Facebook Twitter

ბს-326-310(კ-06) 16 მარტი, 2007წ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული, წარმომადგენლები ა. ჯ-ე, გ. ც-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ .. .. ასოციაცია, წარმომადგენელი ქ. ბ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 მარტის განჩინება

დავის საგანი _ საჯარო ინფორმაციის გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 12 სექტემბერს გორის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა .. .. ასოციაციამ მოპასუხე შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის შემდეგი საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალება: ა. შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მიერ 2005 წლის 1 იანვრიდან დღემდე გამოცემული ადმინისტრაციული აქტები; ბ. 2004-2005 წლების რწმუნებულის საბჭოს სხდომის ოქმები; გ. 2004-2005 წლების განმავლობაში აპარატის მიერ გაწეული ხარჯების ამსახველი ფინანსური დოკუმენტები; დ. შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია; ე. შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ფონდის მიერ 2004 წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების ამსახველი დოკუმენტების ასლები.

მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

.. .. ასოციაციის გორის ოფისმა 2005 წლის 17 ივნისის ¹482 და 25 ივლისის ¹505 განცხადებების საფუძველზე შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისაგან ითხოვა სხვადასხვა ინფორმაციის მიღება. მოსარჩელე, კონკრეტულად, ითხოვდა ინფორმაციას იმის შესახებ, იყო თუ არა გადახდილი სახელმწიფო რწმუნებულის მიერ საწევრო გადასახადი ევროპის რეგიონალურ ასამბლეაში, აგრეთვე, 2005 წლის 1 იანვრიდან შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტებისა და 2004-2005 წლებში რწმუნებულის საბჭოს სხდომის ოქმების ასლებს, 2004-2005 წლებში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის მიერ გაწეული ხარჯების ამსახველი ფინანსური დოკუმენტების ასლებს, შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტაციისა და მის მიერ 2004 წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების ამსახველი დოკუმენტაციის ასლებს. რწმუნებულის აპარატის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის 2005 წლის 12 აგვისტოს ¹552 წერილით .. .. ასოციაციის გორის ოფისს განემარტა, რომ ინფორმაცია რწმუნებულის ფონდის თაობაზე სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის კანცელარიაში და მის არქივში არ მოიპოვებოდა, ხოლო .. .. ასოციაციის გორის ოფისის 2005 წლის 25 ივლისის ¹505 განცხადების მოთხოვნას 2005 წლის 12 აგვისტოს ¹553 წერილით ნაწილობრივ გაეცა პასუხი, კერძოდ, წერილში მითითებული იყო, რომ სახელმწიფო რწმუნებულის აპარატს რეგიონალურ ასამბლეაში თანხა გადახდილი არ ჰქონდა. განცხადებით მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია არ იქნა გაცემული, რითაც დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ის მოთხოვნები, რომლებიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სამართლებრივ გარანტიებს ადგენდა. მოსარჩელე მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. მოსარჩელის მოსაზრებით, მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ განეკუთვნებოდა კანონმდებლობით განსაზღვრულ საიდუმლო ინფორმაციათა არც ერთ კატეგორიას. აქედან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული, როგორც საჯარო დაწესებულება, ამავე კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად, ვალდებული იყო, უზრუნველეყო მოთხოვნილი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ ამ შემთხვევაში აგრეთვე დარღვეული იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, რომლის მიხედვით, საჯარო დაწესებულება ვალდებული იყო გაეცა საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღისა ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებში. ამასთან, თუ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭირო იყო 10-დღიანი ვადა, საჯარო დაწესებულება ვალდებული იყო, ამის თაობაზე მოთხოვნისთანავე ეცნობებინა განმცხადებლისათვის (ს.ფ. 1-2).

გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით .. .. ასოციაციის სარჩელი დაკმაყოფილდა, შიდა ქართლში საქართველოს სახელმწიფო რწმუნებულს დაევალა .. .. ასოციაციის წარმომადგენელ ქ. ბ-ისათვის გაეცა 2005 წლის 1 იანვრიდან შიდა ქართლში საქართველოს სახელმწიფო რწმუნებულის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტებისა და 2004-2005 წლებში რწმუნებულის საბჭოს სხდომის ოქმების, 2004-2005 წლების განმავლობაში აპარატის მიერ გაწეული ხარჯების ამსახველი ფინანსური დოკუმენტების, შიდა ქართლში საქართველოს სახელმწიფო რწმუნებულის ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტაციისა და მის მიერ 2004 წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების ამსახველი დოკუმენტების, ასევე ფონდში შემოსავლებისა და გასავლების ამსახველი დოკუმენტების ასლები, რაც არ წარმოადგენდა პირად, კომერციულ და სხვა საიდუმლოებას.

რაიონული სასამართლოს განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას ჰქონდა უფლება, გასცნობოდა ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიეღო მათი ასლები, თუ ისინი არ შეიცავდა სახელმწიფო, პროფესიულ, კომერციულ ან პირად საიდუმლოებას. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში .. .. ასოციაციის წარმომადგენლის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ შეიცავდა სახელმწიფო, პროფესიულ, კომერციულ ან პირად საიდუმლოებას, რის გამოც სარჩელი ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას (ს.ფ. 49-50).

რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:

.. .. ასოციაციის მიერ შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მიმართ გაგზავნილ ¹482 წერილში მოთხოვნილი იყო დოკუმენტები სახელმწიფო რწმუნებულის ფონდის შესახებ. აღნიშნული ფონდი არ შეადგენდა რწმუნებულის აპარატის სტრუქტურას, ინფორმაცია რწმუნებულის ფონდის შესახებ ინახებოდა ფონდში და არა რწმუნებულის აპარატის კანცელარიაში. რაც შეეხებოდა .. .. ასოციაციის ¹505 წერილში მოთხოვნილ დოკუმენტებს, მათი მიღების მოთხოვნით მოსარჩელემ მანამდეც რამდენჯერმე მიმართა შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატს, რა დროსაც მისი თხოვნა დაკმაყოფილდა, კერძოდ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი პირადად გაეცნო კანცელარიასა და არქივში არსებულ დოკუმენტებს, გადაიღო მათი ასლები, რისი დამადასტურებელი ქვითრებიც აპელანტთან ინახებოდა. გარდა ამისა, ¹505 წერილში დასმული იყო კითხვა _ იყო თუ არა გადახდილი საწევრო გადასახადი საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის მიერ ევროპის რეგიონალურ ასამბლეაში, რაზედაც აპელანტმა უპასუხა, რომ შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის მიერ ევროკავშირის რეგიონალურ ასამბლეაში არავითარი თანხა არ იყო გადახდილი.

აპელანტის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ არ იმსჯელა საქმის განხილვის დროს მათ მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე და გამოიტანა არაობიექტური გადაწყვეტილება, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები (ს.ფ. 53-55).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 მარტის განჩინებით შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ .. .. ასოციაციის წარმომადგენელმა ქ. ბ-მა შიდა ქართლში საქართველოს სახელმწიფო რწმუნებულისგან მოითხოვა 2005 წლის 1 იანვრიდან შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტებისა და 2004-2005 წლებში რწმუნებულის საბჭოს სხდომის ოქმების, აგრეთვე 2004-2005 წლების განმავლობაში აპარატის მიერ გაწეული ხარჯების ამსახველი ფინანსური დოკუმენტების, შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტაციისა და მის მიერ 2004 წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების ამსახველი დოკუმენტების ასლები. იმის მიუხედავად, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია არ წარმოადგენდა პირად, კომერციულ და სხვა საიდუმლოებას, ქ. ბ-ს უარი ეთქვა ამ ინფორმაციის გაცემაზე, რაც სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას ჰქონდა უფლება, გასცნობოდა ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე მიეღო მათი ასლები, თუკი ისინი არ შეიცავდა სახელმწიფო, პროფესიულ, კომერციულ ან პირად საიდუმლოებას. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის წარმომადგენლის მოსაზრება, რომ ისინი ვალდებულნი არ იყვნენ, გაეცათ საჯარო ინფორმაცია სახელმწიფო რწმუნებულის ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ფონდის მისამართი არ ემთხვეოდა რწმუნებულის ადმინისტრაციის მისამართს, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში ინფორმაციის გაცემას ითხოვდნენ არა რწმუნებულის ადმინისტრაციიდან, არამედ თვით სახელმწიფო რწმუნებულისგან, რომელიც აღნიშნული ფონდის ერთ-ერთ წევრს წარმოადგენდა (ს.ფ. 77-81).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.

კასატორის მითითებით, საჯარო ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც ინახებოდა რწმუნებულის აპარატის კანცელარიაში და კანცელარიის არქივში, მათ მიერ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისათვის გაცემული იყო სხვადასხვა დროს. ამასთან, როგორც პროცესზე, ასევე პროცესამდე ისინი გამოთქვამდნენ თანხმობას მოსარჩელისათვის გადაეცათ მათ ხელთ არსებული საჯარო ინფორმაცია, თუ .. .. ასოციაციის მხრიდან დაცული იქნებოდა შესაბამისობა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “მ” ქვეპუნქტთან და დაკონკრეტდებოდა მოთხოვნილი ინფორმაცია. ვინაიდან ინფორმაცია მოთხოვნილი იყო ზოგადი ფორმით და ისეთი კატეგორიის მიხედვით, რომელიც არ შეესაბამებოდა ორგანიზაციის საჯარო რეესტრში ინფორმაციის არსებულ დახარისხებას, ამიტომ შეუძლებელი გახდა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება, სანამ ინფორმაციის მომთხოვნი არ დააზუსტებდა, რომელი იყო მისთვის საჭირო დოკუმენტი ან ამ დოკუმენტებს პირადად არ შეარჩევდა ორგანიზაციაში არსებული საჯარო რეესტრიდან.

რაც შეეხებოდა ინფორმაციას პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ფონდის შესახებ, კასატორის მოსაზრებით, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მითითებული ფონდი არ შეადგენდა რწმუნებულის აპარატის სტრუქტურას, არამედ იყო დამოუკიდებელი, კოლეგიალური ტიპის ორგანო, სადაც გადაწყვეტილებას იღებდა ფონდის საბჭო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ინფორმაცია რწმუნებულის ფონდის შესახებ ინახებოდა აღნიშნულ ფონდში. რწმუნებულის აპარატს ფონდიდან მხოლოდ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთდახმარების ფარგლებში შეეძლო ინფორმაციის გამოთხოვა. სააპელაციო სასამართლოში მოპასუხე მხარემ წარადგინა მასალები ფონდის გაუქმების თაობაზე, რაც მას აღარ აძლევდა საშუალებას, აემოქმედებინა ფონდის მიმართ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთვალდებულებები (ს.ფ. 86-87).

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 13 თებერვლის სხდომაზე შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარზე უარი განაცხადა რწმუნებულის ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის გამოთხოვის ნაწილში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 თებერვლის საოქმო განჩინებით კასატორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აღნიშნულ ნაწილში საკასაციო საჩივარზე შეწყდა წარმოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 მარტის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ ინფორმაცია, რომელსაც .. .. ასოციაცია ითხოვს, წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და მის გაცემაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ყოველი მოქალაქე უფლებამოსილია, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას, ასევე სახელმწიფო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.

საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის (“ინფორმაციის თავისუფლება”) სამართლებრივ მოწესრიგებაში. აღნიშნული თავის 28-ე მუხლი იმეორებს კონსტიტუციურ ნორმას, რომ საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად, მათ შორის, უზრუნველყოფილია ისეთი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რომელიც მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას მოითხოვს. თავის მხრივ, საჯარო ინფორმაციის ცნება, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “მ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მოიცავს საჯარო დაწესებულებაში მიღებულ, დამუშავებულ, შექმნილ, გაგზავნილ ან დაცულ ინფორმაციას, ხოლო აქედან ხელმისაწვდომ საჯარო ინფორმაციათა კატეგორიას, როგორც აღინიშნა, განეკუთვნება ინფორმაცია, რომელიც არ არის გასაიდუმლოებული.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის _ შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის მოტივი არ არის ის გარემოება, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენს სახელმწიფო, კომერციული ან პირადი საიდუმლოების შემცველს. კასატორი ვერც იმ გარემოებას ადასტურებს, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია არ არის მის მიერ მიღებული, დამუშავებული, შექმნილი, გაგზავნილი ან არ არის დაცული მასთან. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ აღნიშნული საჯარო ინფორმაცია მოთხოვნილია ზოგადი ფორმით, დაკონკრეტების გარეშე და გაურკვეველია, თუ რომელ დოკუმენტებს ითხოვს მოსარჩელე. სარჩელში სრულიად გარკვევითაა მითითებული, რომელ დოკუმენტაციას ითხოვს მოსარჩელე, დაკონკრეტებულია დოკუმენტაციის სახე, შექმნის პერიოდი და დოკუმენტაციის ავტორი. ამასთან, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით უზრუნველყოფილია საჯარო დაწესებულებაში მიღებული, დამუშავებული, შექმნილი, გაგზავნილი ან დაცული ისეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რომელიც მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას მოითხოვს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხისათვის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალება კანონშესაბამისია, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს და უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.