Facebook Twitter

¹ბს-329-311(კ-07) 25 სექტემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ვ. ბ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2006 წლის 19 ივლისს ვ. ბ.-მ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქ. ბათუმის მერიის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოსა და ა. ბ.-ის მიმართ და მოითხოვა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს საბინაო კომისიის სხდომის ¹2 ოქმის არარად აღიარება, საჯარო რეესტრის ჩანაწერის, პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 3-14).

2007 წლის 1 აგვისტოს მოპასუხე ა. ბ.-მ შეგებებული სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა ვ. ბ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ვ. ბ.-ის სახელზე საკუთრების უფლებით ქ. ბათუმში, ...-ის ქ. ¹9, ბინა ¹22-ის რეგისტრაციის გაუქმება (იხ. ს.ფ. 46-47).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით ვ. ბ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; ა. ბ.-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და გაუქმდა ვ. ბ.-ის სახელზე ქ. ბათუმში, ...-ის ქ. ¹9, ბინა ¹22-ის რეგისტრაცია (იხ. ს.ფ. 90-92).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ბ.-მ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 99-109).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 თებერვლის განჩინებით ვ. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 133-138).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ბ.-მ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 6 თებერვლის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 157-163).

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 17 მაისის განჩინებით ვ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 183-184).

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, მოსაზრება წარმოადგინა მოწინააღმდეგე მხარემ _ შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹... სამმართველომ და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა შემდეგი მოტივით:

მოსაზრების ავტორის მითითებით, კასატორი უთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებზედაც უთითებდა სააპელაციო საჩივარში, მაგრამ უსაფუძვლობის გამო სააპელაციო სასამართლომ ისინი არ გაიზიარა. კასატორი არ უთითებს თუ კონკრეტულად, რომელი კანონი არ გამოიყენა სასამართლომ ან გამოიყენა, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა (იხ. ს.ფ. 193-194).

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, მოსაზრება წარმოადგინა ასევე ვ. ბ.-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი მოტივით:

მოსაზრების ავტორის მითითებით, მოცემული საქმის განხილვა მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაკტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავსი შემთხვევა იშვიათია და არ არსებობს ერთიანი ჩამოყალიბებული მოსაზრება, როგორ უნდა გადაწყდეს საკითხი, როდესაც არ არის გამოკვეთილი მესაკუთრე, რომელიც განკარგავს უძრავ ქონებას, რისი უფლებაც მხოლოდ მესაკუთრეს აქვს მინიჭებული. ასევე, იურიდიული ძალა აქვს თუ არა საკუთრების დამდგენ საბუთს, რომელიც განკარგა არაუფლებამოსილმა პირმა და რამდენად კეთილსინდისიერია შემძენი, რომელიც უძრავ ქონებას ეუფლება არაუფლებამოსილი პირისაგან სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და უსასყიდლოდ (იხ. ს.ფ. 200).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 17 მაისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 183-184).

კასატორის _ ვ. ბ.-ის წარმომადგენლის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრებები არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, ასევე არ შეიცავს დასაბუთებას, რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დაუსაბუთებლობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ვ. ბ.-ის მიერ არ იქნა სრულყოფილად რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ვ. ბ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ვ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.