ბს-317-309(კ-08) 12 ივნისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მ. ფ.-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 თებერვლის განჩინებაზე, /მ. ფ.-ის სარჩელისა გამო, მოპასუხის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, ხელფასის, ჯილდოს, მატერიალური დახმარებისა და კვების კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ/.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ნ. ნ.-მ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა ხელფასის, ჯილდოს, მატერიალური დახმარებისა და კვების კომპენსაციის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 2-3).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ფ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელისათვის 1998-1999-2000 წლების მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება /იხ.ს.ფ. 21-24/.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია პროცესუალური დარღვევებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი /იხ.ს.ფ. 29-31/.
სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ფ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა ხელფასის _ 416,43 ლარის, ჯილდოს _ 225,12 ლარის, მატერიალური დახმარების 64,51 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა /იხ.ს.ფ. 50-54/.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებულ ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ფ.-მ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი, რამდენადაც მითითებული ნორმით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება კერძოსამართლებრივ ურთიერთობებზე. მოსარჩელის მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონი და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი, ანუ სადავო სამართალურთიერთობა რეგულირდება საჯარო კანონმდებლობით, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა /იხ.ს.ფ. 82-84/
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია პროცესუალური დარღვევებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127.1. მუხლი /იხ. ს.ფ. 88-94/.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მ. ფ.-ის საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად, მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით, საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარსადგენად /იხ.ს.ფ. 98-99/.
საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, კასატორმა მ. ფ.-მ წარმოადგინა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე, რომელშიც აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის “ა” პუნქტის საფუძველზე ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას, როგორც აბსოლუტური კასაცია /იხ.ს.ფ. 105/.
საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, კასატორმა წარმოადგინა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე, რომელშიც აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის “ა”, “ბ”, და “გ” პუნქტების საფუძველზე ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას, რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, სავალდებულოა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის განმარტება. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან /იხ.ს.ფ. 106-109/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა საქმის მასალების გაცნობის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მ. ფ.-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მ. ფ.-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად, მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით, საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარსადგენად /იხ.ს.ფ. 98-99/.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მ. ფ.-ის მიერ კომპეტენტურად არ იქნა რეალიზებული მათი საპროცესო უფლება, კერძოდ ვერ იქნა მითითებული იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მ. ფ.-ის საკასაციო საჩივრებში აღნიშნული კასაციის მოტივები (კასაციის მიზეზი) არ შეიცავს მოტივაციას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მ. ფ.-ის საკასაციო საჩივრები არ ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243.1, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მ. ფ.-ლის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინების ასლი გადაეგზავნოს მხარეებს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.