Facebook Twitter

ბს-325-307(კ-07) 20 ივნისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ბ. გ.-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 28 დეკემბერს თ. ბ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ბ. გ.-ს მიმართ და მოითხოვა მისი კუთვნილი შენობიდან ბ. გ.-ს გამოსახლება.

მოსარჩელის განმარტებით, 2003 წლის 20 ივნისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ სპეციალიზებულ ღია აუქციონზე მან შეისყიდა სამტრედიის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივის ..-ის უნივერმაღი 986 კვ.მ მიწის ნაკვეთით, რაშიც გადაიხადა 3000 ლარი. მოსარჩელეს გააჩნდა აღნიშნული მიწისა და უძრავი ქონების ¹... სარეგისტრაციო მოწმობა, შესყიდული ნივთი გატარებული ჰქონდა საჯარო რეესტრში და გააჩნდა შენობა-ნაგებობის ტექნიკური პასპორტი.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ბ. გ.-ს მოსარჩელის კუთვნილ უნივერმაღში გახსნილი ჰქონდა სასადილო და მიუხედავად მისი არაერთგზის მოთხოვნისა, არ ათავისუფლებდა დაკავებულ ფართს.

თ. ბ.-მ დაზუსტებული სასარჩელო განცხადება წარადგინა, გაადიდა სასარჩელო მოთხოვნების ოდენობა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, დამატებით მოითხოვა ბ. გ.-ს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა 3100 ლარი მიუღებელი შემოსავლის სახით და 200 ლარი ადვოკატის ხარჯების ასანაზღაურებლად.

მოსარჩელის განმარტებით, ბ. გ.-მ მას მიაყენა ზიანი, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ უკანონოდ დაკავებული ფართის ექსპლუატაციისათვის არ უხდიდა ქირას, კერძოდ, ბ. გ.-ს მისთვის 2003 წლის 1 ივლისიდან სარჩელის წარდგენის დღემდე უნდა აენაზღაურებინა მიუღებელი შემოსავალი 100 კვ.მ სავაჭრო ფართის ქირა, 1 კვ.მ-ზე 1 ლარის ოდენობით, თვეში 100 ლარი, 31 თვეში კი _ 3100 ლარი.

ბ. გ.-მ სამტრედიის რაიონულ სასამართლოში წარადგინა შეგებებული სარჩელი მოპასუხეების _ თ. ბ.-ის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისა და ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა თ. ბ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიერ ჩატარებული აუქციონისა და მისი შედეგების გაუქმება, სადავო ობიექტების მფლობელობის ხელშეშლის აღკვეთა ან მის მიერ გაწეული ხარჯის _ 9555 ლარის ანაზღაურება და მფლობელობის ხელყოფით გამოწვეული ზიანის _ 800 ლარისა და აუდიტის მომსახურების თანხის _ 238 ლარის ანაზღაურება.

შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, იგი წლების მანძილზე მუშაობდა სამტრედიის ...-ის უნივერმაღში ...-ად. სოფელ ...-ში მდებარე უნივერმაღი, 90-იანი წლების მოვლენების გამო, იყო გაძარცვული და დაზიანებული. ბ. გ.-მ 1994 წელს განცხადებით მიმართა დ.-ის სოფლის კოოპერატივის გამგეობას და გამოთქვა სურვილი, საკუთარი ხარჯებით აღედგინა ...-ს უნივერმაღის პირველ სართულზე მდებარე სასადილო და მაღაზია, ხოლო სანაცვლოდ ხსენებულ კოოპერატივს შესთავაზა აღნიშნული ფართის ქირა, რაზეც თანხმობა მიიღო.

შეგებებული სარჩელის ავტორის მითითებით, სასადილოსა და მაღაზიის აღდგენის შემდეგ, 2002 წელს რაიკავშირის თავმჯდომარემ სოფლის მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მას ნება დართო იმავე შენობაში აეშენებინა პურის საცხობი.

შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, ...-ის უნივერმაღის შენობაში განთავსებულ ობიექტებში მისი მუშაობა შეთანხმებული იყო დ.-ის მომხმარებელთა საზოგადოებასა და რაიკოოპკავშირის ხელმძღვანელობასთან. შესაბამისად, იგი იხდიდა ქირას თვეში 30-40 ლარის ოდენობით.

შეგებებული სარჩელის ავტორი აღნიშნავდა, რომ 2003 წლის 20 ივნისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული აუქციონი ჩატარდა ფარულად და კანონის უხეში დარღვევით, კერძოდ, არ გაკეთებულა სპეციალური განცხადება ხსენებული აუქციონის ჩატარების შესახებ, არ გამოქვეყნებულა უძრავი ქონების მესაკუთრის ვინაობა, აუქციონის ჩატარების დრო და ადგილი, აუქციონზე გასაყიდი ქონების საწყისი ფასი, უფრო მეტიც, საერთოდ არ მომხდარა ქონების შეფასება 2003 წლის მდგომარეობით, რასაც ადასტურებდა ქონების მიზერული შეფასება 2000 ლარად, მაშინ, როდესაც შეგებებული სარჩელის წარდგენის დროისათვის აღნიშნული ქონება აუდიტორის მიერ შეფასებულ იქნა 9555 ლარად. აუქციონის ჩატარებისას მოხდა კანონის დარღვევა, რის გამოც ბ. გ.-ს არ მიეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო ხსენებულ აუქციონში, როგორც უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს.

შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, ზემოთ მითითებული შენობა-ნაგებობის საკუთრების ¹... სარეგისტრაციო მოწმობა თ. ბ.-ის სახელზე წარმოადგენდა მხოლოდ მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობას და არა შენობა-ნაგებობის საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს, როგორც ამას მოსარჩელე აცხადებდა. გარდა ამისა, თ. ბ.-ის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური პასპორტი შედგენილი იყო 2003 წლის 17 ივნისს და მის საფუძვლად მითითებული იყო ¹... სერტიფიკატი, მაშინ, როდესაც აღნიშნული სერტიფიკატი შედგენილ იქნა 2003 წლის 20 ივნისს, ანუ ტექნიკური პასპორტის შედგენის შემდეგ. ამდენად, თ. ბ.-ის მიერ სარჩელში მითითებული დოკუმენტაცია არ ადასტურებდა მის მიერ ...-ის ფლობის ფაქტს.

შეგებებული სარჩელის ავტორის მოსაზრებით, უსაფუძვლო იყო თ. ბ.-ის მიერ მიუღებელი შემოსავლის _ 3100 ლარის მოთხოვნა, ვინაიდან იგი კანონიერად ფლობდა სადავო შენობას და გააჩნდა შესაბამისი ნებართვა, ამასთან, მისთვის არავის აუნაზღაურებია ხსენებულ შენობაზე გაწეული ხარჯები, 8 თვის მანძილზე ბ. გ.-ს არ მიეცა შესაძლებლობა, ემუშავა ობიექტზე, რის გამოც, თ. ბ.-სგან მოითხოვა მფლობელობის ხელყოფით გამოწვეული ზიანის _ 800 ლარის ანაზღაურება. რაც შეეხებოდა თ. ბ.-სათვის ადვოკატის ხარჯის _ 200 ლარის ანაზღაურებას, აღნიშნული მოთხოვნა იყო უსაფუძვლო, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი არ იყო სათანადო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ამ თანხის გადახდის ფაქტს.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბ. გ.-ა გამოსახლებულ იქნა სამტრედიის რაიონის სოფელ ...-ში მდებარე ყოფილი უნივერმაღის შენობიდან და აღიკვეთა აღნიშნულ შენობაზე თ. ბ.-ის საკუთრების უფლების უკანონო ხელშეშლა; ბ. გ.-ს დაევალა აღნიშნული ფართის გამოთავისუფლება მის მიერ შეტანილი ინვენტარისაგან; მასვე დაეკისრა თ. ბ.-ის სასარგებლოდ 30 თვის გადაუხდელი ქირის _ 1200 ლარის, ადვოკატის მომსახურების თანხის _ 200 ლარისა და თ. ბ.-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 82 ლარის, სულ _ 1482 ლარის ანაზღაურება; ბ. გ.-ს შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. გ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე _ უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით ბ. გ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება ბ. გ.-სთვის ადვოკატის მომსახურების თანხის _ 200 ლარის დაკისრების ნაწილში; დანარჩენ ნაწილში სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, როგორც საქმის მასალებიდან ირკვეოდა, თ. ბ.-მ 2003 წლის 20 ივნისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ სპეციალიზებულ ღია აუქციონზე შეიძინა ...-ს უნივერმაღი. 2006 წლის 2 მარტის აუდიტორული დასკვნით, ობიექტზე ჩატარებული სამუშაოების ღირებულება, საბაზრო ფასებიდან გამომდინარე, შეადგენდა 9555 ლარს.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ფინანსთა და იუსტიციის მინისტრების 2002 წლის 17 დეკემბრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ,,გადასახადის გადამხდელის დაყადაღებული ქონების რეალიზაციის მიზნით სპეციალიზებული ღია აუქციონის გამართვის პირობებისა და წესის” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს ადგენდა საგადასახადო დეპარტამენტი საოლქო საგადასახადო ინსპექციის მეშვეობით, რის შესახებაც მას აუქციონის ჩატარებამდე 30 დღით ადრე უნდა გაეკეთებინა განცხადება. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ გამოცხადება უნდა მომხდარიყო საგადასახადო ორგანოს მიერ გამოკრული განცხადებით და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. ამ შემთხვევაში აუქციონის შესახებ ინფორმაცია გამოცხადდა ტელეკომპანია ,,...-ში” 2003 წლის 20 მაისს, ხოლო აუქციონი ჩატარდა 2003 წლის 20 ივნისს და, მაშასადამე, დაცულ იქნა აღნიშნული ერთთვიანი ვადა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტმა სადავო გახადა ტელეკომპანია ,,...-ში” ინფორმაციის გამოცხადება იმ თვალსაზრისით, რომ აღნიშნული ტელევიზია სამტრედიაში არ უჩვენებდა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ტელეკომპანია ,,...-ი” ლიცენზიის პირობების შესაბამისად, სატელევიზიო მაუწყებლობას აწარმოებდა დეციმეტრული დიაპაზონის ...-ე სატელევიზიო არხზე 200 ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქუთაისსა და მიმდებარე რაიონებში და მის მიერ განხორციელებული საქმიანობა შეესაბამებოდა მოქმედ კანონმდებლობას. სამტრედიის რაიონი 2003 წელს შედიოდა ტელე-რადიო კომპანია “...-ის” სამაუწყებლო არეალში.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, თითქოს 2003 წლის 20 მაისს შესაბამისი ინფორმაცია ტელევიზიით არ გადაცემულა. ტელეკომპანია ,,...-ის” 2007 წლის 31 იანვრის მიმართვაში აღნიშნული იყო, რომ ტელეკომპანიის პასუხისმგებელი მდივნის ხელმოწერით გაცემული ცნობა სარეგისტრაციო წიგნში გატარებული არ იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ხსენებული დოკუმენტი არ იყო შეთანხმებული დირექციასთან, ხოლო აღნიშნული ფაქტი არ გამორიცხავდა ინფორმაციის გადაცემას ტელევიზიით.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დ.-ის სოფლის კოოპერატივის გამგეობის 1994 წლის 17 მაისის დადგენილებით ბ. გ.-ს ნება დაერთო საკუთარი სახსრებით აღედგინა უნივერმაღის პირველ სართულზე სასადილო, ამოეშენებინა მაღაზია და, შესაბამისად, უსაფუძვლო იყო მისი მოთხოვნა ამ ხარჯების ანაზღაურების შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა თ. ბ.-ის მიერ ადვოკატისათვის 200 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილში იყო უსაფუძვლო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. გ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სწორი შეფასება არ მისცა შეგებებულ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს, დადგენილად მიიჩნია, რომ შეძენილ ქონებაზე შემძენმა საკუთრების უფლება რეგისტრაციაში გაატარა საჯარო რეესტრში 2003 წლის 8 სექტემბერს და მიიღო მიწის საკუთრების ¹... სარეგისტრაციო მოწმობა, რომლის თანახმად, ...-ში მის საკუთრებაში აღირიცხა 986 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. აღნიშნული რეგისტრაციიდან არ ჩანს, რომ თ. ბ.-ე გახდა ...-ს უნივერმაღის შენობა-ნაგებობების მესაკუთრე და არსად არ არის მითითებული შენობა-ნაგებობების აღწერილობაზე, არამედ საუბარია მხოლოდ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია 2003 წლის 17 ივნისს გაცემული ტექნიკური პასპორტის კანონიერება, მაშინ, როდესაც აუქციონი ჩატარდა ფარულად, ხსენებული პასპორტი გაკეთდა 3 დღით ადრე აუქციონის ჩატარებამდე, აუქციონი კი ჩატარდა 20 ივნისს, ანუ აუქციონის ჩატარებამდე 3 დღით ადრე, თ. ბ.-ე გახდა ...-ს უნივერმაღის მესაკუთრე.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაიანგარიშა ქირა 30 თვეზე და არასწორად დააკისრა ბ. გ.-ს 1200 ლარი, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კასატორის, როგორც მესამე პირის, უფლებები დაირღვა კანონდარღვევით ჩატარებული აუქციონის შედეგად და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 545-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამქირავებელი _ თ. ბ.-ე ვალდებულია დამქირავებელს _ ბ. გ.-ს აუნაზღაუროს ნივთზე გაწეული აუცილებელი ხარჯი. სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 545-ე მუხლის მოთხოვნებს, როდესაც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ, რამდენადაც საკუთარი სახსრებით უნდა ეწარმოებინა სამუშაოები ბ. გ.-ს, შესაბამისად, უსაფუძვლო იყო მისი მოთხოვნა ამ ხარჯების ანაზღაურების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიერ აუქციონის შესახებ განცხადება გამოქვეყნებულად ჩათვალა 30 დღით ადრე, მაშინ, როდესაც ამ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი საგადასახადო ინსპექციამ ვერ წარმოადგინა, სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო ყალბ დოკუმენტს, ე.წ. ,,ცნობას" გაცემულს დ. ა.-ის მიერ, რომელიც ტელეკომპანია ,,...-ში" მუშაობდა პასუხისმგებელ მდივნად და ამგვარი ცნობის გაცემის უფლებამოსილება მას არ გააჩნდა, არ იყო უფლებამოსილი პირი, რაც დაადასტურა ტელეკომპანია ,,...-ის" გენერალურმა დირექტორმა. გაურკვეველი და დაუსაბუთებელია, რას დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო, როდესაც აუქციონის ჩატარების შესახებ განცხადება გამოქვეყნებულად ჩათვალა _ საქმეში ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს. ტელეკომპანია ,,...-ის" ადმინისტრაცია თავის 2007 წლის 31 იანვრის წერილში კატეგორიულად აცხადებს, რომ მათ საბუღალტრო ჩანაწერებში ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიერ სადავო აუქციონის გამოცხადების შესახებ არანაირი ჩანაწერი არ არსებობს, რომ დ. ა.-ის ხელმოწერით გაცემული ცნობა სარეგისტრაციო წიგნში რეგისტრირებული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ხსენებული დოკუმენტი არ იყო შეთანხმებული აღნიშნული კომპანიის დირექტორთან. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დაამყარა სწორედ ხსენებულ ე.წ. ,,ცნობაზე", რომელიც არ შეიძლება ჩაითვალოს იურიდიულ დოკუმენტად და შესაბამისად, არც მტკიცებულებად.

კასატორის მტკიცებით, აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს არ შეიძლებოდა დაცულად ჩაეთვალა აუქციონის ჩატარებამდე განცხადების გაკეთების 30-დღიანი ვადა. სააპელაციო სასამართლომ ამგვარი ქმედებით დაარღვია გადასახადის გადამხდელის დაყადაღებული ქონების რეალიზაციის მიზნით სპეციალიზებული ღია აუქციონის გამართვის წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ¹1037 ერთობლივი ბრძანების მეორე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები იმის თაობაზე, რომ საგადასახადო ინსპექციები აუქციონის ჩატარებამდე 30 დღით ადრე აკეთებენ განცხადებას. სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორი შეფასება მისცა იმ ფაქტს, რომ ტელეკომპანია ,,რიონის" მაუწყებლობა ვრცელდება სამტრედიის მიმდებარე სოფლებზე (საუბარია სოფელ ...-ზე) და გაუგებარია, თუ რა მტკიცებულებას დაეყრდნო ასეთი შეფასებისას, რადგან თავად ტელეკომპანია ,,...-ის" ადმინისტრაციამ წარმოადგინა დოკუმენტი _ ლიცენზია, რომელშიც მითითებულია, რომ მისი მაუწყებლობა ვრცელდება მხოლოდ ქ. სამტრედიაზე, ისიც სპეციალური დანადგარების გამოყენებით და არა სამტრედიის რაიონში შემავალ სოფლებზე.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია, თუ რატომ მიიჩნია იგი არასათანადო მოსარჩელედ, მაშინ, როდესაც მას გააჩნია მუშაობის ოცწლიანი სტაჟი სადავო შენობაში და, როგორც მესამე პირს, უფლება ჰქონდა ედავა მისი დარღვეული უფლებების აღდგენისათვის, რითაც სააპელაციო სასამართლომ დაარღვია მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა, არ გამოურკვევია, როდის ჩატარდა პირველი აუქციონი, ასევე არ უმსჯელია სადავო ქონების შეფასების აქტებზე, რომელთა შორის არის საეჭვო სხვაობები.

კასატორი აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებია, რადგან საქმე მნიშვნელოვანია სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 23 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბ. გ.-ს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 23 აპრილის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 20 ივნისამდე.

2007 წლის 7 მაისს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსაზრება წარადგინა თ. ბ.-ის წარმომადგენელმა ჯ. შ.-მ და აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. გ.-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის შედეგზე და განაპირობებდა არასწორი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ. გ.-ს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.