Facebook Twitter

ბს-311-294(კ-07) 8 ოქტომბერი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ბ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მარტის განჩინება

დავის საგანი _ სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 26 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. ბ-მა მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 2 ივნისის ¹1338 ბრძანების ბათილად ცნობა მისი სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში, თანამდებობაზე აღდგენა, მოცდენილი დროის ნამსახურობის სტაჟში ჩათვლა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მ. ბ-ი 29 წლის განმავლობაში მსახურობდა ოფიცრად სამხედრო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე. 2006 წლის 17 თებერვლიდან მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის .... თანრიგის ისანი-სამგორის რაიონის ... უფროსად. ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მისთვის ოფიციალური წესით არ გადმოუბარებიათ არც შენობა, არც მატერიალური ფასეულობები და დოკუმენტაცია. ამის შესახებ მან წერილობით აცნობა ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსს და სთხოვა, კომისიური წესით ჩაებარებინათ მისთვის სამსახურში არსებული ფასეულობები. რაიონის სამობილიზაციო შტაბის შენობაში მხოლოდ რამდენიმე ოთახი იყო სამუშაოდ ვარგისი, შენობის დანარჩენი ნაწილი კი გამოუყენებადი იყო, მათი დაკეტვაც ვერ ხერხდებოდა. სამობილიზაციო შტაბში არსებული 5 საშტატო ერთეულიდან ფაქტობრივად, 2 ადამიანი იყო დანიშნული, რომლებიც კონკრეტულ რაიონს შეუფერხებლად ემსახურებოდნენ. ხალხის სიმრავლის გამო ვერ ხეხდებოდა გამოუყენებელი ოთახების, შენობის გაკონტროლება სამუშაო საათებში. შენობა დაუცველი იყო.

მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 2 ივნისის ¹1338 ბრძანებას მისი სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში არაკანონიერად მიიჩნევდა და მიუთითებდა, რომ იგი სამსახურიდან დაითხოვეს ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, დისციპლინური სახდელის დაუდებლად. ამასთან, სამხედრო მოსამსახურე სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს მხოლოდ ხელქვეითობის წესით, რასაც მოსარჩელის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

მოსარჩელის განმარტებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 98-ე მუხლის შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლება შეუსაბამობისათვის შეიძლება მოხდეს არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო. მოხელე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან, თუ მას არ სურს გადავიდეს სხვა შესაბამის თანამდებობაზე. ამ კანონის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, რადგან სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 2 ივნისის ¹1338 ტექსტიდანაც ირკვევა, რომ მოსარჩელეს არანაირი კავშირი არა აქვს ამ ბრძანებაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მას არ მიუძღვის ბრალი შენობის დაუცველობის გამო შენობაში საზოგადოების სიმრავლესა და მათ ქმედებებზე, იგი თავის მოვალეობებს სათანადოდ ასრულებდა და სრულიად უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან (ს.ფ. 1-5).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 2 ივნისის ¹1338 ბრძანება მ. ბ-ის შეიარაღებული ძალების რიგებიდან, დაკავებული თანამდებობიდან დათხოვნის ნაწილში და მოპასუხეს _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა მოსარჩელის მონაწილეობით საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ამ უკანასკნელთან მიმართებაში ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

სასამართლოს განმარტებით, «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის 21-ე მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის დათხოვნა სამხედრო სამსახურიდან ხდება ამ კანონის და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე. მოცემული ნორმის მე-2 ნაწილის «დ» პუნქტის თანახმად, მართალია, გათვალისწინებულია სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან დაითხოვნა სამსახურებრივი შეუსაბამობის შემთხვევაში, მაგრამ საქართველოს შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდების 74-ე მუხლის თანახმად, ყოველგვარი დისციპლინური სასჯელი, როგორც სამხედრო დისციპლინის განმტკიცებისა და სამხედრო მოსამსახურეების აღზრდის ღონისძიება, უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი გადაცდომის სიმძიმესა და დანაშაულის ხარისხს. სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას ყურადღება უნდა გამახვილდეს გადაცდომის ხასიათზე, ვითარებაზე, რომელშიც იგი იყო ჩადენილი, დამნაშავის ადრინდელ ყოფაქცევაზე, მისი სამსახურში ყოფნის დროსა და სამსახურის შესრულების წესის ხარისხზე. «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო, კონკრეტულ მუხლში დაფიქსირებულ შემთხვევებში. აღნიშნულთან მიმართებაში სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის თვალსაზრისი მოცემული კანონის განსახილველი ნორმის გამოყენების დაუშვებლობის შესახებ, რადგან «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის «თ» ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში კი სწორედ ასეთ ვითარებასთან გვაქვს საქმე. სპეციალური კანონმდებლობით არ არის დადგენილი განსაზღვრულობა იმისა, თუ რა წარმოადგენს სამსახურეობრივ შეუსაბამობას და ასეთი დეფინიცია მოცემულია მხოლოდ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 98-ე მუხლში. მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა, თუ რაში გამოიხატა მ. ბ-ის სამსახურებრივი შეუფერებლობა. ასეთის დასაბუთება კი მით უფრო იყო სავალდებულო და აუცილებელი მაშინ, როდესაც საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით დგინდებოდა, რომ მ. ბ-ს ნამსახურობის ნუსხაში შენიშვნაც კი არ ჰქონდა მიღებული მთელი სამხედრო სამსახურის პერიოდში (ს.ფ. 50-54).

საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აპელანტის განმარტებით, სამხედრო სამსახური არის სპეციალური სამსახური, რომელიც რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით, კონკრეტულ შემთხვევაში «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონით და საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის ¹11 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდებით».

«საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების» პირველი მუხლი განსაზღვრავს საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების ამოცანებს და მიზნებს. ამავე წესდების 45-ე მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიმართ დისციპლინურ სასჯელად შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამსახურიდან დათხოვნა. კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც საქმეში წარდგენილი მასალებიდან ირკვეოდა, მ. ბ-ის მიმართ არსებობდა სამხედრო პოლიციის მიერ თავდაცვის მინისტრის სახელზე წარდგენილი მოხსენება, რომელში მოყვანილი ფაქტებიც გამოვლენილ იქნა მ. ბ-ის იმ დროს დაქვემდებარებულ სამსახურში, რასაც მოჰყვა მისი შეიარაღებული ძალებიდან შეუფერებლობის გამო დათხოვნა.

აპელანტის აზრით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 2 ივნისის ¹1338 ბრძანება მ. ბ-ის დათხოვნის შესახებ კანონიერი იყო, რადგან იგი გამოიცა «საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების» 45-ე მუხლის, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის «ვ» ქვეპუნქტის, ამავე კანონის 99-ე მუხლისა და «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად (ს.ფ. 58-59).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ბ-ი ეროვნული გვარდიის სარდლის 2006 წლის 31 იანვრის ¹18 ბრძანებით დაინიშნა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის ..... უფროსის მოვალეობის დროებით შემსრულებლად, ხოლო 2006 წლის 17 თებერვალს _ ამავე შტაბის უფროსის თანამდებობაზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 2 ივნისის ¹1338 ბრძანებით იგი დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან და ჩაირიცხა რეზერვში «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, რასაც საფუძვლად დაედო სამხედრო პოლიცის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათი.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მ. ბ-ან მიმართებაში სამსახურიდან დათხოვნის ბრძანება გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შეფასებისა და გამოკვლევის გარეშე. მოპასუხემ ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა გათავისუფლების პროცედურის კანონის შესაბამისად განხორციელებას. მ. ბ-ის გათავისუფლება არ მომხდარა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის დაცვით, რომლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო, შეეგროვებინა ცნობები, მოესმინა დაინტერესებული მხარეებისათვის. ასევე არ მომხდარა მ. ბ-ის მონაწილეობის უზრუნველყოფა ადმინისტრაციულ წარმოებაში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად. მოსარჩელისათვის დისციპლინური სახდელის დადებისას ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მიეღო ახსნა-განმარტება თავად მოსარჩელისაგან, გამოეკვლია საქმის არსებითი გარემოებები და ისე მიეღო გადაწყვეტილება.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 2 ივნისის ¹1338 ბრძანება გამოცემული იყო არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც სასამართლო უფლებამოსილი იყო, გამოეყენებინა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი (ს.ფ. 75-77).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სამხედრო სამსახური არის სპეციალური სამსახური, რომელიც რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით, კონკრეტულ შემთხვევაში «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონით და საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის ¹11 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდებით».

«საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების» პირველი მუხლი განსაზღვრავს საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების ამოცანებს და მიზნებს. ამავე წესდების 45-ე მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება დაედოს დისციპლინურ ზომად სამსახურიდან დათხოვნა. კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც საქმეში წარდგენილი მასალებით ირკვევა, მ. ბ-ის მიმართ არსებობს სამხედრო პოლიციის მიერ თავდაცვის მინისტრის სახელზე წარდგენილი მოხსენება, რომელში მოყვანილი ფაქტებიც გამოვლენილ იქნა მ. ბ-ის იმ დროს დაქვემდებარებულ სამსახურში, რასაც მოყვა მისი შეიარაღებული ძალებიდან შეუფერებლობის გამო დათხოვნა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 2 ივნისის ¹1338 ბრძანება მ. ბ-ის დათხოვნის შესახებ კანონიერია, რადგან იგი გამოიცა «საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების» 45-ე მუხლის, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის «ვ» ქვეპუნქტის, ამავე კანონის 99-ე მუხლისა და «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად (ს.ფ. 79-80).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების მართებულობა არ არის სათანადოდ დასაბუთებული.

სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინებით სრულად იზიარებს რაიონული სასამართლოს დასკვნას მ. ბ-ის შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 2 ივნისის ¹1338 ბრძანების საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე გამოცემის თაობაზე. ასეთი არსებითი მნიშვნელობის გარემოებებად, რაც საჭიროებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოკვლევის გზით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია შემდეგი: მოპასუხემ ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ გათავისუფლების პროცედურის კანონის შესაბამისად განხორციელებას; მ. ბ-ის გათავისუფლება არ მომხდარა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის დაცვით, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო, შეეგროვებინა ცნობები, მოესმინა დაინტერესებული მხარისათვის; ასევე არ მომხდარა მ. ბ-ის მონაწილეობის უზრუნველყოფა ადმინისტრაციულ წარმოებაში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად; მოსარჩელისათვის დისციპლინური სახდელის დადებისას ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მიეღო ახსნა-განმარტება თავად მოსარჩელისაგან, გამოეკვლია საქმის არსებითი გარემოებები და ისე მიეღო გადაწყვეტილება. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებლობა დასაბუთებულია მხოლოდ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პროცედურული დარღვევების არსებობით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის პროცედურული დარღვევები აღნიშნული აქტის ბათილობის საფუძველად მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული დარღვევების არარსებობისას მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 2 ივნისის ¹1338 სადავო ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლებულია ისანი-სამგორის რაიონის .... უფროსის თანახმდებობიდან და დათხოვნილია საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან სამსახურებრივი შეუსაბამობის მოტივით. აღნიშნულ ბრძანებაში მოსარჩელის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევის დამადასტურებლად, რამაც მისი გათავისუფლება განაპირობა, მითითებულია ორი კონკრეტული ფაქტი: 1. 2006 წლის 17 მაისს, ისანი-სამგორის რაიონის სამობილიზაციო შტაბის შენობის ¹6 სამუშაო ოთახში შტაბის ყოფილმა თანამშრომელმა მ. ბ-მა მოქალაქე დ. ნ-ს თაღლითური გზით გამოსძალა 150 ლარი, რაც გამოწვეული იყო მ. ბ-ის მიერ სამსახურისადმი ზერელე დამოკიდებულებით და არაპროფესიონალური მიდგომით; 2. ისანი-სამგორის რაიონის სამობილიზაციო შტაბის უფროსად მუშაობისას მ. ბ-ი შტაბის პასუხისმგებელ შემსრულებელ თ. ბ-თან (მ. ბ-ის ძმა) ერთად არაოფიციალურად სხვადასხვა სამუშაოებს ასრულებინებდა და ხელფასის სახით გარკვეულ თანხას უხდიდა სამოქალაქო პირებს _ კ. ო-ს და ი. ნ-ეს, რომლებიც არ იყვნენ დანიშნული რაიმე თანამდებობაზე. სააპელაციო სასამართლოს არ გამოურკვევია დასახელებული ფაქტები და არ მიუცია მათთვის შეფასება, არ უმსჯელია, სამხედრო სამსახურის, როგორც განსაკუთრებული სახელმწიფო სამსახურის თავისებურებების გათვალისწინებით, რამდენად იკვეთებოდა აღნიშნული ფაქტებიდან შტაბის უფროსის ბრალი და შტაბის უფროსის პასუხისმგებლობის საფუძველი. ამასთან, აღნიშნული გარემოებები არ განეკუთვნებოდა ისეთ გარემოებებს, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს ართმევდა საქმის არსებითად განხილვის შესაძლებლობას.

სააპელაციო სასამართლომ ხელახლა არსებითად უნდა განიხილოს აღნიშნული საქმე და გამოარკვიოს, საქმის მასალებით დასტურდება თუ არა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 2 ივნისის სადავო ¹1338 ბრძანებაში დასახელებული ფაქტები, ეკისრებოდა თუ არა მ. ბ-ს, როგორც .... უფროსს, შტაბის ბალანსზე არსებულ შენობაში გარეშე პირების მოძრაობის კონტროლი, მითითებული ფაქტებიდან იკვეთება თუ არა მისი ბრალი და მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1» ქვეპუნქტის, 412-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.