Facebook Twitter

¹ბს-324-315(კ-08) 24 ივლისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ შპს “.....”

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)

მესამე პირი _ სს “....” ყვარლის ფილიალი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, საინკასო დავალებების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 27 ივნისს შპს “....” სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თელავის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, მესამე პირად კი სს “....” ყვარლის ფილიალი მიუთითა.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ შპს “....” გააჩნდა ანგარიში სს “....” ყვარლის ფილიალში, რომელზეც ერიცხებოდა მედპერსონალისათვის გადასაცემი სახელფასო თანხები, მოსახლეობისათვის უფასო სასწრაფო სამედიცინო მომსახურებისათვის გამოყოფილი და სხვა თანხები.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 19 მაისის ¹63 ბრძანებით მის მიმართ სს “.....” ყვარლის ფილიალში წარდგენილ იქნა საინკასო დავალებები ¹¹343, 344, 345, 351, 352, შესაბამისი თანხებით _ 7618, 6029, 2977, 2738, 627 ლარი, რის გამოც ანგარიშიდან მოსარჩელეზე თანხის გაცემა აღარ ხდებოდა, საინკასო დავალებებით გათვალისწინებული თანხების დაფარვა-განაღდებამდე.

მოსარჩელემ თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 19 მაისის ¹63 ბრძანება უკანონოდ მიიჩნია და განმარტა, რომ ხსენებული ბრძანება გამოცემული იყო კანონის დარღვევით, რის გამოც იგი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი და შესაბამისად, სს “....” ყვარლის ფილიალში არსებულ მის ანგარიშზე წარდგენილი საინკასო დავალებები გაუქმებულიყო.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელი ჯეროვნად არ ასრულებდა მასზე კანონით დაკისრებულ მოვალეობებს და დროულად არ იხდიდა გადასახადებს, საგადასახადო ორგანო ვალდებული იყო, გამოეცა საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც წარედგინებოდა გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს და მისი შესრულება სავალდებულო იყო ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო ვალდებული იყო, გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირისათვის წარედგინა საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობდა მისი წარდგენის საფუძველი. ამის შემდეგ კი გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს უფლება ჰქონდა, კანონით მინიჭებულ ვადაში გაესაჩივრებინა საგადასახადო მოთხოვნა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 146-ე მუხლის შესაბამისად, აერჩია დავის გადაწყვეტის ფორმა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მას საგადასახადო მოთხოვნა არ ჩაჰბარებია და მისი არსებობის შესახებ შეიტყო მხოლოდ სარჩელის აღძვრისას, რის გამოც ვერ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება, დადგენილ ვადაში გაესაჩივრებინა საგადასახადო მოთხოვნა და აერჩია დავის გადაწყვეტის ფორმა. ამდენად, მოსარჩელის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში დარღვეული იყო ზემოაღნიშნული კანონით დადგენილი პროცედურა, კერძოდ, მოსარჩელეს არ ჩაჰბარებია საგადასახადო მოთხოვნა, რომლის ძალაში შესვლის შემდეგაც, თუ მოვალე არ შეასრულებდა ვალდებულებას, საგადასახადო ორგანოს ექნებოდა საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების, ანუ შესაბამისი ბრძანების გამოცემისა და საინკასო დავალებების მოსარჩელის ანგარიშზე წარდგენის უფლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 19 მაისის ¹63 ბრძანების ბათილად ცნობა და სს “....” ყვარლის ფილიალში არსებულ მის ანგარიშზე წარდგენილი საინკასო დავალებების გაუქმება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 19 მაისის ¹63 ბრძანების მოქმედების შეჩერება მოითხოვა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და შეჩერდა თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 19 მაისის ¹63 ბრძანების მოქმედება მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს “....” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 19 მაისის ¹63 ბრძანება და თელავის საგადასახადო ინსპექციას გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 19 მაისის ¹63 ბრძანებით შპს “....” მიმართ სს “სახალხო ბანკის” ყვარლის ფილიალში წარდგენილ იქნა საინკასო დავალებები შესაბამისი თანხებით _ 7618, 6029, 2977, 2736, 627 ლარი. ინკასოს წარდგენის საფუძვლად აღნიშნულ ბრძანებაში მითითებული იყო 2005 წლის 28 თებერვალს გაგზავნილი საგადასახადო მოთხოვნა, თუმცა მოპასუხემ აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის მოსარჩელისათვის გაგზავნის ან ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოს ვერ წარუდგინა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა ადმინისტრაციულ ორგანოს.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ მიმართა თელავის საგადასახადო ინსპექციას, რათა მომხდარიყო მის ანგარიშზე დადებული ინკასოს კანონიერების შემოწმება, თუმცა საკითხის სათანადო წესით განხილვა არ მომხდარა. საქმის მასალების საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს არ მოუხდენია მოსარჩელის სავალდებულო წესით საქმის განხილვაზე მიწვევა და საკითხის გარკვევა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რის გარეშეც, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელი იყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ თელავის საგადასახადო ინსპექციის მიერ გამოცემული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი და მოპასუხეს გარემოებათა ყოველმხრივი გარკვევის შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაკისრებოდა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა იმ ნაწილში, რომლითაც შპს “....” სარჩელი დაკმაყოფილდა. აპელანტმა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მაისის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექცია, ხოლო ამავე პალატის 2007 წლის 30 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “....” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 19 მაისის ¹63 ბრძანებით სს “...” ყვარლის ფილიალში შპს “....” მიმართ წარდგენილ იქნა საინკასო დავალებები ¹¹343, 344, 345, 351, 352, შესაბამისი თანხებით _ 7618, 6029, 2977, 2738, 627 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებული იყო საგადასახადო ორგანოს მიერ სადავო თანხაზე ინკასოს დადებამდე, გადამხდელისათვის საგადასახადო მოთხოვნის გაგზავნის ვალდებულება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2005 წლის 28 თებერვალს მოსარჩელეს ჩაჰბარდა თელავის საგადასახადო ინსპექციის ¹26 საგადასახადო შეტყობინება, რომელიც მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება და მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანო არ იყო შეზღუდული, გამოეყენებინა საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას დარღვეული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტები, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი იყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება შპს “....” საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დასტურდება, რომ თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 19 მაისის ¹63 ბრძანებით მის მიმართ სს “....” ყვარლის ფილიალში წარდგენილ იქნა საინკასო დავალებები შესაბამისი თანხებით _ 7618, 6029, 2977, 2738, 627 ლარი. ინკასოს წარდგენის საფუძვლად ხსენებულ ბრძანებაში მითითებული იყო 2005 წლის 28 თებერვალს გაგზავნილი საგადასახადო მოთხოვნა, თუმცა მოპასუხეს არ წარუდგენია სასამართლოსათვის აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის შპს “....” ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად კი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელის აღძვრის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა ადმინისტრაციულ ორგანოს. შპს “....” მიმართა თელავის საგადასახადო ინსპექციას, რათა მომხდარიყო მის ანგარიშზე დადებული ინკასოს კანონიერების შემოწმება, მაგრამ საკითხის განხილვა არ მომხდარა კანონით გათვალისწინებული წესით. კასატორის განმარტებით, მოპასუხეს არ მოუხდენია სავალდებულო წესით საქმის განხილვაზე მისი მიწვევა და საკითხის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გარკვევა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რის გარეშეც დაუშვებელი იყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 2 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს “...” საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 2 მაისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 29 მაისამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 მაისის განჩინებით შპს “....” საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული და მისი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 10 ივლისს, 10.30 საათზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივლისის სხდომაზე დადგინდა შპს “....” საკასაციო საჩივრის განხილვა ამავე დღეს ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ შპს “....” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 19 მაისის ¹63 ბრძანებით შპს “....” მიმართ სს “.....” ყვარლის ფილიალში წარდგენილ იქნა საინკასო დავალებები ¹¹343, 344, 345, 351, 352 შესაბამისი თანხებით _ 7618, 6029, 2977, 2738, 627 ლარი, ხოლო ინკასოს წარდგენის სამართლებრივ საფუძვლად აღნიშნულ ბრძანებაში მიეთითა 2005 წლის 28 თებერვალს გაგზავნილ საგადასახადო მოთხოვნაზე (ს.ფ. 7).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი და მე-2-3 ნაწილების თანახმად, „საგადასახადო მოთხოვნა“ არის საგადასახადო ორგანოს მიერ მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც წარედგინება გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს. „საგადასახადო მოთხოვნის“ შესრულება სავალდებულოა ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. საგადასახადო ორგანო ვალდებულია, გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს წარუდგინოს „საგადასახადო მოთხოვნა“, თუ არსებობს მისი წარდგენის საფუძველი. წარდგენის კონკრეტულ საფუძველზე შესაბამის პირებს წარედგინება მხოლოდ ერთი „საგადასახადო მოთხოვნა”. საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს „საგადასახადო მოთხოვნას“ უგზავნის გამოვლენილ საგადასახადო სამართალდარღვევაზე ან საგადასახადო შემოწმების მასალებზე თანხების დარიცხვის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის მიერ გადაწყვეტილების მიღების დღიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში. „საგადასახადო მოთხოვნის“ გამოცემის წესი, ფორმა და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე მიიჩნია დადგენილად 2005 წლის 28 თებერვალს მოსარჩელისთვის თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 28 თებერვლის ¹26 საგადასახადო შეტყობინების ჩაბარება და მიუთითა, რომ იგი მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია, რომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილია თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 28 თებერვლის ¹26 საგადასახადო მოთხოვნის მხოლოდ ასლი, რომელიც არ არის ხელმოწერილი თელავის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მიერ (ს.ფ. 39). ამდენად, საქმეში, ფაქტობრივად, არ არის წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტი _ საგადასახადო მოთხოვნა. გარდა ამისა, თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 სექტემბრის სხდომაზე მოსარჩელის _ შპს “...” იმჟამინდელმა დირექტორმა ვ. ე-ემ აღნიშნა, რომ ამ სხდომაზე პირველად ნახა თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 28 თებერვლის ¹26 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც მას არ ჩაჰბარებია, ხოლო იმავე მოთხოვნაზე არსებული ხელმოწერა მის მიერ არ იყო შესრულებული და მიუთითა კალიგრაფიულ ექსპერტიზაზე. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ არ დანიშნა კალიგრაფიული ექსპერტიზა აღნიშნული საკითხის გასარკვევად, მით უმეტეს, რომ საქმეში წარმოდგენილია შპს “....” ყოფილი დირექტორის _ ვ. ე-ის მიერ გაცემული ცნობები (ს.ფ. 8-11), რომლებზეც შესრულებული ვ. ე-ის ხელმოწერა ვიზუალური შეფასებითაც კი, საერთოდ არ ჰგავს და მნიშვნელოვნად განსხვავდება თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 28 თებერვლის ¹26 საგადასახადო მოთხოვნაზე შესრულებული შესაბამისი ხელმოწერისაგან. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხსენებული საკითხის გამოკვლევასა და შესაბამისი დასკვნების გაკეთებას არსებითი მნიშვნელობა აქვს მოცემულ საქმეზე მართებული გადაწყვეტილების მისაღებად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. იმავე კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლითა და მე-19 მუხლის პირველი ნაწილით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საკუთარი ინიციატივითაც შეგროვების თაობაზე, კერძოდ, აპელანტისაგან (მოპასუხე) _ თელავის საგადასახადო ინსპექციისაგან არ გამოუთხოვია თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 28 თებერვლის ¹26 საგადასახადო მოთხოვნის დედანი.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ, მართალია, თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 19 მაისის ¹63 ბრძანებაში ინკასოს წარდგენის სამართლებრივ საფუძვლად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად, მიეთითა 2005 წლის 28 თებერვალს გაგზავნილ საგადასახადო მოთხოვნაზე, თუმცა საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის მოსარჩელისათვის გაგზავნის ან ჩაბარების ფაქტი _ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხე მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოპასუხეს არ წარუდგენია სასამართლოსათვის აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის შპს “....” ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის “გ” და “ე” ქვეპუნქტებისა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტი საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლად ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როდესაც საქმის გარემოებანი საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო სასამართლოს მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას, ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით და მე-19 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სრულყოფილად გამოიკვლიოს მტკიცებულებები, ყოველმხრივ და ობიექტურად დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და საქმეზე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს “....” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “....” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.