Facebook Twitter

ბს-295-288(კ-08) 22 მაისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

მარიამ ცისკაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 26 ივლისს ი/მ “გ. დ-მა” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2004 წლის 7 დეკემბერს საჯარო რეესტრიდან მოითხოვა ცნობა კუთვნილ ავტომანქანაზე გირავნობის არარსებობის შესახებ, რაზეც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა წერილობით აცნობა, რომ აღნიშნული ავტომანქანის გირავნობა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ იყო, მაგრამ 2004 წლის 14 მაისს ი/მ “გ. დ-ზე" რეგისტრირებული აღმოჩნდა ¹2664-04 საგადასახადო გირავნობა. შესაბამისი მასალების მოძიებითა და შედარების აქტის გაცნობის შედეგად აღმოჩნდა, რომ ი/მ “გ. დ-ს" ბიუჯეტის მიმართ ერიცხებოდა 1998 წელს წარმოშობილი დავალიანება _ 59269,80 ლარი, რაზეც დაერიცხა საურავი. თბილისის ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციაში არ მოიპოვებოდა აქტი, რომლის საფუძველზეც მოხდა აღნიშნული თანხის მისთვის დარიცხვა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მისთვის არასწორად დარიცხული თანხის მოხსნა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 17 მარტის ¹441 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 5 სექტემბრის განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი.

2006 წლის 10 იანვარს ი/მ “გ. დ-მა” დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 17 მარტის ¹441 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა, ი/მ “გ. დ-ის” დაბეგვრის ბარათზე კორექტირების განხორციელება და არასწორად დარიცხული თანხის მოხსნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით ი/მ “გ. დ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 17 მარტის ¹441 საგადასახადო მოთხოვნა; მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ერთი თვის ვადაში.

საქალაქო სასამართლომ საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიიჩნია, რომ ი/მ “გ. დ-ის" საშემოსავლო გადასახადის პირად ბარათზე არსებული დავალიანების დარიცხვა 59300 ლარის ოდენობით განხორციელდა 1998 წლის 9 აგვისტოს შემოწმების აქტის საფუძველზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 13 მაისის წერილიდან ირკვეოდა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს რეგისტრაციისათვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 244-ე მუხლის შესაბამისად, გაეგზავნა საგადასახადო გირავნობის უფლების წარმოშობის შესახებ ¹172 შეტყობინება. ი/მ “გ. დ-ს" საქართველოს საგადასახადო კოდექსის 68-ე და მე-80 მუხლების საფუძველზე, წარედგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2005 წლის 17 მარტის ¹441 საგადასახადო მოთხოვნა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, ძირითადი თანხით _ 59300 ლარი და საურავით _ 228200 ლარი.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხისა და მესამე პირის მტკიცება იმის თაობაზე, რომ გადასახადის გადამხდელ ი/მ “გ. დ-ს" საგადასახადო კანონით დადგენილ ვადაში გადაეგზავნა საგადასახადო გირავნობის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინება, რის გამოც სარჩელი იყო ხანდაზმული, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტის გაგზავნისა და მოსარჩელისათვის ჩაბარების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მათ მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობდა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი და, ვინაიდან მხარეების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი საგადასახადო შემოწმების ის აქტი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა სადავო დარიცხვა, შესაბამისად, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა აღნიშნული აქტის საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო მოთხოვნის კანონიერებისა და დარიცხული თანხების გადახდისაგან მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე, რის გამოც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2005 წლის 17 მარტის ¹441 საგადასახადო მოთხოვნა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციას დავალებოდა, მოეპოვებინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები (1998 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი) და ამ მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ “გ. დ-მა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმაც, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 სექტემბრის საოქმო განჩინებით აპელანტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი შეიცვალა მისი უფლებამონაცვლე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურით, ხოლო აპელანტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 იანვრის განჩინებით გ. დ-ის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა გამაბათილებელი არგუმენტებიც აპელანტებს სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ გარემოებას, თუ რატომ არ არსებობდა შემოწმების აქტი (გადასახადის დარიცხვის საფუძველი), საქმეში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოები ვერ ხსნიდნენ, ხოლო შესაბამის საგადასახადო ორგანოს არ გაურკვევია, აქტი, რომლის საფუძველზედაც მისი მითითებით დარიცხვა განხორციელდა, შედგენილი ხომ არ იყო სწორედ იმ საწარმოს შემოწმებისას, სადაც ი/მ “გ. დ-ი” ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას და ხომ არ იყო იგი აღიშნული საწარმოს დაბეგვრის საქმეში.

სააპელაციო სასამართლო მთლიანად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე გამოცემის თაობაზე და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა კანონი, საქმის ფაქტობრივ გარემოებებს მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და საქმეზე მიიღო სწორი გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტის იმპერატიული მოთხოვნები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში უნდა მიეთითებინა სააპელაციო სასამართლოს დასკვნებსა და კანონებზე, რომლებითაც იგი ხელმძღვანელობდა, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია იმავე კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად. სააპელაციო სასამართლოს სრულყოფილად რომ გამოეკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, სულ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა, კერძოდ, შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილია გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული მონაცემების პრეზუმფცია და აქედან გამომდინარე, სადავო თანხა ითვლება სწორად დარიცხულად, სანამ საწინააღმდეგო არ დამტკიცდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 27 მარტის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 22 მაისამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.