Facebook Twitter
ბს-29-29(კ-08) 23 აპრილი, 2008 წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე


საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 8 მაისს გ. კ-ამ, მ. ბ-ამ, ი. ჩ-ამ, გ. რ-მა, გ. ც-ამ, ლ. კ-ამ, პ. ჯ-ემ, დ. კ-ა-ჭ-ამ, ჯ. ჩ-ამ, ნ. ე-ამ, ქ. გ-ემ და მ. ფ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს აბაშის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე აბაშის მუნიციპალიტეტის გამეგობის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდნენ, რომ 2006 წლის 12 ივნისს გაზეთ ,,....” გამოქვეყნებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის განცხადებით მონაწილეობა მიიღეს აუქციონში და აუქციონის ჩატარების შემდეგ მოსარჩელეები გამოცხადდნენ აუქციონში გამარჯვებულად.
აბაშის რაიონის გამგეობის 2006 წლის 4 აგვისტოს ¹53 დადგენილებით დამტკიცდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის რაიონული კომისიის 2006 წლის 4 ივლისის სხდომის ოქმი ¹4 მოსარჩელეებისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნლების მიწის ნაკვეთების, იჯარა-აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე.
მოსარჩელეების განმარტებით, 2007 წლის 3 მაისს მათთვის ცნობილი გახდა, რომ აბაშის რაიონის გამგეობის 2006 წლის 18 ოქტომბრის ¹63 დადგენილებით გაუქმდა აბაშის რაიონის 2006 წლის 4 აგვისტოს ¹53 დადგენილება და 2006 წლის 4 ივლისის ¹4 სხდომის ოქმი, მათთვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების იჯარა-აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე.
მოსარჩელეების მოსაზრებით, ზემოაღნიშნული დადგენილების მიღებით დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე, 34-ე, მე-13 და 96-ე მუხლების მოთხოვნები, რის გამოც მოსარჩელეები ითხოვდნენ აბაშის რაიონის გამგეობის 2006 წლის 18 ოქტომბრის ¹63 დადგენილების ბათილად ცნობას მისი ძალაში შესვლის დღიდან და მათთვის საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული თანხის ანაზღაურებას.
საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვისას მოსარჩელეებმა შეამცირეს სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვეს აბაშის რაიონის გამგეობის 2006 წლის 18 ოქტომბრის ¹63 დადგენილების ბათილად ცნობა, ხოლო სახელმწიფო ბაჟისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე თქვეს უარი.
აბაშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით გ. კ-ას, მ. ბ-ას, ი. ჩ-ას, გ. რ-ის, გ. ც-ას, ლ. კ-ას, პ. ჯ-ის, დ. კ-ა-ჭ-ას, ჯ. ჩ-ას, ნ. ე-ას, ქ. გ-სა და მ. ფ-ას სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი აბაშის რაიონის გამგეობის 2006 წლის 18 ოქტომბრის ¹63 დადგენილება აბაშის რაიონის გამგეობის 2006 წლის 4 აგვისტოს ¹53 დადგენილებისა და 2006 წლის 4 ივლისის ¹4 სხდომის ოქმის გაუქმების თაობაზე, მისი ძალაში შესვლის დღიდან; აბაშის რაიონის გამგეობას დაევალა საქმის გარემოებების სათანადო გამოკლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა აბაშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ნოემბრის განჩინებით აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა აბაშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ ზაკ-ის მე-13 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს, განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. აღნიშნულ პირს უნდა ეცნობოს ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მისი მონაწილეობა საქმეში, რასაც აბაშის გამგეობის მიერ ადგილი არ ჰქონია, რითიც ასევე დაირღვა ამავე კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი მდგომარეობა. მოსარჩელეებს არ ეცნობათ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, მათ არ მიეცათ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მინიჭებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობის წარდგენის შესაძლებლობა. მოსარჩელეებს ასევე არ მიეცათ შესაძლებლობა, გასცნობოდნენ ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, რითაც სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დაირღვა ასევე ზაკ-ის 99-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გასაჩივრებული დადგენილება მიღებულია იმ საფუძვლით, რომ იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთები მათ განკარგვამდე არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრებად. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აბაშის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 17 სექტემბრის წერილით კი დასტურდება, რომ რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავისუფლების ქუჩასთან მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აბაშის სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრირებულია 2003 წლის 6 აგვისტოს, ფართით 415 კვ.მ. აღნიშნულიდან გამოდმინარე, აპელანტს გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებული მნიშვნელობის მქონე გარემოება, რითაც დაირღვა ზაკ-ის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კი დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ვინაიდან, მოსარჩელეები არ იყვნენ მიწვეულნი სადავო საკითხის განხილვაში, დარღვეულია ზაკ-ის 32-ე და 34-ე მუხლებით გათვალისწინებული საჯაროობის პრინციპი, რაც აქტის მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებით დარღვევას წარმოადგენს.
ამასთან, სააპელაციო პალატის მითითებით, რომც არ ყოფილიყო იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთები სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული, აღნიშნული არ წარმოადგენს არსებით დარღვევას, რამეთუ ეს მიწის ნაკვეთები სახელმწიფო საკუთრებაა და მესაკუთრეს უფლება აქვს,, კანონით დადგენილი წესით იჯარით გასცეს იგი.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ნოემბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 18 იანვრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
2008 წლის 5 თებერვალს გ. კ-ამ, მ. ბ-ამ, იამ, გ. რ-მა, გ. ც-ამ, ლ. კ-ამ, პ. ჯ-ემ, დ. კ-ა-ჭ-ამ, ჯ. ჩ-ამ, ნ. ე-ამ, ქ. გ-ემ და მ. ფ-ამ მოსაზრებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვეს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. უარი ეთქვას აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.