ბს-310-302(კ-08) 24 სექტემბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ. ბ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ბ.-მ 20.12.06წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.11.06წ. ¹765 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ბრძანების გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაავალებდა ქ. თბილისში, ...-ის ¹37-ში, მე-4 კორპუსის მიერ დაკავებულ მიწის ფართზე მის უფლებებთან დაკავშირებით სარეგისტრაციო ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების რეგისტრაციას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.04.07წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელე ზ. ბ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ზ. ბ.-მ სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.02.08წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.04.07წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში ...-ის ¹37-ში არსებული მე-4 კორპუსის ბინა ¹48-ზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში 24.08.01წ. რეგისტრირებულია ზ. ბ.-ის საკუთრების უფლება, წილობრივი მონაცემით 49,8 კვ.მ.. რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 09.07.01წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი გამოიცა მოწინააღმდეგე მხარის მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, “უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” კანონის მოთხოვნათა დაცვით და მოპასუხის მიერ დასაბუთებულ იქნა მისი კანონიერება, ხოლო მოპასუხის საწინააღმდეგო არგუმენტების დასაბუთება მოსარჩელემ ვერ შეძლო. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადგილი არ ჰქონია ადმინისტრაციული წარმოების პროცედურების დარღვევას გასაჩივრებული აქტის გამოცემისას. ასევე არ ყოფილა დარღვეული მოსარჩელის საკუთრების უფლება. “უძრავ ნივთებზე საკუთრების რეგისტრაციის შესახებ” კანონის მე-5 მუხლით (იმ დროს მოქმედი რედაქცია) რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს უფლების დამადასტურებელი საბუთი და საკადასტრო ინფორმაცია, ხოლო ამავე კანონის 26-ე მუხლის საფუძველზე საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საფუძვლებს წარმოადგენს მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემებში ან რეგისტრირებულ უფლებაში განხორციელებული ცვლილება, რაც დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი დოკუმენტით, მიწის ნაკვეთის ფართობის ან საზღვრების დადგენისას დაშვებული ტექნიკური ხარვეზები, ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. 2001 წელს, საჯარო რეესტრში მოსარჩელის უფლების რეგისტრაციისას მოქმედი “მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით, მიწის და მასთან დაკავშირებული უფლებების რეგისტრაცია ხდება რეგისტრატურაში. ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით, რეგისტრატურის მუშაკის ქმედების გასაჩივრების ვადა არის ორი წელი პრეტენზიის წარმოშობის ან იმ მომენტიდან, როდესაც მომჩივანს უნდა სცოდნოდა, თუ რა უფლება გააჩნდა მას სადავო უძრავ ქონებაზე, ჯერ კიდევ პირველადი რეგისტრაციის მომენტისთვის. საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურს ცვლილებების რეგისტრაციის მოთხოვნით ზ. ბ.-მ მიმართა 2006 წელს, რა დროისთვისაც გაშვებული ჰქონდა რეგისტრატორის ქმედებების გასაჩივრების ვადა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ასევე უსაფუძვლოა აპელანტის არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ ვინაიდან პირველადი რეგისტრაციის დროს არ იყო დადგენილი ბინებზე კერძო საკუთრების უფლება, არ არსებობდა უძრავი ქონების საერთო საკუთრებად მიჩნევის საფუძველი. უდავოდ დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...-ის ¹37-ში არსებული მე-4 კორპუსი წარმოადგენდა სტუდქალაქის ტერიტორიაზე მდებარე საერთო საცხოვრებელს, რომელიც ქონების მართვის სამინისტროს ბრძანებებისა და თბილისის მთავრობის 08.08.02წ. ¹12.40.264 დადგენილების საფუძველზე გადაეცა საბინაო ფონდს. შესაბამისად, უძრავი ქონება იმთავითვე წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 09.07.01წ. გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდა საერთო საკუთრების ნაწილის რეგისტრაცია მოსარჩელეზე, რაც სახელმწიფოსთან ერთად მის თანამესაკუთრედ გახდომას გულისხმობს. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია აპელანტის არგუმენტაცია სადავო უძრავ ქონებაზე, უფლების პირველადი რეგისტრაციის და შესაბამისი სააღრიცხვო ბარათის გახსნის მომენტში, საერთო საკუთრების არარსებობის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.02.08წ. განჩინება 20.03.08წ. საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ.-მ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, რეგისტრატორმა შეგნებულად მოახდინა არასწორი ჩანაწერის რეგისტრაცია “საერთო საკუთრება” მაშინ, როცა ქონება არ იყო საერთო საკუთრება, ვინაიდან ქონებას არც მთლიანად და არც მის რომელიმე ნაწილს არ ჰყავდა მესაკუთრეები, საჯარო რეესტრში მასზე არ იყო რეგისტრირებული არც ერთი პირის უფლება, რომელიც იქნებოდა იურიდიული ძალის მქონე. სწორედ რეგისტრატორის არასწორი ქმედების გამო არ მოხდა ზ. ბ.-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია მთელ ქონებაზე (მიწის ნაკვეთი) და დაირღვა მისი კანონიერი უფლება. კასატორის აზრით, მას არ შეიძლებოდა სცოდნოდა პრეტენზიის საფუძვლის არსებობის შესახებ, ვინაიდან მოპასუხე ამტკიცებდა, რომ ქონება იყო საერთო საკუთრება. საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ვერ დაადგინა, რომ მიწის ნაკვეთს არ ჰყავდა მესაკუთრეები და არ იყო საერთო საკუთრება. ამიტომ ვერ გაასაჩივრა რეგისტრატორის არასწორი ჩანაწერის რეგისტრაცია. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლო თავისი განჩინებით სახელმწიფოს მიიჩნევს მის თანამესაკუთრედ სადავო უძრავ ქონებაზე. სასამართლომ არ გამოიყენა იმ დროს მოქმედი “მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის მიხედვითაც “უძრავ ქონებაზე უფლებები იურიდიულ ძალას იძენს სახელმწიფო რეგისტრაციის შემდეგ”, ხოლო ამავე კანონის მე-5 პუნქტით “სახელმწიფო რეგისტრაცია საქართველოს ტერიტორიაზე ხდება საჯარო რეესტრში ამ კანონით განსაზღვრული ჩანაწერების ერთიანი სისტემით”. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილი. სახელმწიფოს უფლებას სადავო უძრავ ქონებაზე არ ჰქონდა შეძენილი იურიდიული ძალა, შესაბამისად, არ შეიძლება სახელმწიფო ითვლებოდეს ზ. ბ.-ის თანამესაკუთრედ სადავო უძრავ ქონებაზე. სააპელაციო სასამართლომ ქონების მართვის სამინისტროს ბრძანებები და ქ. თბილისის მთავრობის 08.08.02წ. ¹12.40.264 დადგენილება განმარტა არასწორად, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა. ამ ნორმებით საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე იურიდიულ ძალას ვერ შეიძენს. ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ უფლების რეგისტრაციის საფუძვლად საჯარო რეესტრში. სახელმწიფოს უფლება, სადავო უძრავ ქონებაზე, კიდევაც რომ ყოფილიყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და შეძენილი ჰქონოდა იურიდიული ძალა, მასზე მაინც აუცილებლად გავრცელდებოდა “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე და 171-ე მუხლები. ქონებაზე ზ. ბ.-ის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის მომენტში, 10.08.01წ., “მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, სადავო უძრავ ქონებას მთლიანობაში არ ჰქონდა სააღრიცხვო (სარეგისტრაციო) ბარათი და არ არსებობდა მასთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი. ქონება არ იყო დაყოფილი ნაწილებად და არ იყო გახსნილი ცალკე სააღრიცხვო ბარათი თითოეული მისი ნაწილისათვის, “მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად. არც მთელ ქონებაზე და არც მის რომელიმე ნაწილზე არ იყო რეგისტრირებული არც ერთი პირის უფლება, ამიტომ მისი უფლება წარმოიშვა (გავრცელდა) კორპუსზე დამაგრებულ მთლიან მიწის ნაკვეთზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთება სამართლებრივი თვალსაზრისით, კასატორის მოსაზრებით, უსაფუძვლოა
ზ. ბ.-ის საკასაციო საჩივარზე 30.05.08წ. მოსაზრება წარმოადგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, რომელმაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა მოითხოვა, ვინაიდან ზ. ბ.-ე საკასაციო საჩივარში არ უთითებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობისათვის აუცილებელ არცერთ წინაპირობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ზ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს-წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ზ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.02.08წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. ზ. ბ.-ს დაუბრუნდეს მის მიერ 15.04.08წ. ¹19 საგადასახადო დავალებით (საიდენთიფიკაციო კოდი ...) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 ლარის ოდენობით.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.