¹ბს-326-308(კ-07) 24 მაისი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეამოწმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 თებერვლის განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 26 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. ჯ-ამ მოპასუხე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სამუშაოდან მისი გათავისუფლების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსის 2004 წლის 2 ივნისის ¹24/კ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
ნ. ჯ-ა მუშაობდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობებზე. 1998 წლიდან იყო სამმართველოს ........-ი. 2004 წლის 2 ივნისს, შვებულებაში ყოფნის დროს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსის ბრძანებით გათავისუფლდა სამსახურიდან. მოსარჩელემ ზემოაღნიშნული ბრძანება ჩაიბარა 2004 წლის ივლისის ბოლოს. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ მასთან ერთად გათავისუფლებული სამი თანამშრომელი აღადგინეს სამუშაოზე, ხოლო მან სამუშაოზე აღდგენაზე უარი მიიღო იმ მოტივით, რომ ხშირად აცდენდა სამსახურს. მოსარჩელის მოსაზრებით, სამუშაოდან მისი გათავისუფლებისას დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52.1 მუხლი, ვინაიდან გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ აქტში არ იყო მითითებული ის ორგანო, რომელშიც შეიძლებოდა აქტის გასაჩივრება, ამ ორგანოს მისამართი და საჩივრის ან სარჩელის წარდგენის ვადა. ასევე დარღვეული იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის “დ” ქვეპუნქტის მოთხოვნა, რამდენადაც ბრძანება არ იყო დასაბუთებული. სადავო ბრძანებას საფუძვლად დაედო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 25 მარტის ¹03, 2004 წლის 16 ივნისის ¹16, 2004 წლის 2 ივლისის ¹24 და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალურ სამმართველოს უფროსის 2004 წლის 29 მარტის ¹16/კ ბრძანებები, თუმცა აღნიშნული სამართლებრივი აქტები ითვალისწინებდა კონკურსის გამოცხადებამდე მოსარჩელის დატოვებას თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად, ახალი დებულების დამტკიცების შემდეგ კი მოხდებოდა მისი დანიშვნა კონკურსის წესით, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია (ს.ფ. 3-5).
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს 2004 წლის 2 ივლისის ¹24/კ ბრძანება, ნ. ჯ-ა აღდგენილ იქნა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს ........-ის თანამდებობაზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალურ სამმართველოს დაეკისრა მოსარჩელისათვის ერთი წლის იძულებითი განაცდურის _ 468 ლარის ანაზღაურება (ს.ფ. 72-75).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ მოტივით, რომ სასამართლოს მითითება ნ. ჯ-ას სამუშაოდან გათავისუფლების დროს ადმინისტრაციის მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2004 წლის 25 მარტის ¹03, 2004 წლის 23 თებერვლის ¹2 და რეგიონალური სამმართველოს 2004 წლის 2 ივლისის ¹24 ბრძანებათა მოთხოვნების დარღვევის თაობაზე ატარებდა ზოგად ხასიათს და კონკრეტულად არ მიუთითებდა, თუ რაში გამოიხატებოდა ეს დარღვევა. მოსარჩელის სამუშადან გათავისუფლება მოხდა სამინისტროს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ეცნობა ნ. ჯ-ას 2004 წლის 29 მარტს, ე.ი გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე. აღნიშნული დასტურდებოდა მისივე ხელმოწერით. ბრძანების მიღების შემდეგ მოსარჩელეს განემარტა მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების შესახებ. ნ. ჯ-ას ამ განმარტებისა და ბრძანების მიღებიდან ერთი თვის ვადაში არ მიუმართავს სასამართლოსთვის, რის გამოც სარჩელი ხანდაზმული იყო (ს.ფ. 81-83).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება, ნ. ჯ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 112-116).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჯ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 123-129).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ნ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ს.ფ. 165-176).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 იანვრის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ქ. ლ-ა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე (ს.ფ. 188-189).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 თებერვლის განჩინებით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს 2004 წლის 2 ივნისის ¹24/კ ბრძანებით ნ. ჯ-ა სამმართველოს .........-ის თანამდებობიდან განთავისუფლდა 2 ივლისიდან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონური სამმართველოს საშტატო ნუსხის დამტკიცებასთან დაკავშირებით. ბრძანების საფუძველი იყო მინისტრის 2004 წლის 25 მარტის ¹03, 2004 წლის 14 ივნისის ¹16, 2004 წლის 2 ივლისის ¹24 და სამმართველოს უფროსის 2004 წლის 29 მარტის ¹16/კ ბრძანებები. მინისტრის 2004 წლის 23 თებერვლის ¹02 ბრძანების პირველი პუნქტში მიეთითა: საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში დამტკიცებული სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეებმა განაგრძონ მოვალეობის შესრულება მინისტრის მიერ ამ საკითხზე დამატებითი ბრძანების გამოცემამდე. ნ. ჯ-ა 2004 წლის 24 თებერვალს გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მინისტრის 2004 წლის 25 მარტის ¹2 ბრძანების მე-2 პუნქტის მიხედვით მინისტრის 2004 წლის 23 თებერვლის ¹2 ბრძანებით გათვალისწინებული წინასწარი სავალდებულო გაფრთხილების ვადების გასვლასთან დაკავშირებით, ასევე, სამინისტროს ლიკვიდაციისა და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწერებულების რეორგანიზაციისა და ფუნქციათა გადანაწილების ღონისძიებათა დასრულებამდე, სამინისტროს და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოსამსახურეები დაინიშნენ მოველეობის შემსრულებლებად დაკავებული თანამდებობების მიხედვით, დროებით, მინისტრისა და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების დებულების დამტკიცებამდე. ამავე ბრძანების მე-4 პუნქტით დადგინდა, რომ სამინისტროსა და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დამტკიცებული დებულებებით გათვალისწინებულ თანამდებობებზე მოხელეთა მიღება საჯარო მოხელეების კონკურსის წესით დანიშვნამდე მოხდებოდა დროებით, კონკურსის გამოცხადებამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ზემოაღნიშნული ბრძანების მე-2 პუნქტის ანალიზიდან გამომდინარე, საქვეუწყებო დაწესებულებების მოსამსახურეები დაინიშნენ დაკავებული თანამდებობების მიხედვით მოვალეობის შემსრულებლებად დროებით, საქვეუწყებო დაწესებულებების დებულების დამტკიცებამდე. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს 2004 წლის 29 მარტის ¹16/კ ბრძანებით ნ. ჯ-ა გათავისუფლდა სამმართველოს .........-ის თანამდებობიდან და დაინიშნა ამავე სამმართველოს ..........-ის მოვალეობის შემსრულებლად 25 მარტიდან, დროებით, სალიკვიდაციო-სარეორგანიზაციო ღონისძიებათა დასრულებამდე და სამინისტროს დებულების დამტკიცებამდე. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულება დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის ¹50 დადგენილებით; გარემოს დაცვისა და ბუნებრივ რესურსების მინისტრის 2004 წლის 14 ივნისის ¹16 ბრძანებით საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის ¹50 დადგენილებიდან გამომდინარე, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მუშაკებს გაუგრძელდათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადა რეგიონალური სამმართველოების საშტატო ნუსხის პროექტების დამტკიცებამდე; მინისტრის 2004 წლის 2 ივლისის ¹24 ბრძანებით, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის ¹50 დადგენილებიდან გამომდინარე, დამტკიცდა გარემოს დაცვისა დაბუნებრივი რესურსების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხები. საშტატო ერთეულთა რიცხოვნობა განისაზღვრა 314 ერთეულით. ბრძანების დანართის მიხედვით, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალურ სამმართველოში ........-ის თანამდებობა განისაზღვრა 3 საშტატო ერთეულით, ხოლო სვანეთში _ ერთი საშტატო ერთეულით;
ნ. ჯ-ა მუშაობდა სამეგრელოს განყოფილებაში. მისი გათავისუფლების მიზეზად მითითებულია სამინისტროს სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულება და სამმართველოს საშტატო ნუსხის დამტკიცება. მოსარჩელე გათავისუფლდა 2 ივნისის ბრძანებით, მაგრამ 2005 წლის 15 აგვისტოს ¹4 აქტში აღინიშნა, რომ სამმართველოს საკადრო საკითხების ბრძანებების წიგნში ¹24/კ ბრძანებაზე გადასწორებულია თარიღი. ეს ბრძანება გამოცემულია 2004 წლის 2 ივლისს.
სასამართლოს მითითებით, აღნიშნული აქტი შედგენილია სარჩელის შეტანის შემდეგ. ასევე, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს 2007 წლის 22 იანვრის ¹4 ბრძანებით, ¹24/კ ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა, თარიღად ნაცვლად 2004 წლის 2 ივლისისა მითითებულია 2004 წლის 2 ივნისი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე დაშვებული ტექნიკური შეცდომა გასწორდა და 2004 წლის ¹24/კ ბრძანების გამოცემის თარიღად ნაცვლად 2004 წლის 2 ივნისისა მიეთითა 2 ივლისი; აღნიშნული ბრძანებაც, სასამართლოს მითითებით, ცხადია, სარჩელის შეტანის შემდეგაა გამოცემული.
სააპელაციო საასმართლოს განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში შეასწოროს ტექნიკური, აგრეთვე, გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. 59.2 მუხლის თანახმად კი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. 2004 წლის 2 ივნისის ბრძანებით ნ. ჯ-ა გათავისუფლდა .........-ის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან 2 ივლისიდან. ნ. ჯ-ას სარჩელზე მოპასუხის შესაგებელში აღინიშნა, რომ ბრძანება ¹24/კ გადაეცა ნ. ჯ-ას, რომელიც გაეცნო მას და დააფიქსირა ხელმოწერა მის ჩაბარებაზე. აღნიშნული ბრძანების გაცემიდან სამი თვის შემდეგ დაშვებულ იქნა ბრძანება ¹24/კ. სამმართველოს ¹16/კ ბრძანება, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დაიწერა 2004 წლის 29 მარტს, მაშასადამე, ¹24/კ ბრძანება შესაგებლიდან გამომდინარე დაწერილი ყოფილა სამი თვის შემდეგ, 2 ივნისს. 2 ივნისისათვის კი არ იყო დამტკიცებული სამინისტროს დებულება, რომელიც დამტკიცდა 12 ივნისს, ხოლო საშტატო ერთეულები დამტკიცდა 2 ივლისს. მინისტრის 2004 წლის 2 ივლისის ¹24 ბრძანებით სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონულ სამმართველოში .......-ის საშტატო ერთეული სამით განისაზღვრა. მართალია, მინისტრის 2004 წლის 25 მარტის ¹03 ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად საქვეუწყებო დაწესებულებების მოსამსახურეები დაინიშნენ მოვალეობის შემსრულებლებად სამინისტროსა და საქვეუწყებო დაწესებულებების დებულების დამტკიცებამდე, მაგრამ ამავე ბრძანების მე-4 პუნქტის მიხედვით დებულებებით გათვალისწინებულ თანამდებობებზე მიღება მოხდებოდა დროებით, კონკურსის გამოცხადებამდე. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალურ სამმართველოს 2006 წლის 11 აპრილის ცნობით, სამმართველოში კონკურსი არ ჩატარებულა.
“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 23.2“ბ” მუხლის თანახმად, სამსახურში განსაზღვრული ვადით მიიღება ასევე თანამდებობაზე კონკურსის დასანიშნი მოხელის მოველობის შემსრულებელი _ კონკურსის შედეგების მიხედვით, მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე.
სასამართლოს მითითებით, სამმართველოში დღემდე კონკურსი არ ჩატარებულა, რის გამოც არ არსებობდა ნ. ჯ-ას განთავისუფლების საფუძველი კონკურსის გამოცხადებამდე და კონკურსის შედეგებამდე.
2004 წლის 25 მარტის ¹03 ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, მოხდა არა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების ლიკვიდაცია, არამედ ფუნქციათა გადანაწილება და ამავე ბრძანების მე-4 პუნქტის მიხედვით, კონკურსის გამოცხადებამდე ინიშნებოდნენ დროებით, ხოლო ამ ბრძანების მე-5 პუნქტით აიკრძალა საქვეუწყებო დაწესებულებებში ახალი შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება ან არსებული ცვლილებების შეტანა შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეების სამსახურში აყვანის მიზნით. ასევე აიკრძალა ამ მიზნით არსებულ საშტატო ერთეულებში ცვლილებების შეტანა.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 25 მარტის ¹03, 2004 წლის 14 ივნისის ¹16 და 2004 წლის 2 ივლისის ¹24 ბრძანებები, რომლებიც საფუძვლად დაედო ნ. ჯ-ას განთავისუფლების შესახებ ¹24/კ ბრძანებას, სასამართლოს განმარტებით, არ ითვალისწინებს მოხელის უპირობოდ დათხოვნას. 25 მარტის ბრძანებით მოხელეები დაინიშნენ მოვალეობის შემსრულებლებად დროებით, კონკურსის გამოცხადებამდე. 14 ივნისის ბრძანებით ტერიტორიული ორგანოების მუშაკებს გაუგრძელდათ სამსახურებრივი უფლებამოსილება, 2 ივლისის ბრძანებით დამტკიცდა საშტატო ნუსხები და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს უნდა უზრუნველეყოთ თანამშრომელთა დანიშვნა. ნ. ჯ-ას განთავისუფლების შესახებ ¹24/კ ბრძანებაში კი არ მითითებულა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის არცერთი ნორმა, თუ რის საფუძველზე მოხდა მისი გათავისუფლება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, როგორც საქართველოს უზენაესი სასმართლოს ამ საქმეზე მითითებულ 2006 წლის 7 ნოემბრის განჩინებაში აღინიშნა, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 14 ივნისის ¹16 ბრძანებამ შეცვალა მინისტრის 2004 წლის 25 მარტის ¹03 ბრძანების მხოლოდ მე-2 პუნქტის პირობა, ამავე ბრძანების მე-4 პუნქტის დათქმის უცვლელად დატოვების პირობებში. ამიტომ, მართალია, მოპასუხის 2004 წლის 29 მარტის ¹16/კ ბრძანებით ნ. ჟ-ა მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა დროებით, სალიკვიდაციო-სარეორგანიზაციო ღონისძიებების დასრულებამდე და სამინისტროს დებულების დამტკიცებამდე, მაგრამ აღნიშნული ბრძანებით მოვალეობის შემსრულებლად ყოფნის ვადის პირობა ასევე განსაზღვრულია მინისტრის 2004 წლის 25 მარტის ¹03 ბრძანების ზემოაღნიშნული მე-4 პუნქტით კონკურსის გამოცხადებამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული წესი კი მოცემულია “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 23.2“ბ” მუხლში, რომლის თანახმადაც, მოხელე სამსახურში ინიშნება კონკურსის შედეგების მიხედვით მოხელის თანმდებობაზე დანიშვნამდე.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ მინისტრის 2 ივლისის ბრძანებამდე იყო 4 ........-ი და აღნიშნა, რომ სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს 2004 წლის 4 იანვრის ¹03 ბრძანებით დამტკიცდა სამმართველოს თანამშრომელთა შორის საკურატორო დარგების განაწილება. ამ ბრძანების დანართით სამმართველოში იყო სამი .......-ი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტმა განმარტა, რომ არ მომხდარა შტატების შემცირება. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტროს 2004 წლის 2 ივლისის ¹24 ბრძანებით ასევე სამი .......-ის შტატი იქნა დამტკიცებული. მინისტრის 2 ივლისის ბრძანებიდან გამომდინარე, სამმართველოს 2007 წლის 5 იანვრის ¹03 ბრძანებით დამტკიცდა სამმართველოს თანამშრომელთა შორის საკურატორო დარგების გადანაწილება, რომლითაც ასევე ......-ის 3 შტატია გათვალისწინებული.
სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ აპელანტის მითითება სააპელაციო საასმართლომ არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ, მართალია, სარჩელში მითითებულია ნ. ჯ-ას მიერ გათავისუფლების ბრძანების ივლისის თვეში ჩაბარების შესახებ, მაგრამ საქმის მასალებში არ მოიპოვება მოსარჩელისათვის ბრძანების ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება. აღნიშნულის მტკიცების ტვირთი კი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლის თანახმად, აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება. ამასთან, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54.1 მუხლის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესი გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს. 58.1 მუხლის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გადგენილი, მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გადაგზავნას, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება. მართალია, საქმეში მოიპოვება ნ. ჯ-ას განცხადება სამმართველოს უფროსისადმი, რომლითაც იგი მინისტრის ბრძანებების ჩაბარებას მოითხოვს და ამავე განხცადებაში მითითებულია, რომ მან ¹24/კ ბრძანება მიიღო, მაგრამ განხცადებიდან არ ირკვევა, თუ როდის მიიღო მან ეს განცხადება (ს.ფ.245-255).
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალურმა სამმართველომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ნ. ჯ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ჯ-ას სამუშაოდან დათხოვნის ბრძანება ¹24/კ გამოიცა 2004 წლის 2 ივნისს და შეფასება არ მისცა საქმეში არსებულ 2005 წლის 15 აგვისტოს ¹4 აქტსა და 2007 წლის 22 იანვრის ¹4 ბრძანებას, რომლებითაც დასტურდება, რომ ¹24/კ ბრძანების თარიღი ნაცვლად 2004 წლის 2 ივნისისა არის 2004 წლის 2 ივლისი. დასახელებულ მტკიცებულებათა ნამდვილობა სასამართლომ მხოლოდ იმიტომ დააყენა ეჭვქვეშ, რომ ეს დოკუმენტები შედგენილი იყო ნ. ჯ-ას მიერ სარჩელის აღძვრის შემდეგ. ამ მიზეზით არც 2005 წლის 15 აგვისტოს ¹4 აქტისა და 2007 წლის 22 იანვრის ¹4 ბრძანების ნამდვილობა სადავო არ შეიძლებოდა გამხდარიყო, რადგან ეს დოკუმენტები ასახავენ რეალობას და მათში გადმოცემული გარემოებების შედგენის თარიღის გამო სადავოდ გახდომა დაუშვებელია, მით უმეტეს, რომ კანონი მსგავს საფუძვლებს არ იცნობს. 2007 წლის 22 იანვრის ¹4 ბრძანება გამოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით და რაკი სასამართლომ განჩინებაში ამ ნორმაზე მიუთითა, დასკვნაც კანონიდან გამომდინარე უნდა გაეკეთებინა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლო მივიდა მცდარ დასკვნამდე, რომ სამი თვე გავიდა 2 ივნისს, მაშინ როდესაც, 3 თვე 29 ივნისს გავიდა _ 2004 წლის 29 მარტიდან ¹16 ბრძანების გამოცემის დღიდან. ბრძანების გამოცემის თარიღთან დაკავშირებით სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ ¹24/კ ბრძანების ტექსტში ბრძანების საფუძვლად მოხსენებულია ისეთი დოკუმენტები, რომლებიც 2 ივნისისათვის არ არსებობდა და თუკი ბრძანება 2 ივნისს იქნებოდა გამოცემული, მასში ვერ იქნებოდა მითითება მინისტრის 2004 წლის 16 ივნისის ¹16 ბრძანებაზე და მინისტრის 2004 წლის 2 ივლისის ¹24 ბრძანებაზე, ამასთან, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხი შეფასებული იყო მექანიკურ შეცდომად.
კასატორის მითითებით, სასამართლოს დასკვნა, რომ 2004 წლის 25 მარტის ¹3 ბრძანების მე-2 პუნქტით მოხდა არა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებათა ლიკვიდაცია, არამედ ფუნქციათა გადანაწილება და ამავე ბრძანების მე-4 პუნქტის მიხედვით თანამშრომლები ინიშნებოდნენ კონკურსის გამოცხადებამდე, ეწინააღმდეგება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების 8.5 მუხლის თანახმად, ისინი წარმოადგენდნენ სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს. “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის 35-ე მუხლისა და ამ კანონის გამოყენების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ¹81 ბრძანებულებით ცალსახად არის დადგენილი, რომ მოხდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ლიკვიდაცია და შეიქმნა საქართველოს გარემოსა დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. ლიკვიდაცია შეეხო მათ ორგანიზაციასაც და რომ ლიკვიდაცია ნამდვილად მოხდა, დასტურდება მინისტრის 2004 წლის 31 მარტის ¹05 ბრძანებით და მათი 2004 წლის 01 აპრილის ¹4 ბრძანებით, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებთან ერთად. სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მინისტრის 2004 წლის 25 მარტის ¹03 ბრძანების მეორე პუნქტის შესაბამისად და მათ მიერ გამოცემული 2004 წლის 29 მარტის ¹16/კ ბრძანებით ნ. ჯ-ა ისევე, როგორც სამმართველოს სხვა თანამშრომელი, გათავისუფლდა სამუშაოდან და დაინიშნა ........-ის მოვალეობის შემსრულებლად დროებით, სალიკვიდაციო-სარეორგანიზაციო სამუშაოების დასრულებამდე და სამინისტროს დებულების დამტკიცებამდე ანუ სამინისტროს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ნ. ჯ-ას შრომითი ურთიერთობა შეიცვალა და ახლად შექმნილ სამინისტროსთან მან ჩამოაყალიბა ახალი შრომითი ურთიერთობა, რომლის ვადაც განისაზღვრა გარკვეული გარემოებების დადგომით.
ნ. ჯ-ა შეუდგა ახალ შრომით ურთიერთობას და თავისი ეს ახალი მდგომარეობა სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, კასატორის მითითებით, მას სადავოდ რა გაუხდია ახლად შექმნილ სამინისტროსთან შრომითი ურთიერთობის პირობები, ასეთ ვითარებაში კი სასამართლოს მსჯელობა, რომ ნ. ჯ-ას სამუშაოზე დანიშვნა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით 2004 წლის მარტიდან უნდა მომხდარიყო, დავის საგანს სცილდება, რადგან სასამართლოს ასეთი მიდგომა საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს. იმის დასადასტურებლად, რომ ნ. ჯ-ა სამუშაოდ უნდა მიღებულიყო დროებით კონკურსის გამოცხადებამდე, სასამართლო იშველიებს მინისტრის ¹03 ბრძანების მე-4 პუნქტს, ხოლო აღნიშნული ბრძანების მე-2 და მე-4 პუნქტები განსაზღვრავენ თანამშრომელთა დასაქმების წესს სხვადასხვა რეჟიმში. მე-2 პუნქტი აწესრიგებს თანამშრომელთა დასაქმებას სამინისტროს დებულების დამტკიცებამდე, ხოლო მე-4 ადგენს მოხელეთა სამინისტროს დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიღებას. შესაბამისად მე-4 პუნქტის დათქმა დროებით დანიშვნის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსის გამოცხადებამდე ეხებათ მხოლოდ დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასანიშნ პირებს და არა იმ სამუშაოთა დროებით შემსრულებლებს, რომლებიც დებულების დამტკიცებამდე იყვნენ დასაქმებული. მინისტრის ¹03 ბრძანების კანონიერება არ არის დავის საგანი. მით უმეტეს, რომ მათ ზედმიწევნით დაიცვეს იგი, ისევე როგორც ყველა სხვა ბრძანება თანამშრომელთა დასაქმებასთან დაკავშირებით.
კასატორის მითითებით, 2004 წლის 02 ივლისისათვის დადგა ¹16/კ ბრძანებაში მითითებული გარემოებანი _ სამინისტროს დებულების დამტკიცება და სალიკვიდაციო-სარეორგანიზაციო სამუშაოების დასრულება. ასევე დამტკიცდა საშტატო ნუსხა, რის გამოც ნ. ჯ-ა დათხოვნილ იქნა სამუშაოდან სწორად, “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 94-ე მუხლის შესაბამისად.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 მაისის ბრძანებულება “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიაობის წესის შესახებ" კანონის ამოქმედებასთან განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის ¹50 დადგენილება “საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ," “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 94-ე მუხლი და არასწორად გამოიყენა ამავე კანონის 23-ე მუხლი, არასწორად შეაფასა და არასწორად განმარტა მინისტრის 2004 წლის 25 მარტის ¹03 ბრძანების მე-2 და მე-4 პუნქტები (ს.ფ. 264-267).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. ამ თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 თებერვლის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.