ბს-306-289(კ-07) 18 ივლისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ შპს “უ...ი”
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 თებერვლის განჩინება
სარჩელის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 28 ივლისს შპს “უ...მა” სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2006 წლის 14 ივლისს ქუთაისის საგადასახადო ინსპექციისგან შპს ,,უ...ს” ჩაჰბარდა ¹214 შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ. ხსენებული შეტყობინება დათარიღებული იყო 2005 წლის 11 აგვისტოთი, ხოლო მისი რეგისტრაციის ნომერი იყო _ ¹... . აღნიშნული შეტყობინების მიხედვით, შპს ,,უ...ს” 2005 წლის 10 აგვისტოს მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება _ 8795,36 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი იყო 6359,18 ლარი და საურავი _ 2436,24 ლარი. იმავე საგადასახადო შეტყობინებაში აღნიშნული იყო, რომ საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის საფუძველზე შპს ,,უ...ის’’ ქონების მიმართ წარმოშობილი იყო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, აღნიშნული უფლების წარმოშობის შემდეგ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში კი, შპს ,,უ...ის’’ მიმართ განხორციელდებოდა საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებები.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ზემოხსენებული შეტყობინება ეწინააღმდეგებოდა კანონს და იგი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო ვალდებული იყო გადასახადის გადამხდელისათვის წარედგინა ,,საგადასახადო მოთხოვნა’’, თუ დადგინდებოდა მისი წარდგენის საფუძვლის არსებობა. ,,საგადასახადო მოთხოვნაში’’, იმავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, სხვა რეკვიზიტების გარდა, უნდა აღნიშნულიყო მისი წარდგენის საფუძველი საგადასახადო კანონმდებლობის აქტის იმ ნორმაზე მითითებით, რომლის თანახმადაც მოხდებოდა გადასახადის დარიცხვა ან რომელიც დარღვეული იყო გადასახადის გადამხდელის მიერ.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს მისთვის არ გაუგზავნია შესაბამისი ,,საგადასახადო მოთხოვნა’’, რომლის გარეშეც მას არ წარმოშობია საგადასახადო ვალდებულება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ უნდა გაგზავნოდა გადასახადის გადამხდელს საგადასახადო დავალიანების წარმოშობიდან არაუგვიანეს 15 დღისა, ხოლო, ვინაიდან ¹214 საგადასახადო შეტყობინება დათარიღებული იყო 2005 წლის 11 აგვისტოთი, შპს “უ...ს’’ კი იგი გაეგზავნა 2006 წლის 13 ივლისს _ 11 თვის შემდეგ, დაირღვა ხსენებული მუხლის მოთხოვნა.
მოსარჩელის განმარტებით, საგადასახადო კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელთათვის გასაგზავნი ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი უნდა ყოფილიყო დედანი, რაც არ იქნა დაცული ¹214 შეტყობინების გაგზავნის დროს, რითაც დაირღვა საგადასახადო კოდექსის 46-ე მუხლის მოთხოვნა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹214 საგადასახადო შეტყობინების ბათილად ცნობა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს “უ...ის” სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹214 შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 თებერვლის განჩინებით ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებიდან, კერძოდ, ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹214 შეტყობინებიდან შპს ,,უ...ის’’ მიმართ ირკვეოდა, რომ საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელის მიმართ სახელმწიფოს სასარგებლოდ წარმოშობილი იყო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. აღნიშნული შეტყობინება შპს ,,უ...ს’’ 2006 წლის 14 ივლისს ჩაჰბარდა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს არც ერთ შეტყობინებას არ ჰქონდა სავალდებულო იურიდიული ძალა გადასახადის გადამხდელისათვის, თუ იგი არ იყო შედგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წერილობითი ფორმით და იმავე კოდექსის 46-ე მუხლით დადგენილი წესით არ ჩაჰბარდებოდა გადასახადის გადამხდელს. საგადასახადო კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ვალდებულების დამდგენ მოთხოვნას უნდა ჰქონოდა ადმინისტრაციული აქტის სახე და მასში აღნიშნული უნდა ყოფილიყო უფლებამოსილი თანამდებობის პირის სახელი, გვარი და ხელმოწერა. საგადასახადო ორგანოს მიერ გადამხდელისათვის გასაგზავნი ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი შედგენილი უნდა ყოფილიყო წერილობითი ფორმით, ხელმოწერილი ხელმძღვანელის მიერ, დამოწმებული ყოფილიყო ბეჭდით და გადასახადის გადამხდელს უნდა ჩაჰბარებოდა დოკუმენტის დედანი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,უ...ს’’ 2005 წლის 25 ივლისის ¹2221 საგადასახადო მოთხოვნის დედანი არ ჩაჰბარებია და იგი ხელმოწერილი არ იყო საგადასახადო ინსპექციის უფროსის მიერ, დამოწმებული არ იყო კანცელარიის ბეჭდით, ანუ აღნიშნულ აქტს არ ჰქონდა ადმინისტრაციული აქტის სახე და იგი, ფაქტობრივად, წარმოადგენდა არარა აქტს.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების მიხედვით, უდავოდ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 25 ივლისის ¹2221 საგადასახადო მოთხოვნის ასლი შედგენილი იყო მოქმედი საგადასახადო კოდექსის ნორმების დარღვევით, რაც საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შპს ,,უ...სათვის’’ გაგზავნილი ¹14 შეტყობინების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენლის მტკიცება იმის შესახებ, რომ, რადგან 2005 წლის 25 ივლისის ¹2221 საგადასახადო მოთხოვნა შპს ,,უ...ს’’ 2005 წლის 8 აგვისტოს ჩაჰბარდა და იგი არ გასაჩივრებულა კანონით დადგენილ ვადაში, სახეზე იყო აღიარებული საგადასახადო მოთხოვნა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხსენებულ მოთხოვნას არ ჰქონდა ადმინისტრაციული აქტის სახე, იგი წარმოადგენდა მხოლოდ ქსეროასლს, რომელზედაც არ იყო საგადასახადო ინსპექციის უფროსის ხელმოწერა, ანუ მოსარჩელეს არ გაგზავნია მისი დედანი. შპს ,,უ...ის’’ წარმომადგენლებმა უარყვეს აღნიშნული დოკუმენტის შპს ,,უ...სათვის’’ ჩაბარების ფაქტი, ხოლო საქმეში მისი ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება არ მოიპოვებოდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის განმარტებით, საქმის მასალებით დასტურდება და არც მოსარჩელემ უარყო, რომ შპს ,,უ...ს’’ ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 25 ივლისის ¹2221 საგადასახადო მოთხოვნა 2005 წლის 8 აგვისტოს ჩაჰბარდა.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის 23-ე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებად ითვლება გადასახადი ან/და სანქცია, რომელიც წარმოშობილია საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, რომელსაც გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი ეთანხმება ან რომლის გასაჩივრების ვადა გასულია, მოცემულ შემთხვევაში კი, შპს ,,უ...ის’’ მიერ შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნა კანონით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა, რის გამოც ხსენებული საგადასახადო მოთხოვნა უნდა ჩაითვალოს აღიარებულად.
კასატორის განმარტებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანებაზე, საგადასახადო დავის დაწყებისთანავე ან/და აღიარებულ საგადასახადო დავალიანებასთან ერთად, ხოლო შპს ,,უ...ს’’ წარმოეშვა აღიარებული საგადასახადო დავალიანება და, შესაბამისად, წარმოიშვა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.
კასატორი აღნიშნავს, რომ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინება მოსარჩელეს ჩაჰბარდა 2006 წლის 14 ივლისს, ესე იგი მას შემდეგ რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის მე-3 ნაწილი “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს 2006 წლის 25 მაისის ¹3138 კანონით ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, კერძოდ, იგი აღარ ითვალისწინებს ჩაბარების 15-დღიანი ვადის ათვლას. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც შეტყობინების ჩაბარებისა და გადაწყვეტილების გამოტანის დროს გაუქმებული იყო, ანუ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 20 აპრილის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 13 ივნისამდე.
2007 წლის 4 მაისს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე უზენაეს სასამართლოში მოსაზრება წარადგინა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ და აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი იყო დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით.
2007 წლის 5 მაისს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ უზენაეს სასამართლოში მოსაზრება წარადგინა შპს ,,უ...მა’’ და აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი იყო დაუშვებელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ივნისის განჩინებით ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 18 ივლისს, მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2005 წლის 8 აგვისტოს შპს “უ...ს” ჩაჰბარდა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 25 ივლისის ¹2221 საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ. 28). 2006 წლის 14 ივლისს შპს “უ...მა” ქუთაისის საგადასახადო ინსპექციისგან მიიღო 2005 წლის 11 აგვისტოს ¹214 საგადასახადო შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ, რომლის მიხედვით, 2005 წლის 10 აგვისტოს მდგომარეობით შპს ,,უ...ს” ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება _ 8795,36 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი იყო 6359,18 ლარი და საურავი _ 2436,24 ლარი. იმავე საგადასახადო შეტყობინებაში აღნიშნული იყო, რომ საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის საფუძველზე შპს ,,უ...ის’’ ქონების მიმართ სახელმწიფოს სასარგებლოდ წარმოშობილი იყო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, აღნიშნული უფლების წარმოშობის შემდეგ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში კი, შპს ,,უ...ის’’ მიმართ განხორციელდებოდა საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებები (ს.ფ. 4-5).
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 25 ივლისის ¹2221 საგადასახადო მოთხოვნის შპს “უ...ისათვის” ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება მოცემულ საქმეში არ მოიპოვება. კასატორი მართებულად მიუთითებს, რომ საქმის მასალებით დასტურდება შპს ,,უ...ისთვის’’ ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 25 ივლისის ¹2221 საგადასახადო მოთხოვნის 2005 წლის 8 აგვისტოს ჩაბარების ფაქტი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2004 წ.) 46-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელისათვის/საგადასახადო აგენტისათვის ან სხვა ვალდებული პირისათვის გასაგზავნი ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, ხელმოწერილი უნდა იყოს ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ სახელისა და გვარის მითითებით და დამოწმებული უნდა იყოს ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). გადასახადის გადამხდელს უნდა ჩაჰბარდეს დოკუმენტის დედანი. დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი გაიგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით (ასეთ შემთხვევაში დოკუმენტის/წერილის ჩაბარების თარიღად ითვლება ადრესატის მიერ საფოსტო გზავნილით დოკუმენტის მიღების თარიღი) ან პირადად გადაეცა გადასახადის გადამხდელს ან მის უფლებამოსილ ან/და კანონიერ წარმომადგენელს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მართალია, შპს “უ...ს” ჩაჰბარდა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 25 ივლისის ¹2221 საგადასახადო მოთხოვნის მხოლოდ ასლი და მას არ ჩაჰბარებია მისი დედანი, თუმცა აღნიშნული გარემოება ვერ ჩაითვლება ხსენებული საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად, ვინაიდან, ჯერ ერთი, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ არის ხელმოწერილი ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის ხელმძღვანელის მიერ, დამოწმებულია იმავე ინსპექციის კანცელარიის ბეჭდით და მასზე გაკეთებულია წარწერა _ “ასლი დედანთან სწორია”, ანუ იგი დამოწმებულია კანონით დადგენილი წესით და, შესაბამისად, მიცემული აქვს ოფიციალური დოკუმენტის სახე. მეორეც, შპს “უ...ს” ხსენებული საგადასახადო მოთხოვნის ასლის მისთვის ჩაბარება თავის დროზე (მისი ჩაბარებისას) სადავოდ არ გაუხდია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, როგორც კასატორი აღნიშნავს, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინება მოსარჩელეს ჩაჰბარდა 2006 წლის 14 ივლისს, ესე იგი მას შემდეგ, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და იგი აღარ ითვალისწინებს ჩაბარების 15-დღიანი ვადის ათვლას, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც შეტყობინების ჩაბარებისა და გადაწყვეტილების გამოტანის დროს უკვე გაუქმებული იყო, ანუ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად არ იმსჯელა სარჩელის საგანზე, არ გაარკვია გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების საკითხი, არ დაუდგენია, არსებობდა თუ არა მისი ბათილად ცნობის საფუძვლები, რაც აუცილებელი იყო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რის გამოც არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების იმავე კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი _ გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.