრცელდეს იმ ურთიერთობებზე, რომელიც რეგულირდება ,,საქართველოს 1998 წლის ბიუჯეტის შესახებ" კანონის მე-18 მუხლის მე-2 თავის მე-3 პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტით. ამდენად, “... ინვალიდთა კავშირის" მიერ საავტომობილო ბენზინის იმპორტისას გადახდილი აქციზის გადასახადიდან მიღებული ფაქტობრივი შემოსავალი უნდა აღრიცხულიყო სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე, რაც რეალურად განხორციელდა და არა საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საგზაო ფონდში.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" საქართველოს 1996 წლის 29 მაისის კანონში 1998 წლის 1 მაისს შეტანილი დამატებებისა და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 ივნისის ¹383 ბრძანებულების დებულების მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოპასუხის საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის (უფლებამონაცვლე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი) ანგარიშზე სადავო პერიოდში, საავტომობილო ბენზინის აქციზის სადავო თანხების ჩარიცხვა გამომდინარეობდა მოქმედი კანონმდებლობიდან.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის საფუძველზე პრეიუდიციული ძალა არ მიენიჭება მოსარჩელის მიერ მტკიცებულებად მითითებულ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებას (საქმე ¹3ა/52), რაც უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002 წლის 20 ნოემბრის განჩინებით (საქმე 3გ/ად-150-კ-02). სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის, კავშირ ,,... ლიგის" სარჩელი მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის, საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის, მესამე პირების _ საქართველოს ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში სულ სხვა სამართალურთიერთობაა სახეზე, კერძოდ, განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს: მოსარჩელე ,,... შრომის ინვალიდთა კავშირ ,,.. ..ის" (,,... ინვალიდთა კავშირის" უფლებამონაცვლე) მოთხოვნა მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის (საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის უფლებამონაცვლე), მესამე პირების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის, კავშირ ,,... ლიგის" მიმართ - საგზაო დეპარტამენტის სახელზე ჩარიცხული მათი კუთვნილი თანხის (475045) ლარის უკან დაბრუნების თაობაზე ქმედების განხორციელების მოთხოვნა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში სსსკ-ის 106-ე მუხლის თანახმად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებას არ გააჩნია პრეიუდიციული ძალა სადავო სამართალურთიერთობაში.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით თბილისის საოლქო

სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება, რომელზედაც აპელირებს კასატორი არ წარმოადგენს სამართლის წყაროს სასამართლოსათვის, რამდენადაც საქართველო არ განეკუთვნება პრეცენდენტული სამართლის ქვეყანას, შესაბამისად სამართლებრივი შეფასებების და დასკვნების ჩამოყალიბება სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება ყოველი კონკრეტული სამართალურთიერთობის მიმართ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს ... შრომის ინვალიდთა კავშირ “.. ..ის” საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ... შრომის ინვალიდთა კავშირ “.. ..ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.