¹ბს-296-280(კ-07) 30 მაისი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეამოწმა ქ. ფოთის საგამოფენო დარბაზის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 23 აგვისტოს ფოთის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ი. გ-ემ მოპასუხე ქ. ფოთის საგამოფენო დარბაზის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შემდეგი მოტივებით:
მოსარჩელის მითითებით, იგი ......... მუშაობდა ქ. ფოთის საგამოფენო დარბაზში. 2005 წლის აპრილიდან გავიდა უხელფასო შვებულებაში, რადგან უფროსმა სიტყვიერად აუხსნა, რომ სალონი ახალი დებულების დამტკიცებამდე დროებით, ერთი თვის ან თვე-ნახევრის განმავლობაში იხურებოდა. მართალია, პერიოდულად აკითხავდა სამსახურს, მაგრამ სალონის მუშაობის განახლების შესახებ რაიმე პასუხი არ მიუღია, რის შემდეგაც 2005 წლის 12 ივლისს წერილობით მიმართა დირექტორს და მის სამუშაო ადგილთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება მოითხოვა. 2005 წლის 24 ივლისს პასუხად მიიღო 2004 წლის 1 ნოემბრის ¹30 ბრძანებიდან ამონაწერი, რომლის მიხედვითაც, ი. გ-ე სამსახურიდან იყო გათავისუფლებული 2004 წლის 1 ნოემბრიდან ისე, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა, უფრო მეტიც, 2005 წლის 1 აპრილამდე ჩვეულებრივად მუშაობდა. ვინაიდან საგამოფენო დარბაზი კულტურის სამსახურის დაქვემდებარებაში იყო, მოსარჩელემ წერილით მიმართა კულტურის სამსახურის უფროსსა და კულტურის, სპორტისა და ტურიზმის დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარეს. ქ. ფოთის საგამოფენო დარბაზიდან მოსარჩელემ მიიღო შრომის წიგნაკი, სადაც არ იყო მითითებული მიზეზი, თუ რის გამო გაათავისუფლეს იგი, რაც შრომის კანონთა კოდექსის 41.4 მუხლის თანახმად აუცილებლად უნდა ყოფილიყო აღნიშნული. მოსარჩელის მითითებით, თუ სამსახურიდან 2004 წლის 1 ნოემბერს გაათავისუფლეს, გაუგებარი იყო, რატომ არ შეატყობინეს ამის შესახებ ამავე კოდექსის 42.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით და რატომ არ გააცნეს ბრძანება, რომლის საფუძველზეც სამსახურიდან გათავისუფლდა (ს.ფ. 2-3).
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან არ არსებობდა მის მიერ ადრე დაკავებული თანამდებობა და, შესაბამისად, შეუძლებელი იყო მისი იმავე თანამდებობაზე აღდგენა. მოსარჩელეს განემარტა, რომ სალონში საქონელმცოდნის შტატის დაშვების შემთხვევაში, მას ჰქონდა უპირატესი დანიშვნის უფლება, ვინაიდან იგი დაკავებული თანამდებობიდან შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით გაათავისუფლეს (ს.ფ. 51-53)
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ი. გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა (ს.ფ. 56-57).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად (ს.ფ. 76-78).
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ი. გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა (ს.ფ. 81-83).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 1 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ს.ფ. 158-164).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. ფოთის საგამოფენო დარბაზის დირექტორის 2004 წლის 1 ნოემბრის ¹30 ბრძანება ი. გ-ის გათავისუფლების ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი და მოპასუხეს დაევალა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ი. გ-ის სამუშაოზე მოწყობის თაობაზე. მოსარჩელეს აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური 2004 წლის 1 ნოემბრის ¹30 ბრძანების გამოცემიდან ქ. ფოთის საგამოფენო დარბაზის ადმინისტრაციის მიერ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ფოთის საგამოფენო დარბაზის დირექტორის 2004 წლის 1 ნოემბრის ბრძანებით არადამაკმაყოფილებელი ფინანსური მდგომარეობის გამო დაიხურა საგამოფენო დარბაზ-სალონი და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი 96.1 მუხლის საფუძველზე, დაწესებულების ლიკვიდაციის გამო მოსარჩელე საქონელმცოდნის თანამდებობიდან გათავისუფლდა, მაშინ როდესაც. აღნიშნული ბრძანებიდან ირკვეოდა, რომ მოხდა არა დარბაზის ლიკვიდაცია, არამედ რეორგანიზაცია, რასაც ადასტურებდა ახალი დებულების შექმნის თაობაზე ჩანაწერი. ამასთან, მოსარჩელის დათხოვნისას დაცული არ ყოფილა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 41.4 და 422.1 მუხლების მოთხოვნები, რის გამოც მისი გათავისუფლება მოხდა უკანონოდ, შესაბამისად, საფუძვლიანი იყო სასარჩელო მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილშიც.
მოსარჩელის მოთხოვნა საქონელმცოდნის ან სხვა თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ საგამოფენო დარბაზში საქმის განხილვის დროისათვის არ არსებობდა საქონელმცოდნის შტატი, ფოთის ადგილობრივ თვითმმართველობას ჯერ არ ჰქონდა დამტკიცებული შესაბამისი დებულება, შრომის კანონმდებლობა კი ტერმინ “ტოლფას თანამდებობას” მხოლოდ არჩევით თანამდებობაზე არჩეულ მუშაკთა გარანტიებთან მიმართებით იყენებდა და მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაცია იყო ვალდებული, ემსჯელა საგამოფენო დარბაზში მოსარჩელის გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ანალოგიური თანამდებობისა და შესატყვისი სამსახურის არსებობის თაობაზე, რომელზე დანიშვნაზეც მოსარჩელე თანახმა იქნებოდა (ს.ფ. 186-192).
აღნიშნული გადაწყვეტილება საკაასციო წესით გაასაჩივრა ფოთის საგამოფენო დარბაზის დირექტორმა გ. გ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ი. გ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სასამართლომ გვერდი აუარა ისეთ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას, როგორიცაა სალონის ლიკვიდაცია და არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელის სამუშაოდან განთავისუფლებისას “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96.1 მუხლის გამოყენებისას ადმინისტრაცია კანონსაწინააღმდეგოდ მოქმედებდა (ს.ფ. 197-199).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფოთYის საგამოფენო დარბაზის დირექტორ გ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ქ. ფოთის საგამოფენო დარბაზის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვება ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ფოთის საგამოფენო დარბაზის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.