Facebook Twitter

ბს-328-310(კ-07) 13 ივნისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ნ.-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 13 სექტემბერს გ. ნ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზრვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ პენსიის დანიშვნის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1930 წლის 11 სექტემბრიდან ცხოვრობდა ზუგდიდის რაიონის სოფ. კახათში.

1952 წლიდან დანიშნული აქვს ინვალიდობის პენსია 45 ლარის ოდენობით, რომელსაც ღებულობს დღემდე. გააჩნია საპენსიო მოწმობა ¹170543, რომელშიც მითითებულია, რომ არის პირველი ჯგუფის ინვალიდი. ,,სახელმწიფო პენსიების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,დ” პუნქტში პირდაპირ არის მითითებული, რომ ომის პირველ და მეორე ჯგუფის ინვალიდებს ეძლევათ პენსია 84 ლარი, ხოლო მესამე ჯგუფის ინვალიდთა და 70 წელს გადაცილებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთათვის პენსიის ოდენობა განისაზღვრება 70 ლარით. მოსარჩელის განმარტებით, იგი განეკუთვნება პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდთა კატეგორიას.

მოსარჩელის მითითებით, მას აქვს ცნობა, რომ იგი არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, რომელიც გაცემულია ზუგდიდის სოციალური დაზღვევის სამსახურის მიერ 2006 წლის 17 ივლისს და ავადმყოფობის ისტორია ¹467.

აღნიშნულიდან, გამომდინარე მოსარჩელე ითხოვდა მას, როგორც ომისა და სამხედრო ძალების პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდს, დანიშნოდა ინვალიდობის პენსია 84 ლარი.

მოპასუხემ - საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ნ.-ს სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ნ.-მ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით გ. ნ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით გ. ნ.-ს სასარჩელო მოთხოვნა ომის მონაწილესთან გათანაბრებული პენსიის დანიშვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ” ქვეპუნტის საფუძველზე პენსია დაენიშნოთ: ა) ომის ინვალიდებს; ბ) ომის მონაწილეებს; გ) ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებს.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ გ. ნ.-ა მიეკუთვნება რომელიმე კატეგორიას, მათ შორის - ომის მონაწილესთან გათანაბრებულ პირს, შესაბამისად გ. ნ.-ს ,,სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის” შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე არ მოუპოვებია ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირისათვის დაწესებული 45 ლარის პენსიის მიღების უფლება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გ. ნ.-მ შეცვალა სარჩელის საფუძველი (დავის საგანი დარჩა პენსიის მიღება), კერძოდ, I და II ჯგუფის ინვალიდებისათვის დაწესებული პენსიის ნაცვლად მოითხოვა ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირისათვის დაწესებული პენსიის დანიშვნა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა ყოფილიყო ახალი გადაწყვეტილება.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ნ.-მ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ნ.-ს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 20 აპრილის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად გ. ნ.-ს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

2007 წლის 3 მაისს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება, რომლითაც მოითხოვა გ. ნ.-ს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, იმ საფუძვლით, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

2007 წლის 14 მაისს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზუგდიდის ფილიალმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა გ. ნ.-ს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, იმ საფუძვლით, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, გ. ნ.-ს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ გ. ნ.-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს გ. ნ.-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას გ. ნ.-ს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.