¹ბს-312-295(კ-07) 26 დეკემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე(მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ლალი ლაზარაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ჯ. ზ.-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
01.03.05წ. ჯ. ზ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1973 წლიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე, 1975 წლიდან მუშაობდა ამავე სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფში, დამოუკიდებლად გამოძიებული ჰქონდა 1500 საქმეზე მეტი, დაჯილდოვებული იყო სხვადასხვა მედლებით და ორდენებით. 15.02.05წ. წერილით ეცნობა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, თუმცა შესაბამისი ბრძანება მას არ ჩაჰბარებია. მოსარჩელემ სამსახურში აღდგენა მოითხოვა.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 04.03.05წ. განჩინებით კ. ზ.-ს სასარჩელო განცხადებას განესაზღვრა ხარვეზი. მოსაჩრელეს მოპასუხის დაზუსტება, სასარჩელო მოთხოვნის დაკონკრეტება და წარმოდგენილი სარჩელის და თანდართული მასალების ასლების წარმოდგენა დაევალა.
28.03.05წ განცხადებით მოსარჩელემ მოპასუხედ დაასახელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული სამსახური და პირვანდელ სამსახურში აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება და იმ პირთათვის პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვა, რომლებმაც მის მიერ გამოვლენილი დანაშაულებები შეგნებულად დაფარეს, არ მისცეს საშუალება მოეძებნა გატაცებული ადამიანი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 21.06.05წ. სასამართლოს წარუდგინა კოლეგიის მიერ გამოთხოვილი დოკუმენტები: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 10.07.04წ. ¹356 ბრძანების ქსეროასლი; შს მინისტრის 27.11.04წ. ¹1899 პ/შ ბრძანების ამონაწერი და საქართველოს პრეზიდენტის 27.12.04წ. ¹614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება.
05.07.05წ. ჯ. ზ.-მ მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ დამატებითი სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლო კოლეგიას. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხემ დაარღვია მისი შრომის უფლება და კონსტიტუციის 29-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევით არ მისცა შრომის საშუალება. მოპასუხემ არ გაითვალისწინა ,,საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-14 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, 96-ე და 97-ე მუხლების, შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების ,,ა», ,,ბ», ,,გ» და ,,დ» ქვეპუნქტების მოთხოვნები. სამსახურიდან მისი გათავისუფლებისას არ შეისწავლა მისი პიროვნება, პროფესიონალიზმი, ოჯახური მდგომარეობა და პირადი საქმე. მოსარჩელის განცხადებით, სამსახურიდან შტატების შემცირების გამო გაათავისუფლეს, ფაქტიურად შტატები გაიზარდა და არ შემცირებულა. ის განყოფილება, რომელშიც მუშაობდა, 2005 წლის აპრილ-მაისის თვეებში შსს სისტემაში არსებულ კრიმინალურ პოლიციას დაექვემდებარა. ,,საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დაქვემდებარების შეცვლა არ წარმოადგენს მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულია, რომ რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, ხელმძღვანელი უფლებამოსილია გაითვალისწინოს ატესტაციის შედეგები. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის აზრით, მოპასუხეს უნდა გაეთვალისწინებინა, მისი ხანგრძლივი შრომითი სტაჟი, კვალიფიკაცია და მისთვის მინიჭებული ,,წარჩინებული გამომძიებლის წოდება». მოსარჩელის განცხადებით, გააჩნდა განყოფილებაში მომუშავე ყველა გამომძიებელზე უპირატესი დარჩენის უფლება, ვინაიდან მის ოჯახში არ იყო მის გარდა დამოუკიდებელი შემოსავლის მქონე პირი, იყო ომის მონაწილე, არ იყო საპენსიო ასაკისა და დეპარტამენტი, რომელშიც მუშაობდა კვლავინდებურად ფუნქციონირებდა. მოსარჩელემ სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ 27.11.04წ. ¹1899 ბრძანების გაუქმება, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.
მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 10.07.04წ. ¹356 ბრძანების საფუძველზე საგამოძიებო დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში, შემცირდა შტატები. აღნიშნული განხორციელდა ,,შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების მე-12 მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმად, შს ორგანოებში ორგანიზაციულ, საშტატო ღონისძიებათა განხორციელებისას შს მინისტრის ბრძანებით შტატგარეშე დარჩენილი თანამშრომელი ირიცხება კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვით, 2 თვის მთლიანი ხელფასის შენარჩუნებით, ხოლო მომდევნო 2 თვის განმავლობაში მას მიეცემა სპეციალური წოდების, ნამსახურობის პროცენტული დანამატი და სასურსათო ულუფის კომპენსაცია. აღნიშნული ვადის გასვლამდე უნდა გადაწყდეს თანამშრომლის შრომითი მოწყობის საკითხი. მოპასუხემ აღნიშნა, რომ 4 თვის გასვლის შემდეგ, შტატების შემცირების გამო, ჯ. ზ.-ა სამსახურიდან უნდა დაეთხოვათ, რაც განხორციელდა შინაგან საქმეთა მინისტრის 27.11.04წ. ¹1899 პ/შ ბრძანებით, ჯ. ზ.-ა დათხოვნილი იქნა შტატების შემცირების გამო ,,შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების 67-ე მუხლის ,,ვ» ქვეპუნქტის საფუძველზე კადრების განკარგულებაში ყოფნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.11.05წ. გადაწყვეტილებით ჯ. ზ.-ს სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 10.07.04წ. ¹356 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფების სტრუქტურა და საშტატო განრიგი, ამავე ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტისა და დაქვემდებარებული საქალაქო და რაიონული საგამოძიებო დანაყოფების რიგითი და ოფიცერთა პირადი შემადგენლობა, მათ შორის მოსარჩელე ჯ. ზ.-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 27.11.04წ. ¹1899 პ/შ ბრძანების საფუძველზე მოსარჩელე ჯ. ზ.-ა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის საგამოძიებო დეპარტამენტის ორგანიზებული და სისხლის სამართლის სამძებრო ხაზით გამოვლენილ დანაშაულთა გამოძიების განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, დათხოვნილი იქნა საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში 2004 წლის 12 ნოემბრიდან ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების 67-ე მუხლის ,,ვ» ქვეპუნქტის საფუძველზე.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე. კოლეგიამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული აქტი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 27.11.04წ ¹1899 პ/შ ბრძანება, დაინტერესებულ მხარეს 27.06.05წ. გადაეცა სასამართლო სხდომაზე. მოპასუხემ ჯ. ზ.-ს სამსახურიდან დათხოვნა და ამ დათხოვნის შესახებ ბრძანების კონკრეტული რეკვიზიტები მოსარჩელეს აცნობა 30.12.04წ. ¹5/32-5731 წერილით, რაც ვერ შეცვლიდა ბრძანების მხარისათვის პირადად გადაცემის ვალდებულებას. ზემოაღნიშნული წერილი მოსარჩელეს 15.02.05წ. ჩაჰბარდა, ხოლო სარჩელი სასამართლოში 01.03.05წ. იქნა აღძრული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ ჯ. ზ.-ს სასარჩელო განცხადება შეესაბამებოდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლს.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო სამართალურთიერთობა უნდა დარეგულირებულიყო შრომის კანონთა კოდექსით. სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ ჯ. ზ.-ა იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და იმავდროულად საჯარო მოხელე. ,,საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-14 მუხლის I პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ» ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება პოლიციის თანამშრომლებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლომ მიუთითა, რომ პოლიციის თანამშრომლების მიმართ, უპირველეს ყოვლისა, გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს პრეზიდენტის 17.03.97წ. ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულება, რომლის მე-12 მუხლის ბოლო აბზაცით განსაზღვრული იყო, რომ საშტატო ღონისძიებათა განხორციელებისას შტატგარეშე დარჩენილი თანამშრომელი შესაძლებელია გადაყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს ოთხი თვის ვადით და ამ ვადის ფარგლებში ადმინისტრაციამ უნდა გადაწყვიტოს კადრების განკარგულებაში მყოფი მუშაკის შრომითი მოწყობის საკითხი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ორგანიზაციამ ჯ. ზ.-ა ,,საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით გაათავისუფლა სამსახურიდან, რომლის თანახმად, შტატების შემცირებისას მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ ჯ. ზ.-მ კადრების განკარგულებაში ყოფნის დროს რამდენჯერმე მიმართა მოპასუხე მხარეს. მოპასუხემ მას 29.07.04წ. ¹39/სდ-13/ზ და 23.08.04წ. ¹5/37-3690 წერილებით განუმარტა, რომ მიმდინარეობდა სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების დაკომპლექტება და შეძლებისდაგვარად იქნებოდა გათვალისწინებული მისი დასაქმების საკითხი. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ჯ. ზ.-ს სამსახურიდან დათხოვნის დროს არ ყოფილა დარღვეული აღნიშნული შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი რომელიმე ნორმატიული აქტი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.11.05წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ზ.-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.01.07წ. განჩინებით ჯ. ზ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ჯ. ზ.-ს კადრების განკარგულებაში გადაყვანის კანონიერების საკითხს სასამართლო ვერ განიხილავდა, ვინაიდან აღნიშნულის შესახებ უკვე არსებობდა კანონიერ ძალაში შესული თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 02.11.04წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასარჩელო მოთხოვნა თანამდებობაზე აღდგენის შესახებ უსუფუძვლო იყო, რადგან გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოსარჩელე გათავისუფლებული იყო კონკრეტული თანამდებობიდან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 10.07.04წ. ¹356 ბრძანების საფუძველზე, რომელიც ძალაში იყო შესული. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული ბრძანების ბათილობის შემთხვევაში მოსარჩელე ვერ იქნებოდა აღდგენილი თანამდებობაზე, რადგან აქტის ბათილობა გამოიწვევდა მის გამოცემამდე არსებულ მდგომარეობის აღდგენას ანუ მოსარჩელის დაბრუნებას კადრების განკარგულებაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.01.07წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ზ.-მ. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მოექცა მოპასუხის ზეგავლენის ქვეშ, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილი არ შეესაბამება აპელანტის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. კასატორის განცხადებით, სასამართლომ არ შეაფასა შს სამინისტროს მიერ ¹356 ბრძანების მიღების დროს დაშვებული კანონდარღვევები, გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილი მოიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნებს.
კასატორის განცხადებით, შს სამინისტროს 10.07.04წ. ¹356 ბრძანება დროულად არ ჩაჰბარდა, ხოლო სამსახურიდან დათხოვნის ბრძანება 27.11.04წ., ¹1899 პ/შ საგამოძიებო დეპარტამენტში მხოლოდ მას შეეხო. კასატორის აზრით, აღნიშნული ბრძანება ფაქტიურად მიამატეს და ჩაწერეს 2005 წლის თებერვალში. კასატორი თვლის, რომ შს სამინისტროს სამსახურების მიმართ გამოცემული ¹1899 პ/შ ბრძანების მისთვის გადაცემის შემთხვევაში გამოაშკარავდებოდა, რომ ¹356 ბრძანება თავისი შინაარსით წარმოადგენდა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს და არა ინდივიდუალურ ნორმატიულ ადმინისტრაციულ აქტს. კასატორის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ზაკ-ის 58-ე მუხლით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ოფიციალური გაცნობისა და გადაცემის წესი.
კასატორის განცხადებით, 12.07.04წ. სამსახურებრივი გადაადგილების მოტივით გაათავისუფლეს სამსახურიდან და განუმარტეს, რომ 4 თვის თავზე სამსახურში დააბრუნებდნენ. 17.08.04წ. სასამართლოს მიმართა სამსახურში აღდგენის მოთხოვნით, თუმცა ამ დროს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ჩაბარებული შს მინისტრის 10.07.04წ. ¹356 ბრძანება. აღნიშნული ბრძანება არასრული სახით სამჯერ გადასცა მოპასუხემ. მიუხედავად იმისა, რომ დარღვეულია ,,პოლიციის შესახებ» კანონის 31-ე მუხლის 1-ლი და მე-16 პუნქტები, ,,საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-14 მუხლის 1, მე-2 პუნქტები, 96-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4 პუნქტები, 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 108-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, 127-ე მუხლის მე-2, მე-5 პუნქტები, შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის 1-ლი, მე-2 პუნქტის ,,ა», ,,ბ», ,,გ» და ,,დ» ქვეპუნქტები, ,,ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტი, 51-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები, ,,ომისა და შრომის ვეტერანთა შესახებ» კანონის მე-14 მუხლის ,,წ» ქვეპუნქტი, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე და 30-ე მუხლები, ზაკ-ის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი, 58-ე მუხლის მე-2 პუნქტი და კანონმდებლობის სხვა ნორმები, სააპელაციო სასამართლომ თავი აარიდა საკითხის დაზუსტებას და მოპასუხის პასუხები მიიჩნია სწორად. მიღებული გადაწყვეტილების გამართლებისათვის აღწერილობით ნაწილში არასწორად მიუთითა მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლომ ¹356 ბრძანების გაცნობის გარეშე გამოიტანა გადაწყვეტილება.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არასწორად მიუთითა, რომ მასზე არ ვრცელდებოდა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლება და რომ პოლიციის თანამშრომლის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს ,,საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» 17.03.97წ. ¹139 ბრძანება. საქართველოს ორგანული კანონები და კანონები უფრო მაღლა დგას ვიდრე პრეზიდენტის ბრძანებულება. «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის 48-ე მუხლის თანახმად საკანონმდებლო აქტს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, მიუხედავად იმისა მიღებულია (გამოცემულია) თუ არა მის საფუძველზე აქტი. კასატორი თვლის, რომ მის მიმართ უნდა გავრცელდეს «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 14-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის და შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნები.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მისი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ 2004 წლის ჩათვლით მოპასუხე ორგანოს საგამოძიებო დეპარტამენტში რეორგანიზაციის და დეპარტამენტის დაქვემდებარების შეცვლით შტატების შემცირებას ადგილი არ ჰქონია. კასატორის განცხადებით სასამართლოებმა არ გამიჯნეს ერთმანეთისაგან და ერთმანეთთან გააიგივეს ცნებები ,,თანამდებობრივი გადაადგილება» და ,,გათავისუფლება». გადაადგილება წარმოადგენს რეორგანიზაციის ან სტრუქტურული ცვლილებების დროს თანამშრომლების მიმართ გატარებულ ღონისძიებას, რომელიც ითვალისწინებს შეთავაზებას, თანამშრომლის ტოლფას ან დაბალ თანამდებობაზე გადაყვანას, უარის შემთხვევაში კი შტატების შემცირებას, ხოლო გათავისუფლება, პირადი განცხადების გარდა, წარმოადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას. კასატორის მოსაზრებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 10.07.04წ. ¹356 ბრძანება ფაქტიურად ნორმატიულ ადმინისტრაციულ აქტს წარმოადგენს, რომელსაც მინიჭებული უნდა ჰქონოდა სარეგისტრაციო ნომერი და შეტანილი უნდა ყოფილიყო სახელმწიფო რეესტრში. აღნიშნული ბრძანება გამოცემული იქნა ზაკ-ის 52-ე მუხლის დარღვევით, ვინაიდან მასში მითითებული არ იქნა ის ორგანო, რომელშიც შესაძლებელი იყო მისი გასაჩივრება. შსს მოსამსახურის თანამდებობრივ გადაადგილებაზე ბრძანების შემდგენლებს არ ჰქონდათ უფლება გადაადგილება შეეცვალათ მოსამსახურის გათავისუფლებით, ¹356 ბრძანების კანონიერი სახე უნდა ითვალისწინებდეს გადაადგილებას თანამდებობიდან და კადრების განკარგულებაში აყვანას. ¹356 და ¹1899 პშ ბრძანებები ეწინააღმდეგება «შს სამსახურში გავლის წესის შესახებ» დებულების მე-12 მუხლს. ვინაიდან ¹1899 პშ ბრძანების შექმნის საფუძველს წარმოადგენს ¹356 ბრძანება, ისინი ერთად უნდა იქნენ განხილულნი, კასატორი სზაკ-ის 601 მუხლის საფუძველზე მოითხოვს ¹356 ბრძანების ბათილად ცნობას, აგრეთვე ¹1899 პშ ბრძანების ბათილად ცნობით სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას.
კასატორმა მიუთითა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 01.03.05წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი და ბ. ქ.-ე აღდგენილ იქნა სამსახურში. ასეთივე გადაწყვეტილება იქნა მიღებული შსს-ის თანამშრომლის ჯ. ღ.-ის საქმეზე და იგი აღდგენილი იქნა სამსახურში.
კასატორმა საქართველოს შს მინისტრის 10.07.04წ. ¹356 ბრძანების ბათილად ცნობა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, 27.11.04წ. ¹1899 პშ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა 29.06.07წ. განჩინებით ჯ. ზ.-ს საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს განესაზღვრათ ვადა საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად. მხარეებს მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ზ.-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ უნდა იქნეს დასაშვებად მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 10.07.04წ. ¹356 ბრძანება თავისი შინაარსით წარმოადგენდა არა ინდივიდუალურ, არამედ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. მითითებული აქტით დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტისა და დაქვემდებარებული საქალაქო და რაიონული საგამოძიებო დანაყოფების სტრუქტურა და საშტატო განრიგი, ძალადაკარგულად ჩაითვალა შინაგან საქმეთა მინისტრის მთელი რიგი საორგანიზაციო-საშტატო და სტრუქტურული ბრძანებები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტისა და დაქვემდებარებული საქალაქო და რაიონული საგამოძიებო დანაყოფების რიგითი და ოფიცერთა პირადი შემადგენლობა განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობებიდან და გადაყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნორმატიული აქტი უნდა შეიცავდეს მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს, რომელიც მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი. კასატორის მიერ მითითებული აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ-სამართლებრივ ადმინისტრაციულ აქტს, რომლის იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 10.07.04წ. ¹356 ბრძანება, რომლის ბათილად ცნობას ჯ. ზ.-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს, განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნა სააპელაციო პალატის მიერ წარმოებაში მიღებული არ იქნა (ს.ფ. 233). სსკ-ის 406-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დავის საგნის შეცვლა ან გადიდება საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია. რაც შეეხება ადმინისტრაციული აქტის გაცნობის წესის დარღვევას საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევა ზემოქმედებას ახდენს აქტის გასაჩივრების ვადის ათვლაზე და თავისთავად არ ქმნის აქტის ბათილობის საფუძველს.
საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების რეზერვში გადაყვანისა და სამსახურიდან დათხოვნის დროს მათ მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული შესაბამის პერიოდში მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის 36.1 მუხლით გათვალისწინებული სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლება, ვინაიდან აღნიშნულ პირებზე ვრცელდება სპეციალური კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის სპეციალურ კანონს წარმოადგენს «პოლიციის შესახებ» კანონი, რომლის 22-ე მუხლის «ზ» ქვეპუნქტი სადავო სამართალურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი რედაქციის თანახმად, ითვალისწინებდა, რომ შტატების შემცირება წარმოადგენდა პოლიციის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი და კასატორ ჯ. ზ.-ს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტისა და დაქვემდებარებულ საქალაქო და რაიონულ საგამოძიებო დანაყოფებში შემცირდა საშტატო ერთეულები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შტატების შემცირება პოლიციელის სამსახურიდან გათავისუფლების საკმარის საფუძველს ქმნის და არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას ადმინისტრაციის მიერ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97.2 მუხლის განსახილველი სამართალურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი რედაქციის დარღვევის შესახებ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული ნორმა არ უნდა იქნეს გამოყენებული პოლიციის თანამშრომლების მიმართ. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-11 მუხლის თანახმად, აღნიშნული კანონის მოქმედება პოლიციის თანამშრომლებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური ნორმები არ ეწინააღმდეგება კანონს. სპეციალური კანონმდებლობა შტატების შემცირებისას სხვა თანამდებობის შეთავაზების ვალდებულებას არ ითვალისწინებდა. საკითხის ამგვარი გადაწყვეტა შეესაბამება ასევე ამჟამად არსებულ სასამართლო პრაქტიკას(იხ. მაგ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 18.07.06წ. ¹ბს-188-178(კ-06) განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 05.07.06წ. ¹ბს-190-180(კ-06) განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 31.05.06წ. ¹ბს-1164-739(კ-05) განჩინება). ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების 67-ე მუხლის ,,ვ» ქვეპუნქტის მიხედვით ოფიცერთა შემადგენლობის პირები შს ორგანოებიდან შეიძლება დაითხოვონ სამხედრო ძალების თადარიგში შტატების შემცირებით. ამავე დებულების მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, შს ორგანოებში ორგანიზაციულ, საშტატო ღონისძიებათა განხორციელებისას, შს მინისტრის ბრძანებით შტატგარეშე დარჩენილი თანამშრომელი ირიცხება კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვით, 2 თვის მთლიანი ხელფასის შენარჩუნებით, ხოლო მომდევნო 2 თვის განმავლობაში მას მიეცემა სპეციალური წოდების, ნამსახურობის პროცენტული დანამატი და სასურსათო ულუფის კომპენსაცია. აღნიშნული ვადის გასვლამდე უნდა გადაწყდეს თანამშრომლის შრომითი მოწყობის საკითხი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნულ ნორმაში კანონმდებელი გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლო მოქმედების ორ ალტერნატიულ ვარიანტს: პოზიტიურს და ნეგატიურს, კერძოდ მოხელის სხვა თანამდებობაზე გადაყვანას ან სამსახურიდან განთავისუფლებას. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტები არ ითვალისწინებენ რეორგანიზაციის ან/და შტატების შემცირების შემთხვევაში ადმინისტრაციის ვალდებულებას შესთავაზოს მოხელეს სხვა თანამდებობა, შეთავაზების ვალდებულების არარსებობა გამორიცხავს კადრების შემცირებისას კანონმდებლობით გათვალისწინებული უპირატესობის პირობის გამოყენებას, კასატორი შს ორგანოებიდან დათხოვნილ იქნა არა როგორც შტატში მყოფი თანამშრომელი, საჯარო მოხელე, არამედ როგორც კადრების განკარგულებაში მყოფი, შტატგარეშე დარჩენილი პირი, შესაბამისად არ არსებობს კასატორის სამსახურში აღდგენის ვალდებულება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ჯ. ზ.-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჯ. ზ.-ს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.