¹ბს-313-296(კ-07) 31 მაისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 1 მარტს ე. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2003 წლის 15 ოქტომბრამდე მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ....... უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე.
მოსარჩელის განმარტებით, სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ მოპასუხე ორგანიზაციამ არ მოახდინა მასთან საბოლოო ანგარიშსწორება, რაც შეადგენდა 655,42 ლარს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს ფინასთა სამინისტროს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა სახელფასო დავალიანების _ 655,42 ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით ე. ბ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების – 655,42 ლარის ანაზღაურება.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქალაქო სასამართლომ არასწორად გამოიყენა ,,შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლი, რომლის შესაბამისად: ,,მუშას ან მოსამსახურეს, მისი დათხოვნისას საწარმოსაგან, დაწესებულებისაგან, ორგანიზაციისაგან, კუთვნილი მთელი თანხა ეძლეოდა დათხოვნის დღეს”, ვინაიდან აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის თანახმად: ,,1. საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებთა გათვალისწინებით; 2. საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით”. ამ შემთხვევაში, აპელანტის განმარტებით, სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის გაცემის საკითხს არეგულირებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის, რომლის შესაბამისად ,,2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად”, ანუ ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 და მე-8 მუხლებით დადგენილი წესით.
ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად: ,,წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარავად ბიუჯეტში გათვალისწინებულია 140 519,8 ლარი, რის შესაბამისადაც უნდა მოხდეს მოცემული დავალიანების დაფარვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 თებერვლის განჩინებითYსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის ,,გ” პუნქტის შესაბამისად: ,,თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით”, ვინაიდან, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლი განსაზღვრავს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესს და არა მოვალისათვის სახელფასო დავალიანებების ანაზღაურება, რომლის არსებობაც მის მიერვეა აღიარებული.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორი საკასაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 19 აპრილის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
2007 წლის 30 აპრილს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება, რომელშიც მიუთითებდა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე კუთვნილი თანხის გაცემასთან დაკავშირებით სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების მიმართ მიმდინარეობს სასამართლო დავები და ამ საკითხთან (აღნიშნული ნორმების სწორად გამოყენებასთან) მიმართებაში არ არის ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა.
ასევე, სამართლის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია გაირკვეს, მსგავს შემთხვევებში გამოყენებულ უნდა იქნეს შრომის კანონთა კოდექსის ნორმები თუ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის სპეციალური ნორმა 1341-ე მუხლი, რომლის შესაბამისადაც ,,2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოხელეზე კუთვნილი თანხის გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად”, ანუ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების გამოყოფის შემთხვევაში გახდება შესაძლებელი დავალიანების გასტუმრება იმდაგვარად, რომ არ მოხდეს სხვა მიზნებისათვის განკუთვნილი ასიგნებების არადანიშნულებისამებრ გახარჯვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.