Facebook Twitter

ბს-30-30 (კ-08) 11 ივნისი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, მარიამ ცისკაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.07.07წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თ. ვ.-მ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიმართ და აჭარის არ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს 15.12.05წ. ¹01-2/73 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2005 წლის 27 ივლისიდან მუშაობდა აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სატყეო მეურნეობის მართვის ...-ის რაიონული განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი 15.12.05წ. ¹01-2კ/73 ბრძანებით, სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევის გამო, გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99-ე მუხლის საფუძველზე.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისი გათავისუფლების ბრძანება მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა უხეში დარღვევით. კერძოდ, ბრძანებაში არ არის მითითებული თუ რა დროიდან მოხდა მისი გათავისუფლება, რა პერიოდში ჩადენილი გადაცდომისათვის განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, ასევე არ არის მითითებული ბრძანების გასაჩივრების წესზე.

მოსარჩელე არ დაეთანხმა აგრეთვე სამუშაოდან განთავისუფლების საფუძველს და მიუთითა, რომ გასაჩივრებული ბრძანებიდან არ დგინდება მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევის ფაქტი, არ არის მითითებული თუ რაში გამოიხატა მოვალეობის უხეში დარღვევა, რის საფუძველზეც სამმართველოს შეეძლო მიეღო სამუშაოდან გათავისუფლების გადაწყვეტილება. ამდენად მხარე მიიჩნევს, რომ ბრძანება გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, წერილობითი დასაბუთების გარეშე.

მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ მისი სამუშაოდან განთავისუფლება მოხდა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის წინასწარი თანხმობის გარეშე, რითაც დარღვეული იქნა აჭარის ა/რ 01.11.05წ. ¹105 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დებულების მოთხოვნა, რომლის თანახმადაც რაიონული განყოფილებების უფროსებს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის წინასწარი თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამმართველოს უფროსი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17.02.06წ. გადაწყვეტილებით თ. ვ.-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გაუქმდა აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს 15.12.05წ. ¹01-2კ/73 ბრძანება, თ. ვ.-ე აღდგენილი იქნა განთავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე და მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 23.10.06წ. განჩინებით აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17.02.06 გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 15.03.07წ. განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩართული იქნა გ. კ.-ი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 23.03.07წ. გადაწყვეტილებით თ. ვ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილ აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის 15.12.05წ. ¹01-2კ/73 ბრძანება, თ. ვ.-ე აღდგენილ იქნა განთავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე და მას აუნაზღაურდა იძულებით განაცდური ხელფასი 2005 წლის 15 დეკემბრიდან სამუშაოზე ფაქტობრივად აღდგენის დღემდე.

სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს და მისი მიღებისას არსებითად დარღვეულია ბრძანების მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. აჭარის ა/რ მთავრობის 01.10.05წ. ¹105 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ტერიტორიული ორგანოების – სატყეო მეურნეობის მართვის ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს რაონული განყოფილებების” დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,რაიონულ განყოფილებას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის წინასწარი თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამმართველოს უფროსი”. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებში დებულებით გავალისწინებული თანხმობა არ არსებობს, მოპასუხემ ვერც მთავარ სხდომაზე წარმოადგინა იგი და განაცხადა, რომ წინასწარი წერილობითი თანხმობა თ. ვ.-ის გათავისუფლბის დროს არ არსებობდა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ბრძანება ეწინააღმდეგება დებულების მოთხოვნებს, ასევე მისი მიღებისას არსებითად დარღვეულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები, რაც ამავე კოდექსის 601 მუხლის თანახმად ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.07.07წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება თ. ვ.-ის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული, არაჯეროვანი შეუსრულებლობა. საქმეში არსებულ 09.12.05წ. აქტში აღნშნულია მხოლოდ უკანონოდ ტყის ჭრაზე, მაგრამ მასში არაა აღნიშნული თ. ვ.-ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობაზე ან დარღვევაზე, აქტში მითითებული ტყის მცველების მოქმედება კი არ შეიძლება ბრალად შეერაცხოს მოსარჩელეს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ, რომელმაც გარჩენების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, კერძოდ განჩინებაში არ არის აღნიშნული სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.

კასატორი აღნიშნავს, რომ თ. ვ.-ის, ისევე როგორც სამმართველოს სხვა ტერიტორიული ორაგნოების უფროსების დანიშვნაცა და გათავისუფლებაც მოხდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით – აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის ზეპირი ფორმით გაცემული თანხმობით. კასატორების მითითებით, ორივე ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებამდე სასამართლოს მიმართეს შუამდგომლობით, რათა მოწმის სახით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაეკითხათ სამმართველოს უფროსი, რომელსაც შეეძლო დაედასტურებინა სამმართველოს დებულებით გათვალისწინებული შეთანხმების არსებობის ფაქტი. აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლო თავის განჩინებაში ვერ ასაბუთებს შეთანხმების წერილობითი ფორმის აუცილებლობას, ვინაიდან არ არსებობს ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს შეთანხმების ამგვარი ფორმის სავალდებულობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინიტსრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს არ წარმოადგენს კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ამ საკითხზე მიღებული იქნებოდა იგივე გადაწყვეტილება. კასატიროს აზრით, წერილობითი ფორმით შეთანხმების არარსებობა (თუმცა შეთანხმების წერილობით ფორმას არ ითვალისწინებს სამმართველოს დებულება) არ წარმოადგენს ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე იქნებოდა მიღებული სხვაგვარი გადაწყვეტილება.

კასატორები აღნიშნავენ, რომ მათ მიერ წარდგენილ აქტში, გარდა უკანონო ჭრისა, მითითებულია იმ გარემოებებზეც, რომლებიც წარმოადგენენ თ. ვ.-ის მიერ მისი პირდაპირი და უშუალო სამსახურებრივი მოვალეობების უხეში დარღვევის ფაქტებს, კერძოდ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის 29.11.05წ. ¹01-9/154 ბრძანებით ამავე სამმართველოს მოხელეები მივლინებული იქნენ სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს – სატყეო რესურსების მართვის ...-ის განყოფილებაში ,ტყის დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების მდგომარეობის შესწავლის მიზნით. სატყეო უბნებში შესწავლილი იქნა ტყის დაცვის მდგომარეობა. შემოწმებისას გამოვლინდა სხვადასხვა ჯიშის ხე-ტყის უნებართვო ჭრები. ამავდროულად – ადგილზე ამოკითხული ჯირკების რიგითი ნომერი და ტაქსაციური დიამეტრი არ დაემთხვა სატყეო რესურსების მართვის ...-ის განყოფილებაში არსებულ 2005 წლის ასათვისებელ ტყეკაფის მასალებს. აღნიშნული დასტურდება სამმართველოს უფროსის 29.11.05წ. ¹01-9/154 ბრძანების საფუძველზე შექმნილი ჯგუფის მოხსენებითი ბარათით. შემოწმების აქტის შედგენაში მონაწილეობდა თავად თ. ვ.-ე, რაც დასტურდება აქტზე მისი ხელმოწერით. შემოწმების აქტში დაფიქსირებული ფაქტები მას შემდგომაც არ გაუხდია სადავო. ტყეკაფის განსაზღვრის წესი რეგულირდება სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის 28.03.02წ ¹10/99 ბრძანებით დამტკიცებული ,,ტყეკაფის გამოყოფის წესის შესახებ” დებულებით. შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევები მითითებული დებულების 27-ე, 28-ე და 29-ე მუხლების თანახმად წარმოადგენს ტყეკაფის გამოყოფისა და ტაქსაციის სამუშაოების არადამაკმაყოფილებლად ჩათვლის საფუძველს. ამავე დებულების მე-3 მუხლის შესაბამისად, დებულების დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სატყეო ორგანიზაციის დირექტორს (მოცემულ შემთხვევაში პასუხისმგებელი იყო ...-ის სატყეო განყოფილების უფროსი – თ. ვ.-ე).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განხილვის დროს სასამართლომ არ გამოიყენა კანონი (სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ¹10/99 ბრძანებით დამტკიცებული ,,ტყეკაფის გამოყოფის წესის შესახებ” დებულება), რომელიც უნდა გამოეყენებინა, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილება გამოტანილია კანონის დარღვევით.

კასატორის აზრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით განხილვა გამოიხატება იმაშიც, რომ საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყება არ ჩაბარებია შესაბამისად, სასამართლო განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია საქმეში მესამე პირის სახით ჩართულ პირს – აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ტერიტორიული ორაგნოს – სატყეო რესურსების მართვის ...-ის განყოფილების უფროსს გ. კ.-ს, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.