Facebook Twitter

ბს-30-30(კ-07) 4 ივლისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ს. ჯ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 12 აპრილს ს. ჯ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს მიმართ და მოითხოვა აღნიშნული სამმართველოს უფროსის 2006 წლის 13 იანვრის ¹27 პ/შ ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა.

მოსარჩელის განმარტებით, 1982 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2005 წლის 3 ნოემბერს შს გორის სამმართველოს უფროსის მიერ იგი წარდგენილ იქნა იმავე სამმართველოს ¹1 განყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე დასანიშნად. 2006 წლის 6 იანვარს შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის ¹13 პ/შ ბრძანებით მოსარჩელე დაინიშნა აღნიშნულ თანამდებობაზე 3-თვიანი გამოსაცდელი ვადით, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2006 წლის 13 იანვრის ¹27 პ/შ ბრძანებით გაუქმდა დასახელებული 2006 წლის 6 იანვრის ¹13 პ/შ ბრძანება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლების საფუძველზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარმა სამმართველომ გორის რაიონულ სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ 2006 წლის 6 იანვრის ¹13 პ/შ ბრძანება იყო უკანონო, ეწინააღმდეგებოდა ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამუშაოდ მისაღებ პირთა მიმართ გასატარებელი დამატებითი ღონისძიებების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 3 ნოემბრის ¹1114 ბრძანებას, რომლითაც შეიქმნა შს ორგანოებიდან დათხოვნილ პირთა ხელახლა მიღების კომისია, ხოლო ს. ჯ-მ თავი აარიდა სამხედრო სამედიცინო კომისიაზე გავლას და აღნიშნული კომისიის დასკვნა არ წარადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარ სამმართველოში. მოქმედ კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შესაბამისად, ს. ჯ-ე იმავე სამმართველომ წარადგინა, როგორც ხელახლა მისაღები კანდიდატი შს სამინისტროს რიგებში, ხოლო სამინისტრომ საკითხი გადაწყვიტა დადებითად, რაც ეცნობა ს. ჯ-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს მიერ, ანუ იმისათვის, რომ იგი დანიშნულიყო შს ორგანოებში, საჭირო იყო სამხედრო-სამედიცინო კომისიის ცნობა.

გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით ს. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ს. ჯ-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება; ს. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2006 წლის 13 იანვრის ¹27 პ/შ ბრძანება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2006 წლის 6 იანვრის ¹13 პ/შ ბრძანებით ს. ჯ-ე სამი თვის გამოსაცდელი ვადით დაინიშნა გორის შს სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე, ხოლო იმავე სამმართველოს 2006 წლის 13 იანვრის ¹27 პ/შ ბრძანებით ცვლილება იქნა შეტანილი 2006 წლის 6 იანვრის ¹13 პ/შ ბრძანებაში, რითაც აღნიშნული ბრძანება გაუქმდა გამოცემის დღიდან.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში შეიძლებოდა შეტანილი ყოფილიყო ისეთი ცვლილებები, რომლებიც არსებითი არ იყო, მოცემულ შემთხვევაში კი შეტანილი ცვლილებით პირი გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან, რაც იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახალ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოტივაცია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ ს. ჯ-მ გათავისუფლების შესახებ ბრძანების არსებობის თაობაზე შეიტყო 2006 წლის 13 იანვარს, თავისთავად, ვერ ჩაითვლებოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლი ცალსახად განმარტავდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობის წესს, რომლის თანახმადაც, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავდა მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. საქმის მასალებიდან კი ირკვეოდა, რომ აპელანტს სადავო აქტი ჩაჰბარდა 2006 წლის 27 მარტს. დადგენილი იყო, რომ ს. ჯ-მ გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს მიმართ მიმართა 2006 წლის 12 აპრილს. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმის მტკიცება, რომ აპელანტმა გაუშვა გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, სამართლებრივ საფუძველს იყო მოკლებული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარმა სამმართველომ საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და ეფუძნება იმას, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, თითქოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ ისეთი ცვლილებები, რომლებიც არსებითი არ არის, რაც კანონის არასწორი განმარტებაა და წარმოადგენს საკასაციო საჩივრის საფუძველს. დასახელებულ მუხლში არ არის რაიმე მითითება არსებითი ან არაარსებითი ცვლილებების შეტანაზე.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ ს. ჯ-ის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2006 წლის 6 იანვრის ¹13 პ/შ ბრძანება ეწინააღმდეგებოდა ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამუშაოდ მისაღებ პირთა მიმართ გასატარებელი დამატებითი ღონისძიებების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 3 ნოემბრის ¹1114 ბრძანებას, ხოლო “ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2006 წლის 13 იანვრის ¹27 პ/შ ბრძანებით შეცდომა აღმოიფხვრა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიდა. ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლი.

კასატორის განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2006 წლის 13 იანვრის ¹27 პ/შ ბრძანებით გაუქმდა იმავე სამმართველოს უფროსის ის ბრძანებები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ზემოაღნიშნულ ბრძანებას და ხსენებული ბრძანებებით გამოსაცდელი ვადით დანიშნული 10 პირიდან მხოლოდ ს. ჯ-მ გახადა სადავოდ ხსენებული სამმართველოს უფროსის 2006 წლის 13 იანვრის ¹27 პ/შ ბრძანება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 384-ე მუხლი.

კასატორის მტკიცებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში დაშვებულია შეცდომა, თითქოს ს. ჯ-ე იმყოფებოდა კადრების განკარგულებაში, ხოლო აღნიშნული შეცდომა დასტურდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

2006 წლის 27 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში კერძო საჩივარი შეიტანა შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარმა სამმართველომ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობების გასწორება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 25 იანვრის განჩინებებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა განცხადებად გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობების გასწორების თაობაზე; შეჩერდა საქმის წარმოება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობების გასწორების შესახებ იმავე სამმართველოს განცხადების განხილვამდე; აღნიშნული განცხადება განსახილველად დაუბრუნდა უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რის შემდეგაც საქმე დაუბრუნდა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 მარტის განჩინებით განახლდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება; მხარეებს მიეცათ უფლება, აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ უზენაეს სასამართლოში მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 10 მაისამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 10 მაისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 4 ივლისს, მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2004 წლის 27 ივლისის ¹204 პ/შ ბრძანებით ს. ჯ-ე აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, ხოლო კადრების განკარგულებაში ყოფნის 4-თვიანი ვადის გასვლამდე მან წარადგინა ცნობა ავადმყოფობის შესახებ, შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2005 წლის 24 ოქტომბრის ¹599 პ/შ ბრძანებით კი ს. ჯ-ე დაითხოვეს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან “შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების მე-12 მუხლის საფუძველზე, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო. გორის შს სამმართველოს უფროსმა 2005 წლის 9 ნოემბრის წერილით ს. ჯ-ე წარადგინა იმავე სამმართველოს ¹1 განყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს ქვეგანყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე დასანიშნად, რომლის საფუძველზეც ს. ჯ-ის პირადი შემოწმების მასალები მისი სრული, სპეციალური შემოწმებისათვის 2005 წლის 6 დეკემბრის ¹29/133/802-ს წერილით გაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კადრების მთავარ სამმართველოში, საიდანაც მიეცა შესაბამისი მიმართვა სამხედრო-სამედიცინო კომისიაზე გასავლელად, რომლის პასუხიც ს. ჯ-ს შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარ სამმართველოში არ წარუდგენია. შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2006 წლის 6 იანვრის ¹13 პ/შ ბრძანებით ს. ჯ-ე დაინიშნა სისხლის სამართლის სამძებროს ქვეგანყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე 3-თვიანი საგამოცდო ვადით, ამასთან, ხსენებულ ბრძანებაში ს. ჯ-ზე მიეთითა, როგორც შს ორგანოების ყოფილ თანამშრომელზე. შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2006 წლის 13 იანვრის ¹27 პ/შ ბრძანებით გაუქმდა დასახელებული 2006 წლის 6 იანვრის ¹13 პ/შ ბრძანება იმავე რიცხვიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლების შესაბამისად და მის საფუძვლად მიეთითა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 3 ნოემბრის ¹1114 ბრძანებაზე, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ პირთა სამუშაოდ მისაღებად შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თავმჯდომარეობით შეიქმნა შესარჩევი კომისია, რომელსაც გაეგზავნა განსახილველად ს. ჯ-ესთან დაკავშირებული მასალები (ს.ფ. 3-6). შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარმა სამმართველომ 2006 წლის 13 მარტს ¹29/1-6/832 წერილით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტს 2005 წლის განმავლობაში 6-თვიანი საგამოცდო ვადით მიღებული შინაგან საქმეთა ორგანოების ყოფილი თანამშრომლების სიით მათი შინაგან საქმეთა ორგანოებში ჩარიცხვის თაობაზე, ხოლო იმავე წერილის პასუხად ხსენებულმა დეპარტამენტმა აცნობა, რომ დასახელებულ წერილში მითითებული კანდიდატების შინაგან საქმეთა ორგანოებში ჩარიცხვის საკითხი გადაწყდა დადებითად (ს.ფ. 11-13). შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარმა სამმართველომ 2006 წლის 20 აპრილის წერილით ს. ჯ-ს აცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ მისი შს ორგანოებში ხელახლა მიღების საკითხი გადაწყვიტა დადებითად და ს. ჯ-ე უნდა გამოცხადებულიყო შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს კადრებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებაში სამხედრო-სამედიცინო კომისიაზე გასავლელი მიმართვის მისაღებად (ს.ფ. 22).

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში შეიძლებოდა შეტანილი ყოფილიყო ისეთი ცვლილებები, რომლებიც არსებითი არ იყო, მოცემულ შემთხვევაში კი შეტანილი ცვლილებით პირი გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან, რაც იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახალ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენდა. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და ეფუძნება იმას, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, თითქოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ ისეთი ცვლილებები, რომლებიც არსებითი არ არის, რაც კანონის არასწორი განმარტებაა და წარმოადგენს საკასაციო საჩივრის საფუძველს, ვინაიდან დასახელებულ მუხლში არ არის რაიმე მითითება არსებითი ან არაარსებითი ცვლილებების შეტანაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი მართებულად აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ ს. ჯ-ის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2006 წლის 6 იანვრის ¹13 პ/შ ბრძანება ეწინააღმდეგებოდა ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამუშაოდ მისაღებ პირთა მიმართ გასატარებელი დამატებითი ღონისძიებების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 3 ნოემბრის ¹1114 ბრძანებას, რომლითაც შეიქმნა შს ორგანოებიდან დათხოვნილ პირთა ხელახლა მიღების კომისია, ხოლო “ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2006 წლის 13 იანვრის ¹27 პ/შ ბრძანებით შეცდომა აღმოიფხვრა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიდა, ხოლო ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს შეუძლია ბრძანების გაუქმება, თუ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელების დაწყებამდე გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც ამ კანონის მიხედვით გამორიცხავენ თანამდებობაზე დანიშვნას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, როგორც კასატორი მიუთითებს, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში დაშვებულია შეცდომა, თითქოს ს. ჯ-ე იმყოფებოდა კადრების განკარგულებაში, ხოლო აღნიშნული შეცდომა დასტურდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ს. ჯ-ე კადრების განკარგულებაში აყვანილ იქნა შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2004 წლის 27 ივლისის ¹204 პ/შ ბრძანებით, ხოლო იმავე სამმართველოს უფროსის 2005 წლის 24 ოქტომბრის ¹599 პ/შ ბრძანებით ს. ჯ-ე დაითხოვეს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და, შესაბამისად, აღარ იყო კადრების განკარგულებაში, რის გამოც ს. ჯ-ე შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2006 წლის 6 იანვრის ¹13 პ/შ ბრძანებით სისხლის სამართლის სამძებროს ქვეგანყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე 3-თვიანი საგამოცდო ვადით დანიშვნისას აღარ მსახურობდა შინაგან საქმეთა ორგანოებში და, შესაბამისად, გორის შს სამმართველოს უფროსის 2005 წლის 9 ნოემბრის წერილით ს. ჯ-ე, როგორც შს ორგანოების ყოფილი თანამშრომელი, ხელახლა იქნა წარდგენილი შინაგან საქმეთა ორგანოებში კონკრეტულ თანამდებობაზე _ იმავე სამმართველოს ¹1 განყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს ქვეგანყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე დასანიშნად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა ორგანოებში ს. ჯ-ის ჩარიცხვის საკითხი გადაწყდა დადებითად, კერძოდ, შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარმა სამმართველომ 2006 წლის 20 აპრილის წერილით ს. ჯ-ს აცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ მისი შს ორგანოებში ხელახლა მიღების საკითხი გადაწყვიტა დადებითად, ს. ჯ-მ თავი აარიდა სამხედრო-სამედიცინო კომისიაზე გავლას, რის გამოც აღნიშნული კომისიის დასკვნა შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარ სამმართველოში არ წარუდგენია, რაც სავალდებულო იყო შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობის ხელახლა დასაწყებად.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ გასაჩივრებული ბრძანების სამართლებრივ საფუძვლებსა და სარჩელის ხანდაზმულობის საკითხზე და საერთოდ არ გაითვალისწინა კონკრეტულ შემთხვევაში მთავარი საკითხი _ რამდენად აკმაყოფილებდა ს. ჯ-ე მისთვის წაყენებულ მოთხოვნებს იმ თანამდებობის დასაკავებლად, რომელზეც წარდგენილ იქნა, კერძოდ, ის ფაქტი, რომ მან თავი აარიდა თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულო სამხედრო-სამედიცინო კომისიაზე გავლას. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე დააკმაყოფილა ს. ჯ-ის სარჩელი, რომ არ გაურკვევია მისი სარჩელის სამართლებრივი საფუძვლიანობა საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები, ხოლო იმავე კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარ სამმართველოს 2006 წლის 13 იანვრის ¹27 პ/შ ბრძანების გამოცემისას არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლი, ვინაიდან შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2006 წლის 6 იანვრის ¹13 პ/შ ბრძანებაში არ ყოფილა ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები, ხოლო აღნიშნულ სამმართველოს შეეძლო გამოეყენებინა იმავე კოდექსის 63-ე მუხლი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლი, რის გამოც სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს. საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ს. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;