Facebook Twitter

ბს-316-308(კ-08) 18 ივნისი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ბ. ყ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2001 წლის 11 სექტემბერს ბ. ყ.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის შიდა ქართლის რეგიონალური სამსახურისა და ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის რესპუბლიკური სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა 5470 ლარის სახელფასო დავალიანების მოპასუხეებისათვის დაკისრება.

გორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბ. ყ.-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 წლის 8 დეკემბრიდან 2001 წლის 5 სექტემბრამდე ყოველთვიური ხელფასი 47 ლარის ოდენობით, სულ – 423 ლარი, საკანცელარიო საჭიროებისათვის გაწეული 300 ლარი და მიუღებელი გასასვლელი დახმარება 47 ლარის ოდენობით, სულ 770 ლარი.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბ. ყ.-მა და საქართველოს საავტომობილო ტრასპორტის ადმინისტრაციამ.

აპელანტი – ბ. ყ.-ი სააპელაციო საჩივით ითხოვდენენ გორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.

საქართველოს საავტომობილო ტრასპორტის ადმინისტრაციის უფლებამონაცვლემ - სსიპ ,,საავტომობილო ტრასპორტის ადმინისტრაცია სააპელაციო საჩივრით ითხოვდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა საკანცელარიო ხარჯები 300 ლარი და ყოველთვიური ხელფასის სახით 423 ლარი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ბ. ყ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 წლის 8 დეკემბრიდან 2001 წლის 16 მარტამდე პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის - 153,3 ლარის, 2001 წლის 16 მარტიდან 9 აგვისტომდე დროის განმავლობაში საჯარიმო სანქციებიდან ამოღებული თანხის 6% - 42,02 ლარისა და გასასვლელი დახმარების 47 ლარის გადახდა, სულ ბ. ყ.-ს აუნაზღაურდა მიუღებელი ხელფასის სახით 242,52 ლარი. დანარჩენ მოთხოვნებზე მას ეთქვა უარი უსაფუძვლობის მოტივით.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. ყ.-მა.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 29 ივლისის განჩინებით ბ. ყ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება.

2003 წლის 5 დეკემბერს ბ. ყ.-მა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ბ. ყ.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსახილველად გადაეცა უფლებამოსილ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ბ. ყ.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემობათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2004 წლის 6 ოქტომბერს ბ. ყ.-მა საოლქო სასამართლოს განჩინება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ, გაასაჩივრა კერძო საჩივრით ნაცვლად საკასაციო საჩივრისა, რითაც დააღვია განჩინების გასაჩივრების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით დადგენილი წესი და რის გამოც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 27 იანვრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის შესაბამისად, ბ. ყ.-ის კერძო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 30 სექტემბრის განჩინება.

2005 წლის 28 მარტს ბ. ყ.-მა კვლავ გაასაჩივრა საოლქო სასამართლოს 2004 წლის 30 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 9 ივნისის განჩინებით დატოვებულ იქნა განუხილველად, იმ მოტივით, რომ დარღვეული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გასაჩივრების ერთთვიანი ვადა.

2006 წლის 21 ივნისს ბ. ყ.-მა კვლავ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 30 სექტემბრის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე მისი განცხადების დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ბ. ყ.-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 30 სექტემბრის განჩინება.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. ყ.-მა.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 დეკემბრის განჩინების გაუქმებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბ. ყ.-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 4 აპრილის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად ბ. ყ.-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

მხარეებს მითითებულ ვადაში მოსაზრებები საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ბ. ყ.-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ბ. ყ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ბ. ყ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას ბ. ყ.-ს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.