საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-302-295(კ-08) 31 მარტი, 2008წ. ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ა. შ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ ა. შ.-ის სარჩელისა გამო მოპასუხე ბოლნისის რაიონის გამგეობისა და მესამე პირი ი. ი.-ის მიმართ ბოლნისის რაიონის გამგეობის 2002 წლის 2 ივლისის ¹55 დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2002 წლის 19 ნოემბერს ა. შ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ბოლნისის რაიონის გამგეობისა და მესამე პირი ი. ი.-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ბოლნისის რაიონის გამგეობის 2002 წლის 2 ივლისის ¹55 დადგენილების ბათილად ცნობა (ს.ფ. 1).
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ.121-128).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. შ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 131-135).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით ა. შ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება და სააპელაციო პალატის მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ა. შ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა (ს.ფ. 167-171).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. ი.-მ და ბოლნისის რაიონის გამგეობამ. კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 176-180, 187-188).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 8 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ს.ფ. 240-245).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის განჩინებით ა. შ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 308-317).
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. შ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება (ს.ფ. 325-328).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო ა. შ.-ის საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ: საკასაციო საჩივარი შეტანილია განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დარღვევით.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ კასატორს _ ა. შ.-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის განჩინების ასლი ჩაბარდა 2007 წლის 22 დეკემბერს (ს.ფ. 324). შესაბამისად, ა. შ.-თვის აღნიშნული განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დინება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაიწყო 23 დეკემბერს და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამოიწურა 2008 წლის 23 იანვარს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ოთხშაბათი. კასატორმა საკასაციო საჩივარი საქართველოს ფოსტას ჩააბარა 2008 წლის 4 მარტს (ს.ფ. 329), ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლში მითითებული ერთთვიანი ვადის დარღვევით, რომლის გაგრძელება (აღდგენა), ამავე მუხლის თანახმად, დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლი ითვალისწინებს საპროცესო ვადის გასვლის შედეგებს, კერძოდ, ადგენს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილი ასევე ადგენს, რომ, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა _ ა. შ.-მ გაუშვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადა, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. შ.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.