Facebook Twitter

ბს-322-313(კ-08) 17 ივლისი, 2008 წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობით:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, დავით სულაქველიძე (მოსამართლეები)

სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა

კასატორი – რ. მ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო (მოპასუხე)

დავის საგანი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 20 დეკემბრის ¹309-კ ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა; სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რ. მ-მა 2006 წლის 18 იანვარს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. მან სარჩელი დაასაბუთა იმით, რომ 2005 წლის 20 ივლისს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით დანიშნულ იქნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს უფროსად. 2005 წლის 10 ოქტომბერს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით დადგინდა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში უნდა ჩატარებულიყო მოხელეთა ატესტაცია. აღნიშნული ბრძანება შეეხო რ. მ-ს, რის შედეგადაც ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 20 დეკემბრის ბრძანებით. მოსარჩელის განმარტებით, მის მიმართ არ უნდა გავრცელებულიყო მოთხოვნა მოხელეთა ატესტაციის გავლის შესახებ, ვინაიდან იგი თანამდებობაზე დანიშნული იყო 2005 წლის 20 ივლისს, ხოლო ატესტაცია გამოცხადდა 10 ოქტომბერს. "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილით იგი, როგორც მოხელე, რომელიც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა ექვს თვეზე ნაკლები ვადით, ექვემდებარებოდა მომავალ წელს ატესტირებას. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ კანონსაწინააღმდეგო იყო მისი ატესტირებას დაქვემდებარება და შესაბამისად ატესტაციის შედეგების გამო სამსახურიდან გათავისუფლება. რ. მ-მა მიიჩნია, რომ მისი სამუშაოდან დათხოვნა ეწინააღმდეგებოდა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 83-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება თანახმად საქართველოს კანონის "საჯარო სამსახურის შესახებ" 112-ე და 127-ე მუხლებისა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა; რ. მ-ს უარი ეთქვა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 20 დეკემბრის ¹309-კ ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში არსებული მასალების შესაბამისად დადგენილად მიიჩნია, რომ რ. მ-ი 2005 წლის 20 ივლისს დაინიშნა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე სამი თვის საგამოცდო ვადით. 2005 წლის 10 ოქტომბერს მინისტრის ¹2-234 ბრძანებით გამოცხადდა სამინისტროს მოხელეთა ატესტაცია, რომლის შესახებ კანონით დადგენილი წესით ეცნობათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს. 17 ოქტომბერს მოსარჩელემ გაიარა გასაუბრება, ხოლო 15 ნოემბერს, გაფრთხილებულ იქნა ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე. იგი გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან 20 დეკემბერს ატესტაციის შედეგების გამო.

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გაცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული ბრძანება არ შეესაბამება კანონს და იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 98-ე მუხლი ითვალისწინებს ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო მოხელის სამუშაოდან დათხოვნის შესაძლებლობას, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია რომ გასაჩივრებული ბრძანება შესაბამისობაშია საქართველოს კანონთან "საჯარო სამსახურის შესახებ".

სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ იგი, როგორც ექვს თვეზე ნაკლები ვადით მომუშავე მოხელე ექვემდებარებოდა ატესტაციას მომავალ წელს, მაგრამ ჩათვალა, რომ აღნიშნული გარემოება არ შეიძლება ჩაითვალოს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების და გამოცემის წესის არსებით დარღვევად და შესაბამისად ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლად. საქართველოს კანონის "საჯარო სამსახურის შესახებ" 81-ე მუხლის მიხედვით, ატესტაცია არის მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობის და პირადული თვისების დაკავებულ თანამდებობასთან წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება. იმ შემთხვევაში, თუ ატესტაციის შედეგი აღმოჩნდა არადამაკმაყოფილებელი, კანონი ითვალისწინებს მოხელის სამსახურიდან დათხოვნას. საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე დანიშნული იყო თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით, რაც "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 24-ე მუხლის მიხედვით, ისევე როგორც ატესტაცია, მიზნად ისახავს მისი პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმებას. სასამართლოს მითითებით, მოხელის გამოსაცდელი ვადა დასრულდა 20 ოქტომბერს, ხოლო მან ატესტაცია გაიარა 17 ოქტომბერს. შესაბამისად, გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე მოხდა მისი თანამდებობასთან შესაბამისობის შეფასება.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დაადასტურა მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ გამოქვეყნებული იქნა სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება ¹2-234. ამ ბრძანების მიხედვით ცენტრალური აპარატის ყველა მოხელე დაექვემდებარა ატესტაციას. "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მე-6 მუხლის მიხედვით მოხელე არის პირი, რომელიც ინიშნება ან აირჩევა სახაზინო დაწესებულების საშტატო თანამდებობაზე. შესაბამისად, მოსარჩელეზე გავრცელდა მინისტრის ¹2-234 ბრძანების მოქმედება. გამოქვეყნებული იქნა გრაფიკი, სადაც მითითებული იყო, რომ მოსარჩელეს უნდა გაევლო ატესტაცია 17 ოქტომბერს. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია არც ზემოაღნიშნული ბრძანება და შესაბამისად ატესტაციისათვის მისი დაქვემდებარება. მან ნებაყოფლობით გაიარა ატესტაცია, რითაც თანხმობა გამოთქვა მისი შეფასების და შესაბამისად ატესტაციის შედეგების მასზე გავრცელების თაობაზე. ამდენად, სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე არ ექვემდებარებოდა ატესტაციას, სასამართლოს მითითებით არ შეიძლება გახდეს რ. მ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მინისტრის 2005 წლის 20 დეკემბრის ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ძალაშია და სადაოდ არ გამხდარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ატესტაციისთვის დაქვემდებარების შესახებ.

რ. მ-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა სასამართლო კოლეგიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება. პალატის განმარტებით, აპელანტს არ წარმოუდგენია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული მოტივების გამაბათილებელი არგუმენტი.

რ. მ-მა საკასაციო საჩივარი შეიტანა ზემოაღნიშნულ განჩინებაზე, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საკასაციო საჩივრით რ. მ-ი განმარტავს, რომ 2006 წლის 17 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა მის სარჩელს დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული სარჩელის მოთხოვნა იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 20 დეკემბრის ¹309-კ ბრძანების იმ ნაწილის ბათილად ცნობა, რომელიც თანამდებობიდან მის გათავისუფლებას ეხებოდა, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში ხელფასის ანაზღაურების დაკისრება.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებით უცვლელი დარჩა ზემოხსენებული გადაწყვეტილება, რომელსაც არა აქვს მოტივაცია და სასამართლო შემოიფარგლება მხოლოდ იმის მითითებით, რომ სრულად იზიარებს სასამართლო კოლეგიის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას. რის გამოც მიაჩნია კასატორს, რომ, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და აგრეთვე არასწორად განმარტა კანონი.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მისი პოზიცია იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული ბრძანება არ შეესაბამება კანონს და იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნულის დასასაბუთებლად სასამართლომ მიუთითა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 98-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო მოხელის სამუშაოდან დათხოვნის შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიუთითა, რომ თითქოს გასაჩივრებული ბრძანება შესაბამისობაშია საქართველოს კანონთან "საჯარო სამსახურის შესახებ". საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 83-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ექვემდებარება მომავალ წელს ატესტირებას. რ. მ-ი კი თანამდებობაზე დაინიშნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 20 ივლისის ¹186-კ ბრძანებით. შესაბამისად, მისი დანიშვნიდან ატესტაციამდე მხოლოდ სამი თვე იყო გასული, რადგან ატესტაცია 2005 წლის ოქტომბერში ჩატარდა. აქედან გამომდინარე, კანონის შეუსაბამოდ მოხდა მისი გასვლა ატესტაციაზე და აღნიშნული ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 20 დეკემბრის ბრძანებით იქნა გათავისუფლებული თანამდებობიდან. აღნიშნული ბრძანების საფუძვლად მიეთითა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისადაც მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო ატესტაციის შედეგების საფუძველზე. კასატორს მიაჩნია, რომ ამავე კანონის 83-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უკანონოდ გაატარეს ატესტაციაზე. შესაბამისად თვლის, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველი უკანონოა, ეწინააღმდეგება კანონს და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად ცნობილ უნდა იქნეს ბათილად.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მისი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ იგი, როგორც ექვს თვეზე ნაკლები ვადით მომუშავე მოხელე, ექვემდებარებოდა ატესტაციას მომავალ წელს, მაგრამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება არ შეიძლება ჩაითვალოს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების და გამოცემის წესის დარღვევად და შესაბამისად, ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლად. რ. მ-ის განმარტებით, მან სასამართლო სხდომაზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბრძანება უნდა ყოფილიყო ცნობილი ბათილად, იმის გამო რომ იგი ეწინააღმდეგება კანონს. შესაბამისად, მიაჩნია რომ სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის აღნიშნული არგუმენტიც მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს.

კასატორის მოსაზრებით მოსამართლე ასევე მიუთითებს, რომ დანიშნული იყო თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით. მისი გამოსაცდელი ვადა სრულდებოდა 2005 წლის 20 ოქტომბერს, ატესტაცია კი გაიარა 2005 წლის 17 ოქტომბერს და თითქოს გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე მოხდა თანამდებობასთან მისი შესაბამისობის შეფასება. აღნიშნული არგუმენტიც დაუსაბუთებლად მიაჩნია კასატორს, რადგან "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგები სამსახურიდან გათავისუფლების დამოუკიდებელი საფუძველია. გასაჩივრებულ ბრძანებას კი საფუძვლად "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი დაედო (სამსახურიდან გათავისუფლება ატესტაციის შედეგების საფუძველზე), შესაბამისად, ბრძანებაში მითითებული გათავისუფლების საფუძველი არანაირ კავშირში არ არის გამოსაცდელ ვადასთან. გარდა ამისა კასატორი დანიშნული იყო გამოსაცდელი ვადით - სამი თვით, ხოლო სამსახურიდან გათავისუფლდა 5 თვის შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ არგუმენტის უსაფუძვლობას.

კასატორი განმარტავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის არგუმენტად იმის მოყვანა რომ სადავოდ არ გამხდარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ატესტაციის დაქვემდებარების შესახებ და შესაბამისად, არ შეიძლება იმ ადმინსტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც მოხდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება ასევე უსაფუძვლოა, რადგან რ. მ-ის კანონიერი უფლება და ინტერესი დაირღვა მაშინ, როდესაც მოხდა მისი სამსახურიდან გათავისუფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, რ. მ-ის საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, მხარეთა განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ რ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის განჩინება შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, რ. მ-ი 2005 წლის 20 ივლისს დაინიშნა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე სამი თვის საგამოცდო ვადით. 2005 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ¹2-234 ბრძანებით გამოცხადდა სამინისტროს მოხელეთა ატესტაცია, რომლის შესახებ კანონით

დადგენილი წესით ეცნობათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს. 17 ოქტომბერს მოსარჩელემ გაიარა გასაუბრება, ხოლო 4 ნოემბერს, გაფრთხილებულ იქნა ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე. იგი გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან 20 დეკემბერს ატესტაციის შედეგების გამო.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ არასწორია სააპელაციო სასამართლოს ის მოსაზრება, რომლითაც მან უსაფუძვლოდ მიიჩნია რ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა იმ მოტივით, რომ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ატესტაციისადმი დაქვემდებარების თაობაზე. კასატორი თვლის, რომ მისი კანონიერი უფლება დაირღვა სწორედ იმ მომენტში, როდესაც გაათავისუფლეს სამსახურიდან.

დადგენილია, რომ რ. მ-მა სარჩელით მოითხოვა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 20 დეკემბრის ¹309-კ ბრძანების იმ ნაწილის ბათილად ცნობა, რომელიც მის თანამდებობიდან გათავისუფლებას ეხება; მან მოითხოვა ასევე თავის თანამდებობაზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 20 დეკემბრის სადავო ბრძანების საფუძვლად მითითებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 14 ნოემბრის ¹276-კ ბრძანება (ს.ფ. 15). ეს უკანასკნელი კი ეხება სხვა თანამშრომლებთან ერთად რ. მ-ის გაფრთხილებას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ჩატარებული ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო დაკავებულ თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. საქმის მასალებით დადგენილია და თავად რ. მ-იც ადასტურებს, რომ მას არ გაუსაჩივრებია და არ მოუთხოვია ამ ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე სადავოდ არ გაუხდია ატესტაციაზე მისი გასვლის საკითხი, იგი თავისი ნებით გავიდა ატესტაციაზე მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 83-ე მუხლის მეორე ნაწილის შინაარსი; მას ასევე სადავოდ არ გაუხდია სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ჩატარებული ატესტაციის შედეგები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ რ. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება, რომელსაც საფუძვლად უდევს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამარლებრივი აქტები და რომელთა კანონიერება სადავო არ გამხდარა, არ ეწინააღმდეგება კანონს, რის გამოც არ არსებობს ამ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.