Facebook Twitter

ბს-327-309(2კ-07) 22 მაისი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მიხეილ ჩინჩალაძე, მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო

ფონდის ქუთაისის ფილიალი

ჯ. ნ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.05.07წ გადაწყვეტილება

დავის საგანი _ შეჩერებული საპენსიო თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ჯ. ნ-ამ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის მიმართ და საპენსიო თანხის ანაზღაურება მოითხოვა.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ იყო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, ომის მონაწილე. 2003 წლის აპრილიდან იღებდა ომის მონაწილის პენსიას 40 ლარის ოდენობით. 2004 წლის მაისში შეუჩერდა აღნიშნული პენსიის გაცემა საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული საბუთის წარუდგენლობის გამო. პენსიის შეჩერების შესახებ ზეპირსიტყვიერად აცნობეს და რაიმე სახის დოკუმენტი აღნიშნულ მიზეზზე მითითებით მისთვის არ ჩაუბარებიათ. საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ ახალი მოწმობების გაცემა ნელი ტემპით მიმდინარეობდა, რის გამოც პენსიის მიღება არ აღუდგა 2006 წლამდე.

ჯ. ნ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალს, რათა მათ მოეხდინათ სათანადო დაანგარიშება და მის ანგარიშზე ჩაერიცხათ 2004 წლის მაისიდან 2006 წლის მაისამდე უკანონოდ შეჩერებული პენსია ომის მონაწილის გასული პერიოდისათვის არსებული პენსიის გათვალისწინებით. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალმა 26.06.06წ. წერილობით პასუხში განმარტა, რომ პენსიის გაცემის შეჩერება განპირობებული იყო მოსარჩელის მიერ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის დროულად წარუდგენლობით და “სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის თანამხნად, წარსული დროისათვის შეჩერებული პენსიის ანაზღაურება შესაძლებელია არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან.

მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 2004 წლის მაისიდან 2006 წლის მაისამდე უკანონოდ შეჩერებული პენსიის დაანგარიშების დავალება და აღნიშნული თანხის მის ანგარიშზე ჩარიცხვა ომის მონაწილისათვის იმ დროს არსებული პენსიის ოდენობის გათვალისწინებით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 27.11.06 წ. გადაწყვეტილებით ჯ. ნ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვეტერანების უფლებები და შეღავათები ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ვეტერანებისათვის დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში. დადგენილა, რომ მითითებული მოწმობის წარდგენიდან მოსარჩელეს აღუდგა შეჩერებული პენსიის მიღების უფლება. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია პენსიის უკანონოდ შეჩერებას.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ნ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ, მოპასუხისათვის მიუღებელი პენსიის სახით 1040 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.05.07 წ. გადაწყვეტილებით ჯ. ნ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება, ჯ. ნ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალს ჯ. ნ-ას სასარგებლოდ დაეკისრა წარსულში გაუცემელი ერთი წლის პენსიის 480 ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. ნ-ა იყო მეორე ჯგუფის ინვალიდი. მას პენსია შეუჩერდა საპენსიო უზრუნველყოფის დეპარტამენტის წერილის საფუძველზე. “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 ნოემბრის ¹632 ბრძანებულებით დამტკიცდა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების დამადასტურებელი პირადობის მოწმობების ნიმუშები და დებულება. აღნიშნული ბრძანებულების მე-3 პუნქტის მიხედვით, 2002 წლის 1 იანვრიდან (2001 წლის 11 იანვრის ¹3 ბრძანებულებით ცვლილება შევიდა და “2001 წლის 1 იანვარი” შეიცვალა “2002 წლის 1 იანვრით”) ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს სამინისტროების, უწყებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ გაცემული მსგავსი მოწმობები. ახალი ნიმუშების მომზადება და გაცემა დაევალა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტს. საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული ბრძანებულება გახდა პენსიის შეჩერების საფუძველი, რომელიც აღდგა 2006 წლის 1 მაისიდან მოსარჩელის განცხადების საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართალია “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი არ ითვალისწინებს პრეზიდენტის აქტის საფუძველზე პენსიის შეჩერებას, მაგრამ ამავე კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული პენსია დანამატებთან ერთად, რომლებიც დანიშნული იყო ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტებით, ამ კანონის ამოქმედების დღიდან განიხილება, როგორც ამ კანონის თანახმად დანიშნული და გაცემული პენსიები და მათი გაცემა გაგრძელდება მხოლოდ ამ კანონის შესაბამისად. ჯ. ნ-ას პენსია დანიშნული ჰქონდა “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, რომელიც გათვალისწინებული იყო “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის “დ”-”ბ” ქვეპუნქტებით. სამოქალაქო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა. სააპელაციო სასამართლოს აზრით, კანონის ანალოგიის პრინციპის გამოყენებით მოსარჩელისათვის სწორად მოხდა პენსიის შეჩერება. სააპელაციო სასამართლომ ასანაზღაურებელი პენსიის ოდენობის დასაანგარიშებლად ასევე ანალოგიით გამოიყენა “სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი რომლის თანახმად, შეჩერებული პენმსიის გაცემა პენსიონერის მიერ კომპეტენტურ ორგანოში პენსიის გაცემის განახლების თაობაზე განცხადების შეტანის თვის მომდევნო თვეს განახლდება. ანაზღაურდება მის მიერ მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის გაცემის შეჩერების დღიდან. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის პენსია შეადგენდა 40 ლარს სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია რომ ჯ. ნ-ას უნდა ანაზღაურებოდა ერთი წლის მიუღებელი პენსია 480 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ჯ. ნ-თვის სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა. კასატორის განმარტებით, “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლიდან გამომდინარე საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 ნოემბრის ¹632 ბრძანებულებით დამტკიცდა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების დამადასტურებელი პირადობის მოწმობების ნიმუშები და დებულება. აღნიშნული ბრძანებულების მე-3 პუნქტით 2002 წლის 1 იანვრიდან (2001 წლის 11 იანვრის ¹3 ბრძანებულებით ცვლილება შევიდა და “2001 წლის 1 იანვარი” შეიცვალა “2002 წლის 1 იანვრით”) ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს სამინისტროების, უწყებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ გაცემული მსგავსი მოწმობები. ახალი ნიმუშების მომზადება და გაცემა დაევალა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტს. ამდენად, 2002 წლის 1 იანვრიდან ომის ვეტერანთა პენსიის დანიშვნა-გადაანგარიშებისათვის აუცილებელი იყო მოქალაქეებს წარედგინათ საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული საბუთი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდებოდა პენსიის გაცემის შეჩერება და მოქალაქე, როგორც ომის ვეტერანი გადიდებულ პენსიაზე უფლებას ვერ მოიპოვებდა. აღნიშნული კატეგორიის პირებზე გადიდებული ოდენობით პენსიის გაცემა შესაძლებელი იყო მხოლოდ შესაბამისი საბუთის წარდგენის დღიდან. კასატორის მითითებით, სწორედ ზემოაღნიშნული ბრძანებულება გახდა ჯ. ნ-თვის პენსიის გაცემის შეჩერების საფუძველი, რომელიც აღდგენილ იქნა შესაბამისი მოწმობის წარდგენიდან. აქედან გამომდინარე, პენსიის უკანონოდ შეჩერებას მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას საპენსიო თანხის ანაზღაურებაზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ნ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება. კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში პენსიის შეჩერება განხორციელდა არა კანონის რომელიმე ნორმის, არამედ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2003 წლის 21 აპრილის ¹10/10-1030 მეთოდური წერილის საფუძველზე, რაც უკანონოა. კასატორის აზრით, თუკი საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 ნოემბრის ბრძანებულებით საქართველოს სამინისტროების უწყებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ გაცემული ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების მოწმობები ძალადაკარგულად 2002 წლის 1 იანვრიდან ჩაითვალა, მაშინ გაუგებარია რა საფუძვლით დაენიშნა მას პენსია 2003 წლის მარტში. კასატორის განმარტებით “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლიმე-2 ნაწილით დადგენილი შეზღუდვა, იმის შესახებ, რომ წარსული დროისათვის შეჩერებული პენსიის ანაზღაურება შესაძლებელია არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან, მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი პენსიის შეჩერება მოხდა მე-16 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საფუძვლით _ საქართველოს მოქალაქის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობის გამო, რასაც მის შემთხვევაში ადგილი არ ქონია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ჯ. ნ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯ. ნ-ას სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ჯ. ნ-ას სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს არ უნდა აუნაზღაურდეს 2004-2006 წლების დაკავებული პენსია, რადგან პენსიის შეჩერების საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 ნოემბრის ¹632 ბრძანებულების მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, 2002 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს სამინისტროების, უწყებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ გაცემული ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების დამადასტურებელი პირადობის მოწმობები. ახალი მოწმობის ნიმუშის დამტკიცებისა და მოწმობების გაცემის უფლებამოსილების ერთი ორგანოსათვის _ საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტისათთვის მინიჭება ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ ვეტერანობისათვის პენსიის გადანიშვნისას შემოწმებულიყო კანონიერად მოხდა თუ არა პენსიის დანიშვნა და მითითებული დროისათვის შენარჩუნებული ჰქონდა თუ არა პენსიის მიმღებ სუბიექტს აღნიშნული სტატუსი. სწორედ ის გარემოება, რომ ჯ. ნ-ამ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღო ახალი ვეტერანობის მოწმობა და წარადგინა სათანადო ორგანოში მიუთითებს იმაზე, რომ იგი ნამდვილად წარმოადგენდა პენსიის მიღებაზე უფლებამოსილ სუბიექტს პენსიის შეჩერების პერიოდისათვის. გარემოება, რომ პენსიის შეჩერება მოხდა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, მას უფლებას არ ართმევს მიიღოს შეჩერებული საპენსიო თანხის ანაზღაურება.

სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია ჯ. ნ-ას მითითება, იმასთან დაკავშირებით, რომ ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენრის მიერ ახალი ნიმუშის მიხედვით მოწმობების გაცემა, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის გამო, მიმდინარეობდა ნელ ტემპში და მოსარჩელეს ობიეტურად არ ჰქონდა შესაძლებლობა პენსიის შეჩერების დროისათვის წარედგინა ახალი მოწმობა. იმის გამო, რომ პრეზიდენტის 1999 წლის 26 ნოემბრის ¹632 ბრძანებულების მე-3 პუნქტში მითითებულ ვადაში _ 2001 წლის 1 იანვრამდე ვერ მოხერხდა ყველა ომის მონაწილესა და ვეტერანზე ახალი მოწმობების გაცემა ძველ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანობის დამადასტურებელ მოწმობებს ორჯერ გაუგრძელდა მოქმედების ვადა, პრეზიდენტის 2001 წლის 11 იანვრის ¹3 ბრძანებულებით _ 2002 წლის 1 იანვრამდე და პრეზიდენტის 2003 წლის 12 აპრილის ¹ 148 ბრძანებულებით _ 2005 წლის 1 იანვრამდე.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ჯ. ნ-ას უნდა ანაზღაურებოდა დაკავებული პენსია, თუმცა ანალოგიით გამოიყენა “სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, პენსიის გაცემა პენსიონერის მიერ კომპეტენტურ ორგანოში პენსიის გაცემის განახლების თაობაზე განცხადების შეტანის თვის მომდევნო თვეს განახლდება. ანაზღაურდება მის მიერ მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის გაცემის შეჩერების დღიდან. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არსწორად იქნა გამოყენებული ანალოგიით მითითებული ნორმა. ანალოგიის გამოყენება საჯარო სამართალში მკაცრად შეზღუდულია და დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ანალოგიის გამოყენების გარეშე შეუძლებელია სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება. ანალოგიის გამოყენება დაუშვებელია მით უფრო თუ ანალოგიის გამოყენებას შედეგად პირის უფლებრივი მდგომარეობის გაუარესება მოყვება. “სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შეზრუდვა, დაკავებული პენსიის ანაზღაურება მხოლოდ დაკავებიდან ერთი წლის განმავლობაში, ვრცელდება მხოლოდ ამავე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საფუძვლით შეჩერებულ პენსიებზე, კერძოდ თუ პენსიის შეჩერება გამოიწვია საქართველოს მოქალაქის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობამ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო შეჩერებული პენსია ანაზღაურდება შეჩერების მთელი პერიოდისათვის. შესაბამისად, მე-16 მუხლის მე-3 ნაწილი წარმოადგენს გამონაკლისს საერთო წესიდან, რომლის მიხედვით ანაზღაურებას ექვემდებარება შეჩერებული პენსია სრული ოდენობით და მისი გამოყენება ანალოგიით დაუშვებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ჯ. ნ-ას საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხეს უნდა დაევალოს 2004-2006 წლებში შეჩერებული პენსიის ანაზღაურება სრული მოცულობით, 1040 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალი საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ჯ. ნ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.05.07წ გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში და საკასაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ჯ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალს დაევალოს მოსარჩელის სასარგებლოდ 2004 _ 2006 წწ. შეჩერებული პენსიის ანაზღაურება 1040 ლარის ოდენობით;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.