Facebook Twitter

ბს-297-281(კ-07) 19 ივლისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

09.02.06წ. ე. მ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ქ. ბათუმის არქმშენინსპექციისა და ქ. ბათუმის ¹7 სკოლის მიმართ და მოითხოვა ქ. ბათუმის არქმშენინსპექციისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება მისი საცხოვრებელი სახლის კედელზე უკანონოდ აშენებული დამხმარე სათავსოს მოშლის თაობაზე და ქ. ბათუმის ¹7 საშუალო სკოლისთვის მის სასარგებლოდ 5000 ლარის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ სადავო სათავსო მიშენებული იყო მისი საცხოვრებელი სახლის კედელზე, რაც ქმნიდა სინესტის კერას და უარყოფითად მოქმედებდა მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მოსარჩელის განმარტებით, მისი სახცოვრებელი ბინის გვერდით მდებარეობს ქ. ბათუმის ¹7 საჯარო სკოლა. სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით წლების უკან მის სახლზე მიშენებული იქნა დამხმარე სათავსო მშენებლობის ნებართვისა და მშენებლობის წესების დაცვის გარეშე. “ნაგებობების საზღვარზე, საზღვართან საცხოვრებელი სახლების დამხმარე და სხვა ნაგებობის მშენებლობის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 18.09.01წ. ¹57 ბრძანების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამეზობლო საზღვართან დამხმარე საგებობის განთავსების მანძილი ამ ნაგებობიდან მეზობელ ნაკვეთზე არსებულ საცხოვრებელ სათავსოთა უახლოეს ფანჯრამდე უნდა იყოს არანაკლებ 6 მეტრისა, ხოლო სამეზობლო მიჯნიდან არანაკლებ 1 მეტრისა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სადავო დამხმარე სათავსო მის კედელზეა მიშენებული.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 05.04.06წ. განჩინებით არასათანადო მოპასუხე, ქ. ბათუმის ¹7 საჯარო სკოლა საქმეში მე-3 პირად იქნა ჩართული, ხოლო სათანადო მოპასუხედ საქმეში ჩაება აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

მოპასუხე აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ განმარტა, რომ სადავო დამხმარე სათავსო აშენებული იყო 70-იანი წლების დასაწყისში. მოპასუხის აზრით, სადავო ნაგებობის უკანონოდ აშენების შემთხვევაშიც მისი დემონტაჟის საფუძველი აღარ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 05.05.06წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო სათავსო აშენებული იყო 1972-1973წწ. მოსარჩელემ 1993წ. შეიძინა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹17-ში არსებული ბინა, რომლის კედელზეც იყო მიშენებული სადავო ფართი. სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული იყო, ვინაიდან მხარეებს შორის სადავო სამართალურთიერთობა 90-იან წლებში წარმოიშვა, სარჩელით სასამართლოს ე. მ-ემ მხოლოდ 2006წ. მიმართა.

ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 05.05.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. მ-მ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სადავო სათავსოს მოშლის მოპასუხისათვის დავალდებულება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.06წ. განჩინებით საქმეზე დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.01.07წ. გადაწყვეტილებით ე. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ე. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დადგინდა, რომ განხორციელებულიყო სადავო შენობის დემონტაჟი. 5000 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის ¹7 საჯარო სკოლის დამხმარე სათავსო განთავსებულია ე. მ-ის საკუთებაში არსებულ ბინის კედელთან. აპელანტმა სახლი 1993წ. შეიძინა და სადავო სათავსო მასზე უკვე მიშენებული იყო. საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის 12.12.06წ. ¹21 დასკვნის თანახმად, სადავო სათავსო მიშენებულია საცხოვრებელ სახლზე, რასაც ადასატურებდა სამშენებლო ბლოკების წყობა. სადავო სათავსოს ერთ-ერთ კედლად გამოყენებული იყო აპელანტის სახლის კედელი. სათავსო ანესტიანებდა და აბნელებდა ოთახს. ზიანის აღმოსაფხვრელად საჭირო იყო სათავსოს მოშლა, კედლების შეღებვა. დასკვნის თანახმად, ზიანი 1487.5 ლარს შეადგენდა.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე და აღნიშნა, რომ საცხოვრებელ სახლზე ზიანის მიყენების პროცესი კვლავ გრძელდებოდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სათავსოს არსებობა პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა აპელანტს, რის გამოც მისი მოთხოვნა სადავო ნაგებობის დემონტაჟის შესახებ საფუძვლიანი იყო.

5000 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების ქ. ბათუმის ¹7 საჯარო სკოლისთვის დაკისრების ნაწილში სასამართლომ ე. მ-ის მოთხოვნა იმ მოტივით არ დააკმაყოფილა, რომ ქ. ბათუმის ¹7 საჯარო სკოლა საქმეში არა, მოპასუხედ, არამედ მესამე პირად იყო ჩაბმული დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ. კასატორმა აღნიშნა, რომ სსკ-ის 381-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია. მოსარჩელე პირველი ინსტანციის სასამართლოში მოითხოვდა მოპასუხეს სადავო ფართის დემონტაჟის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დავალებოდა. მოთხოვნა ეფუძნებოდა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლს. სააპელაციო სასამართლოში, კასატორის აზრით, მოსარჩელემ არსებითად შეცვალა დავის საგანი და ქმედების განხორციელება მოითხოვა.

კასატორის განცხადებით, გარდა დავის საგნის შეცვლისა, აპელანტმა გაზარდა დავის საგანიც. საქალაქო სასამართლოში მოსარჩელე სადავო ნაგებობის დემონტაჟს არ ითხოვდა, ხოლო სააპელაციო პალატაში მან სწორედ ეს მოითხოვა. კასატორის აზრით, უკეთუ საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტს მოთხოვნა არ გაუზრდია და სააპელაციო სასამართლომ თავისი ინიციატივით დადგინა დემონტაჟი, მაშინ სახეზე იქნება სასამართლოს მიერ სსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევა, რომლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

კასატორის განცხადებით, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. კასატორმა მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით არ დგინდება, ვის დაეკისრა სადავო ფართის დემონტაჟი. კასატორმა აღნიშნა, რომ დემონტაჟის ნაწილში მოპასუხეს არ წარმოადგენდა და მისთვის უსაფუძვლო იქნებოდა შენობის აღების დაკისრება. ამასთანავე, სამინისტროს აღნიშული ქმედების განხორციელების საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილება არ გააჩნია. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 23.04.07წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს განესაზღვრათ ვადა დასაშვებობის თაობაზე მოსაზრებების წარმოდგენისათვის.

14.05.07წ. ე. მ-მ შეგებებული საკასაციო საჩივარი წარმოადგინა საკასაციო პალატაში. შეგებებული საჩივრის ავტორმა ქ. ბათუმის საჯარო სკოლისათვის 1484 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა, რაც ექსპერტიზის დასკვნით იყო დადასტურებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 24.04.07წ. განჩინებით განიმარტა, რომ ე. მ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი თავისი არსით წარმოადგენდა არა შეგებებულ, არამედ საკასაციო საჩივარს და ვინაიდან საკასაციო საჩივრის შემოტანის ვადა ე. მ-ს გაცდენილი ჰქონდა, საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

აჭარის ა. რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ წარმოადგინა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით. კასატორის მოსაზრებით, საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად უნდა იქნეს დასაშვებად მიჩნეული.

ე. მ-ემ წარმოადგინა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევის გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისთვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.