ბს-303-286(კ-07) 14 ივნისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლალი ლაზარაშვილი, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.07წ. განჩინების გაუქმებაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. ც.-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა საბაჟო დეპარტამენტისათვის მის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების _ 5732,22 ლარის დაკისრება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მუშაობდა საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ,,...-ის” საბაჟო _ გამშვებ პუნქტ ,,...-ის” მთავარი ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლად. 16.12.04წ. ¹67 კს ბრძანებით, გაფრთხილების გარეშე, გაათავისუფლეს სამსახურიდან. საბაჟო დეპარტამენტის აღნიშნული ბრძანება მის მიერ გასაჩივრდა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში, რაც დაკმაყოფილდა 21.01.05წ. გადაწყვეტილებით. ხსენებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 24.10.05წ. ¹694-კ ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის 16.12.04წ. ¹647 კს ბრძანება მისი სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში და იგი აღდგენილ იქნა საბაჟო ,,...-ის” საბაჟო-გამშვებ პუნქტ ,,...-ის” მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე.
29.11.05წ. მოსარჩელემ ვერ გაიარა ატესტაცია, რის გამოც გათავისუფლდა საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურიდან. 16.12.05წ. მან მიმართა საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, რათა მოეხდინათ საბოლოო ანგარიშსწორება და გადაეხადათ მისთვის კუთვნილი თანხა. 07.04.06წ. საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ,,...-ის” ხელმძღვანელობამ მისცა ¹11-1019 ცნობა, რომლის თანახმად, ხელზე მისაღები აქვს 5732,22 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.11.06წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 5732,22 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 27.11.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 15.02.07წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 27.11.06წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად გამოიყენა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37.1-ე და 112-ე მუხლები, რომელთა თანახმად, მოხელეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). სახელფასო დავალიანების გასტუმრებაზე კი პასუხისმგებელია ის დაწესებულება, სადაც მუშაკი მუშაობდა. ამასთან, უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს ხელფასის ანაზღაურება სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან 2006 წლის ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-6, მე-8 მე-40 მუხლების თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარავად გამოეყო 58778,5 მილიონი ლარი, საიდანაც 3 მილიონი ლარი მიმართული უნდა იქნეს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის, შესაბამისად ხსენებული დავალიანება გასტუმრებულ უნდა იქნეს ფინანსთა სამინისტროს მიერ. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ხსენებული ნორმით დგინდება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის ფინანსური უზრუნველყოფის საკითხი, ხოლო მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. გ. ც.-ე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტთან და არა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან. სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობები წარმოიშობა სახელშეკრულებო, დელიქტური ან უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი სამართალურთიერთობიდან. მოსარჩელესა და ფინანსთა სამინისტროს შორის კი არც ერთი ზემოაღნიშნული შემთხვევა არ დასტურდება, შესაბამისად უსაფუძვლოა აპელანტის მოსაზრება, რომ სახელფასო დავალიანებების გასტუმრებაზე ვალდებულია ფინანსთა სამინისტრო. ფინანსთა სამინისტროს უფლება-მოვალეობანი საბიუჯეტო პროცესის მიმართ თავისთავად არ წარმოშობს მის ვალდებულებას აანაზღაუროს გ. ც.-ის დავალიანება. ამასთან, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37.4 მუხლის თანახმად, საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება გახდეს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს დაფინანსების შემცირების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 15.02.07წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი ვერ შეასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებას იმის გამო, რომ ,,2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარავად გამოყოფილი აქვს 58778,5 მილიონი ლარი, აქედან 3 მილიონი ლარი მიმართული უნდა იქნეს სასამართლო გადაწყვეტილებების აღსასრულებლად. ამდენად, აღნიშნული დავალიანება უნდა გასცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. მით უმეტეს, რომ 2006 წლის ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონით საბაჟო დეპარტამენტისათვის გამოყოფილი ზღვრული ასიგნებანი არ მოიცავს გასულ წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისათვის გათვალისწინებულ თანხას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.