Facebook Twitter

ბს-297-290(კ-08) 7 მაისი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 15 მაისს გ. შ-ის წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა სახელფასო დავალიანების _ 4639,70 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით გ. შ-ის წარმომადგენლის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელე გ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 4639, 70 ლარის გადახდა. მოპასუხეს – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა გ. შ-თვის სახელფასო დავალიანებიდან _ 4639, 70 ლარიდან სამი თვის ხელფასის _ 335, 40 ლარის დაუყოვნებლივ გადახდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს და დამატებით მიუთითა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2.2 მუხლის თანახმად, საქართველოს მეანაბრე-აქციონერთა საზოგადოებების ზედამხედველობის სამსახური წარმოადგენდა სახელმწიფო დაწესებულებას, რომელში საქმიანობაც ითვლებოდა საჯარო სამსახურად, შესაბამისად გ. შ-ი წარმოადგენდა საჯარო მოხელეს და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის სუბიექტს.

მითითებული კანონის 14.1 მუხლის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. გ. შ-ის სამუშაოდან გათავისუფლების დროისათვის მოქმედი ,,საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის” 96-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს მისი დათხოვნისას დაწესებულებისაგან კუთვნილი მთელი თანხა ეძლეოდა დათხოვნის დღეს.

,,საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის” მე-2 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

ამავე კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების შესრულებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლის საფუძელზე, აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით, გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს მოქმედება, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დავალებულ იქნა მოპასუხე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლით და არა ამავე კოდექსის 37-ე მუხლით.

სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, საფუძვლები კი რომელზეც მიუთითებს აპელანტი წარმოადგენს გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ფინანსური უზრუნველყოფის საკითხს. ამასთან ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37.4 მუხლის თანახმად, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.

ამასთან, შრომითი უფლების დაცვა და შრომის სამართლიანი ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტით.

სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზირა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს და განმარტა, რომ აპელანტს აღნიშნული საკითხი სადავოდ არ გაუხდია პირველი ინსტანციის სასამართლოში. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 28 დეკემბრის ¹765 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს მეანაბრე-აქციონერთა საზოგადოებების ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-5 პუნქტის თანახმად, სამსახური ფინანსდებოდა საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯზე.

ხოლო, რაც შეეხება სამსახურის ლიკვიდაციის საკითხს, სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 სექტემბრის ¹387 ბრძანებულების მე-3 პუნქტით განისაზღვრა: ,,ა” სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა; ,,ბ” თანამშრომელთა გათავისუფლება და ,,გ” მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელება.

სალიკვიდაციო პერიოდის დაწყების დროისათვის საქართველოს მეანაბრე-აქციონერთა საზოგადოებების ზედამხედველობის სამსახურს ერიცხებოდა თანამშრომელთა სახელფასო დავალიანება ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსების შეწყვეტის გამო. სალიკვიდაციო პერიოდისათვის თანამშრომელთა გათავისუფლება მოქმედი შრომის კანონმდებლობის თანახმად ითვალისწინებდა სამსახურიდან გათავისუფლებულ თანამშრომელთათვის სახელფასო დავალიანების გაცემის წესს, რაც შეადგენდა კიდეც სალიკვიდაციო კომისიის ვალდებულებას, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი და რომელსაც მითითებული ბრძანებულების თანახმად, დაევალა სამსახურისათვის გათვალისწინებული სალიკვიდაციო თანხის გამოყოფა, რომელშიც მთლიანობაში უნდა შესულიყო კანონმდებლობით გათვალისწინებული სალიკვიდაციო ღონისძიებების დასაფინანსებელი თანხა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული დებულების თანახმად, თავის საქმიანობაში წარმოადგენს სახელმწიფოს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატის მითითებით, ლიკვიდირებული სამსახურის თანამშრომელთა სახელფასო დავალიანება წარმოეშვა ცენტრალურ ბიუჯეტს, შესაბამისად, სახელმწიფოს _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახით, რომელსაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად დაეკისრა საქართველოს მეანაბრე-აქციონერთა საზოგადოებების ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლის _ გ. შ-ის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ არც პირველმა და არც სააპელაციო სასამართლომ გადაწყეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში. საქართველოს მეანაბრე-აქციონერთა საზოგადოებების ზედამხედველობის სამსახურში, რომლის ლიკვიდაცია განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 სექტემბრის ბრძანებულებით. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ წარმოადგენდა ზემოაღნიშნული სამსახურის უფლებამონაცვლეს, შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, როგორც არასათანადო მოპასუხე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად, უნდა შეცვლილიყო სათანადო მოპასუხით.Y

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ ასევე არასწორად გამოიყენა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლი, ვინაიდან ეს ნორმა არ არეგულირებს სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე სახელფასო დავალიანების გაცემის წესს, იგი წარმოადგენს საჯარო მოსამსახურისათვის ხელფასის გაცემის წესს. აღნიშნული რეგულირებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლით, რომლის შესაბამისად, ,,2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანებების წესის შესაბამისად”. ამჟამად ეს საკითხი რეგულირებულია ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლით, რომლის თანახმად: ,,წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს 2008 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებები, იმ პირობით, რომ არ იქნება დაშვებული აღნიშნული მუხლის მიხედვით ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ შესაბამის დაწესებულებასა და ორგანიზაციას”.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 28 მარტის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

2008 წლის 14 აპრილს გ. შ-მა მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. უარი ეთქვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.