Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-294-278(კ-07) 21 მაისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა

კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს ,,ა-ს” დირექტორის ნ. პ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე ფოთის საგადასახადო ინსპექციის სარჩელის გამო შპს ,,ა-ს” მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2007 წლის 3 აპრილს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-294-278(კ-07) შპს ,,ა-ს” დირექტორის ნ. პ-ის საკასაციო საჩივრით განსახილველად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, ფოთის საგადასახადო ინსპექციის სარჩელის გამო შპს ,,ა-ს” მიმართ, დაყადაღებული ქონების რეალიზაციის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 აპრილის განჩინებით შპს ,,ა-ს” დირექტორის ნ. პ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ, საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული, თუ რაში მდგომარეობდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი (კასაციის მიზეზი), ასევე, სსსკ-ის 39.1 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის მოთხოვნას, რადგან საკასაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 5%-ის ოდენობით და არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება სახელმწიფო ბაჟის გადახდისუუნარობის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად კასატორს განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე /იხ.ს.ფ. 307-309/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ შპს ,,ა-ს” წარმომადგენლის ნ. პ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორ შპს ,,ა-ს” დირექტორს ნ. პ-ს საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 11 აპრილის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, განესაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. ერთ-ერთი ძირითადი უფლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, შეიცავს საპროცესო ვალდებულებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) თაობაზე დასაბუთებული საჩივრის წარდგენისა.

კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 11 აპრილის განჩინება, რომლის თანახმადაც კასატორს უნდა წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი კასაციის მიზეზის მითითებით, კასატორს ჩაჰბარდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის მითითების შესახებ ჩაჰბარდა შპს ,,ა-ს” დირექტორის ნ. პ-ის ნათესავს მ. ლ-ეს 2007 წლის 14 აპრილს (იხ. ს.ფ. 314), რაც სსსკ-ის 74-ე მუხლის შესაბამისად ითვლება სასამართლო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარებად, ხოლო ნ. პ-ის მიერ მითითებულ შპს ,,ა-ს’’ მისამართზე შპს ,,ა-ს” არ ბარდება სასამართლოს განჩინება, აღნიშნულ მისამართზე ასეთის არ არსებობის გამო. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 76-ე მუხლის თანახმად მხარეებმა და წარმომადგენლებმა უნდა აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში მისამართის შეცვლის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე არ ცხოვრობდეს. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2007 წლის 11 აპრილის განჩინება ხარვეზის მითითების შესახებ შპს ,,ა-თვის’’ ჩაბარებულად ითვლება, ვინაიდან განჩინება საკასაციო საჩივარში ხარვეზის მითითების შესახებ სასამართლოს მიერ გაგზავნილ იქნა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე. ხოლო, შპს ,,ა-ს’’ წარმომადგენელს ი. ბ-ს სასამართლოს განჩინება ხარვეზის მითითების შესახებ ჩაჰბარდა 2007 წლის 13 აპრილს (ს.ფ. 316).

წინამდებარე განჩინების გამოტანის მომენტისათვის ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა, ხოლო კასატორმა ხარვეზი არ შეავსო, ვინაიდან მის მიერ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1. “ე” პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი ან მტკიცებულება სახელმწიფო ბაჟის გადახდისუუნარობის შესახებ. საპროცესო კოდექსის მოცემული ნორმები კასატორს ავალდებულებს საკასაციო სასამართლოს წარუდგინოს საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლების აღნიშვნით და ქვითარი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ ან მტკიცებულება გადახდისუუნარობის შესახებ, რაც შპს ,,ა-ს” დირექტორის ნ. პ-ის მიერ ხარვეზის შევსების მიზნით არ იქნა შესრულებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, შპს ,,ა-ს” დირექტორის ნ. პ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3. მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელ რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ა-ს” წარმომადგენლის ნ. პ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. წინამდებარე განჩინება გაეგზავნოს მხარეებს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.