¹ბს-320-302(კ-07) 25 Dდეკემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
გ. ილინას მდივნობით
კასატორი (მოსარჩელე) _ თ. ვ.-ე, წარმომადგენელი _ ვ. ს.-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, წარმომადგენელი _ კ. ი.-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თ. ვ.-მ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 2005 წლის 17 ოქტომბრის ¹319/2-2 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება /იხ. ს.ფ. 2-4, ტ. I/.
საქმის გარემოებები:
მოსარჩელე 1996 წლიდან მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საბერძნეის რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოს ...-ის თანამდებობაზე.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას რამდენიმე პიროვნებამ მიმართა საჩივრით მოსარჩელის წინააღმდეგ, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეცა. ამ უკანასკნელმა საქმის შესასწავლად საბერძნეთში გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები გაგზავნა. წერილში აღნიშნული ფაქტები შესწავლილ იქნა ტენდენციურად და მინისტრს წარედგინა არასწორი მოხსენებითი ბარათი, რის შედეგადაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 17 ოქტომბრის ¹319/2-2 ბრძანებით 2005 წლის 20 ოქტომბრიდან მოსარჩელე გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 78-ე მუხლის «ა» და «გ» ქვეპუნქტებისა და 79.1. «ვ» მუხლის საფუძველზე.
სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:
სადავო ბრძანებაში არ არის მითითებული, თუ რაში გამოიხატა მოსარჩელის მიერ ჩადენილი დანაშაული, რა უღირსი საქციელი ჩაიდინა ან რომელი სამსახურებრივი მოვალეობა არ შეასრულა, მაშინ, როცა თანამდებობიდან გათავისუფლდა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 79.1. მუხლის «ვ» ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებდა დისციპლინური სასჯელის უფრო მსუბუქ ზომებსაც და, შესაბამისად, თუ ქმედება დისციპლინურ გადაცდომად შეფასდებოდა, მოსარჩელის მიმართ ამ მუხლში მოცემული ნებისმიერი სხვა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება იყო შესაძლებელი, მით უფრო, რომ ეს მისთვის პირველ დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლებოდა.
მოსარჩელემ მიიჩნია, რომ იგი საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სამსახურიდან ისე Gგაათავისუფლა, როგორც «უღირსი საქციელის (ბრალეული ქმედების)» ჩამდენი პიროვნება, რომ არანაირი განმარტება არ მისცა, თუ რაში გამოიხატა მისი «უღირსი საქციელი». ამასთან, ფაქტობრივად არა მარტო გათავისუფლდა სამსახურიდან, არამედ შემდგომში სამსახურის გაგრძელების ყოველგვარი პერსპექტივა დაკარგა, ვინაიდან მომავალში არც ერთი დაწესებულება აღნიშნული მუხლით გათავისუფლებულ პიროვნებას არ მიიღებს სამსახურში.
საქალაქო სასამართლოში წარდგენილ დაზუსტებულ სარჩელში მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის, ლ. ჩხიკვაძის მოხსენებითი ბარათის ბათილად ცნობა /იხ.ს.ფ. 195/. ამასთან, საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 თებერვლის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ კვლავ დააზუსტა სარჩელი და სამსახურში აღდგენის ნაცვლად საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხვა მოითხოვა /იხ.ს.ფ. 200-203/.
საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა არ ცნო თ. ვ.-ის სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. 201, ტ. I, სხდომის ოქმი/.
საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. ვ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2005 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება მოსარჩელის გამოწვევისა და გათავისუფლების შესახებ, მის საფუძველთან _ გენერალური ინსპექციის უფროსის 2005 წლის 7 ოქტომბრის მოხსენებით ბარათთან ერთად; მოპასუხეს დაევალა თ. ვ.-ის სამინისტროს მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვა 2005 წლის 25 დეკემბრიდან და მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2005 წლის 17 ოქტომბრიდან 2005 წლის 25 დეკემბრამდე, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
თ. ვ.-ე 1996 წლიდან მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საბერძნეთის რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოს რ.-ის თანამდებობაზე და მორიგი მივლინების ვადა 2005 წლის 31 დეკემბერს ეწურებოდა. 2005 წლის 21 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის კანცელარიაში შევიდა საბერძნეთის რესპუბლიკის ქ. ათენში დროებით მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა განცხადება, რომელშიც ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ თ. ვ.-ის მიმართ და აღნიშნავდნენ, რომ იგი წლების განმავლობაში უხეშად და თავხედური პასუხებით ხვდებოდა დახმარების მიზნით საელჩოში მისულ მოქალაქეებს და სამსახურში ძაღლით დადიოდა, რის გამოც ითხოვდნენ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას. აღნიშნული განცხადება გადაეცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. მინისტრის 2005 წლის 27 სექტემბრის ¹3195/3-1 ბრძანებით, განცხადებაში მითითებული ფაქტების შემოწმების მიზნით, საბერნეთის რესპუბლიკაში მივლინებულ იქნა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელი, რომელმაც ახსნა-განმარტება ჩამოართვა განცხადების ავტორთა ნაწილს, აგრეთვე თ. ვ.-ს, სხვა მოქალაქეებს და საელჩოს თანამშრომელს _ ე. ს.-ს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ლ. ჩხიკვაძემ 2005 წლის 7 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელზე წარადგინა ¹5955-22 მოხსენებითი ბარათი, სადაც აღნიშნა, რომ გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა მიერ განცხადების ავტორთათვის და საელჩოს თანამშრომელთათვის ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებათა შედეგად დადასტურდა განცხადებაში მოყვანილი ფაქტების რეალობა და თ. ვ.-ე, ჩაიდინა რა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 78.1. «ა» და «ბ» მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, უნდა გათავისუფლებულიყო თანამდებობიდან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 17 ოქტომბრის ¹319/2-2 ბრძანებით «დიპლომატიური სამსახურის შესახებ»კანონის 25. «ი», «საჯარო სამსახურის შესახებ» 78.1.1 «ა» და «ბ» და ამავე კანონის 79.1. «ვ» მუხლების შესაბამისად თ. ვ.-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან
საქალაქო სასამართლოს დასკვნით, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის ¹206 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების 4.5. მუხლის შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი უფლებამოსილი იყო, გამოეცა სადავო ბრძანება. ამასთან, როგორც ბრძანება, ისე მისი საფუძველი – გენერალური ინსპექციის უფროსის მოხსენებითი ბარათი, სასამართლოს მოსაზრებით, ექვემდებარებოდა ბათილად ცნობას, ვინაიდან მათი გამოცემისას დაირღვა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისთვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. «დ» მუხლის შესაბამისად, გათავისუფლების ბრძანება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, წერილობით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას, ხოლო თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ამ აქტის გამოცემისას. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად კი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ დასკვნის მომზადებისას მოპასუხე სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსს მხედველობაში არ მიუღია ჩამორთმეული ახსნა-განმარტებები, არ უმსჯელია და შეფასება არ მიუცია საქმეში არსებული ყველა მასალისათვის და ცალმხრივად, მხოლოდ საწინააღმდეგო პოზიციის გათვალისწინებით, დადასტურებულად ჩათვალა მოსარჩელის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა, რის გამოც სადავო ბრძანება მის საფუძველთან ერთად ექვემდებარებოდა ბათილად ცნობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60(1).1. მუხლისა და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32.1. მუხლების საფუძველზე.
საქალაქო სასამართლოს დასკვნით, «დიპლომატიური სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, დიპლომატიური თანამდებობის პირები მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტისა და გამოწვევის შემთხვევაში, ჩაირიცხებიან დიპლომატიური სამსახურის რეზერვში, შესაბამისად თ. ვ.-ის მოთხოვნა იყო საფუძვლიანი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა დავალებოდა მისი ჩარიცხვა სამინისტროს დიპლომატიური სამსახურის რეზერვში 2005 წლის 31 დეკემბრიდან. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 112-ე მუხლის გათვალისწინებით კი მოსარჩელეს აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური ხელფასი გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემის დღიდან 2005 წლის 31 დეკემბრამდე /იხ. ს.ფ. 205-208, ტ. I /.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:
გასაჩივრებული ბრძანება აკმაყოფილებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.7. «გ» მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, დაინტერესებული მხარისთვის – თ. ვ.-ისათვის ცნობილი იყო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მის სახელზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიღებული იყო საჩივრის წერილი. აგრეთვე, ცნობილი იყო ის ფაქტიც, რომ სწორედ საჩივარში ასახული გარემოებების შესამოწმებლად იმყოფებოდა საბერძნეთში სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენელი. გენერალური ინსპექციის უფროსის მოხსენებითი ბარათი კი წარმოადგენდა გასაჩივრებული ბრძანების სამართლებრივ წინაპირობას. აღნიშნული ბარათი დაწერილი იყო საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში წინამდებარე საქმის გარემოებათა შესასწავლად მივლინებული გენერალური ინსპექციის თანამშრომლის სამსახურებრივი ბარათისა და საქმის ირგვლივ მოძიებული და მოკვლეული ინფორმაციის გაცნობის საფუძველზე. ახსნა-განმარტებები ჩამოერთვა როგორც განცხადებაზე ხელისმომწერ პირებს, ისე საბერძნეთში მყოფ საქართველოს სხვა მოქალაქეებსაც, რომელთაგან ზოგიერთმა დაადასტურა განცხადებაში მოყვანილი ფაქტები, ხოლო ნაწილმა გამოთქვა სრულიად საპირისპირო მოსაზრება, რაც იმის დადასტურებაა, რომ სამსახურებრივი მოკვლევა ტენდენციური და ცალმხრივი არ ყოფილა. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო ის გარემოებები და ფაქტები, რომლებიც კანონით დადგენილი წესით იყო გამოკვლეული და ადგილი არ ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევას.
ასევე, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა, რომ თ. ვ.-ის მიერ საქართველოს მოქალაქეებთან უხეში მოპყრობა და დამოკიდებულება, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და ბრალეული შეუსრულებლობის მკაფიო მაგალითს წარმოადგენდა, ხოლო დიპლომატიურ დაწესებულებაში ძაღლთან ერთად სიარული, ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ჩადენილ უღირს საქციელს წარმოადგენს. ამდენად, აპელანტმა მიიჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება თ. ვ.-ის დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხვის შესახებ, არასწორია, ვინაიდან «დიპლომატიური სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონი ცალსახად უთითებს იმ შემთხვევებს, რომელთა დროსაც პირი ირიცხება დიპლომატიური სამსახურის რეზერვში, კერძოდ: დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში შტატების შემცირების, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ მივლინებული პირის «პერსონა ნონ გრატად» გამოცხადების ან მოსამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია /იხ. ს.ფ. 213-219, ტ. I/.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარემ, თ. ვ.-მ არ ცნო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება /იხ.ს.ფ. 56, ტ II, სხდომის ოქმი/.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ვ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
2005 წლის 19 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელზე გაიგზავნა საბერძნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ათენში დროებით მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების განცხადება თ. ვ.-ის გაწვევის თაობაზე. აღნიშნული განცხადება 2005 წლის 22 სექტემბერს განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც 2005 წლის 27 სექტემბერს ¹195-/3-1 ბრძანების შესაბამისად, განცხადებაში მითითებული ფაქტების შესამოწმებლად ქ. ათენში მიავლინა გენერალური ინსპექციის თანამშრომელი, რომელმაც საქართველოს საკონსულოში ახსნა-განმარტებები ჩამოართვა საჩივრის ავტორების ნაწილს, რომლებმაც დაადასტურეს განცხადებაში გამოთქმული პრეტენზიები. ასევე, განმარტებები ჩამოერთვათ მოქალაქეებს, რომლებიც განცხადებაში მითითებული არ იყვნენ, მაგრამ თ. ვ.-ის მიმართ მათაც ანალოგიური პრეტენზიები გააჩნდათ. ასევე, ახსნა-განმარტება ჩამოერთვა საკონსულოს თანამშრომელს _ ე. ს.-ს, რომელმაც განმარტა, რომ თ. ვ.-ს ხშირად მოსდიოდა მოქალაქეებთან უსიამოვნება. აღნიშნული მასალების მოკვლევის შემდეგ მოხსენებითი ბარათი გაეგზავნა გენერალური ინსპექციის უფროსს, სადაც მიეთითა, რომ საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს რ.-მა (ხელშეკრულებით) თ. ვ.-მ ჩაიდინა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 78-ე მუხლის «ა» და «გ» პუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც გამოიხატა სამსახურის დისკრედიტაციისაკენ მიმართულ ბრალეულ ქმედებასა და სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 17 ოქტომბრის ¹319/2-2 ბრძანებით თ. ვ.-ე «დიპლომატიური სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 25-ე მუხლის «ი» პუნქტის, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 78.1. «ა» და «გ» და ამავე კანონის 79.1. «ვ» მუხლების შესაბამისად, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტის მოსაზრება სადავო ბრძანების არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოცემის თაობაზე, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან საქართველოს მთავრობის 2004 წლის 25 ივნისის ¹53 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის თანახმად, სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და 5 მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. მინისტრის არყოფნისას სამინისტროს საქმიანობას ხელმძღვანელობს მინისტრის პირველი მოადგილე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანება გამოცემულია მინისტრის დროებით არყოფნის დროს, რის გამოც დებულებისა და მითითებული ბრძანების საფუძველზე, მინისტრის პირველ მოადგილეს გააჩნდა აღნიშნული ბრძანების გამოცემის უფლებამოსილება.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. მუხლი და განმარტა, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად, სადავო ბრძანება თ. ვ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენდა და მისი გამოცემისას დარღვეული არ ყოფილა აღნიშნული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნები, ვინაიდან სადავო ბრძანება შეიცავდა 53-ე მუხლით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს, მათ შორის, საკანონმდებლო აქტების იმ ნორმებს, რომელთა საფუძველზედაც გამოიცა აღნიშნული ბრძანება, კერძოდ, «დიპლომატიური სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 25-ე მუხლის «ი» პუნქტის, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 78.1. «ა» და «გ», ამავე კანონის 79.1. «ვ» მუხლების და მისი გამოცემის საფუძველს (გენერალური ინსპექციის უფროსის მოხსენებითი ბარათი თ. ვ.-ის დისციპლინური გადაცდომის თაობაზე). ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.7. მუხლის შესაბამისად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ საჭიროებს დასაბუთებას, თუ დაინტერესებული მხარისათვის ცნობილია ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლომ განმარტა, რომ გასაჩივრებულ ბრძანებას საფუძვლად დაედო გენერალური ინსპექციის უფროსის მოხსენებითი ბარათი, რომელიც, თავის მხრივ, მოსარჩელის სამსახურებრივი საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ჯგუფის საჩივრის სრულყოფილი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე იქნა შედგენილი, რის გამოც სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაციას იმის თაობაზე, რომ სადავო ბრძანების გამოცემისას დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, არ დადასტურდა ის გარემოება, რომ სადავო ბრძანების გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და მე-6 მუხლების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ და საქმეზე არსებობდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 17 ოქტომბრის ¹319/2-2 ბრძანებისა და მის საფუძვლად მითითებული გენერალური ინსპექციის უფროსის მოხსენებითი ბარათის ბათილად ცნობის კანონიერი საფუძველი /იხ. ს.ფ. 91-104, ტ. II/.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ვ.-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:
კასაციის მოტივი:
გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რამდენადაც სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. ამასთან, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც მისი ბათილად ცნობის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის დასაბუთება იმის შესახებ, თუ რაში გამოიხატა თითოეულ განმცხადებელთან მიმართებაში, მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება. ასევე, თუ რაში გამოიხატა ზოგადზნეობრივი ნორმის წინააღმდეგ ჩადენილი უღირსი საქციელი და კონკრეტულად, რომელი უღირსი საქციელით ჰქონდა მას გამიზნული დაწესებულების დისკრედიტაცია.
კასატორის მოსაზრებით, გენერალური ინსპექციის უფროსის მოხსენებითი ბარათი არ იყო დასაბუთებული და შესაბამისად, ვერც საგარეო საქმეთა მინისტრის 2005 წლის 17 ოქტომბრის ¹319/2-2 ბრძანება იქნებოდა დასაბუთებული. სააპელაციო სასამართლოს იურიდიულად საკმარისად უნდა დაესაბუთებინა თავისი გადაწყვეტილება, ვინაიდან მან დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ახსნა-განმარტებები და მოკვლევის სხვა მასალები, რომლებიც წინააღმდეგობრივია, არ გამოიკვლია სრულად და ობიექტურად, რითაც დაირღვა საქართველოს სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სადავო ბრძანება გამოცემულია დასაბუთების გარეშე და მიიჩნია, რომ მას დასაბუთება არ სჭირდება, რაც უკანონოა, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.7. მუხლის «ა» და «ბ» პუნქტები, რომელთა თანახმად, ადმინისტრაციული აქტი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ საჭიროებს დასაბუთებას, თუ არ ზღუდავს მესამე პირის ინტერესებს. ამასთან, მოკვლევის შედეგად შექმნილი «დაუსაბუთებელი დასკვნა» კასატორისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ გათავისუფლების ბრძანების გაცნობის შემდეგ /იხ.ს.ფ. . ტII /.
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის გ) პუნქტის საფუძველზე თ. ვ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად /პროცესუალური კასაცია/.
საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა არ ცნო თ. ვ.-ის საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება /იხ.ს.ფ. ტ. II, სხდომის ოქმი/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ. ვ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ვ.-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში თ. ვ.-ის მიერ სსსკ-ის 407.2. მუხლის საფუძველზე წარმოდგენილია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, კერძოდ, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასაციის მოტივს, რომ სადავო ბრძანება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, რაც არასწორად იქნა შეფასებული სააპელაციო სასამართლოს მიერ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრძანება თ. ვ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ფორმალური და მატერიალური თვალსაზრისით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, კერძოდ, აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეწყდა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა მოსარჩელე თ. ვ.-სა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის. სადავო ბრძანება გამოიცა «დიპლომატიური სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 25-ე მუხლის «ი» პუნქტის, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 78.1. «ა» და «გ» და ამავე კანონის 79.1. «ვ» მუხლების საფუძველზე; თ. ვ.-ე გათავისუფლდა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს რ.-ის თანამდებობიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
«საჯარო სამსახურის შესახებ» 78-ე მუხლი განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომის სახეებს, კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; ბ) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ.
«საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 79-ე მუხლი კი ადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს, კერძოდ, განსაზღვრავს იმ პასუხისმგებლობის სახეებს, რომლებიც მოხელის მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში შეუძლია გამოიყენოს ადმინისტრაციამ.
მოცემულ შემთხვევაში სადავო ბრძანება გამოიცა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 78.1. «ა» და «გ» პუნქტებისა და ამავე კანონის 79.1. «ვ» პუნქტის საფუძველზე, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო პირის გათავისუფლების თაობაზე, კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ თ. ვ.-ის მიერ ადგილი ჰქონდა სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეულ და არაჯეროვანი შესრულებას, რომ ამ უკანასკნელმა ჩაიდინა ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება).
საქმის მასალების თანახმად, 2005 წლის 19 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელზე გაიგზავნა საბერძნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ათენში დროებით მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების განცხადება თ. ვ.-ის გაწვევის თაობაზე. აღნიშნული განცხადება 2005 წლის 22 სექტემბერს განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც 2005 წლის 27 სექტემბერს, ¹195-/3-1 ბრძანების შესაბამისად, განცხადებაში მითითებული ფაქტების შესამოწმებლად ქ. ათენში მიავლინა გენერალური ინსპექციის თანამშრომელი, რომელმაც საქართველოს საკონსულოში ახსნა-განმარტებები ჩამოართვა საჩივრის ავტორების ნაწილს, რომლებმაც დაადასტურეს განცხადებაში გამოთქმული პრეტენზიები. ასევე, განმარტებები ჩამოერთვათ მოქალაქეებს, რომლებიც განცხადებაში მითითებული არ იყვნენ, მაგრამ თ. ვ.-ის მიმართ მათაც ანალოგიური პრეტენზიები გააჩნდათ. ასევე, ახსნა-განმარტება ჩამოერთვა საკონსულოს თანამშრომელს ე. ს.-ს, რომელმაც განმარტა, რომ თ. ვ.-ს ხშირად მოსდიოდა მოქალაქეებთან უსიამოვნება. აღნიშნული მასალების მოკვლევის შემდეგ მოხსენებითი ბარათი გაეგზავნა გენერალური ინსპექციის უფროსს, სადაც მიეთითა, რომ საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს რ.-მა (ხელშეკრულებით) თ. ვ.-მ ჩაიდინა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 78-ე მუხლის «ა» და «გ» პუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც გამოიხატა სამსახურის დისკრედიტაციისაკენ მიმართულ ბრალეულ ქმედებასა და სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებაში.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ბრძანება გამოცემულია საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების დროს საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ იქნა მოკვლეული ჯეროვნად, შესაბამისად სამსახურებრივი მოკვლევა ჩატარდა არასრულყოფილად, რამდენადაც საქმეში არ მოიპოვება საბერძნეთის კონსულის მოსაზრება თ. ვ.-ის საქმიანობასთან დაკავშირებით, ამასთან, საქმეში არ არსებობს საბერძნეთის საკონსულოს თანამშრომლების დახასიათება თ. ვ.-ის მიმართ, სამსახურებრივი მოკვლევის დროს შეფასებული არ იქნა სხვა მოქალაქეების ახსნა-განმარტებები, რომლებიც დადებითად ახასიათებდნენ თ. ვ.-ს.
საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60I.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, ხოლო ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ბრძანებაში არ არის მითითებული მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კონკრეტული გარემოებები, ფაქტები, რომელთა შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზეც მოხდა ბრძანების გამოცემა, რაც წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60I მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ არსებით დარღვევას, რაც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველია, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. აქტში არ არის ასახული, საერთოდ ჩაიდინა თუ არა რაიმე გადაცდომა თ. ვ.-მ, სრულყოფილად არ არის დადგენილი ფაქტები, რის გამოც არსებითად არის დარღვეული ადმინისტრაციული აქტის მიღების, მომზადებისა და გამოცემის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო გამოცემული აქტის კანონიერება-დასაბუთებულობას, არსებითი, განმსაზღვრელი მნიშვნელობა გააჩნია აქტის ადრესატისათვის, რათა მისთვის ცნობილი იყოს ის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ამგვარი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას წარმოადგენდა. დასაბუთებული აქტი აუცილებელია პირისათვის, რათა ის აქტის მიმართ განიმსჭვალოს სამართლიანობის განცდის პრინციპით, რომ გარემოება, საფუძველი, რაც მისი სამსახურიდან დისციპლინური გადაცდომის მიზეზით გათავისუფლების საფუძველი გახდა არსებითია და სრულად თავსდება, ადეკვატურია იმ სამართალდარღვევის ფარგლებთან, რაც «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონით დისციპლინურ გადაცდომად შეეფარდა მას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1. მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული. კონკრეტულ შემთხვევაში, კანონმდებლობის აღნიშნული მოთხოვნები უგულებელყოფილ იქნა სადავო ბრძანების გამოცემისას, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო შეეფასებინა და ემსჯელა, არსებობდა თუ არა რეალურად მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი და კონკრეტულად, დისციპლინური დარღვევის არსებობის პირობებში ადეკვატური იყო თუ არა მის მიმართ დადებული დისციპლინური სახდელი დარღვევის ფარგლებთან.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზეა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, კერძოდ, მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი ისე, რომ არ შეაჯეროს და არ შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებანი, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება, მიეცა თუ არა შეფასება და გამოკვლეულ იქნა თუ არა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქმის მასალები სრულყოფილად, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი არ არის საბერძნეთის კონსულისა და ელჩის განმარტებები თ. ვ.-ის, როგორც საჯარო მოსამსახურის დახასიათებასთან დაკავშირებით, სრულყოფილად არ იყო მოკვლეული საქმის მასალები, არ იქნა გათვალისწინებული მოქალაქეების განცხადებები, რომლებიც დადებითად ახასიათებდნენ თ. ვ.-ს, რითაც ფაქტობრივად, ცალმხრივად და ტენდენციურად ჩატარდა სამსახურებრივი მოკვლევა თ. ვ.-ის მიმართ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თ. ვ.-ის გათავისუფლების დროს დარღვეულია «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის პრინციპები, რამდენადაც მითითებული კანონი მოხელის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის პირობებში, ადმინისტრაციას ანიჭებს დისკრეციას, კონკრეტული სამართალდარღვევის გამო, მოახდინოს ამ სამართალდარღვევის ადეკვატური შეფასება და მიიღოს შესაბამისი მოტივირებული გადაწყვეტილება, თუ რომელი დისციპლინური სახდელი შეუფარდოს «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუმცა, ადმინისტრაციის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პირობებში, აქტის გამოცემის შემთხვევაშიც, ეს უკანასკნელი შეზღუდულია კანონის მოთხოვნის ფარგლებით, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამასთან, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 7.2. მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
თ. ვაჩიბეირიძის საკითხთან დაკავშირებით სამსახურებრივი მოკვლევის მასალების საფუძველზე ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელის მიერ ჩადენილი დისციპლინური სამართალდარღვევა დააკვალიფიცირა, როგორც სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა, არაჯეროვანი შესრულება და ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ მიმართული უღირსი საქციელი. დისციპლინური გადაცდომის ეს სახე გადაცდომის ყველაზე მძიმე შემთხვევაა და იგი სავსებით ლოგიკურად წარმოადგენს დისციპლინური ზომის გამოყენების საფუძველს, ხოლო ზომის განსაზღვრა რასაკვირველია, ქმედების პროპორციულობის გათვალისწინებით განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციას, თუმცა ამავდროულად ადმინისტრაციული ორგანოს გათავისუფლება იმ ვალდებულებისაგან, რომ დაასაბუთოს თუ რაში გამოიხატა საჯარო მოხელის ბრალეული ქმედება, საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია, ვინაიდან ამგვარ შემთხვევაში ყოველი საჯარო მოხელე შეიძლება აღმოჩნდეს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების მაღალი რისკის ქვეშ.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე თ. ვ.-მ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და უარი თქვა კადრების განკარგულებაში აყვანის მოთხოვნის ნაწილში, რაც საკასაციო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა და სსსკ-ის 271 «გ» მუხლის საფუძველზე ამ ნაწილში შეწყდა წარმოება სარჩელზე უარის თქმის გამო, ხოლო რაც შეეხება იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნას, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილშიც მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს და თ. ვ.-ს აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური ხელფასი ორთვენახევრის პერიოდით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება ექვემდებარება გაუქმებას. ამავე დროს, რადგანაც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე უფლებამოსილია მიიღოს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ვ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდება სრულად.
საკასაციო სასასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე მიაჩნია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასამართლო ხარჯების სახით უნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 257-ე, 372-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ. ვ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. თ. ვ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს; ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მ/შ 2005 წლის 17 ოქტომბრის ¹319/2-2 ბრძანება; ბ) თ. ვ.-ს მოპასუხის მიერ აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური ორთვენახევრის პერიოდით;
4. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაეკისროს სასამართლო ხარჯების სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.