Facebook Twitter

ბს-293-277(კ-07) 13 ივნისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ო.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 23 ივნისს თ. ო.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების მიღების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2005 წლის 9 თებერვალს დაითხოვეს საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 33-ე პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის ¹47 ბრძანებულების პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეებს ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება, წელთა ნამსახურობისა და ამ ბრძანებულებებით დადგენილი ფულადი სარგოების შესაბამისად.

მოსარჩელის განმარტებით, ერთჯერადი დახმარება ფულადი სარგოს სახით, მას ეკუთვნის თანამდებობრივი სარგოს – 2100 ლარის, სამხედრო წოდების სარგოს – 81 ლარისა და კატეგორიის დანამატის სახით 350 ლარის თორმეტმაგი ოდენობით. რის თაობაზეც, მან მიმართა მოპასუხე ორგანიზაციას მაგრამ მიიღო უარი იმ მოტივით, რომ ზემოაღნიშნული ბრძანებულების 331-ე პუქნტის მოქმედება შეჩერებული იყო 2006 წლის 1 იანვრამდე და აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება იმ სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ იქნენ 2005 წელს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული სამმართველოს უფროსის 2006 წლის 3 თებერვლის ¹... დასკვნის ბათილად ცნობას, ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების 30360 ლარისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის – 500 ლარის ანაზღაურებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ო.-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავადაცვის სამინისტროს თ. ო.-ის სასარგებლოდ დაეკისრა ერთჯერადი დახმარების ანაზღაურება 26 160 ლარის ოდენობით; სასარჩელო მოთხოვნას - კატეგორიის დანამატის 4200 ლარისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 500 ლარის ანაზღაურების ნაწილში ეთქვა უარი უსაფუძვლობის მოტივით.

საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 33-ე მუხლის შესაბამისად: ,,სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილ არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან, ნამსახურობის წლების მიხედვით - 20 წელი და მეტი, ეძლევათ ერთჯერადი დახმარება ფულადი სარგოების თორმეტმაგი ოდენობით. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნა ნამსახურობის წლების მიხედვით ერთჯერადი დახმარების სახით ფულადი სარგოსა და წოდებრივი სარგოს, სულ 26160 ლარის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია, ხოლო, რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას კატეგორიის დანამატის 350 ლარის თორმეტმაგი ოდენობით ანაზღაურების თაობაზე, სასამართლოს განმარტებით, არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის ¹47 ბრძანებულებით შეტანილ იქნა ცვლილება და დამატება ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულებაში, რომლითაც განსაზღვრულ იქნა სამხედრო მოსამსახურეების სამსახურებრივი მოვალეობის პერიოდში თანამდებობრივი სარგოს კატეგორიები. მართალია, აღნიშნული ნორმა ამოქმედდა 2005 წლის 1 იანვრიდან, ანუ მანამდე, ვიდრე თ. ო.-ი გათავისუფლდა თანამდებობიდან, მაგრამ ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების მე-9 ნაწილით დადგენილია, რომ სამხედრო მოსამსახურეების ფულადი სარგოები მოიცავს თანამდებობრივ და წოდებრივ სარგოებს. შესაბამისად, იმავე ბრძანებულების 33-ე მუხლით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარების სახით ფულადი სარგო არ მოიცავს კატეგორიის დანამატს და იგი კონკრეტულ შემთხვევაში ანაზღაურებას არ ექვემდებარება.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა, ერთჯერადი გამოსასვლელი თანხის ანაზღაურების ნაწილში, არ ვრცელდება მოსარჩელეზე, ვინაიდან, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ნორმა ვრცელდება მხოლოდ იმ სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც დათხოვნილი არიან 2006 წლის 1 იანვრიდან. აპელანტის განმარტებით, ვინაიდან მოსარჩელე შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილია 2005 წელს, მასზე 331-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის მოქმედება ვერ გავრცელდება, რადგან იგი შეჩერებული იყო 2006 წლის 1 იანვრამდე, ანუ აღნიშნული ნორმა ვერ გავრცელდებოდა 2005 წელს დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეებზე.

ზემოაღნიშნული ნორმის შეჩერება 2006 წლის 1 იანვრამდე ნიშნავს იმას, რომ იგი ამოქმედდა 2006 წლის 1 იანვრიდან და შესაბამისად, გავრცელდება მიმდინარე წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. ამასთან, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნორმას უკუქცევითი ძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით, რაც კონკრეტულ შემთხევევაში არ განხორციელებულა. ვინაიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული ასეთი სახის ასიგნებანი, ფაქტობრივად, შეუძლებელია კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილება.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმებას, რომლითაც დაკმაყოფილდა თ. ო.-ის სასარჩელო მოთხოვნა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ო.-ის სასარჩელო მოთხოვნა ერთჯერადი დახმარების ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნა მოხდა საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 9 თებერვლის ¹44 განკარგულების, ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37.3-ე მუხლის შესაბამისად, რაც ითვალისწინებს 20 და მეტი წლის ნამსახურობის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურის რეზერვში დათხოვნის შესაძლებლობას, მიუხედავად სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკისა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ. ო.-ი დაითხოვეს 54 წლის ასაკში, ამდენად, დათხოვნის დროისათვის მას არ ჰქონდა მიღწეული ზღვრული ასაკისათვის. ვინაიდან, ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, მისთვის როგორც გენერალ-მაიორისათვის, ზღვრულ ასაკად განისაზღვრებოდა 60 წელი. ამასთან, მოსარჩელეს სამუშაოდან დათხოვნის საფუძველი სადავოდ არ გაუხდია.

საქართველოს პრეზიდენტის ¹493 ბრძანებულების 33-ე და 331-ე პუნქტების შესაბამისად, სამსახურიდან დათხოვნისას მოსამსახურეს, რომელსაც ნამსახურები აქვს 20 და მეტი წელი, მიეცემა ერთჯერადი დახმარების სახით ფულადი სარგოს თორმეტმაგი ოდენობა. აღნიშნული ნორმა ვრცელდება იმ მოსამსახურეებზე, რომელთა დათხოვნა მოხდა ავადმყოფობის, ზღვრული ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადილი არ ჰქონია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელე არ მიეკუთვნება საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის ¹493-ე ბრძანებულების 33-ე პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტა წრეს და მასზე აღნიშნული ნორმის მოქმედება ვერ გავრცელდება.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ო.-მ.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი, რამაც გამოიწვია საქმეზე არასწორი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების ანაზღაურების თაობაზე მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ო.-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 11 აპრილის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად თ. ო.-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

მხარეებს მითითებულ ვადაში საკასაციო სასამართლოში თავიანთი მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვტილებას, თ. ო.-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ თ. ო.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს თ. ო.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას თ. ო.-ს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.