Facebook Twitter

¹ბს-302-285(კ-07) 31 იანვარი, 2008წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა

კასატორი _ საქართველოს პარლამენტი, წარმომადგენლები: ბ. ჩ-ი, ი. ლ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ინდივიდუალური საწარმო “...,” წარმომადგენლები: გ. ბ-ი, ლ. ბ-ი (მოსარჩელე)

მესამე პირი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, წარმომადგენელი გ. ბ-ე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 იანვრის განჩინება

დავის საგანი _ პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 11 ოქტომბერს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ინდივიდუალური საწარმო “...” დირექტორმა გ. კ-მა მოპასუხეების _ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სახელშეკრულებო დავალიანების _ 16206.80 ლარის, ასევე ყოველი დაგვიანებული კვირისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს და წარმომადგენლის ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრება.

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, მოითხოვა საქართველოს პარლამენტისათვის ძირითადი თანხის სახით 16206.80 ლარის, აგრეთვე 2004 წლის 21 ივნისიდან ხელშეკრულების მთლიანი ფასის _ 98376 ლარის 0.5%-ის დაკისრება ყოველ დაგვიანებულ კვირაზე დავალიანების გადახდის მომენტამდე. ამასთან, მოსარჩელის წარმომადგენელმა უარი განაცხადა მისი მარწმუნებლის მიერ წარმომადგენლობითი დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნაზე.

მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა შემდეგზე:

საქართველოს პარლამენტმა 2003 წელს საკანცელარიო საქონლის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ ინდივიდუალურ საწარმო “...” გააფორმა საკანცელარიო საქონლის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც საქართველოს პარლამენტმა 2003 წლის 15 მაისიდან 17 დეკემბრის ჩათვლით ეტაპობრივად მიიღო მოსარჩელისაგან 35600.80 ლარის ღირებულების საკანცელარიო საქონელი. აღნიშნული დავალიანებიდან საქართველოს პარლამენტს 2004 წლის 9 ივნისის მდგომარეობით გადახდილი ჰქონდა მხოლოდ 19394 ლარი. დარჩენილი დავალიანება შეადგენდა 16206.80 ლარს. მითითებული დავალიანების მიღების თხოვნით მოსარჩელემ არაერთგზის მიმართა მოპასუხეს, თუმცა ამის მიუხედავად დავალიანება დღემდე არ გადაუხდიათ. გასათვალისწინებელი იყო, რომ სადავო თანხა შედგენდა მოსარჩელის საწარმოს საბრუნავი თანხის 20%-ს და მისი ბრუნვიდან ამოღება მოსარჩელეს მნიშვნელოვან ზარალს აყენებდა (ს.ფ. 2-3).

საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 25 იანვრის საოქმო განჩინებით მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქმეში მესამე პირად იქნა ჩაბმული (ს.ფ. 46).

მოპასუხე საქართველოს პარლამენტმა მის მიერ წარმოდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ ინდმეწარმე “...” სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რამდენადაც მის მიმართ საქართველოს პარლამენტს გააჩნდა დავალიანება 16206.80 ლარის ოდენობით. აღნიშნული დასტურდებოდა 2004 წლის 7 ოქტომბრის ურთიერთანგარიშგების შედარების აქტით. ამ აქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტი იღებდა ვალდებულებას, გადაეხადა მითითებული დავალიანება.

რაც შეეხებოდა პირგასამტეხლოს მოთხოვნას, ამ ნაწილში საქართველოს პარლამენტი მოსარჩელეს არ დაეთანხმა და მიუთითა, რომ აღნიშნული მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, შედარების აქტი არ შეიცავდა მითითებას პროცენტებზე, საურავსა და ზარალზე. ვალის დროული გადაუხდელობა გამოწვეული იყო ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შეუსრულებლობით. ამის შედეგად საქართველოს პარლამენტმა ვერ მიიღო საკმარისი და საჭირო დაფინანსება, რათა შეესრულებინა მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები, თუმცა ინდივიდუალური საწარმო “...” მიმართ არსებული დავალიანება გათვალისწინებული იყო საქართველოს პარლამენტის სააღრიცხვო ბალანსში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შესაბამისი დაფინანსების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოხდებოდა ვალის დაფარვა (ს.ფ. 44-45).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქართველოს პარლამენტს გ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის სახით 16206.8 ლარის, პირგასამტეხლოს სახით 2004 წლის 21 ივნისიდან თანხის გადახდის მომენტისათვის ყოველი ვადაგადაცილებული კვირისათვის 16206.8 ლარის 0.5%-ის გადახდა, მოსარჩელის მოთხოვნა ყოველი ვადაგადაცილებული კვირისათვის ხელშეკრულების მთლიანი ფასის _ 98376 ლარის 0.5%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს მოპასუხეზე დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ 2003 წლის 7 მაისს საქართველოს პარლამენტის აპარატსა და ინდივიდუალური საწარმო “...” შორის დაიდო საკანცელარიო საქონლის შესყიდვის ¹49/2 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შემსყიდველმა (საქართველოს პარლამენტი) გამოაცხადა ტენდერი საკანცელარიო საქონლის შესყიდვაზე და მიიღო მიმწოდებლისაგან (ინდივიდუალური საწარმო “...”) სატენდერო წინადადება 98376 ლარის საქონლის მიწოდებაზე. აღნიშნული ხელშეკრულების მე-8.2 მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცდენის შემთხვევაში, დამრღვევს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ფასის 0.5%-ის ოდენობით.

ხელშეკრულების დადების შემდეგ 2003 წლის 17 დეკემბრამდე ინდივიდუალური საწარმო “...” საქართველოს პარლამენტს მიაწოდა 35600.80 ლარის ღირებულების საკანცელარიო საქონელი. საქართველოს პარლამენტს 2004 წლის 9 ივნისის მდგომარეობით გადახდილი ჰქონდა მხოლოდ 19394 ლარი და მიწოდებული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად გადასახდელი ჰქონდა 16206.80 ლარი.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება წარმოშობს ხელშემკვრელ მხარეთა შორის ვალდებულებას, 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 361-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. იმავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულება იწვევს მასზე პირგასამტეხლოს დაკისრებას. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლების მოსაზრება, რომ მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული კვირისათვის ხელშეკრულების ფასის _ 98376 ლარის 0.5%, ვინაიდან იმის მიუხედავად, რომ ხელშეკრულება დაიდო აღნიშნულ თანხაზე, მოსარჩელემ მოპასუხეს რეალურად მიაწოდა 35600.80 ლარის ღირებულების საკანცელარიო საქონელი. აქედან გამომდინარე, გ. კ-ის სარჩელი ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილებულიყო და საქართველოს პარლამენტს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებოდა 16206.80 ლარის გადახდა. მოპასუხეს ასევე უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლოს სახით 2004 წლის 21 ივნისიდან თანხის გადახდის მომენტამდე ყოველი ვადაგადაცილებული კვირისათვის გადაუხდელი თანხის _ 16206.8 ლარის 0.5%-ის გადახდა (ს.ფ. 152-155).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ინდივიდუალური საწარმო “...”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

აპელანტი არ დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელშეკრულების მთლიანი ფასის 98376 ლარის 0.5%-ის ოდენობის პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ, რამდენადაც მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში ყოველი დაგვიანებული კვირისათვის მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება ხელშეკრულების ფასის 0.5%-ის ოდენობით. ამდენად, საქალაქო სასამართლოს მსჯელობა მითითებულ ნაწილში უსაფუძვლო იყო (ს.ფ. 158-159).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე საქართველოს პარლამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:

საქართველოს პარლამენტს მოსარჩელის მიმართ გააჩნდა დავალიანება 16206.80 ლარის ოდენობით. აღნიშნული დასტურდებოდა 2004 წლის 7 ოქტომბრის ურთიერთანგარიშგების შედარების აქტით. ამ აქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტი იღებდა ვალდებულებას გადაეხადა მითითებული დავალიანება.

რაც შეეხებოდა საურავებისა და პროცენტების მოთხოვნას, აღნიშნული მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, შედარების აქტი არ შეიცავდა მითითებას პროცენტებზე, საურავებსა და ზარალზე. ვალის დროული გადაუხდელობა გამოწვეული იყო ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შეუსრულებლობით. ამის შედეგად საქართველოს პარლამენტმა ვეღარ მიიღო საკმარისი და საჭირო დაფინანსება, რათა შეესრულებინა მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები, თუმცა ინდივიდუალური საწარმო “...” მიმართ არსებული დავალიანება გათვალისწინებული იყო საქართველოს პარლამენტის სააღრიცხვო ბალანსში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შესაბამისი დაფინანსების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოხდებოდა ვალის დაფარვა.

აპელანტის თქმით, ხელშეკრულების პირობები დაირღვა მოსარჩელის მხრიდანაც, თუმცა სასამართლომ მისი არგუმენტები არ გაითვალისწინა და ინდმეწარმე გ. კ-ს არ დააკისრა ხელშეკრულების 3.3 და 8.1 პუნქტების დარღვევისათვის ამავე ხელშეკრულების 8.2 პუნქტით გათვალისწინებული საურავი, რაც მოსარჩელესთან მიმართებაში არათანაბარ მდგომარეობაში აყენებდა საქართველოს პარლამენტს (ს.ფ. 164-166).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 იანვრის განჩინებით ინდივიდუალურ საწარმო “...” და საქართველოს პარლამენტის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ინდივიდუალურ საწარმო “....” და საქართველოს პარლამენტის სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით (ს.ფ. 223-226).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პარლამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

კასატორი არ ეთანხმება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც საქართველოს პარლამენტს დაეკისრა პროცენტებისა და საურავების გადახდა, ვინაიდან საქმეში არსებობს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ურთიერთანგარიშგების შედარების აქტები, რომლითაც დაფიქსირდა საქართველოს პარლამენტის ვალი 16206.80 ლარი. აღნიშნული აქტებით მოხდა ურთიერთვალდებულებების რევიზია, გადამოწმება აქტებში მითითებული დროისთვის, ხოლო პროცენტებსა და საურავებზე, რომელიც ასევე ზოგადად ვალს წარმოადგენს, შედარების აქტებში არაფერია ნათქვამი. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეები აუცილებლად დააფიქსირებდნენ საურავებისა და პროცენტების ოდენობასაც, რაც არ მომხდარა და რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

კასატორის თქმით, ხელშეკრულების პირობები დაირღვა მოსარჩელის მხრიდანაც, თუმცა სასამართლომ მისი არგუმენტები არ გაითვალისწინა და ინდმეწარმე გ. კ-ს არ დააკისრა ხელშეკრულების 3.3 და 8.1 პუნქტების დარღვევისათვის ამავე ხელშეკრულების 8.2 პუნქტით გათვალისწინებული საურავები, რაც მას მოსარჩელესთან მიმართებაში არათანაბარ მდგომარეობაში აყენებდა (ს.ფ. 236-238).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 იანვრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტსა და ინდივიდუალურ საწარმო “...” შორის დადებული საკანცელარიო ნივთების ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივ ხელშეკრულებას და მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია სწორედ სამოქალაქო-სამართლებრივი და არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ხელშეკრულების შესრულება. აღნიშნული ხელშეკრულება არ არის დადებული საქართველოს პარლამენტის მიერ მის უშუალო კომპეტენციას მიკუთვნებული საჯარო უფლებამოსილების _ საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით, არამედ ამ საქმიანობისათვის მხოლოდ დახმარებას ისახავს მიზნად. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება, შეწყვეტა. მიუხედავად ამისა, მოცემული საქმე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსჯადია, რადგან “საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონით, რომელიც ამოქმედდა 2005 წლის 15 ივლისიდან, ამავე კოდექსს დაემატა IX1 თავი (გარდამავალი დებულებანი) და მასში შემავალი 35-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამ კანონის ამოქმედებამდე საერთო სასამართლოების წარმოებაში არსებული ადმინისტრაციული გარიგების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განხილული და გადაწყვეტილი უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. მოცემული სარჩელი აღძრულია 2004 წლის 11 ოქტომბერს, რის გამოც მასზე ვრცელდება ხსენებული 35-ე მუხლის მოთხოვნა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის თაობაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2003 წლის 7 მაისს საქართველოს პარლამენტსა (შემსყიდველი) და ინდივიდუალურ საწარმო “...” (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია იძლეოდა წინადადებას 98376 ლარის ღირებულების საკანცელარიო საქონლის მიწოდებაზე დღგ-ის ჩათვლით. მხარეთა მიერ ხელშეკრულების მე-8 პუნქტში ჩაიდო სანქცია ხელშეკრულების პირობათა შეუსრულებლობისათვის, კერძოდ: 8.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცდენის შემთხვევაში ყოველი დაგვიანებული კვირისათვის მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ფასის 0.5%-ის ოდენობით, ანალოგიური პირგასამტეხლო ეკისრება შემსყიდველს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში; 8.3 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი ვადის გადაცდენისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 2%-ს, მხარეებს უფლება აქვთ, შეწყვიტონ ხელშეკრულება. ამრიგად, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მხარეთა შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება და მხარეები ამავე კოდექის 327-ე მუხლის შესაბამისად შეთანხმდნენ მის ყველა არსებით პირობაზე, მათ შორის, ხელშეკრულებაში პირდაპირ იქნა გათვალისწინებული არა მარტო პირგასამტეხლო (სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი), არამედ მისი მაქსიმალური ოდენობაც (სამოქალაქო კოდექსის 418.1 მუხლი), რომლის დაფიქსირების შემთხვევაში მხარეები მზად იყვნენ, შეეწყვიტათ ხელშეკრულება.

საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების დადების შემდეგ 2003 წლის 17 დეკემბრამდე ინდივიდუალური საწარმო “...” საქართველოს პარლამენტს მიაწოდა 35600.80 ლარის ღირებულების საკანცელარიო საქონელი. საქართველოს პარლამენტს 2004 წლის 9 ივნისის მდგომარეობით გადახდილი ჰქონდა აღნიშნული საქონლის ღირებულების მხოლოდ ნაწილი _ 19394 ლარი, ხოლო ასანაზღაურებელი ჰქონდა 16206.80 ლარი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელშეკრულების ძირითადი თანხის _ 16206,8 ლარის დაკისრების ნაწილში კასატორი სადავოდ არ ხდის და იგი მხოლოდ იმ ნაწილში ითხოვს ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რა ნაწილშიც საქართველოს პარლამენტს დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 2004 წლის 21 ივნისიდან ყოველი ვადაგადაცილებული კვირისათვის 16206,8 ლარის 0,5%-ის გადახდა.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად კასატორის მიერ იმაზე მითითებას, რომ მხარეთა მიერ შედგენილ ურთიერთშედარების აქტში არაფერია მითითებული პროცენტებსა და საურავებზე. აღნიშნული შედარების აქტი, სადაც დაფიქსირებულია მხოლოდ დავალიანების ძირითადი თანხა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხარეთა შეთანხმებად პირგასამტეხლოს ნაწილში ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ და მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს მოთხოვნაზე უარის თქმად. ამის თაობაზე შედარების აქტი არ შეიცავს რაიმე მითითებას. აღნიშნული აქტის არსებობა არ ართმევს უფლებას ინდივიდუალურ საწარმო “...”, მოითხოვოს პირგასამტეხლოს თაობაზე ხელშეკრულების 8.2 პუნქტის შესრულება, შედარების აქტის არსებობა არ აცლის საფუძველს აღნიშნულ სახელშეკრულებო შეთანხმებას.

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად ასევე ვერ მიიჩნევს კასატორის მიერ იმაზე მითითებას, რომ მომწოდებლის მიერ, თავის მხრივ, აგრეთვე დარღვეულია ხელშეკრულების პირობები. აღნიშნული მოცემულ შემთხვევაში გავლენას ვერ ახდენს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას ითხოვს მისი წილი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, რაც უდავოდ დადგენილია. თავის მხრივ, მოპასუხეს არ უსარგებლია ხელშეკრულების 8.2 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილებით, არ მოუთხოვია მოსარჩელის წილი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება და მოთხოვნათა გაქვითვა, აღნიშნულის თაობაზე შეგებებული სარჩელი არ წარუდგენია. მან მიმწოდებლის დაგვიანებული შესრულება მიიღო და არსად დაუფიქსირებია შემხვედრი მოთხოვნა ინდივიდუალურ საწარმო “....” მიმართ. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.