Facebook Twitter

ბს-314-297(კ-07) 16 ოქტომბერი, 2007 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

კასატორი _ შ. შ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს გენერალური პროკურატურა, წარმომადგენელი _ მ. ზ-ა

მესამე პირი _ სოციალური სუბსიდიების სააგენტო, წარმომადგენელი _ ლ. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 თებერვლის განჩინება

დავის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალურ ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

შ. შ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის _ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ, მესამე პირის _ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მონაწილეობით, რომლითაც მოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ 2005 წლის 27 ოქტომბერს გამოცემული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელისათვის პროკურატურის ხაზით პენსიის დანიშვნის შესახებ /იხ.ს.ფ. 2-5/.

საქმის გარემოებები:

მოსარჩელეს პროკურატურასა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სპეციალობით მუშაობის 29 წლის სტაჟი აქვს, მათ შორის _ პროკურატურის ორგანოებში მუშაობის 19 წლისა და 6 თვის, ხოლო მოსამართლედ მუშაობის _ 9 წლისა და 6 თვის. საპენსიო ასაკის გახდა 2005 წლის 18 აპრილს, ხოლო პროკურატურის ხაზით პენსიის დანიშვნისათვის 25-წლიანი შრომის სავალდებულო სტაჟი შესრულებული აქვს პენსიის დანიშვნის მოთხოვნის დღიდან.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

მოსარჩელემ 2005 წლის 18 ივლისს განცხადებით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას პროკურატურის ხაზით პენსიის დანიშვნის თაობაზე, რაზეც უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ, რამდენადაც მოსარჩელე პროკურატურიდან გათავისუფლების შემდეგ არჩეულ იქნა მოსამართლედ, ანუ «საჯარო მოხელედ,» მას «პროკურატურის შესახებ» კანონის მე-40 მუხლის თანახმად, პროკურატურის ხაზით პენსიის დანიშვნა არ ეკუთვნოდა.

სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები;

«პროკურატურის შესახებ» კანონის მე-40 მუხლის მე-11 პუნქტის დათქმა: «გარდა იმ შემთხვევებისა თუ იგი პროკურატურიდან დათხოვნის შემდეგ არის საჯარო მოხელე,» მოსარჩელეზე არ ვრცელდება, რამდენადაც საჯარო მოხელედ იგულისხმება არა მოსამართლე, არამედ მოხელე, რომელიც მუშაობს არა პროკურატურისა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში, არამედ მათ ფარგლებს გარეთ. ამასთან, «პროკურატურის შესახებ» კანონის მე-9-11 პუნქტებში პენსიის დანიშვნის სუბიექტად პირდაპირაა მითითებული სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში მომუშავე მოსამართლე, შესაბამისად, კანონმდებელი იმ საჯარო მოხელედ, რომელზედაც დაწესებულია შეზღუდვა კანონის მე-40 მუხლის მე-11 პუნქტის დათქმაში, გულისხმობს მოხელეს, რომელიც მუშაობს პროკურატურისა და სასამართლოს ხელისუფლების ორგანოების გარეთ. ამასთან, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-6 და 11.2 მუხლების თანახმად, მოსამართლე, როგორც მოხელე, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მოქმედების სუბიექტს არ წარმოადგენს და მასზე არ ვრცელდება «პროკურატურის შესახებ» კანონის მე-40 მუხლის მე-11 პუნქტის დათქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით შ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

შ. შ-ი 1971 წლიდან მუშაობდა საქართველოს პროკურატურაში. საქართველოს პროკურორის 1990 წლის 28 თებერვლის ბრძანებით გათავისუფლდა ბოლნისის რაიონული პროკურორის .... თანამდებობიდან, ბოლნისის რაიონის სასამართლოს სახალხო მოსამართლედ არჩევასთან დაკავშირებით. 1990 წლის მდგომარეობით პროკურატურაში მუშაობის საერთო სტაჟმა შეადგინა 19 წელი და 6 თვე, ხოლო სასამართლოში მუშაობისას _ 9 წელი, 6 თვე და 1 დღე. საპენსიო ასაკის გახდა 2005 წლის 18 აპრილს. მოსარჩელემ მიმართა გენერალურ პროკურატურას პროკურატურის ხაზით პენსიის დანიშვნის თაობაზე, რაზეც უარი მიიღო იმ საფუძვლით, რომ არ აკმაყოფილებდა «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის მე-40 მუხლის მოთხოვნებს.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ პენსიის დანიშვნისთვის 25-წლიანი სტაჟი შესრულებული ჰქონდა და იგი აკმაყოფილებდა «პროკურატურის შესახებ» კანონის 40.9 მუხლის მოთხოვნას და კანონის 40.11. მუხლის დათქმა: «გარდა იმ შემთხვევებისა თუ იგი პროკურატურიდან დათხოვნის შემდეგ არის საჯარო მოხელე,» მასზე არ ვრცელდებოდა და განმარტა, რომ «პროკურატურის შესახებ» კანონის მე-40 მუხლის მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტებიდან გამომდინარე, მუშაკს, რომელიც პენსიის დანიშვნის მომენტისთვის აღარ მსახურობს პროკურატურაში, მაგრამ აქვს ამ კანონის მე-9-10 პუნქტებით გათვალისწინებული შრომითი სტაჟი, ენიშნება პენსია პროკურატურის ხაზით, მხოლოდ მე-11 პუნქტში მითითებული გამომრიცხავი გარემოების გარდა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე პროკურატურიდან გათავისუფლების შემდეგ იყო მოსამართლე, რაც «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 2.2. «ა» მუხლის შესაბამისად, ითვლება საჯარო სამსახურად. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, პროკურატურის ხაზით პენსიის დანიშვნის შესახებ, იყო უსაფუძვლო /იხ.ს.ფ. 52-54/.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. შ-მა, რომლითაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:

«პროკურატურის შესახებ» კანონის მე-40 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებში პენსიის დანიშვნის წინაპირობად პირდაპირაა მითითებული პროკურატურისა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში ნამსახურობის 25-წლიანი სტაჟი, ანუ პენსიის მიღების სუბიექტად პირდაპირაა მითითებული მოსამართლე, რომელმაც პროკურატურის ორგანოებში იმუშავა არანაკლებ 15 წელი. ამასთან, მე-40 მუხლში პროკურატურისა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოები ერთ კონტექსტშია აღნიშნული, რის გამოც მე-11 პუნქტის დათქმა არ ვრცელდება მოსამართლეზე, მით უფრო, რომ მოსამართლე არ არის საჯარო მოხელე, რამდენადაც «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 11.2 მუხლის თანახმად, მოსამართლე, როგორც მოხელე, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მოქმედების სუბიექტს არ წარმოადგენს და მასზე არ ვრცელდება «პროკურატურის შესახებ» კანონის მე-40 მუხლის მე-11 პუნქტის დათქმა /იხ.ს.ფ. 60-62/.

სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 თებერვლის განჩინებით შ. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს, რის გამოც, სასამართლოს დასკვნით, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოსაზრება, რომ «პროკურატურის შესახებ» კანონის მე-40 მუხლის მე-11 პუნქტის ბოლო წინადადებაში გაკეთებული დათქმა არ გულისხმობდა მოსამართლეს და განმარტა, რომ კანონმდებლის ნებას არ წარმოადგენდა ზემომითითებული ნორმის ამგვარი ინტერპრეტაციით ჩამოყალიბება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონმდებელი ნორმას დაამატებდა სიტყვებს: «საჯარო მოხელე (გარდა მოსამართლისა), რაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა /იხ.ს.ფ. 126-129/.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. შ-მა, რომლითაც მოითხოვა 2007 წლის 7 თებერვლის განჩინების გაუქმება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, 2007 წლის 7 თებერვლის საოქმო განჩინების გაუქმება კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, 2006 წლის 28 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება /იხ.ს.ფ. 135-139/.

კასაციის მოტივი:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, როცა მიიჩნია, რომ მოსამართლე წარმოადგენდა საჯარო მოხელეს და, შესაბამისად, «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, კასატორს არ ეკუთვნოდა პროკურატის ხაზით პენსიის დანიშვნა, რამდენადაც პროკურატურის ხაზით პენსიის დანიშვნის სუბიექტად პირდაპირაა მითითებული პროკურატურისა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში ნამსახურობის 25-წლიანი სტაჟი, ანუ ამგვარი პენსიის მიღების უფლება აქვს მოსამართლესაც, რომელმაც პროკურატურაში უმუშავა არანაკლებ 15 წელი, ხოლო საერთო სტაჟი კი ხელისუფლების ამ ორგანოებში უნდა შეადგენდეს 25 წელს, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. ამასთან, ვინაიდან კანონმდებელი პირდაპირ მიუთითებს პროკურატურისა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში ერთობლივი სამსახურის 25 წლის სტაჟს, შესაბამისად კანონის 40.11 პუნქტში გაკეთებული დათქმა: «გარდა იმ შემთხვევისა თუ იგი პროკურატურიდან დათხოვნის შემდეგ არის საჯარო მოხელე», არ ვრცელდება მოსამართლეებზე და ეს შეზღუდვა სასამართლო ორგანოების გარეთ არის გატანილი, კერძოდ, ამგვარ საჯარო მოხელედ შეიძლება იგულისხმებოდეს საკანონმდებლო და აღმასრულებელ, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებში მომუშავე საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც პროკურატურიდან გათავისუფლების შემდეგ იქ მუშაობას დაიწყებენ.

კასატორის მითითებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 11.2 მუხლის თანახმად, მოსამართლე, როგორც მოხელე, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მოქმედების სუბიექტს არ წარმოადგენს და მასზე არ ვრცელდება «პროკურატურის შესახებ» კანონის მე-40 მუხლის მე-11 პუნქტის დათქმა.

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 10 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის «ა» პუნქტის საფუძველზე შ. შ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად /აბსოლუტური კასაცია/.

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის _ საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ნაწილობრივ ცნო შ. შ-ის სარჩელი და საკასაციო საჩივარი, კერძოდ, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გამოცემული შ. შ-ის სარჩელი ცნო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ნაწილში, საკასაციო საჩივარი ცნო სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. 218, სხდომის ოქმი/.

მესამე პირის _ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს წარმომადგენელმა არ ცნო შ. შ-ის საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. 218, სხდომის ოქმი/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება- დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შ. შ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 თებერვლის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის _ საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ნაწილობრივ ცნო შ. შ-ის სარჩელი და საკასაციო საჩივარი, კერძოდ, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გამოცემული შ. შ-ის სარჩელი ცნო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ნაწილში, საკასაციო საჩივარი ცნო სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. 218, სხდომის ოქმი/.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს, უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი, კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს მოწინააღმდეგე მხარის _ საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის შუამდგომლობას სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელის ცნობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ნაწილში არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, რამდენადაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, ამკვიდრებს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს _ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას უფლებამოსილების ფარგლებში, ანუ განსხვავებით კერძო სამართლებრივი ურთიერთობებისაგან, სადაც მოქმედებს ნების ავტონომიის პრინციპი. ადმინისტრაციული ორგანო მოქმედი კანონმდებლობით შეზღუდულია ნების გამოხატვის თვალსაზრისით, კერძოდ, მისი გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამომდინარეობდეს მისთვის კანონით პირდაპირ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებიდან. ადმინისტრაციული ორგანო სამართალწარმოებაში დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლენისას შეზღუდულია კანონით მინიჭებული უფლებამოსილების და კანონიერების ფარგლებით, რამდენადაც მისი ნების გამოვლენა (სარჩელის ცნობა, მორიგება, სარჩელზე უარის თქმა) ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს კანონიერი, კანონის ჩარჩოში მოქცეული, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 3.2. მუხლის საფუძველზე შეამოწმოს ადმინისტრაციული ორგანოს ამგვარი ნების გამოვლენა, არაუფლებამოსილია მიიღოს ამ უკანასკნელისგან იგი, იმ შემთხვევაში, თუკი ამგვარი ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 და 394. ,,ე” მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი; სადავო სამართალურთიერთობას არასწორად შეუფარდა სამართლის ნორმა, რის გამოც გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია.

სააპელაციო სასამართლომ ისე გადაწყვიტა დავა, რომ არ გაუქარწყლებია სააპელაციო საჩივრის მოტივაცია, არ გადმოუცია განჩინებაში საჩივრის სამართლებრივი არგუმენტაციის საპროცესო იურიდიული დასაბუთება, რითაც დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა საქმის გარემოებათა ყოველმხრივ ობიექტურად დადგენისა და კანონიერი შეფასებების თაობაზე. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო დარღვევების გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მათი დამატებითი გამოკვლევა, კერძოდ:

შ. შ-ი 1971 წლიდან მუშაობდა საქართველოს პროკურატურაში. საქართველოს პროკურორის 1990 წლის 28 თებერვლის ბრძანებით გათავისუფლდა ბოლნისის რაიონული ...... ... თანამდებობიდან, ბოლნისის რაიონის სასამართლოს ..... არჩევასთან დაკავშირებით. 1990 წლის მდგომარეობით პროკურატურაში მუშაობის საერთო სტაჟმა შეადგინა 19 წელი და 6 თვე, ხოლო სასამართლოში მუშაობისას _ 9 წელი, 6 თვე და 1 დღე. საპენსიო ასაკის გახდა 2005 წლის 18 აპრილს. მოსარჩელემ მიმართა გენერალურ პროკურატურას პროკურატურის ხაზით პენსიის დანიშვნის თაობაზე, რაზეც უარი მიიღო იმ საფუძვლით, რომ არ აკმაყოფილებდა «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის მე-40 მუხლის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლო სრულიად დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში შ. შ-ი პროკურატურის ორგანოებიდან გათავისუფლების შემდეგ, მუშაობდა რა მოსამართლედ, ის, როგორც საჯარო მოხელე, არ ითვლებოდა პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის მე-40 მუხლის საფუძველზე პროკურატურის ხაზით პენსიის მიღების უფლების მქონე სუბიექტად კანონის მე-11 პუნქტში გაკეთებული დათქმის (გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი პროკურატურიდან დათხოვნის შემდეგ არის საჯარო მოხელე ან იღებს რომელიმე სხვა სახის პენსიას) საფუძველზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ საჯარო მოსამსახურეების სახეებს, რომლებზედაც არ ვრცელდება ამ კანონის მოქმედება. კანონის მე-2 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ამ პუნქტში ჩამოთვლილ მოსამსახურეებზე, მათ შორის, «ბ» ქვეპუნქტის თანახმად მოსამართლეებზე, ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი.

«საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 1-ლი მუხლი განსაზღვრავს საჯარო სამსახურისა და სახელმწიფო თანამდებობის ცნებას. კანონის 1.1. მუხლის თანახმად, საჯარო სამსახური (შემდგომ სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითთმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ამავე კანონის 1.4 მუხლის თანახმად, სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობად ითვლება შრომითი ურთიერთობა არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე იმ დაწესებულებაში, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობას და კონტროლს, აგრეთვე _ სახელმწიფო თავდაცვას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსამართლე წარმოადგენს სახელმწიფო მოხელეს, რომელზედაც «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევებში _ თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, მაშინ, როცა საჯარო მოსამსახურე არის პირი, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით და დაკავებული თანამდებობის შესაბამისად ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებში, ანუ საჯარო მოხელე არის პირი, რომელიც პირდაპირ წარმოადგენს «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მოქმედების სუბიექტს, ამ კანონის საფუძველზე ხდება მისი თანამდებობაზე დანიშვნა (არჩევა), გათავისუფლება, იმ უფლებებითა და შეღავათებით აღჭურვა, რაც ამავე კანონით საჯარო მოხელისათვის არის დადგენილი, მაშინ, როცა მოსამართლის მიმართ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მოქმედება ნეგატიურ პრინციპზეა აგებული, მისი გავრცელება დასაშვებია მხოლოდ საგამონაკლისო სახით _ თუ კონსტიტუციით და სპეციალური საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე თავში _ სასამართლო ხელისუფლება, რეგულირებულია მოსამართლის არჩევის (დანიშვნის) პრინციპი და წესი, ხოლო «საერთო სასამართლოების შესახებ» ორგანული კანონის 1.2. მუხლის თანახმად, სწორედ მითითებული კანონი არეგულირებს და განსაზღვრავს საერთო სასამართლოების სისტემასა და ორგანიზაციას, მოსამართლის სამართლებრივ მდგომარეობის, მისი თანამდებობაზე არჩევის (დანიშვნისა) და გათავისუფლების წესს. ამდენად, მოსამართლე, როგორც სახელმწიფო მოხელე, ექცევა სწორედ «საერთო სასამართლოების შესახებ» ორგანული კანონის მოქმედების სფეროში და მასზე «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მოქმედების გავრცელება მხოლოდ საგამონაკლისო სახით არის დაშვებული.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში, როგორც საჯარო დაწესებულებაში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, საჯარო შრომით-სამართლებრივ ურთიერთობას ეწევიან საქართველოს კონსტიტუციისა და ორგანული კანონების საფუძველზე არჩეული (დანიშნული) მოსამართლეები, ასევე «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის საფუძველზე დანიშნული საჯარო (სასამართლო) მოხელეები. სწორედ სასამართლო მოხელე უნდა იქნას მოაზრებული საჯარო სამსახურში მოსამსახურე პირად და არა საკუთრივ მოსამართლე, როგორც ამ კანონის მიღმა მდგომი განსაკუთრებული საჯარო ფუნქციის განმხორციელებელი სუბიექტი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის 40.11. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სპეციალური პენსიის მიღების ორი გამომრიცხველი ფაქტორია: 1. პროკურატურიდან დათხოვნილი პირი არის საჯარო მოხელე; 2. იღებს რომელიმე სხვა სახის პენსიას, რაც ნიშნავს, რომ პენსიის დანიშვნის მოთხოვნის მომენტში პირი იმავდროულად არ უნდა იყოს მოქმედი საჯარო მოხელე (რაც გამორიცხავს სახელმწიფო დაფინანსებით ერთდროულად ხელფასის და პენსიის მიღების შესაძლებლობას), ასევე, მე-2 პირობის მიხედვით, პირი ვერ მიიღებს ერთდროულად ორი სახის პენსიას; განსახილველ შემთხვევაში, შ. შ-ის მიმართ არ არსებობს არც ერთი გამომრიცხველი ფაქტორი, იგი პენსიის მოთხოვნის მომენტში არ არის საჯარო მოხელე და არ იღებს სხვა სახის პენსიას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურატურიდან გათავისუფლების შემდეგ სახალხო მოსამართლედ შ. შ-ის მუშაობა არ შეიძლება გახდეს ამ უკანასკნელის მიმართ «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის 40.11. მუხლში გაკეთებული გამომრიცხველი დათქმის გავრცელების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-9 პუნქტის /კანონის 03.07.2005წ. რედაქციით/ საფუძველზე განმარტავს, რომ პროკურატურის მუშაკს, თუ მას გააჩნია პროკურატურის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო უშიშროებისა და სასამართლოს ხელისუფლების ორგანოებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 25 წლის სტაჟი (მათ შორის, 15 წელი მაინც პროკურატურის სისტემაში სპეციალობით მუშაობის) და არ მიუღწევია საპენსიო ასაკისათვის, ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის «ა», «ვ» ან «თ» ქვეპუნქტების საფუძველზე პროკურატურიდან დათხოვნის შემთხვევაში, უფლება აქვს, პენსია მიიღოს მისი ხელფასის 60 პროცენტის ოდენობით, რაც იცვლება მოქმედი პროკურორისა და გამომძიებლის ხელფასის შეცვლასთან ერთად, ხოლო საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ ენიშნება პენსია ამ მუხლის მე-10 პუნქტით /კანონის 03.07.2005წ. რედაქციით/ დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, პროკურატურის მუშაკს, თუ მას გააჩნია პროკურატურის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო უშიშროებისა და სასამართლოს ხელისუფლების ორგანოებში (მათ შორის 4 წელი მაინც პროკურატურის სისტემაში) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 25 წლის სტაჟი, პენსიაზე გასვლისას ენიშნება სამისდღეშიო პენსია ამ კანონით დადგენილი ხელფასის სრული ოდენობით, რაც იცვლება მოქმედი პროკურორისა და გამომძიებლის ხელფასის შეცვლასთან ერთად.

საკასაციო სასამართლო «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის მე-11 პუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ პროკურატურის მუშაკს, ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პენსია დაენიშნება სათანადო ორგანოებისათვის შესაბამისი განცხადებით მიმართვის დღიდან, იმისდა მიუხედავად, პენსიის დანიშვნისას მსახურობს თუ არა პროკურატურაში, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ იგი პროკურატურიდან დათხოვნის შემდეგ არის საჯარო მოხელე ან იღებს რომელიმე სხვა სახის პენსიას.

ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსის ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით კანონმდებელმა გამიჯნა ამ კანონის საფუძველზე პენსიის მიღების უფლების მქონე სუბიექტები, კერძოდ, მე-9 პუნქტით _ პროკურატურის მუშაკი, რომელსაც გააჩნია პროკურატურის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო უშიშროებისა და სასამართლოს ხელისუფლების ორგანოებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 25 წლის სტაჟი (მათ შორის, 15 წელი მაინც პროკურატურის სისტემაში სპეციალობით მუშაობის) და არ მიუღწევია საპენსიო ასაკისათვის, ანუ იმ დროისათვის, როცა ის პროკურატურის სისტემიდან გათავისუფლდა, არ მოუპოვებია ამ კანონის საფუძველზე პენსიის მიღების უფლება ასაკის გამო და პროკურატურის მუშაკი, რომელსაც გააჩნია პროკურატურის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო უშიშროებისა და სასამართლოს ხელისუფლების ორგანოებში (მათ შორის, 4 წელი მაინც პროკურატურის სისტემაში) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 25 წლის სტაჟი და მიაღწია საპენსიო ასაკს, რომლის საფუძველზეც მოიპოვა სამისდღეშიო პენსია, რამდენადაც «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-10 პუნქტი სწორედ საპენსიო ასაკს მიღწეულ პირზე მიუთითებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის 40.11. მუხლი შეიცავს დათქმას, რომლის თანახმად, პროკურატურის მუშაკს, ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პენსია დაენიშნება სათანადო ორგანოებისათვის შესაბამისი განცხადებით მიმართვის დღიდან, მიუხედავად იმისა, პენსიის დანიშვნისას მსახურობს თუ არა პროკურატურაში, «გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი პროკურატურიდან დათხოვნის შემდეგ არის საჯარო მოხელე ან იღებს რომელიმე სხვა სახის პენსიას».

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის 2005 წლის 2 სექტემბრის ¹02/6/5524 გადაწყვეტილება _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მისი ძალაში შესვლის მომენტიდან, როგორც კანონსაწინააღმდეგო, ექვემდებარება ბათილად ცნობას, რამდენადაც შ. შ-ი საქართველოს გენერალური პროკურატურისადმი პროკურატურის ხაზით პენსიის დანიშვნის მოთხოვნით მიმართვის პერიოდში აკმაყოფილებდა «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, და ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო უარი არ შეიძლება გახდეს მისთვის კანონით ამგვარი პრივილეგიის მიღების დამაბრკოლებელი გარემოება, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს უარი პენსიის დანიშვნაზე, ეწინააღმდეგება იმ დროისათვის, კერძოდ, შ. შ-ის მიმართვის მომენტისთვის მოქმედ კანონმდებლობას, არ გამომდინარეობს საქმის გარემოების ობიექტური შეფასებიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60I მუხლის 1-ლი ნაწილის, მე-7 ნაწილის «ა» პუნქტისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე სადავო გადაწყვეტილება ექვემდებარება ბათილად ცნობას მისი ძალაში შესვლის მომენტიდან.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის უარი შ. შ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, უკანონოა, რამდენადაც იგი არსებითად ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, რასაც შედეგად მოჰყვა პირისათვის კანონით მინიჭებული სოციალური გარანტიის მიღების _ სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის დაუსაბუთებელი შეზღუდვა. შ. შ-ი პროკურატურის ხაზით პენსიის მიღებისას დამოკიდებული იყო ადმინისტრაციული ორგანოს მართლზომიერ, კანონიერ მოქმედებაზე. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში მოქმედი კანონიერი ნდობის ინსტიტუტი ვრცელდება ადმინისტრაციული ორგანოს ნებისმიერი მოქმედების მიმართ, რომ ორგანოს მიერ ყოველი კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგებისას, მოქმედებისას ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილებას განახორციელებს კანონის საფუძველზე, მისთვის პირდაპირ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მესამე პირის _ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს წარმომადგენლის პოზიციას, რომ 2005 წლის 23 დეკემბერს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით ამოღებულ იქნა «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-9, მე-10 და მე-11 მუხლები, რომლებიც განსაზღვრავდა პროკურატურის მუშაკისათვის პენსიის დანიშვნის საფუძვლებს, ამასთან, 2006 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა «სახელმწიფო კომპენსაციებისა და აკადემიური სტიპენდიების შესახებ» საქართველოს კანონი, რომლის მე-9 მუხლის შესაბამისად, პროკურატურის მუშაკს კომპენსაცია დაენიშნება მხოლოდ პროკურატურის ორგანოებიდან «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის «ნ» ქვეპუნქტით (საპენსიო ასაკი) გათვალისწინებული საფუძვლით გათავისუფლებისას, რის გამოც შ. შ-ი აღარ არის აღჭურვილი იმ უფლებით, რაც მას გააჩნდა სარჩელის აღძვრის მომენტისთვის, შემდეგ გარემოებათა გამო:

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში ..... ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღების უფლება წარმოადგენს პირის საჯარო სუბიექტური უფლების ერთ-ერთ სახეს, რომლითაც იგი საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე აღჭურვილია სახელმწიფო ხელისუფლების მიმართ. სუბიექტური უფლების წარმოშობის წინაპირობა არის მეორე პირის მოვალეობა, რამდენადაც სუბიექტური საჯარო სამართლებრივი უფლება არის პირისადმი საჯარო სამართლის ნორმით მინიჭებული უფლება, თავისი ინტერესების დასაცავად მოითხოვოს სახელმწიფოსაგან კონკრეტული დამოკიდებულება. საქართველოს გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილება, შ. შ-ის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის პერიოდში კანონიერი სახით გამოცემის შემთხვევაში შეიძენდა მოსარჩელისათვის აღმჭურველი აქტის სტატუსს, მიანიჭებდა მას უფლებას, ესარგებლა პროკურატურის ხაზით კანონით მინიჭებული პენსიის დანიშვნის შესაძლებლობით, ანუ მატერიალური თვალსაზრისით, გენერალური პროკურატურისადმი მიმართვის პერიოდში კანონიერი გადაწყვეტილება სამართლებრივად და უფლებრივად მნიშვნელოვან ძალას შეიძენდა, მას მოჰყვებოდა განსაზღვრული იურიდიული შედეგი _ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიერ პროკურატურიდან შ. შ-ის პენსიის ოდენობის დაანგარიშების საფუძველზე მისთვის პროკურატურის ხაზით პენსიის დანიშვნა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელდა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოქმედი კანონმდებლობის არასწორი გაგების გამო.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 1997 წელს კანონმდებელმა «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის მიღებისას სრულად დაამკვიდრა საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული და დაცული მაღალი რისკის შემცველი პროფესიის წარმომადგენლის მათ შორის პროკურორის სოციალური გარანტიები - სახელმწიფოში არსებულ სოციალურ ფონთან შედარებით მაღალი ხარისხის სოციალური დაცვა, მოახდინა რა პენსიონერი პროკურორის სოციალური გარანტიის განსაკუთრებული უზრუნველყოფა. აღნიშნული განპირობებულია პროკურორის თანამდებობის, როგორც საჯარო უფლებამოსილების განმხორციელებელი, განსაკუთრებული უფლება-მოვალეობებით აღჭურვილი სუბიექტის სპეციფიურობით.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარისა და მესამე პირის მოსაზრებებს, რომ განსახილველ შემთხვევაში შ. შ-ის მიმართ უნდა გავრცელდეს 2006 წლის 1 იანვრიდან ძალაში შესული «სახელმწიფო კომპენსაციებისა და აკადემიური სტიპენდიების შესახებ» საქართველოს კანონი, ვინაიდან:

«სახელმწიფო კომპენსაციებისა და აკადემიური სტიპენდიების შესახებ» საქართველოს კანონისთვის, კანონმდებელს უკუქცევითი ძალა არ მიუნიჭებია სპეციალური დათქმით, როგორც ამას ითვალისწინებს «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის 47.1. მუხლი, უფრო მეტიც, «სახელმწიფო კომპენსაციებისა და აკადემიური სტიპენდიების შესახებ» /2006 წლის 1 იანვრის რედაქციით/ საქართველოს კანონის 36.1. მუხლის თანახმად ამ კანონის ამოქმედების დღიდან ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით (მათ შორის ე) პუნქტის თანახმად, პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონით) დანიშნულ და გაცემულ პენსიებს (პენსიის დანამატებთან ერთად) ეწოდა შესაბამისად კომპენსაცია და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია და მათი გაცემა გაგრძელდა, როგორც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, ხოლო ამავე კანონის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის ე) პუნქტის თანახმად «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონით ამ კანონის ამოქმედებამდე უკვე დანიშნული კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია არ ექვემდებარება გადაანგარიშებას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100-ე მუხლის საფუძველზე 1 თვის ვადაში უნდა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი /გადაწყვეტილება/ შ. შ-ის «პროკურატურის შესახებ» კანონის საფუძველზე, საპენსიო უზრუნველყოფის დოკუმენტების შედგენისა და სოციალური სუბსიდიების სააგენტოსათვის გადაგზავნის თაობაზე, 2005 წლის 2 სექტემბრის სამართლებრივი მდგომარეობით, რამდენადაც შ. შ-ი 2005 წელს საქართველოს გენერალური პროკურატურისადმი მიმართვის პერიოდში წარმოადგენდა «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის მე-40 მუხლის საფუძველზე პროკურატურის ხაზით პენსიის მიღების უფლების მქონე სუბიექტს, რასაც ის მიიღებდა ადმინისტრაციული ორგანოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილების პირობებში. შესაბამისად, მას პენსიის მიღების უფლება და სარგებელი წარმოეშვა სწორედ 2005 წლის 2 სექტემბრის _ პროკურატურისათვის მიმართვის მდგომარეობით, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონის არასწორი გამოყენება-გაგების საფუძველზე მიღებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება _ უარი პენსიის მიღებაზე, არ შეიძლება გახდეს შ. შ-ის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და მასზე «პროკურატურის შესახებ» ორგანულ კანონში 2005 წლის 23 დეკემბერს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებისა და 2006 წლის 1 იანვრიდან ძალაში შესული «სახელმწიფო კომპენსაციებისა და აკადემიური სტიპენდიების შესახებ» საქართველოს კანონის გავრცელების საფუძველი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შ. შ-ის საკასაციო საჩივარი ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, რამდენადაც შ. შ-მა საკასაციო წესით სადავოდ გახადა სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 თებერვლის საოქმო განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა საქმეში მესამე პირის _ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის თანამოპასუხედ ჩაბმის თაობაზე და 2006 წლის 28 დეკემბრის განჩინება, რომლითაც უარი ეთქვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.3 მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და წინ უსწრებს სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანას იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში შ. შ-ის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 თებერვლის საოქმო განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შ. შ-ის შუამდგომლობა საქმეში მესამე პირის _ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის თანამოპასუხედ ჩაბმის თაობაზე და 2006 წლის 28 დეკემბრის განჩინება, რომლითაც უარი ეთქვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ხოლო სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 თებერვლის განჩინება, არ წარმოადგენს, სსსკ-ის 377.3. მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების წინმსწრებ განჩინებას, რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ როგორც ზემდგომმმა სასამართლომ 2007 წლის 7 თებერვლის განჩინებით იმსჯელა შ. შ-ის კერძო საჩივარზე, რომელიც ეხებოდა შ. შ-ის სარჩელის დაუშვებლობას ფონდის მიმართ მოთხოვნის ნაწილში. ამდენად, კასატორის მიერ გასაჩივრებული საპროცესო აქტები აღარ წარმოადგენს საკასაციო სასამართლოსათვის გადაწყვეტილების წინმსწრებ განჩინებებს, რომლებზეც შესაძლებელია იმსჯელოს სსსკ-ის 377.3. მუხლის საფუძველზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად სახეზეა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური წინაპირობები და შ. შ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შ. შ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 თებერვლის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. შ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

ა) ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის 2006 წლის 2 სექტემბრის ¹02/6/5524 გადაწყვეტილება, მისი გამოცემის მომენტიდან;

ბ) დაევალოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას 1 თვის ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი /გადაწყვეტილება/ შ. შ-ის «პროკურატურის შესახებ» კანონის საფუძველზე საპენსიო უზრუნველყოფის დოკუმენტების შედგენისა და სოციალური სუბსიდიების სააგენტოსათვის გადაგზავნის თაობაზე, 2005 წლის 2 სექტემბრის სამართლებრივი მდგომარეობით;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.