Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-293-286(კ-08) 5 ივნისი, 2008წ. ¹9. ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ კ. ო.-ის სარჩელისა გამო მოპასუხე ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, სტიქიური მოვლენების დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. ო.-მ 2006 წლის 14 იანვარს სასარჩელო განცხადებით მიმართა ლენტეხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ლენტეხის რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვა 2005 წლის აპრილ-მაისის თვეში სტიქიური მოვლენების დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით.

ლენტეხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით კ. ო.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ლენტეხის რაიონის გამგეობას დაევალა მოსარჩელე მხარისათვის ზიანის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით, რომელიც შეადგენდა იმ საკომპენსაციო თანხას, რაც გადაეცათ სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილებს.

ლენტეხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლენტეხის რაიონის გამგეობამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 3 იანვრის განჩინებით ლენტეხის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ლენტეხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 3 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლენტეხის რაიონის გამგეობამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 3 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ლენტეხის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ლენტეხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ კასატორ ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 მარტის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებით დაევალა უზენაეს სასამართლოში აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის დაცვით შედგენილი საკასაციო საჩივარი იმდენ ასლად რამდენი მონაწილეც იყო საქმეში; კასატორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა საკასაციო საჩივარი სამ ეგზემპლარად, მაგრამ კვლავ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის დაუცველად, რის გამოც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 22 აპრილის განჩინებით მას გაუგრძელდა ხარვეზის შევსების შესახებ დანიშნული ვადა და დაევალა აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის დაცვით შედგენილი საკასაციო საჩივარი იმდენ ასლად, რამდენი მონაწილეც არის საქმეში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 22 აპრილის ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას ჩაბარდა 2008 წლის 2 მაისს (ს.ფ. 54). შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად დაიწყო 2008 წლის 3 მაისს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად აამოიწურა 2008 წლის 7 მაისს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ოთხშაბათი. კასატორმა კი ხარვეზის შევსების შესახებ საბუთები ...-ს ფოსტას ჩააბარა 2008 წლის 14 მაისს (ს.ფ. 67), ანუ განჩინებაში მითითებული 5 დღიანი ვადის დარღვევით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლი ითვალისწინებს საპროცესო ვადის გასვლის შედეგებს, კერძოდ, ადგენს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილი ასევე ადგენს, რომ, თუ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორმა _ ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაუშვა ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველად იქნეს დატოვებული ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 დეკემბრის განჩინებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.