¹ბს-322-304(კ-07) 27 სექტემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა მ. შ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
02.08.02წ. ა. ჟ.-მ მ. შ.-ის მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მეთაურის 22.02.95წ. ¹45 ბრძანებულების შესრულების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 17.08.95წ. ¹496 და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 24.04.96წ. ¹07.55.439 დადგენილების თანახმად საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომელთა დასაკმაყოფილებლად თბილისის სატყეო მეურნეობის ...-ის სატყეო მიწებიდან გამოეყოთ 1.54 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს 30.09.97წ. ¹20/21212-ა წერილის შესაბამისად გამოყოფილი მიწის ფართობი განაწილდა 16 თანამშრომელზე. ქ. თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ დამზადებული იქნა მიწის ნაკვეთის გეგმა ... ნაკვეთზე, რომლის მიხედვით 594 კვ.მ. ფართის ¹... ნაკვეთი, მდებარე დაბა ...-ში, ...-ის ქუჩის ბოლოს, მიეკუთვნა მას. მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ დამზადებული იქნა საკადასტრო რუკა და “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის თანახმად ¹... ნაკვეთი საკუთრების უფლებით 25.05.2000წ. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იქნა მის სახელზე. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე მ. შ.-ე თვითნებურად შეიჭრა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში, სახლის მშენებლობა დაიწყო და უარს აცხადებდა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის გათავისუფლებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელემ მოითხოვა მ. შ.-სათვის მშენებლობის შეწყვეტის დაკისრება, არსებული მშენებლობის აღება, მიწის ნაკვეთის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა და მისთვის ჩაბარების დაკისრება.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 02.08.02წ. განჩინებით დაკმაყოფილდა ა. ჟ.-ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და მ. შ.-ს აეკრძალა ყოველგვარი სამშენებლო სამუშაოების წარმოება დაბა ...-ში, ...-ის ქუჩის ბოლოში მდებარე ¹... 594მ. მიწის ნაკვეთზე.
21.08.02წ. მ. შ.-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ გარდაბნის რაიონის გამგეობის 30.05.01წ. დადგენილებით 49 წლის ვადით იჯარით გადაეცა მის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის გვერდით მდებარე 600კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც პრეტენზიას გამოთქვამდა მისთვის უცნობი პიროვნება ა. ჟ.-ა.
23.08.2002წ. მ. შ.-მ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 02.08.02წ. განჩინების გაუქმების მოთხოვნით კერძო საჩივრით მიმართა სასამართლოს. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 27.08.02. განჩინებით გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 02.08.02წ. განჩინება, ხოლო ამავე სასამართლოს ამავე თარიღის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა გარდაბნის რაიონის სასამართლოს.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 27.08.02. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ჟ.-მ. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 22.10.02წ. განჩინებით დაკმაყოფილდა კერძო საჩივარი და გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 27.08.02. განჩინება. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. შ.-მ. ამავე სასამართლოს 31.10.02წ. განჩინებით კერძო საჩივარი დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული და გადაეცა ზემდგომ სასამართლოს. 15.11.02წ. განჩინებით მ. შ.-ის კერძო საჩივარი განსახილველად გადაეცა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 10.04.03წ. განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
03.10.02წ. მ. შ.-მ შეგებებული სასარჩელო განცხადებით მიმართა გარდაბნის რაიონულ სასამართლოს. მოპასუხეებად დასახელა: ა. ჟ.-ა, თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტი, თბილისის მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი, თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების დეპარტამენტი. მ. შ.-მ განმარტა, რომ ქ. თბილისის მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 25.05.2000წ. ¹1/20/1/117/2 სარეგისტრაციო აქტით დადგენილი იქნა დაბა ...-ში, ¹... კვარტლის ¹..., 594 კვ.მ. ¹... მიწის ნაკვეთზე ა. ჟ.-ს საკუთრების უფლება. მოსარჩელის განცხადებით, აღნიშნული წარმოადგენდა ზაკ-ის მე-2 მუხლის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტარციულ აქტს, რომლის გამოცემასაც საფუძვლად დაედო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 24.04.96წ. ¹07.55.439 დადგენილება და ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ 27.10.97წ. გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმა. შეგებებულმა მოსარჩელემ ყველა ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა შემდეგ გარემოებათა გამო:
მ. შ.-ის განცხადებით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 17.08.95წ. ¹496 დადგენილებით გათვალისწინებული იქნა თბილისის სატყეო მეურნეობის ...-ის სატყეოს მიწებიდან 2.54 ჰექტარი ფართობის მიწის რეფორმის ფონდში გამოყოფა. მითითებული დადგენილების საფუძველზე თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტმა იმ მოტივით, რომ მინისტრთა კაბინეტის ზემოთ ხსენებული დადგენილებით არ იქნა განსაზღვრული მიწათსარგებლობის კონკრეტული ფორმა და მისი განხორციელების მექანიზმი, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მიანიჭა უფლება გაენაწილებინა თბილისის სატყეო მეურნეობის ...-ის სატყეოს მიწებიდან გამოყოფილი მიწის ნაკვეთები. ამავე დადგენილებით თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ 27.10.97წ. გაცემული იქნა მიწის ნაკვეთის გეგმა. შეგებებული მოსარჩელის აზრით, ხსენებული ადმინისტრაციული აქტები გამოცემული იქნა არაუფლებამოსილი ორგანოების მიერ. სადავო მიწის ნაკვეთი არ განეკუთვნებოდა თბილისის ტერიტორიას, ეკუთვნოდა გარდაბნის რაიონს და თბილისის ადმინისტრაციულ ორგანოებს მისი განკარგვის უფლება არ ჰქონდათ. შეგებებულმა მოსარჩელემ მოითხოვა: ა. ჟ.-ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, სადავო მიწის ნაკვეთის ა. ჟ.-ს სახელზე აღრიცხვის შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა, თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 24.04.96წ. ¹07.55.439 დადგენილების და ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ 27.10.97წ. გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმის ბათილად ცნობა. 09.03.04წ. სასამართლოს წარედგინა დაზუსტებული შეგებებული სარჩელი. მ. შ.-მ მოითხოვა: საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მის მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების მოქმედების შეჩერება; ა. ჟ.-ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; სადავო მიწის ნაკვეთის ა. ჟ.-ს საკუთრებად აღრიცხვის შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწერის, თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 24.04.96წ. ¹07.55.439 დადგენილებისა და ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ 27.10.97წ. გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმის ბათილად ცნობა.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 27.07.05წ. გადაწყვეტილებით ა. ჟ.-ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, დაევალა მ. შ.-ს შეეწყვიტა ყოველგვარი სამშენებლო სამუშაოები ა. ჟ.-ს საკუთრებაში არსებულ, დაბა ...-ში, ...-ის ქუჩის ბოლოს მდებარე ¹... ნაკვეთზე; თავისი ხარჯებითა და საშუალებებით აეღო ამ ნაკვეთში მის მიერ აშენებული ნაგებობანი, მიწის ნაკვეთი მოეყვანა პირვანდელ მდგომარეობაში და გამოთავისუფლებული ჩაებარებინა მესაკუთრე ა. ჟ.-სათვის. მ. შ.-ის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 27.07.05წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. შ.-მ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 17.03.05წ. განჩინებით მ. შ.-ის სააპელაციო საჩივარი ა. ჟ.-ს საკუთრებად მიწის ნაკვეთის აღრიცხვის საჯარო რეესტრის ჩანაწერის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 24.04.96წ. ¹07.55.499 დადგენილების, ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ 27.10.97წ. გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმის ბათილად ცნობის თაობაზე გამოიყო ცალკე წარმოებად. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 27.07.05წ. გადაწყვეტილებაზე ა. ჟ.-ს სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში მ. შ.-ის სააპელაციო საჩივრის წარმოება შეჩერდა ცალკე გამოყოფილი მოთხოვნის თაობაზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. ამავე განჩინებით განისაზღვრა, რომ საქმის წარმოების განახლების შემდეგ ამ ნაწილში საქმე განსახილველად ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას გადასცემოდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 29.11.06წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 27.07.05წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი და მიუთითა, რომ აღნიშნულს არც მხარეები ხდიდნენ სადავოდ. დავის საგანს შეადგენდა თბილისის მუნიციპალიტეტის კომპეტენცია გარდაბნის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალ მიწის ნაკვეთის განკარგვაზე. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით, თავდაპირველი აქტი, რომლის საფუძველზეც საბოლოოდ დაბა ...-ში, ...-ის ქუჩის ბოლოს მდებარე ¹... მიწის ნაკვეთი ა. ჟ.-ს საკუთრებაში აღმოჩნდა, სწორედ გარდაბნის რაიონის გამგეობის მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე განხორციელდა. გარდაბნის რაიონის გამგეობის 27.04.95წ. ¹55 გადაწყვეტილების 1-ლი პუნქტით დამტკიცდა კომისიის მიერ წარმოდგენილი აქტი და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების თანამშრომლებისათვის მიწის ფართობის ფონდში ჩასარიცხად თბილისის სატყეო მეურნეობების ...-ის სატყეო უბნიდან გამოიყო 2,54 ჰა თავისუფალი(ველობი) მიწის ფართობი. ამავე დადგენილების მე-2 პუნქტით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს ეთხოვა ამ გადაწყვეტილების დამტკიცება. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 17.08.95წ. ¹496 დადგენილებით გადაწყვეტილება დამტკიცდა. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული აქტების საფუძველზე იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 24.04.96წ. ¹07.55.499 დადგენილება, რომელიც შეადგენდა შეგებებული სარჩელის საგანს. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტი გარდაბნის რაიონის გამგეობის ¹55 გადაწყვეტილებისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 17.08.95წ. ¹496 დადგენილების გაუქმებას არ ითხოვდა. აღნიშულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებულად მიიჩნია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 24.04.96წ. ¹07.55.499 დადგენილება. პალატის აზრით, ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ 27.10.97წ. გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმა და საჯარო რეესტრის სადავო ჩანაწერი გამომდინარეობდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 24.04.96წ. ¹07.55.499 დადგენილებიდან, რის გამოც უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული მათი ბათილად ცნობის შესახებ აპელანტის მოთხოვნა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 29.11.06წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. შ.-მ. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად არ იქნა გამოკვლეული მტკიცებულებანი. კასატორის განმარტებით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 17.08.95წ. ¹496 დადგენილების, “საქქალაქაგროსერვისის” მიერ 19.04.96წ. შედგენილი მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტზე და ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემულ წერილზე დაყრდნობით ამტკიცებდა მოსარჩელე, რომ სადავო მიწის ნაკვეთი თბილისის საზღვრებში იყო მოქცეული. თუმცა, კასატორის განცხადებით, მითითებული მტკიცებულებანი სულ სხვა შინაარსისა იყო. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 17.08.95წ. ¹496 დადგენილებით რეფორმის ფონდში ჩარიცხული მიწა გარდაბნის რაიონის ადმინისტრაციული დაქვემდებარებიდან არ გადაცემულა ქ. თბილისის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა მითითებული დადგენილებით რეფორმის ფონდში ჩასარიცხად გამოჰყო რა მიწის ნაკვეთები უშიშროების და სატყეო მეურნეობის თანამშრომლებისათვის, დაეყრდნო გარდაბნის რაიონის გამგეობის 27.04.95წ. ¹55 გადაწყვეტილებას. კასატორის განმარტებით, თავდაპირველი დოკუმენტი მიწის ნაკვეთის რეფორმის ფონდში ჩარიცხვის თაობაზე იყო გარდაბნის რაიონის გამგეობის მითითებული გადაწყვეტილება. კასატორის აზრით, სადავო მიწა შედიოდა გარდაბნის რაიონის ტერიტორიულ საზღვრებში. მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი გამოცემულია თბილისის მუნიციპალიტეტის სადავო დადგენილების გამოცემამდე და მასში მითIთებულია, რომ ა. ჟ.-ს საკუთრებაში გადაეცა მიწის ნაკვეთი. “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონი მიღებული იქნა მხოლოდ 24.10.98წ. ამდენად, კასატორის მტკიცებით, აქტის შედგენის დროს მიწის კერძო საკუთრებად გადაცემა კანონით არ დაიშვებოდა. კასატორის აზრით, აღნიშნული გარემოებანი ადასტურებდა ამ აქტის სიყალბეს. კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ ყოველგვარი შეფასების გარეშე მტკიცებულებად მიიღო მოსარჩელის მიერ წარდგენილი ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებები, არ მოახდინა მათი შეფასება შეგებებულ სარჩელზე დართულ მტკიცებულებებთან. კასატორის განცხადებით, სამოტივაციო ნაწილში მითითებული არ იყო ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც დადგენილად მიიჩნია სასამართლომ და მტკიცებულებებზე, რომლებსაც დაეყრდნო სასამართლო და სახეზე იყო სააპელაციო პალატის მიერ სსკ-ის 393-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ნომრების დარღვევა. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა გარდაბნის რაიონის გამგეობის ¹55 გადაწყვეტილება და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 17.08.95წ. ¹496 დადგენილება. კასატორის განმარტებით, “მიწის რეგისტრაციის შესახებ” მე-3 მუხლის თანახმად, რეგისტრაციის მიზნით საქართველოს მთლიანი ტერიტორია დაყოფილი იყო სარეგისტრაციო ერთეულებად. მე-4 მუხლის თანახმად, გარდაბნის ზონის სარეგისტრაციო ორგანოს წარმოადგენდა გარდაბნის რეგიონის მიწის მართვის განყოფილება. კასატორი მიიჩნევს, რომ გარდაბნის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ნებისმიერი მიწის ნაკვეთის სანივთო უფლების შესახებ ჩანაწერი “მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად უნდა განხორციელებულიყო გარდაბნის რაიონის სარეგისტრაციო სამსახურის მიწის მართვის განყოფილების და არა თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
საკასაციო პალატის 238.04.07წ. განჩინებით მ. შ.-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, მხარეებს განესაზღვრათ ვადა დასაშვებობის თაობაზე მოსაზრებების წარმოდგენისათვის. მოსაზრება წარმოადგინა ა. ჟ.-მ, რომლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან ვერ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პირობებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. შ.-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. შ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით, 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. შ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. მ. შ.-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 90 ლარის ოდენობით;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.