Facebook Twitter

¹ბს-315-307(კ-08) 29 ოქტომბერი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ც. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ც. ს-ემ 26.10.04წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, ქ. თბილისის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის მიმართ და ქ. თბილისის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის 27.09.04წ. ¹341-კ ბრძანების უკანონოდ ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურება მოითხოვა.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1971 წლიდან მუშაობდა ქ. თბილისის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციაში, ჯერ კვების ქვეგანყოფილების .... თანაშემწის, ხოლო 2000 წლიდან _ სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ჯგუფის .... თანამდებობაზე. 27.09.04წ. ¹341-კ ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა სამსახურიდან, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რეორგანიზაციის გამო. მოსარჩელის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციამ დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების შესახებ, ასევე “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, მოხელე არ შეიძლებოდა გაეთავისუფლებუნათ სამსახურიდან, თუ იგი თანახმა იქნებოდა დანიშნულიყო სხვა თანამდებობაზე. სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნას მოსარჩელე აფუძნებდა იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციაში .... თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში “ქ. თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის საბიუჯეტო დაწესებულებების მოსამსახურეთა თანამდებობის დასახელებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 30.04.99წ. ¹12-8 გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელის ხელფასი შეადგენდა 90 ლარს, ადმინისტრაციის მიერ კი მასზე გაცემული ხელფასი თვეში მხოლოდ 33 ლარს შეადგენდა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 05.04.05წ. გადაწყვეტილებით ც. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ქ. თბილისის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციას ც. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 3411,85 ლარის ოდენობით.

რაიონული სასამართლოს განმარტებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი და შრომის კანონთა კოდექსი ითვალისწინებდა მუშაკის აღდგენას იმ თანამდებობაზე, რომელზედაც მუშაობდა გათავისუფლებამდე. მოსარჩელე ც. ს-ე გათავისუფლებამდე მუშაობდა ქ. თბილისის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციაში სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ჯგუფის ..... რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების შემდეგ სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციაში აღნიშნული ჯგუფი აღარ იყო გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე, შეუძლებელი იყო წინანდელ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ც. ს-ის მოთხოვნის დაკმაყოფილება. შესაბამისად, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ. სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნა, ვინაიდან “ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობის დასახელებებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ” თბილისის საკრებულოს 30.04.99წ. ¹12-8 გადაწყვეტილების მიხედვით, სპეციალისტის სარგო განისაზღვრებოდა თვეში 90 ლარის ოდენობით. ქ. თბილისის საკრებულოს 30.04.99წ. ¹12-8 გადაწყვეტილებაში ცვლილება შევიდა 21.09.2000წ. ¹10-12 და 28.06.04წ. ¹11-2 გადაწყვეტილებებით, ხოლო ქ. თბილისის საკრებულოს 07.02.05წ. ¹2-3 გადაწყვეტილებით იგი ძალადაკარგულად გამოცხადდა. 1999 წლიდან 2005 წლის 7 თებერვლამდე სპეციალისტის ხელფასი შეადგენდა 90 ლარს. ქ. თბილისის საკრებულოს 30.04.99წ. ¹12-8 გადაწყვეტილებით, ც. ს-ის თანამდებობრივი სარგოს გათვალისწინებით (თვეში 90 ლარის ოდენობით), 1999 წლის მაისიდან 2004 წლის სექტემბრის ჩათვლით (მთლიანობაში 65 თვე) ც. ს-ის ხელფასი შეადგენდა 5850 ლარს. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ¹20-1/06-1261 ცნობის მიხედვით, ც. ს-ეს მიღებული ჰქონდა ხელფასი 2438,15 ლარის ოდენობით.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის საქალაქო სამსახურის სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციამ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში. აპელანტმა მოითხოვა ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქმე არაერთგზის იქნა განხილული სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.07წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 05.04.05წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ც. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ქ. თბილისის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციას დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 3411 ლარისა და 85 თეთრის გადახდა ც. ს-ის სასარგებლოდ და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ც. ს-ის სარჩელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლით დადგენილი წესით მოსარჩელე ც. ს-ეს არ წარმოუდგენია რაიმე დამადასტურებელი მტკიცება იმისა, რომ ქ. თბილისის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციას ც. ს-ის მიმართ გააჩნდა სახელფასო დავალიანება. სახელფასო დავალიანების არარსებობაზე მიუთითებს ასევე ქ. თბილისის მერია.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მუშაობის პერიოდში (2000 წლის 25 ივლისიდან 2004 წლის 27 სექტემბრამდე) მოსარჩელეს ხელფასის სახით დარიცხული და მიღებული აქვს 1919 ლარი და 17 თეთრი. მოსარჩელის თანამდებობრივი სარგო არ შეადგენდა 90 (ოთხმოცდაათ) ლარს. მუშაობის პერიოდში ც. ს-ეს სადავოდ არ გაუხდია მისი თანამდებობრივი სარგოს _ ხელფასის ოდენობა ან ის, რომ დარიცხული ხელფასი მას არ მიუღია. მოსარჩელე ასაჩივრებს იმას, რომ ქ. თბილისის საკრებულოს 30.04.99წ. ¹12-8 გადაწყვეტილებით და ამ გადაწყვეტილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, მისი, როგორც საქალაქო სამსახურის სპეციალისტის, თანამდებობრივი სარგო 2000-2004 წლების პერიოდში უნდა ყოფილიყო 90 ლარი და სწორედ ამ თანხის გაუცემლობის გამო წარმოეშვა ადმინისტრაციას მის მიმართ სახელფასო დავალიანება.

ქალაქ თბილისის საკრებულოს 30.04.99წ. ¹12-8 გადაწყვეტილებით დამტკიცდა “ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის საბიუჯეტო დაწესებულებების მოსამსახურეთა თანამდებობის დასახელებებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები”. დადგინდა სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო 90 ლარის ოდენობით. დანართზე არსებული ¹1 შენიშვნის მიხედვით, საქალაქო სამსახურების მუშაკთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრა დანართში შესაბამის მუშაკთა თანამდებობრივ სარგოზე 5%-ით ნაკლები ოდენობით. ქალაქ თბილისის საკრებულოს 21.09.2000წ. ¹12-10 გადაწყვეტილებით შეტანილ იქნა ნაწილობრივი ცვლილება “ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის საბიუჯეტო დაწესებულებების მოსამსახურეთა თანამდებობის დასახელებებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 30.04.99წ. ¹12-8 გადაწყვეტილების დანართში, დამტკიცდა ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის საბიუჯეტო დაწესებულებების მოსამსახურეთა თანამდებობის დასახელებები და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები შესწორებული დანართის შესაბამისად, დადგინდა სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო 90 ლარის ოდენობით. დანართზე არსებული ¹1 შენიშვნის მიხედვით, საქალაქო სამსახურების მუშაკთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრა დანართში შესაბამის მუშაკთა თანამდებობრივ სარგოზე 5%-თ (85.50 ლარი) ნაკლები ოდენობით. ქალაქ თბილისის საკრებულოს 28.06.04წ. ¹11-2 გადაწყვეტილებით, შეტანილ იქნა ცვლილებები “ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის საბიუჯეტო დაწესებულებების მოსამსახურეთა თანამდებობის დასახელებებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 30.04.99წ. ¹12-8 გადაწყვეტილებაში, დამტკიცებული დანართი შეიცვალა ახალი დანართით. სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 90 ლარის ოდენობით. ქალაქ თბილისის საკრებულოს 30.04.99წ. ¹12-8 გადაწყვეტილება ძალადაკარგულად გამოცხადდა ქალაქ თბილისის საკრებულოს 07.02.05წ. ¹2-3 გადაწყვეტილებით. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127.1 მუხლის მიხედვით, მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება. ამ მუხლის მე-3 პუნქტით მოხელეს შეუძლია სასამართლოში მოითხოვოს ბრძანების, განკარგულების, გადაწყვეტილების ან მოქმედების ნაწილობრივ ან მთლიანად არაკანონიერად აღიარება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ც. ს-ის _ ქალაქ თბილისის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ჯგუფის .... თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების (25.07.2000წ._27.09.2004წ.) პერიოდში, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს ნორმატიული აქტები _ ქალაქ თბილისის საკრებულოს 3.04.99წ. ¹12-8 გადაწყვეტილება, ამავე საკრებულოს 21.09.2000წ. ¹12-10 და 28.06.04წ. ¹11-2 გადაწყვეტილებები (ცვლილებების შეტანის შესახებ გამოქვეყნებული იყო, გააჩნდა სავალდებულო იურიდიული ძალა და ითვლება, რომ გამოქვეყნების შედეგად დაინტერესებული პირებისთვის ცნობილი იყო ამ აქტის შესახებ). მუშაობის პერიოდში (25.07.2000წ. _ 27.09.2004წ.)) ცნობილი იყო და მოსარჩელეს კანონმდებლობით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდია ადმინისტრაციის მოქმედება, მისთვის თანამდებობრივი სარგოს (ხელფასის) ოდენობის არასწორი განსაზღვრის თაობაზე და მხოლოდ 28.10.04წ. სარჩელის სასამართლოში წარდგენით მოითხოვა სახელფასო დავალიანების (და არა ადმინისტრაციის არასწორი მოქმედების გამო ზიანის) ანაზღაურება საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 96-ე და 97-ე მუხლების საფუძველზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, ვინაიდან განსახილველი დავის შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს ადმინისტრაციის მოქმედების შედეგად, სადავო პერიოდში 90 ლარის სარგოს ნაცვლად, ხელფასის სახით ნაკლები თანხის (33 ლარი, 50 თეთრი) არასწორად დაანგარიშებული სახელფასო დავალიანების (არა სხვაობას მიღებულ და მიუღებელ ხელფასებს შორის) ანაზღაურებას, სარჩელის სასამართლოში წარდგენის მომენტისათვის გასული იყო ადმინისტრაციის “მოქმედების” გასაჩივრების კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.07წ. გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ც. ს-ემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. ს-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ც. ს-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ც. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.07წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.