Facebook Twitter

ბს-295-279(კ-07) 6 ივნისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1998 წლის 22 ოქტომბერს იმერეთის სამხარეო შს მთავარ სამმართველოში აღიძრა ¹8898071 სისხლის სამართლის საქმე შპს “ო.-ის" დირექტორისა და ... ფონდის გამგეობის თავმჯდომარე ნ. ლ.-ის მიმართ. იმერეთის სამხარეო საგამოძიებო სამსახურის 2002 წლის 18 იანვრის დადგენილებით აღნიშნული სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო საქმე ნ. ლ.-ის მიმართ სახელმწიფო ბიუჯეტისათვის გადასახდელების დამალვისა და შემცირების თაობაზე.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 13 თებერვლის განაჩენით ნ. ლ.-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წ.). იმავე განაჩენით დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელი და ნ. ლ.-ს დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 613712 ლარის გადახდა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 2 ივნისის განაჩენით ნ. ლ.-ე ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილით და შეეფარდა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დაკისრებული თანხის _ 613712 ლარის გადახდა დაევალა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 6 თვეში.

“ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2005 წლის 14 თებერვლის განჩინებით, იმის გამო, რომ ბრალდებული ნ. ლ.-ე წინააღმდეგი იყო სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტისა, ნ. ლ.-ე ამინისტიის აქტის საფუძველზე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისგან და აღნიშნული ცვლილება შევიდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 8 ივლისის განჩინებაში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის ხსენებული განჩინებით სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაუქმდა სამოქალაქო სარჩელის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე განსახილველად დაექვემდებარა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2005 წლის 14 თებერვლის განჩინებიდან გამომდინარე, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 7 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში არასათანადო მოპასუხე _ ნ. ლ.-ე შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ ... ფონდით, ხოლო იმავე სასამართლოს 2005 წლის 26 აპრილის განჩინებით ნ. ლ.-ე დაშვებულ იქნა საქმეში მესამე პირად, ასევე, სასამართლოს ინიციატივით, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განჩინებით სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1995 წლის 20 დეკემბერს თ. ლ.-მ, ნ. ლ.-მ და კ. ტ.-მ დააფუძნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ო.-ი", რომლის დირექტორად დაინიშნა ნ. ლ.-ე. 1996 წლის ნოემბერში თ. ლ.-მ ქ. თბილისში დააფუძნა ქართული ბიზნესის აღორძინების საერთაშორისო საზოგადოება, სადაც გაწევრიანდა შპს “ო.-ი", შემდგომში სააქციო საზოგადოებად წოდებული და ... ფონდი, ხოლო ხსენებული ფონდის გამგეობის თავმჯდომარედ დაინიშნა ნ. ლ.-ე. ... ფონდი ფუნქციონირებას შეუდგა 1997 წლის 1 იანვრიდან. ამ დროიდან შპს “ო.-ისა" და ... ფონდის საქმიანობის სფერო ნ. ლ.-მ ერთმანეთისგან გამიჯნა. ... ფონდი მოსახლეობისაგან იღებდა ამერიკულ დოლარებსა და ლარებს, რის შემდეგაც საქართველოს ეროვნული ბანკის ლიცენზიის გარეშე აწარმოებდა საბანკო-სავალუტო ოპერაციებს, ყოველთვიურად მეანაბრეებზე დივიდენდების სახით გასცემდა თანხობრივ პროცენტს (ძირითადი თანხის 7%), ხოლო შპს “ო.-ს" ყოველთვიურად აძლევდა კრედიტორების მიერ შემოტანილი ძირითადი თანხის 10%-ის ღირებულების პროდუქტს. თანხები ფიზიკური პირებისგან შედიოდა საწევრო გადასახადისა და შემოწირულობის სახით. ნ. ლ.-მ ხელშეკრულების ფორმად “შემოწირულობა" განზრახ შეარჩია იმ მიზნით, რათა სახელმწიფო ბიუჯეტისათვის დაემალა სავალდებულო გადასახადი. საქართველოს კონტროლის პალატის იმერეთის ბიუროს მიერ 1998 წლის 24 ივლისს შედგენილ იქნა ... ფონდის საფინანსო საქმიანობის რევიზიის აქტი. 2003 წლის 3 აპრილს შედგა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის კომპლექსური და სასამართლო საბუღალტრო, ეკონომიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომელთა შესაბამისადაც, 1997 წლის 1 იანვრიდან 1998 წლის მარტის ჩათვლით “... ფონდში" მოსახლეობამ შეიტანა 11213485 აშშ დოლარი და 35 634 ლარი, ხოლო დავალიანების, ანუ პროცენტის სახით გაიცა 4720333 აშშ დოლარი და 390 ლარი. ხსენებული ექსპერტიზის დასკვნათა შესაბამისად, იმ პერიოდში “ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადის შესახებ" კანონის მე-2, მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და 22-ე მუხლების, ასევე, საგადასახადო კოდექსის მე-8, მე-17, 28-ე, 62-63-ე, 64-ე და 218-ე მუხლების თანახმად, ... ფონდს მეანაბრეებზე დივიდენდის გაცემის თანხიდან უნდა დაეკავებინა საშემოსავლო გადასახადი 10%-ის ოდენობით, კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტში გადაერიცხა ძირითადი თანხა _ 613712 ლარი. იმერეთის სამხარეო საგამოძიებო სამსახურის 2001 წლის 2 ნოემბრის, 2002 წლის 11 თებერვლის და 2004 წლის 2 ოქტომბრის დადგენილებათა შესაბამისად, სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობილ იქნა ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია. აღნიშნულ დადგენილებათა მიხედვით, სამოქალაქო დავის საგნის ფასი განისაზღვრა 613712 ლარით, ხოლო სამოქალაქო მოპასუხედ იმერეთის სამხარეო საგამოძიებო სამსახურის მიერ ცნობილ იქნა ნ. ლ.-ე.

2005 წლის 6 მაისს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას დაზუსტებული სასარჩელო განცხადება წარუდგინა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ და მიუთითა, რომ ... ფონდი რეგისტრირებული იყო ქუთაისის საგადასახადო ინსპექციაში და მინიჭებული ჰქონდა საიდენტიფიკაციო ნომერი _ ¹.... აღნიშნულ ფონდს საბუღალტრო დოკუმენტაციის მიხედვით, სარგებლის პროცენტის სახით, მეანაბრეებზე გაცემული ჰქონდა 4720333 აშშ დოლარი და 690 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (1997 წ.) 39-ე მუხლის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს, რომლებიც დაკავშირებული არ იყო დაქირავებით მუშაობასთან, განეკუთვნებოდა არასამეწარმეო საქმიანობით მიღებული შემოსავლები, კერძოდ, პროცენტის სახით მიღებული შემოსავლები და დივიდენდები, ხოლო იმავე კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, საქართველოს საწარმოების მიერ გადახდილი დივიდენდები იბეგრებოდა გადახდის წყაროდან 10%-იანი განაკვეთით. ხსენებული ფონდის მიერ გაცემული დივიდენდები შეადგენდა 4720333 აშშ დოლარს და 690 ლარს, რომლის 10% იყო 472033 აშშ დოლარი და 69 ლარი, რაც დაკავებული და ჩარიცხული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ბიუჯეტში, იმავე ფონდის მიერ კი, მეანაბრეებისთვის მისი დაკავება და ბიუჯეტში გადახდა არ განხორციელებულა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ... ფონდისათვის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის სასარგებლოდ 472033 აშშ დოლარის ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში (სულ 613712 ლარი) დაკისრება, რასაც უნდა დარიცხოდა საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სარჩელს, ხოლო მოპასუხე ... ფონდმა და მესამე პირმა სარჩელი მიიჩნიეს ხანდაზმულად და უსაფუძვლოდ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომაც, რომელმაც ასევე მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 9 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება.

2006 წლის 20 ივნისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება წარადგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და მისი განსახილველად გადაგზავნა განსჯადი ქუთაისის საქალაქო სასამართლოსათვის.

განმცხადებლის განმარტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის 2006 წლის 30 მაისის ¹3-09/3533 წერილის მიხედვით, ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია არ იყო უფლებამოსილი, ამ შემთხვევაში სასამართლოში წარედგინა ადმინისტრაციული სარჩელი, ხოლო ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად _ დასაშვებად ეცნო ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის სარჩელი, ასევე იმავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, განეხილა ხსენებული სარჩელი, რადგან დასახელებული ქვეპუნქტი ითვალისწინებდა მხოლოდ ზიანის ანაზღაურებას და არა საგადასახადო ხასიათის მოთხოვნის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ფასს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის განცხადებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებელმა, თავისი ბრალით, არ მიუთითა განცხადებაში მოყვანილ გარემოებებზე საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 აგვისტოს განჩინება სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის განცხადების დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 აგვისტოს განჩინება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული 2005 წლის 18 მაისის წერილი სასამართლო გადაწყვეტილებამდეც რომ ყოფილიყო შედგენილი, ახლად აღმოჩენილ გარემოებად ვერ ჩაითვლებოდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ" ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი შეიძლებოდა ყოფილიყო ისეთი გარემოება ან მტკიცებულება, რომელიც ადრე რომ ყოფილიყო წარმოდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა განმცხადებლის არგუმენტიც განსჯადობასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ ხსენებული არგუმენტიც არ წარმოადგენდა ახლად აღმოჩენილ გარემოებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 8 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება.

კასატორის განმარტებით, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა _ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია.

კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვაში არ მიუწვევია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომელსაც არ ჩაჰბარებია 2006 წლის 20 ივნისის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, ხოლო ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 აგვისტოს განჩინებაზე არ გადაგზავნია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 10 აპრილის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 13 ივნისამდე.

2007 წლის 26 აპრილს ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ უზენაეს სასამართლოში წარადგინა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობაზე და აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად.

2007 წლის 26 აპრილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა უზენაეს სასამართლოში წარადგინა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობაზე და აღნიშნა, რომ ხსენებული საჩივარი დასაშვებია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის შედეგზე და განაპირობებდა არასწორი განჩინების მიღებას. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.