Facebook Twitter

ბს-321-312(კ-08) 2 აპრილი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 14 სექტემბერს მ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ვაკე-საბურთალოს ფილიალის მიმართ.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ვაკე-საბურთალოს ფილიალის მიერ 2004 წლის 8 იანვარს მისთვის (ასაკის გამო) 14 ლარის ოდენობით დანიშნული პენსიის და მასზე ორი მინიმალური პენსიის დანამატის სასამართლო წესით დაკანონებას, ასევე მოპასუხის დავალდებულებას, მოეხდინა მისთვის დანიშნული პენსიის დარიცხვა და გაცემა 2004 წლის 12 თვის 504 ლარის, 2005 წლის 12 თვის - 1008 ლარის, 2006 წლის 8 თვის - 672 ლარის, სულ – 2184 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 ოქტომბრის საოქმო განჩინებით არასათანადო მოპასუხე - საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ვაკე-საბურთალოს ფილიალი შეიცვალა სათანადო მოპასუხით - საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 დეკემბრის საოქმო განჩინებით, ასკ-ის 16.1 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ვაკე-საბურთალოს ფილიალი, ხოლო ამავე სასამართლოს 2007 წლის 16 იანვარის განჩინებით კი, მოპასუხის სიიდან ამოირიცხა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი და საქმეში სათანადო მოპასუხედ ჩაება საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ვაკე-საბურთალოს ფილიალი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ხ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ხ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 იანვრის განჩინებით მ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება.

მითითებული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. ხ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მ. ხ-ის საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.” დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად კი ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

საქმეში არსებული საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინებით ირკვევა, რომ მ. ხ-ის მეუღლეს – თ. ხ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 იანვრის განჩინება ჩაჰბარდა 2008 წლის 24 თებერვალს (ს.ფ.187), მ. ხ-მა კი აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა 2008 წლის 26 მარტს (ს.ფ.188), საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლში მითითებული ერთთვიანი ვადის გადაცილებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის ავტორს საკასაციო საჩივარი უნდა შეეტანა 2008 წლის 25 მარტის 24 საათამდე, მან კი საკასაციო საჩივარი შეიტანა 2008 წლის 26 მარტს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო არსებით ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ განჩინების (გადაწყვეტილების) გადაცემის მომენტად ითვლება გადაწყვეტილების (განჩინების) მხარეთათვის გადაცემა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება, დაკავებული თანმადებობა. Uუწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმეში დაცულია გზავნილი, რომელსაც ხელს აწერს კასატორის – მ. ხ-ის მეუღლე – თ. ხ-ი, რაც სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ გასაჩივრებული განჩინების ასლი კასატორს ჩაჰბარდა 2007 წლის 24 თებერვალს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია კანონით განსაზღვრული გასაჩივრების ვადის გადაცილების გამო და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 396-ე, 397-ე, 401-ე მუხლით და

Dდ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.