Facebook Twitter

ბს-324-306(კ-07) 10 ივლისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს ჩხოროწყუს საგანმანანთლებლო რესურსცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 თებერვლის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

გ. ჯ-მ სარჩელი აღძრა ჩხოროწყუს რაიონულ სასამართლოში მოპასუხის - ჩხოროწყუს რაიონის განათლების განყოფილების მიმართ, რომლითაც მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა (იხ. ს.ფ. 1-4).

ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. ჯ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ჩხოროწყუს რაიონის განათლების განყოფილების უფროსის ¹120/კ ბრძანება და გ. ჯ-ე აღდგენილ იქნა სპეციალისტის თანამდებობაზე (იხ. ს.ფ. 79-81).

რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 ნოემბრის განჩინებით გ. ჯ-ს განცხადება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 107).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჩხოროწყუს რაიონის განათლების განყოფილებამ, რომელმაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 100-102).

სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 5 იანვრის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ჩხოროწყუს რაიონის განათლების განყოფილების სპეციალისტები მ. კ-ა და ა. ფ-ა (იხ. ს.ფ. 114-115).

სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით ჩხოროწყუს რაიონის განათლების განყოფილების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, გაუქმდა რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება, 2005 წლის 16 ნოემბრის განჩინება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ჯ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ 164-169).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ჯ-მ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 184-193).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 21 ნოემბრის განჩინებით გ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა დანსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 253-265).

ქუთაისის სააპელაციო სასამათლოს 2007 წლის 7 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ჩხოროწყუს რაიონის განათლების განყოფილების სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 296-299).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 აპრილის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად. მხარეებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრა საპროცესო ვადა 15 დღე (იხ. ს.ფ. 320-321).

საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში მოწინააღმდეგე მხარემ – გ. ჯ-მ წარმოადგინა მოსაზრება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით და განმარტა, რომ ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას (იხ. ს.ფ. 328). ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრის არ წარმოუდგენია მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 19 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრის საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისა, შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრის საკასაციო საჩივარში აღნიშნული კასაციის მოტივები (კასაციის მიზეზი) არ შეიცავს მოტივაციას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების თაობაზე, რომელსაც შეეძლო ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. წინამდებარე განჩინების ასლი გაეგზავნოთ მხარეებს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.