Facebook Twitter

¹ბს-325-316 (კ-08) 17 დეკემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, მარიამ ცისკაძე

სხდომის მდივანი - გ. ილინა

კასატორები (მოსარჩელეები) – ნ. გ.-ი, მ. ქ.-ე და სხვ.

მოწინააღმდეგე მხარე(მოპასუხე) – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველო (ბორჯომის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფლებამონაცვლე)

მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო

მესამე პირი - თ. ზ.-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.08.04წ. განჩინება

დავის საგანი – ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

10.10.02წ. ბორჯომის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს ნ. გ.-მა, თ. გ.-მა, ე. მ.-მ, მ. ქ.-მ, ტ. ო.-მ და ნ. ს.-მა, მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ წლების მანძილზე მუშაობდნენ ბორჯომის ადგილობრივ კომბინატში სხვადასხვა თანამდებობებზე, 1995 წლიდან არ მიუღიათ კუთვნილი ხელფასები, რაც დღეის მდგომარეობით შეადგენს 10 064 ლარს და მოითხოვეს მოპასუხეებისათვის შრომის ანაზღაურების დაკისრება.

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 08.10.02წ. განჩინებით დაედო ყადაღა ბორჯომის ...-ის კომბინატის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულს, რათა შენობა არ გადასულიყო სახელმწიფო ქონების მართვის ბორჯომის სამმართველოს ბალანსზე და არ მომხდარიყო მისი გასხვისება, რაც გაართულებდა სახელფასო დავალიანების მიცემას. მიუხედავად აღნიშნულისა გაზეთ ,,...-ში" 20.09.02წ გამოცხადებული აუქციონის საფუძველზე ქ. ბორჯომში, ...-ის ქ. ¹...-ში მდებარე ...-ის კომბინატის ადმინიტსრაციული შენობის მეორე სართული გაიყიდა მოქალაქე თ. ზ.-ე.

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 21.02.03წ. განჩინებით დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე საქმეში მესამე პირად ჩაება თ. ზ.-ი.

12.06.03წ. ბორჯომის რაიონულ სასამართლოს დაზუსტებული სარჩელით მიმართეს მოსარჩელეებმა და მოითხოვეს: ბორჯომის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ 22.10.02წ. ჩატარებული აუქციონის შედეგების გაუქმება და სახელფასო დავალიანების ნაცვლად სადავო ქონების საკუთრებაში გადაცემა. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ სადავო აუქციონის ჩატარებისას დაირღვა ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, კერძოდ, ბორჯომის ...-ის კომბინატის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში ჩასმა არ შეთანხმებულა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან. ამასთან, ბორჯომის ...-ის კომბინატი არ იმყოფება სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს საკუთრებაში. აუქციონის ჩატარებისას დაირღვა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 31.03.99წ. ¹1-3/151 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ" დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა, რადგან გამყიდველს აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციები ხელშეკრულებით არ გადაუცია შუამავლისათვის. დარღვეულია მითითებული დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის მოთხოვნები, აუქციონის შესახებ ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა ადგილობრივ პრესაში, გაზეთ ,,...-ში”, ინფორმაცია არ გავრცელებულა ინტერნეტის ქსელით, არასწორად დასახელდა სარეალიზაციო ობიექტი, არ დადგენილა საპრივატიზაციო ობიექტის კრედიტორული თუ დებიტორული დავალიანებები მაშინ, როდესაც სახელფასო დავალიანება შეადგენს 10 064 ლარს. გარდა ამისა, მოსარჩელეთა განმარტებით, მთლიანად დარღვეულია აუქციონის ჩატარების პროცედურა. ოქმში არ არის ასახული ვაჭრობის მსვლელობის პროცედურა, მყიდველს არ წარუდგენია მონაწილის ბილეთი.

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 19.08.03წ. გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ. გ.-ის, თ. გ.-ის, ე. მ.-ის, მ. ქ.-ის, ტ. ო.-ს, ნ. ს.-ის, ტ. ტ.-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის ბორჯომის სამმართველოს, მესამე პირის თ. ზ.-ის მიმართ.

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 19.08.03წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინიტსრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 09.08.04წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 19.08.03წ. გადაწყვეტილება, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების მართვის ბორჯომის სამმართველოს 22.10.02წ. აუქციონის შედეგები ბორჯომის ...-ის ადმინისტრაციული შენობის მე-2 სართულთან დაკავშირებით.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 09.08.04წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს (ამჟამად ეკონომიკური განვითარების სამინისტროს) ბორჯომის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 21.04.05წ. განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების ბორჯომის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 09.08.04წ. გადაწყვეტილება, საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 13.12.07წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 19.08.03წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 09.08.04წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი დანარჩენ (მიუღებელი ხელფასის ნაცვლად საკუთრებაში ქონების გადაცემის შესახებ მოთხოვნის არ დაკმაყოფილების) ნაწილში არ გასაჩივრებულა მოსარჩელე მხარის მიერ და სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის კანონიერ ძალაშია შესული, შესაბამისად სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ უფლებამოსილია შეამოწმოს ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით ბორჯომის რაიონული სასამართლოს 19.08.03წ. გადაწყვეტილება მხოლოდ აუქციონის შედეგების არ დაკმაყოფილების ნაწილში.

სსკ-ის 390.3 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა და მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით აღნიშნა, რომ სადავო ობიექტის პრივატიზების ინიციატორი იყო საქართველოს მრეწველობის სამინისტრო, ამდენად სასამართლომ მიიჩნია, რომ პრივატიზების საკითხი შეთანხმებული იყო ხსენებულ სამინისტროსთან. პალატამ აღნიშნა, რომ გაზეთ ,,...-ში” აუქციონის თაობაზე გამოქვეყნებული განცხადება მართალია შეიცავდა ხარვეზს, მაგრამ აღნიშნულს გავლენა არ მოუხდენია პრივატიზების პროცესზე, გამოქვეყნებული ინფორმაცია იძლეოდა ობიექტის იდენტიფიცირების შესაძლებლობას, ხოლო არსებულ უზუსტობას არ გამოუწვევია პრივატიზების პროცესის მონაწილეთა უფლებების დარღვევა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბორჯომის რაიონული სასამართლოს 08.10.02წ. ¹8/285 განჩინებით დაკმაყოფილდა ტ. ტ.-ის, ნ. გ.-ის და სხვათა განცხადება, ყადაღა დაედო ბორჯომის ადგილობრივი მრეწველობის კომბინატის ადმინისტრაციულ შენობას. სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს ბორჯომის სამმართველოს უფროსის 21.10.02წ. წერილით სქმ სამმართველოს უფროსს ეცნობა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 10.10.05წ. გაცემული სააღსრულებო ფურცლის შესახებ და 23.10.05წ. ქონებაზე ყადაღის დადების და სამმართველოს წარმომადგენლის მივლინების შესახებ. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 08.10.02წ. განჩინების ასლი 17.10.02წ. ჩაბარდა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ბორჯომის სამმართველოს პრივატიზების ორგანიზების განყოფილების გამგეს, რომელიც სააუქციონო კომისიის წევრიც იყო და ხელს აწერს 22.10.02წ. აუქციონის შედეგების სადავო ¹112 ოქმს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ი. ჩ.-სათვის განჩინების ასლის ჩაბარება არ ნიშნავს, სამმართველოში მითითებული განჩინების ასლის დადგენილი წესით წარდგენას, ამასთანავე განჩინების ი. ჩ.-სათვის ჩაბარება ამავდროულად არ გამოიწვევდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 631 მუხლით დადგენილი წესით, ამავე კანონის 43-48-ე მუხლების შესაბამისად, სადავო უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეებს სასამართლოსათვის არ მიუმართავთ 22.10.02წ. დანიშნული აუქციონის ჩატარების შეჩერების მოთხოვნით და შესაბამისად სასამართლოსაც არ უმსჯელია 22.10.02წ. დანიშნული აუქციონის ჩატარების შეჩერების თაობაზე. სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 23.10.02წ. შედგენილი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების ოქმის საფუძველზე დადგენილად იქნა ცნობილი, რომ 08.10.02წ. განჩინების აღსრულება კომბინატის უძრავი ქონების აღწერა და ყადაღის დადება მოხდა 23.10.02წ., ვინაიდან მოსარჩელეებს არ მოუთხოვიათ 22.10.02წ. აუქციონის ჩატარების შეჩერება, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამმართველოს მიერ 22.10.02წ. აუქციონის ჩატარება კანონშესაბამისი იყო. სააპელაციო პალატამ აღნიშნა აგრეთვე, რომ ყადაღა დაედო მიუღებელი ხელფასის ნაცვლად საკუთრებაში ქონების გადაცემის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, ხოლო სააპელაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეებს სადავო აუქციონში მონაწილეობის მიღებაზე განაცხადი არ წარუდგენიათ.

სააპელაციო სასამართლოს 13.12.07წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ. გ.-ის, თ. გ.-ის, მ. ქ.-ის, ნ. ს.-ის მიერ. კასატორები აღნიშნავენ, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 631 მუხლის მოთხოვნები. კასატორები ამახვილებენ ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხისათვის ცნობილი იყო ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის დათვალიერებისას ნათლად დადასტურდა, რომ ი. ჩ.-ის მიერ მიღებული დოკუმენტის (ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს განჩინება) დარეგისტრირება მოხდა 22 ოქტომბრამდე, მოგვიანებით ჩანაწერი გასწორდა. კასატორები აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არ იძლეოდა სხვა მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველს, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში დარღვეულ იქნა საჯარო სამართლის კანონმდებლობა, დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელეები მოითხოვდნენ აუქციონის შედეგების ბათილად ცნობას. ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ არ იყო ცნობილი, ვინაიდან, საქმეში დაცული ცნობის თანახმად, გაზეთი ,,...” ბორჯომში შემოტანილი არ ყოფილა, დარღვეულია ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-9 მუხლი. კასატორებმა მოითხოვეს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, 22.10.02წ. აუქციონის შედეგების გაუქმება.

საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება. კასატორებმა დააზუსტეს, რომ აუქციონის შედეგების გაუქმებაში გულისხმობენ სააუქციონო კომისიის 22.10.02წ. ¹112 ოქმის იმ ნაწილის ბათილად ცნობას, რომლითაც შენობის მეორე სართული საპრივატიზაციო აუქციონის წესით მიეყიდა თ. ზ.-ს, აგრეთვე სამმართველოს 22.10.02წ. ¹96 ბრძანების ბათილად ცნობას, რომლითაც დამტკიცდა სააუქციონო კომისიის ოქმი. თ. ზ.-მა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვის და პრივატიზების სამმართველოს წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნეს და ითხოვეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება და დავას არ იწვევს, რომ ბორჯომის რაიონული სასამართლოს 08.10.02წ. ¹8/285 განჩინებით დაკმაყოფილდა ტ. ტ.-ის, ნ. გ.-ის და სხვათა განცხადება, სარჩელის აღძვრამდე ყადაღა დაედო ბორჯომის ადგილობრივი მრეწველობის კომბინატის ადმინისტრაციულ შენობას (მდებარე, ბორჯომი, ...-ის ქ. ¹..., II სართ., ფართი 345 კვ.მ). სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს ბორჯომის სამმართველოს უფროსის 21.10.02წ. წერილით სახელმწიფო ქონების მართვის ბორჯომის სამმართველოს უფროსს ეცნობა, რომ სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროში წარმოებაში იმყოფებოდა ბორჯომის რაიონული სასამართლოს მიერ 10.10.02წ. გაცემული სააღსრულებო ფურცელი ¹2.285, რომლის თანახმად დაკმაყოფილდა ტ. ტ.-ის, ნ. გ.-ის და სხვათა განცხადება, ყადაღა დაედო ბორჯომის ადგილობრივი მრეწველობის კომბინატის ადმინისტრაციულ შენობას. სამმართველოს უფროსს ეცნობა, რომ დაყადაღება დანიშნული იყო 23.10.02წ., სამმართველოს ეთხოვა 12 საათზე წარმომადგენლის მივლინება აღნიშნულ მისამართზე. წერილი სახელმწიფო ქონების მართვის ბორჯომის სამმართველოში 22.10.02წ. (¹348) არის რეგისტრირებული, თუმცა კორესპონდენციის შეტყობინების ჟურნალში, აგრეთვე აღმასრულებლის წერილზე ბორჯომის სამმართველოში კორესპონდენციის მიღების თარიღის ჩანაწერს აშკარად ეტყობა გადაკეთების კვალი (ტ.3, ს.ფ. 90,100).

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ კომბინატის ადმინისტრაციული შენობისათვის ყადაღის დადების შესახებ ბორჯომის რაიონული სასამართლოს 08.10.02წ. ¹8/285 განჩინების ასლი 17.10.02წ. ბორჯომის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მუშაკმა ი. ჩ.-მ ჩაიბარა, რაც დასტურდება საქმეში დაცული სასამართლოს განჩინების ასლზე არსებული ხელმოწერით. (ტ.3..ფ.92). საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ აპელანტების მიერ ი. ჩ.-სათვის განჩინების ასლის ჩაბარება არ ნიშნავს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ბორჯომის სამმართველოში მითითებული განჩინების ასლის დადგენილი წესით წარდგენას. საქმეში დაცული ბორჯომის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფლებამონაცვლის _ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს ცნობის მიხედვით, მოქალაქე ი. ჩ.-ე 2007 წლის თებერვლამდე მუშაობდა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ბორჯომის სამმართველოში, პრივატიზების ორგანიზების განყოფილების გამგედ, ხოლო 2007 წლის თებერვლიდან მუშაობს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოში სპეციალისტად. საპრივატიზაციო საქმის მასალებით დასტურდება აგრეთვე, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველოს უფროსის 21.10.02წ. ¹95 ბრძანებით 22.10.02წ. დანიშნულ აუქციონთან დაკავშირებით შეიქმნა კომისია, რომლის შემადგენლობაში, კომისიის მდივნის სტატუსით, შედიოდა პრივატიზების ორგანიზების განყოფილების უფროსი ი. ჩ.-ე. საქმის მასალებით დასტურდება აგრეთვე, რომ ი. ჩ.-ე ხელს აწერს აუქციონის შედეგების 22.10.02წ. ¹112 სადავო ოქმს, ის არის სააუქციონო კომიის მდივანი. სადავო აუქციონის ჩატარების დროს მოქმედი სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 31.03.99წ ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულების 2.8 მუხლის თანახმად სააუქციონო კომისია იქმნებოდა კონკრეტული აუქციონის ორგანიზებისათვის. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ბორჯომის (ამჟამად სამცხე-ჯავახეთის) სამმართველოს პრივატიზების განყოფილების გამგისათვის, სადავო სააუქციონო კომისიის მდივნისათვის ადგილობრივი მრეწველობის კომბინატის ადმინისტრაციულ შენობაზე ყადაღის დადების შესახებ ბორჯომის რაიონული სასამართლოს 08.01.02წ. განჩინების ასლის ჩაბარება ადასტურებს მოპასუხისათვის განჩინების ასლის ჩაბარებას და შესაბამისად უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შეტყობინებას.

დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ბორჯომის რაიონული სასამართლოს 08.10.02წ. ¹8/285 განჩინების ასლის ი. ჩ.-სათვის ჩაბარება არ იწვევს სადავო უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სასამართლო დაცვის, სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება, კონსტიტუციით განმტკიცებული ძირითადი საპროცესო უფლებაა და წარმოადგენს საპროცესო სამართლის ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს, რომელიც იმპლემენტირებულია ,,საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, ,,ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა”. აღნიშნული დანაწესი განთავსებულია ,,სამართალწარმოების ძირითადი დებულებანი”-ს თავში და იგი სამართალწარმოების სხვა დანარჩენ ფუნდამენტურ პრინციპებთან ერთად (დისპოზიციურობა, შეჯიბრებითობა და ა.შ.), ლაიტმოტივად გასდევს როგორც სამოქალაქო, ისე ადმინისტრაციულ საპროცესო სამართლებრივ რეგულაციას, მათ შორის, სარჩელის უზრუნველყოფის სამართლებრივ ინსტიტუტს. პირის მატერიალურ-სამართლებრივი უფლების სასამართლო წესით დაცვის უზრუნველყოფა თავის თავში მოიცავს უფლების დაცვის როგორც ძირითად ასევე დამატებით საშუალებებს. უფლების დაცვის ძირითადი საშუალებაა სასარჩელო წარმოება, ხოლო დამატებითი საშუალებაა საგანმცხადებლო წარმოება, რომელიც ცალკე, იზოლირებულად არ არსებობს და არსებით კავშირშია სასარჩელო წარმოებასთან, მისი თანმდევია. მათი ერთობლიობა კი ქმნის ,,უფლების სასამართლო წესით დაცვის” უფლების რეალიზების საპროცესო-სამართლებრივ მექანიზმს. უფლების სასამართლო წესით დაცვის საგანმცხადებლო წარმოების სახეებია – სარჩელის უზრუნველყოფა და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.

,,სამართლიანი სასამართლოს” უფლება მოიცავს არა მარტო სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის, საკითხის გონივრულ ვადებში გადაწყვეტის უფლებებს, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც. სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უთანაბრდება სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არცნობას იმდენად, რამდენადაც იგი მოჩვენებითს ხდის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას და პირს ართმევს ამ უფლებით სარგებლობის ყველანაირ პრაქტიკულ საშუალებას. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლება, როგორც ,,სამართლიანი სასამართლოს” უფლების ელემენტი, დაცული და აღიარებულია აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტით, რომლის მიხედვითაც ,,სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე”. კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი კი იმპლემენტირებულია ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლში.

საქართველოს კანონმდებლობით, სასარჩელო წარმოება არ არის სამოქალაქო ბრუნვის დამაბრკოლებელი ან შემზღუდველი ფაქტორი. სარჩელის სასამართლო წარმოებაში მიღების შემდეგაც მხარეებს არ ერთმევათ უფლება გაყიდონ ან სხვა გზით გაასხვისონ დავის საგანი, ანდა დათმონ თავიანთი მოთხოვნა (სსკ-ის 184.2 მუხლი). ამასთან, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების სავალდებულოობის კონსტიტუციური პრინციპის რეალიზების მიზნით, კანონმდებელი უშვებს საერთო წესიდან გადახვევის შესაძლებლობას და ადგენს სარჩელის უზრუნველყოფის სახით დროებითი ღონისძიების გამოყენების წესს. გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობის კონკრეტულ მექანიზმს საგანმცხადებლო წარმოება შეადგენს. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება პოტენციურად აღსრულებადს ხდის გადაწყვეტილებას და მოწინააღმდეგე მხარის არაკეთილსინდისიერი ქმედებებით განპირობებული დაბრკოლებების თავიდან აცილებას ემსახურება. უზრუნველყოფის აღნიშნული ბერკეტების გამოყენებით მოსარჩელე დაცულია გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მის აღსრულებაზე მოქმედი ობიექტური რისკფაქტორებისაგან. საგანმცხადებლო წარმოება გადაწყვეტილების აღსრულების გარდაუვალობის ეფექტური მექანიზმიცაა. სასამართლოსადმი მიმართვის უფლება და სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო აღსრულების პრინციპი, პრაქტიკაში სრულყოფილად რეალიზებისათვის, დღის წესრიგში უდავოდ აყენებს მოპასუხის ნებაზე ზემოქმედებისა და მისი თვითნებობის გამორიცხვის საკითხს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის სამართლებრივი ინსტიტუტის არსებობა ზოგადად და მის მარეგლამენტირებელი თითოეული ნორმის არსებული რედაქცია მთლიანად მოტივირებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის უზრუნველყოფით. კერძოდ, სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსალოდნელი სასამართლო გადაწყვეტილების, ერთის მხრივ, აღსრულების შესაძლებლობით (ობიექტური ფაქტორი) და მეორეს მხრივ, აღსრულების გარდაუვალობით (სუბიექტური ფაქტორი). ამდენად, სარჩელის (გადაწყვეტილების აღსრულების) უზრუნველყოფა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა.

სსკ-ის 191-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის მიერ შესაბამის გარემოებებზე მითითებით, გადაწყვეტილების აღსრულების მოსალოდნელი გართულების ან შეუძლებლობის ვარაუდიც კი წარმოადგენს ამ განცხადების დასაშვებად ცნობის საფუძველს, ხოლო ამ სავარაუდო გარემოებათა შესაძლო შემხებლობა და გავლენის ხარისხი მოსალოდნელი გადაწყვეტილების აღსრულებაზე – მისი დაკმაყოფილების საფუძველს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დაშვებული (აუკრძალავი) იძულებითი ხასიათის იმ ღონისძიებათა ერთობლიობაა, რომელსაც სასამართლო იყენებს მოსარჩელის შუამდგომლობით და რომელიც მიმართულია არა მოსარჩელისათვის სასურველი გადაწყვეტილების გამოტანისაკენ, არამედ ასეთი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, მისი აღსრულებისკენ. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისადმი პირის მომეტებული სამართლებრივი ინტერესის გამო, გადაუდებელ შემთხვევაში, კანონმდებელი უშვებს სარჩელის უზრუნველყოფას სარჩელის აღძვრამდეც – მომავალი სარჩელის უზრუნველყოფას (სსკ-ის 192-ე მუხლი), რასაც ადგილი ჰქონდა განსახილველ შემთხვევაში. პირველ ინსტანციაში სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს გააჩნია სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე, საქმის არსებითად გადაწყვეტამდე (გადაწყვეტილების გამოტანამდე), ხოლო, თუკი გადაწყვეტილება არ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული, სარჩელის უზრუნველყოფის უფლება ერთგვარად ტრანსფორმირდება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის უფლებად და ამ უფლების რეალიზება უკვე შესაძლებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ნებისმიერ მომენტში (სსკ-ის 271-ე მუხლი). „სამართლიანი სასამართლოს“ უფლების რეალიზების მიზნებიდან გამომდინარეა მოწერსიგებული განცხადების განხილვისა და გადაწყვეტის დაჩქარებული წესიც _ ამ ტიპის განცხადებას სასამართლო იხილავს მისი შეტანიდან ერთი დღის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, მოპასუხისათვის შეუტყობინებლად (სსკ-ის 193-ე მუხლი). სარჩელის უზრუნველყოფის დანიშნულებიდან გამომდინარეა აგრეთვე გადაწყვეტილი განცხადებაზე მიღებული განჩინების აღსრულების საკითხიც. ამ ტიპის განჩინებას კანონმდებელი იმთავითვე დაუყოვნებლივ აღსასრულებელ გადაწყვეტილებათა რიგს მიაკუთვნებს (სსკ-ის 195-ე მუხლი). სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნის უფლებით, სასამართლოს მიერ განცხადების უმოკლეს ვადაში განხილვისა და გადაწყვეტის ვალდებულებით, განჩინების დაუყოვნებლივი აღსრულების შესაძლებლობით და გასაჩივრებისას ასეთ განჩინებაზე სუსპენზიური ეფექტის გაუვრცელებლობით _ კანონმდებელი მკაფიოდ გამოხატავს თავის ნებას დაიცვას მოსარჩელე გადაწყვეტილების აღუსრულებლობის რისკისაგან და იმთავითვე შექმნას მოთხოვნის რეალურად დაკმაყოფილების მნიშვნელოვანი გარანტია.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხს, მოსარჩელის განცხადების საფუძველზე და ამავე განცხადების შესაბამისად, წყვეტს სარჩელის განმხილველი სასამართლო თავისი შეხედულებისამებრ, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს „უფლების სასამართლო წესით დაცვის უზრუნველყოფის“ მიზანსა (რომელიც თავის თავში მოიცავს აგრეთვე გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფასაც) და სასამართლოს (და არა მხოლოდ განმცხადებლის) დასაბუთებულ ვარაუდს უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან შეუძლებლობის თაობაზე (სსკ-ის 191-ე მუხლი). ამასთან, მოსარჩელეა ვალდებული განცხადებაში მიუთითოს უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მას აუცილებლად, ვინაიდან სასამართლოს შეუძლია იმსჯელოს მხოლოდ იმ ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობაზე, რომელსაც მოსარჩელე მოითხოვს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ იძლევა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა ამომწურავ ჩამონათვალს. სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი სხვა მართლზომიერი ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველსაყოფად ან აუცილებლობის შემთხვევაში, დაადგინოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა რამდენიმე სახის ერთდროულად გატარება (სსკ-ის 198-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლებმა მოითხოვეს ქონებაზე ყადაღის დადება, რაც რაიონული სასამართლოს განჩინებით დაკმაყოფილდა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნებისმიერი სახეობა (მავალებელი, ამკრძალავი, სუსპენზიური) კატეგორიული ხასიათისაა და იმპერატიულად ადგენს ამა თუ იმ სამართლებრივი ურთიერთობის შედეგს. გასატარებელ ღონიძიებათა ასეთი კატეგორიულობა გამომდინარეობს თვით სარჩელის უზრუნველყოფის სამართლებრივი ინსტიტუტის იმანენტური ბუნებიდან, მის დანიშნულებიდან შექმნას რეალური გარანტია მოსარჩელის ძირითადი კონსტიტუციური უფლების (თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს) სრულყოფილი და ეფექტური რეალიზებისათვის. სასამართლოსადმი მიმართვის უფლება _ შედეგზე ორიენტირებული უფლებაა, იგი მთლიანად პირის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიზანს ემსახურება, შესაბამისად, მარტოოდენ სარჩელის წარდგენა სასამართლოში და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე. „მიმართვის“ უფლება, პირის უფლებათა და თავისუფლებათა „დაცვის“ პროცესუალური, ხოლო თვით „სასამართლო“ ინსტიტუციონალური საშუალებაა. შესაბამისად, კონსტიტუციის აღნიშნულ დანაწესში პრიმატი „უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას“ ენიჭება და არა სასამართოლსადმი მიმართვას, როგორც ასეთს. სწორედ, უფლებათა დაცვისა და საბოლოო გადაწყვეტილების ეფექტური აღსრულების მიზნიდან გამომდინარეა გადაწყვეტილი სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მიღებული განჩინების აღსრულების წესიც. კერძოდ, სარჩელის უზრუნველსაყოფად მიღებული განჩინება აღჭურვილია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისათვის დამახასიათებელი ზოგიერთი ისეთი ნიშნით, როგორიცაა სავალდებულოობა და აღსრულებადობა.

სასამართლო გადაწყვეტილება მართლმსაჯულების აქტია და მისი სამართლებრივი შედეგები თვით კონსტიტუციითაა რეგლამენტირებული. საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რასაც იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ ყოველი პირი ვალდებულია კანონიერ ძალაში შესული ან დაუყოვნებლივ აღსასრულებელი სასამართლო აქტის გაცნობისთანავე თავისი ქმედებები შეუსაბამოს სასამართლო გადაწყვეტილებას და უშუალოდ შეასრულოს გადაწყვეტილება, თუ იგი მას ეხება ან სხვაგვარად შეუწყოს ხელი მის შესრულებას. სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულოობა დღის წესრიგში აყენებს მისი აღსრულებადობის უზრუნველყოფის საკითხს. თუ პირი, რომლის მიმართაცაა სასამართლო აქტი გამოცემული, თავისი ნებით არ შეასრულებს ამ გადაწყვეტილებას, კრედიტორის განცხადების საფუძველზე, საქმეში ერთვება საამისოდ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო – სააღსრულებო ბიურო, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამ კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების მიერ მიღებული აქტების აღსრულების წესსა და პირობებს. ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის გარეშე, რომელშიც ასახულია აღსასრულებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. ამასთან, სამართალურთიერთობებში სააღსრულებო ფურცელი არ ენაცვლება სასამართლოს გადაწყვეტილებას, არამედ მხოლოდ ადასტურებს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში ყოფნის ან დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ფაქტს. შესაბამისად, არასწორია მოსაზრება, რომლის მიხედვითაც სასამართლოს აქტი შესასრულებლად სავალდებულო ძალას იძენს მხოლოდ სააღსრულებო ფურცლის გაცემის ან აღმასრულებლის მხრიდან რაიმე სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შემდეგ. ასეთი ლოგიკა სასამართლო გადაწყვეტილებას პრეიუდიციულ აქტად აქცევს სააღსრულებო ფურცლის მიმართ, რაც ეწინააღმდეგება როგორც სასამართლო აქტების სავალდებულობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპს, ასევე თვით სააღსრულებო ფურცლის დანიშნულებას. მართალია, სააღრულებო ფურცელს გასცემს გადაწყვეტილების გამომტანი ორგანო (სასამართლო), ხოლო ხელმოწერითა და ბეჭდით ამოწმებს გადაწყვეტილების მიმღები პირი (მოსამართლე), მაგრამ იგი წარმოადგენს არა დამოუკიდებელ სასამართლო აქტს, არამედ ერთგვარ ამონაწერს ამ აქტიდან.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, აღმასრულებელი სააღსრულებო მოქმედებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ხოლო ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების აღსრულება ხდება სააღსრულებო ფურცელზე გაკეთებული სააღსრულებო წარწერის საფუძველზე. სააღსრულებო ფურცელი ამოიწერება და გაიცემა გადაწყვეტილების აღსრულებადობის უზრუნველსაყოფად, მისი იძულებითი აღსრულებისათვის და არა გადაწყვეტილების სავალდებულოობის დროსა და სივრცეში განსაზღვრის მიზნით. საქართველოს კონსტიტუციით, სასამართლო აქტებს (გადაწყვეტილება, განჩინება) პირდაპირი მოქმედების ძალა აქვთ და მათი შესრულების სავალდებულოობა არაა დამოკიდებული სააღსრულებო ფურცლის არსებობაზე ან სააღსრულებო მოქმედებებზე.

სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ზემოთმოყვანილი მსჯელობა, სსკ-ის 195-ე მუხლის თანახმად, სრულად ვრცელდება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მიღებული განჩინების მიმართაც. უზრუნველყოფის შესახებ განჩინება ექვემდებარება გასაჩივრებას და გამოტანისთანავე არ შედის კანონიერ ძალაში, მაგრამ სარჩელის უზრუნველყოფის დანიშნულებიდან გამომდინარე, ასეთი განჩინება დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარება და იგი იმთავითვე სავალდებულოა ნებისმიერი პირისათვის მისი გაცნობის მომენტიდან, მიუხედავად იმისა დაწყებულია თუ არა მასზე სააღსრულებო წარმოება.

განასხვავებენ ქონებაზე ყადაღის დადების ორ სახეობას _ პირველ შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადება ხდება კანონიერ ძალაში შესული ან დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიზნით. ამ შემთხვევაში ქონების დაყადაღების გადაწყვეტილებას ღებულობს თვითონ აღმასრულებელი, რომლის წარმოებაშიცაა მოცემული საქმე. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს გადახდევინება მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით. ქონების დაყადაღების მეორე შემთხვევაში დაყადაღება ხდება სარჩელის/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას ღებულობს უშუალოდ სასამართლო. ამდენად, გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების პროცედურებისგან განსხვავებით, სარჩელის უზრუნველყოფისას აღმასრულებელი ქონების დაყადაღებას ახორციელებს არა საკუთარი გადაწყვეტილებით, არამედ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის. ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ქონების დაყადაღების თაობაზე გადაწყვეტილებას სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა შტოს _ აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოები ღებულობენ, ცხადია, განსხვავებულია მათი გადაწყვეტილებების აღსრულების წესიც. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მოყვანილი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ უძრავ ნივთზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს მიერ განჩინების გამოტანით და ამ განჩინების ქონების მესაკუთრისათვის ჩაბარებით, ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ყადაღა დადებულად ჯერ კიდევ არ ითვლება და აღნიშნული ქონების განკარგვის უფლება არ ექვემდებარება შეზღუდვებს, აღმასრულებლის მიერ სააღსრულებო მოქმედებათა (დაყადაღების) განხორციელებამდე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააღსრულებო მოქმედებები სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას ემსახურება და არა მათ სრულყოფას, სასამართლო აქტების გაგრძელებას. აღმასრულებლის აქტები არ წარმოადგენს ექვივალენტურ დოკუმენტებს სასამართლო აქტების მიმართ. შესაბამისად, არ შეიძლება სააღსრულებო მოქმედებები და აქტები სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების, მხარეთა ნებისაგან დამოუკიდებელ, დამაბრკოლებელ გარემოებად იქცეს. სასამართლოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის სახით ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, ყოველთვის განკარგულებითია და არა ნებადამრთავი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებით ნებას კი არ რთავს აღმასრულებელს დააყადაღოს ქონება მისი შეხედულებისამებრ, არამედ მოპასუხის კუთვნილ ქონებაზე ყადაღის დადების განკარგულებას გასცემს, რომელსაც მყისიერი ეფექტი უნდა ჰქონოდეს და დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს. განკარგულებითი ხასიათის გადაწყვეტილებების გამოტანისას სასამართლოს განზრახვა მიმართულია ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ, ეს გადაწყვეტილებები იმპერატიული ხასიათისაა და სავალდებულო წესით აყენებს შედეგს, ხოლო მათი ნებაყოფლობით შეუსრულებლობისას იწყება იძულებითი აღსრულების პროცედურები.

ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ქონების დაყადაღების განჩინება, როგორც განკარგულებითი ხასიათის სასამართლო გადაწყვეტილება, იმთავითვე სავალდებულოა ყველასათვის, მას პირდაპირი მოქმედების ძალა აქვს და მისი მოქმედება დროსა და სივრცეში აღმასრულებლის ნებაზე (ქმედებაზე) არაა დამოკიდებული. შესაბამისად, მოპასუხის საკუთრებაში არსებულ კონკრეტულ უძრავ ნივთზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლო განჩინების მოპასუხის მიერ გაცნობისთანავე, მის მიმართ უკვე სრულად ვრცელდება ყველა ის შეზღუდვა, რასაც ამ განჩინებაში ასახული ქონების, აღმასრულებლის მიერ, დაყადაღება განაპირობებს, მიუხედავად სააღსრულებო ფურცლის გაცემისა და სააღსრულებო წარმოების დაწყების ან დასრულების მომენტისა.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 631 მუხლის (უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება) პირველი პუნქტის შესაბამისად, უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მესაკუთრისათვის მისი განკარგვის აკრძალვას. ამასთან, უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებისათვის დადგენილი წესით (48-ე მუხლი). მართალია, აღნიშნული წარმოადგენს ფულადი თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მექანიზმს (დაყადაღებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის წინაპირობას), მაგრამ არ არის გამორიცხული იგივე ნორმების გამოყენება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადებისას. თანხის დაკისრების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, იძულებითი გადახდევინების მიზნით დაყადაღებისას, აღმასრულებელი ადგენს მოპასუხის (მოვალის) ქონების აღწერის (დაყადაღების) აქტს, მისი დანიშნულებაა ყადაღის ფარგლების განსაზღვრა _ იმ ქონების ზუსტი იდენტიფიცირება, რომლის განკარგვაც ეკრძალება მესაკუთრეს და რომლის აუქციონზე რეალიზებასაც აპირებს აღმასრულებელი და აგრეთვე, ქონების საბაზრო ფასის დადგენა, რომელიც, საერთო ჯამში, გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს დავალიანების თანხასთან მიმართებით და რომელიც წარმოადეგნს აღნიშნული ქონების საწყის ღირებულებას აუქციონის დაწყებისას. მართალია, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადებისას, აღმასრულებელი ასევე ვალდებულია შეადგინოს ქონების აღწერის (დაყადაღების) აქტი, მაგრამ ვინაიდან, აღნიშნული ღონისძიების შერჩევისა და გამოყენებისას სასამართლო ითვალისწინებს უზრუნველყოფის ღონისძიებათა ადექვატურობისა და თანაზომიერების პირობებს, ამ შემთხვევაში, ყადაღის ფარგლების განსაზღვრას, პრაქტიკულად, სასამართლო ახორციელებს, რაც ასახვას პოვებს კიდეც განჩინების სარეზოლუციო ნაწილში, კონკრეტული ქონების მისამართისა და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მითითების სახით. ამდენად, სააღსრულებო მოქმედებები - ქონების განკარგვის აკრძალვის თაობაზე სასამართლოს პოზიტიური ნების (შუამდგომლობა დაკმაყოფილდა განჩინებით) გაფორმებაა მისი იძულებითი აღსრულების მიზნით და არა დაყადაღებული ქონების მიმართ მოპასუხის უფლებათა და მოვალეობათა წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტის დამოუკიდებელი წყარო. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებულ კონკრეტულ უძრავ ნივთზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლო განჩინების მოპასუხის მიერ გაცნობისთანავე, მის მიმართ უკვე სრულად ვრცელდება ამ განჩინებით იდენტიფიცირებული ქონების საკუთრების უფლების შეზღუდვა – მისი განკარგვის აკრძალვის სახით. ვინაიდან ქონებაზე ყადაღის დადება გამორიცხავს მისი განკარგვის შესაძლებლობას, საკასაციო პალატა თვლის, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა იმას თუ რა მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დაედო ქონებას ყადაღა, არამედ თვით ქონებაზე ყადაღის დადების ფაქტს, რომელიც გამორიცხავდა მისი აუქციონის წესით რეალიზაციის შესაძლებლობას. სწორედ აღნიშნული გარემოება წარმოადგენდა დაზუსტებული სარჩელის ერთ-ერთ საფუძველს.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 631 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს ყადაღის დადების ან გაუქმების აქტის დაუყოვნებლივ გაგზავნას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში. რამდენადაც, თანხის დაკისრების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი გადახდევინების პირობებში, მოვალის ქონების დაყადაღების პირველად გადაწყვეტილებას აღმასრულებელი ღებულობს, ბუნებრივია, რომ სწორედ ქონების აღწერის (დაყადაღების) აქტი წარედგინოს საჯარო რეესტრს რეგისტრაციისავთის. მაგრამ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღის ღონისძიების გამოყენებისას საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ ასევე წარდგენილი უნდა იქნას სასამართლოს განჩინებაც, როგორც უძრავ ნივთზე ყადაღის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების წარმოშობის საფუძველი. „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყადაღის რეესტრი არის ნივთზე ყადაღის წარმოშობის, მასში ცვლილების და მისი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. იგივე შინაარსისაა „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლი, რომელიც იძლევა საჯარო რეესტრის ზოგად დეფინაციას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრი წარმოადგენს საჯარო-სამართლებრივ ინსტიტუტს, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია. საჯარო რეესტრი ახდენს რეგისტრირებული უფლების არსებობის დადასტურებას, საჯარო რეესტრის ჩანაწერის სამართლებრივი შინაარსი დეტერმინირებულია უფლების წარმომქმნელი დოკუმენტაციით. ამდენად, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით საჯარო რეესტრში რეგისტრაციამდე უძრავ ნივთზე ყადაღა უკვე წარმოშობილია და შესაბამისად, რეგისტრაციას ექვემდებარება უკვე არსებული ყადაღის შესახებ მონაცემები. „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნივთზე ყადაღის რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთზე რაიმე სხვა უფლების რეგისტრაციას, გარდა გარკვეული გამონაკლისებისა. მაშასადამე, ყადაღის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია ემსახურება არა მის წარმოშობას, არამედ, მესამე პირთა ინტერესების დაცვის მიზნით, მათთვის აუცილებელი ინფორმაციის განთავსებას და ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. ვინაიდან ყადაღის წარმოშობის საფუძველს არ წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოება, საკასაციო პალატა თვლის, რომ უძრავ ნივთებზე ყადაღა ფორმალურად დადებულად ითვლება აღმასრულებლის შესაბამისი მოქმედებების განხორციელების შემდეგ, მაგრამ ყველა ის უფლებრივი შეზღუდვა, რასაც ნივთის დაყადაღება განაპირობებს - მოპასუხისათვის ძალაშია მის მიერ სასამართლო აქტის გაცნობისთანავე.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ყადაღის დადების შესახებ სასამართლო განჩინების მოპასუხის მიერ გაცნობის შემდეგ, ამ განჩინებაში ასახული ქონების განკარგვა უცილობლად ბათილად უნდა ჩაითვალოს. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხის ქონებაზე ყადაღის დადების ინიცირებას სასამართლოში მოსარჩელე ახდენს. იგი განცხადებაში გადმოსცემს მის ნებას _ აეკრძალოს მოპასუხეს მის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა საქმის არსებითად გადაწყვეტამდე, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების სრულად აღსრულებამდე. სასამართლო იზიარებს რა აღნიშნულ განცხადებას, აკმაყოფილებს მას და ადგენს მოპასუხის კუთვნილი ქონების დაყადაღებას. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით ხორციელდება მოსარჩელის ნების ერთგვარი ლეგალიზაცია, მისი ასახვა სასამართლო აქტში, რის შემდეგაც იგი შესასრულებლად სავალდებულო ძალას იძენს და მისი (განკარგვის აკძალვის) იგნორირება _ სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრელუბლობას უთანაბრდება. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფისას მოპასუხის საკუთრების უფლების შეზღუდვის წყაროს წარმოადგენს სასამართლო აქტი და არა სააღსრულებო მოქმედებები ( მაგ. დაყადაღების აქტის შედგენა). მას შემდეგ, რაც ქონების მესაკუთრისათვის ცნობილი გახდება სასამართლოს მიერ უფლებათა შეზღუდვის შესახებ (განჩინება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ), იგი ვალდებულია იმოქმედოს მართლზომიერად და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე არ განკარგოს ქონება საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე ან დადგენილი წესით გაასაჩვროს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. აღმასრულებლის მიერ სააღსრულებო მოქმედებების განხორციელებამდე (დაწყებამდე ან დამთავრებამდე) ქონების განკარგვა, იმ ვარაუდით, რომ ქონება ჯერ კიდევ არ ითვლება დაყადაღებულად ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია და ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს (სსკ-ის 54-ე მუხ.).

სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს არ ქმნის აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეებს სასამართლოსათვის არ მიუმართავთ 22.10.02 წ. დანიშნული აუქციონის ჩატარების შეჩერების მოთხოვნით. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლო განჩინების გაცნობის მიუხედავად, მოპასუხის მიერ განჩინებაში ასახული ქონების განკარგვისას, მოსარჩელე, შესაბამისი იურიდიული ინტერესის არსებობის შემთხვევაში, ვალდებულია კვლავ მიმართოს სასამართლოს აღნიშნული ქონების რეალიზაციის შეჩერების მოთხოვნით და ასე დაიცვას თავი მოპასუხის ქმედებისაგან/ქონების გასხვისებისაგან. სასამართლოში უფლების საგანმცხადებლო წესით დაცვის იურიდიული ინტერესის არსებობაზე მეტყველებს მოსარჩელის მიერ სასამართლოსადმი მიმართვა სარჩელის უზრუნვველყოფის თაობაზე, ხოლო აღნიშნული ინტერესის დასაბუთებულობაზე კი _ სასამართლოს მიერ განცხადების დაკმაყოფილება. დაუშვებელია მოპასუხეს დაუსრულებლად შეეძლოს მის მიმართ გამოტანილი სასამართლო აქტის შეუსრულებლობა და მოსარჩელეს მუდმივად ევალებოდეს ერთსადაიმავე უფლების დასაცავად სასამართლოსათვის ერთზე მეტჯერ მიმართვა. სასამართლო აქტების სავალდებულოობა დადგენილია კონსტიტუციით და ამის თითოეულ პირამდე დაყვანას, დამატებით, ცალკე სამართალწარმოება აღარ უნდა სჭირდებოდეს. თუკი მოსარჩელემ, თავის უფლებათა დაცვის მიზნით, ერთხელ უკვე მიმართა სასამართლოს მესაკუთრისათვის ამათუიმ ქონების განკარგვის აკძალვის მოთხოვნით და სასამართლომ განცხადება დააკმაყოფილა, იგი (მოსარჩელე) აღარაა ვალდებული მუდმივი მონიტორინგი აწარმოოს მოპასუხის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების შესრულების მიმდინარეობაზე, ვინაიდან, სასამართლოსადმი მიმართვის უფლება თავის თავში სასამართლო გადაწყვეტლების აღსრულების უფლებასაც მოიცავს, ეს უკანასკნელი კი გარანტირებულია სასამართლო აქტების სავალდებულობის პრინციპით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპრივატიზებო პროცესის შემაჯამებელ დოკუმენტს წარმოადგენს აუქციონის ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულება. მოცემულ შემთხვევაში საპრივატიზებო აუქციონის შედეგების 22.10.02წ. ¹112 ოქმი მართალია დამტკიცდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველოს უფროსის 22.10.02წ. ¹96 ბრძანებით, მაგრამ გამყიდველს-სამმართველოს და მყიდველს - თ. ზ.-ს შორის, ,,სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულების მე-7 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, არ დადებულა სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება, არ გაფორმებულა ქონების მიღება-ჩაბარების აქტი. ამდენად, სახეზე არ არის უძრავი ქონების შემძენი, შესაბამისად არ აქვს მნიშვნელობა აუქციონში გამარჯვებული პირის კეთილსინდისიერებას, კერძოდ იმას იყო თუ არა ცნობილი აუქციონში გამარჯვებული პირისათვის აუქციონზე ყადაღადადებული ქონების სარეალიზაციოდ გატანის შესახებ. ამასთანავე, დაცულ უნდა იქნეს იმ პირთა ინტერესები, რომლებმაც კანონმდებლობით დადგენილი ყველა აუცილებელი ზომა მიიღეს რათა სადავო ქონება გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ გასხვისებულიყო.

კანონმდებლობის მოთხოვნებს არ ემყარება აგრეთვე სადავო ობიექტის აუქციონზე 50% ფასდაკლებით გატანა. განსახილველ შემთხვევაში საპრივატიზებო მასალებით დასტურდება, რომ 13.08.02წ. აუქციონის შედეგები გაუქმდა სახელმწიფო ქონების მართვის ბორჯომის სამმართველოს 16.09.02წ. ბრძანებით მყიდველის მიერ თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო. სადავო აუქციონის ჩატარების დროს (22.10.02წ.) მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ, ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-7 მუხლის, სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 17.11.1997წ. ¹671 ბრძანებით დამტკიცებული ,,საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესის მე-4 მუხლის თანახმად, საწყისი ფასის 50% ფასდაკლებით შემცირება დასაშვები იყო იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვის ფორმით ორჯერ გამოტანილი სახელმწიფო ქონების პრივატიზება. ამდენად, არ არსებობდა საწყისი ფასის შემცირებით ობიექტის რეალიზაციის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის საკასაციო წესით გასაჩივრებული განჩინება არ ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს, საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს. საქმეზე საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, რის გამო საკასაციო პალატა შესაძლებლად თვლის სსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ნ. გ.-ის და სხვათა საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.12.07წ. განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა აუქციონის შედეგების გაუქმების მოთხოვნა;

2. ნ. გ.-ის და სხვათა სარჩელი დაკმაყოფილდეს, ბათილად იქნეს ცნობილი სააუქციონო კომისიის 22.10.02წ. ¹112 ოქმი იმ ნაწილში, რომლითაც ქ. ბორჯომში, ...-ის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართული საპრივატიზებო აუქციონის წესით მიეყიდა თ. ზ.-ს, სახელმწიფო ქონების მართვის ბორჯომის სამმართველოს 22.10.02წ. @¹96 ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა სააუქციონო კომისიის 22.10.02წ. ¹112 ოქმი ქ. ბორჯომში ...-ის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულის საპრივატიზებო აუქციონის წესით მიყიდვის ნაწილში;

3. გაუქმდეს ქ. ბორჯომის რაიონული სასამართლოს 08.10.02წ. განჩინებით ბორჯომის ...-ის კომბინატის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე 345 კვ.მ. ფართზე დადებული ყადაღა;

4. სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს გადახდეს თ. ვ.-ის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.