ბს-31-31(კ-08) 7 მაისი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს ,,გ-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 19 სექტემბერს შპს ,,გ-მა” სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს მიმართ იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა 1998 წლის 8 აგვისტოს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, 2164,04 აშშ დოლარის აღდგენას იჯარა-გამოსყიდვის ანგარიშზე შეტანილ თანხაში და იჯარა-გამოსყიდვის ურთიერთობის არსებობის აღიარებას შპს ,,გ-სა” და სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს შორის.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ მოითხოვა 1998 წლის 21 აგვისტოსა და 22 ოქტომბრის საიჯარო ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, მხარეთა შორის იჯარა-გამოსყიდვის ურთიერთობის არსებობის აღიარება და 23330,24 აშშ დოლარის იჯარა-გამოსყიდვის ანგარიშში ჩათვლა.
მოპასუხე _ საქართველოს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,გ-ის” სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის მოტივით.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,გ-მა”.
Aპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივლისის განჩინებით შპს ,,გ-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს ,,გ-თან” დაიდო არა იჯარა-გამოსყიდვის, არამედ იჯარის ხელშეკრულება.
სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა, გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა, გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა, რის გამოც უსაფუძლოა იჯარა-გამოსყიდვის ურთიერთობის აღიარების მოთხოვნა. შესაბამისად, 2164.04 აშშ დოლარი წარმოადგენს საიჯარო ქირას და იგი ვერ აღდგება იჯარა-გამოსყიდვის ანგარიშზე.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ იჯარის ხელშეკრულებები დადებული იყო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით, მოტყუებით, შეცდომით, ფორმის დაუცველად, იძულებით, არასაერიოზულად (სამოქალაქო კოდექსის 55-ე, 57-ე, 59-ე, 72-ე, 81-ე, 85-ე მუხლებით), ხელშეკრულებები დადებულია ქმედუნარიან პირთა მიერ (სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლი), ხელშეკრულებები არ არის მართლსაწინააღმდეგო და ამორალური (სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი), რის გამოც არ არსებობს ამ ხელშეკრულებების ბათილობის საფუძველი.
ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სარჩელი ხანდაზმულია, ვინაიდან 1998 წლის ხელშეკრულებების მხარეა იურიდიული პირი _ შპს ,,გ-ი”, რომლის მაშინდელმა დირექტორმა გამოხატა ნება ამ ხელშეკრულებებზე ხელის მოწერით და მას ხელშეკრულება სადავოდ არ გაუხდია.
სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად, უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო ურთიერთობების ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება იმ პერიოდიდან, როცა პირმა გაიგო ან უნდა შეეტყო დარღვეული უფლების შესახებ.
სასამართლოს მითითებით, როგორც ზემოთ აღინიშნა, ხელშეკრულების მხარეა იურიდიული პირი, რომლის ხელმძღვანელმა მოაწერა მას ხელი, ანუ 1998 წლიდანვე უნდა შეეტყო დრღვეული უფლების შესახებ, სარჩელი კი შეტანილია 2005 წლის 19 სექტემბერს.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,გ-ის” დირექტორმა ს. ა-ამ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივლისის განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს ,,გ-ის” საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 5 მარტის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად შპს ,,გ-ის” საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
2008 წლის 27 მარტს შპს ,,გ-მა” მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, შპს ,,გ-ის” საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს შპს ,,გ-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%”. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,გ-ის” საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% (210 ლარი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. უარი ეთქვას შპს ,,გ-ს” საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. შპს ,,გ-ს” დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ 220101502.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.