Facebook Twitter

¹ბს-330-312(კ-07) 20 სექტემბერი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ა. ჩ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 14 თებერვალს ხონის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ა. ჩ.-მ მოპასუხე ქ. ხონის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის მიმართ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 20 519 ლარის გადახდის დაკისრება.

სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

1992 წელს ხონის რაიონში განხორციელდა მიწების პრივატიზაცია. მოსარჩელეს გააჩნდა 1000კვ.მ მიწის ნაკვეთი, იგი მიეკუთვნებოდა მიწის მოსარგებლეთა მეორე კატეგორიას, რის გამოც ეკუთვნოდა 3500კვ.მ მიწის ნაკვეთი. მიწის რეფორმის შედეგად საკუთრებაში გადაეცა 2000კვ.მ მიწის ნაკვეთი და დამატებით ეკუთვნოდა 1500კვ.მ მიწა, რომელიც არ შეუვსეს ზღვრულ ოდენობამდე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიუხედავად. აღნიშნულის გამო, 1992-1993 წლებში მოსარჩელეს მიადგა 125-125 ლარის, ხოლო 1994 წლიდან 2006 წლამდე 75-75 ლარის ზიანი (ს.ფ. 1-2).

ხონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. ჩ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქ. ზონის გამგეობას ა. ჩ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1150 ლარის გადახდა.

რაიონული სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ Aშესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებს. აღნიშნულს განეკუთვნება ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ა. ჩ.-ი მიწის რეფორმის მიმდინარეობის პერიოდში ცნობილი იქნა მიწის მიმღებთა მეორე კატეგორიის კომლად და ეკუთვნოდა 3500კვ.მ მიწის ფართობი, 1992 წლიდან ფლობდა 1000კვ.მ-ს, ხოლო 1994 წლიდან 2000კვ.მ მიწის ნაკვეთს, ე.ი. ზღვრულ ოდენობამდე აკლდა 1500კვ.მ მიწის ნაკვეთი, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიკუთვნებული ჰქონდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება შესული იყო კანონიერ ძალაში და სამოქალაქო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად ჰქონდა პრეიუდიციული მნიშვნელობა მოცემული საქმის მიმართ.

საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ ა. ჩ.-ი 1992 წლიდან კანონიერად ითხოვდა მიწის ნაკვეთის ზღვრულ ოდენობამდე შევსებას, რაც ქ. ხონის გამგეობამ არ განახორციელა, ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად იწვევდა ზიანის ანაზღაურების მოვალეობას.

მოსარჩელე ა. ჩ.-ი ითხოვდა ქ. ხონის გამგეობის მიერ კანონით დადგენილი მიწის ნაკვეთის მიუცემლობით მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით წელიწადში 50 ლარის ანაზღაურებას 1 ჰექტარზე, ასევე ითხოვდა ყოველწლიურად მიუღებელი თანხის 3%-ს.

რაიონული სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის მიხედვით, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. აღნიშნული მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა ა. ჩ.-ს. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

რაიონული სასამართლოს მითითებით, ვინაიდან ა. ჩ.-ს არ ჰქონდა მიცემული 3500კვ.მ მიწის ნაკვეთი, ქ. ხონის გამგეობის მხრიდან მიადგა ზიანი, რაც, მისი განმარტებით, 0,1ჰა მიწის ნაკვეთზე შეადგენდა 50 ლარს. აღნიშნული თანხა გონივრულ შესაბამისობაში იყო მიყენებულ ზიანთან მიმართებაშიც და უნდა ანაზღაურებულიყო.

რაც შეეხებოდა მოსარჩელის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის ყოველწლიურად 3%-ის ანაზღაურების შესახებ, რაიონული სასამართლოს მოსაზრებით აღნიშნული მოთხოვნა არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას, რადგან პროცენტის მოთხოვნა გათვალისწინებული იყო მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მიუღებელ შემოსავალზე პროცენტის ანაზღაურებას კი სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებდა (ს.ფ. 59-62).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ჩ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოპასუხისათვის დამატებით 24 289 ლარის გადახდის დაკისრება.

აპელანტი არ დაეთანხმა რაიონული სასამართლოს მსჯელობას მიუღებელი შემოსავლის ყოველწლიურად 3%-ის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, რადგან მსგავს შემთხვევაში კანონმდებლობა მიუღებელ შემოსავალზე პროცენტის გაცემის აკრძალვას არ ითვალისწინებს (ს.ფ. 66).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის განჩინებით ა. ჩ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით ა. ჩ.-ს შეევსო 1500კვ.მ მიწის ნაკვეთი. ამ ნაკვეთის მიუცემლობის გამო ხონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილებით ხონის გამგეობას ა. ჩ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1150 ლარი. ამ ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იგი შევიდა კანონიერ ძალაში. ა. ჩ.-ი ითხოვდა ხონის გამგეობისაგან მიწის მოუზომლობის გამო ზიანის სახით პროცენტის გადახდევინებას, რაც შეადგენდა 24 289 ლარს.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლი ითვალისწინებს პროცენტის გადახდას მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 411-412-ე მუხლები არ ითვალისწინებს მიუღებელი შემოსავლისათვის პროცენტის გადახდევინებას (ს.ფ. 81-83).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ჩ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის 3%-ის _ 24 289 ლარის გადახდის დაკისრება.

კასატორის თქმით, სააპელაციო სასამართლომ მიუღებელი შემოსავლის ყოველწლიურად 3%-ის ანაზღაურებაზე უარის თქმის მოტივად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს პროცენტის გადახდას მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობისას, ამ შემთხვევაში კი სახეზეა ვითარება, როცა ხონის რაიონის გამგეობა ვალდებული იყო მოსარჩელისათვის გადაეცა მიწის მოსარგებლეთა მეორე კატეგორიისათვის გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი, რაც, ფაქტობრივად, ფულად ვალდებულებას წარმოადგენდა, რადგან მიწის ნაკვეთი ფულით ფასდება (ს.ფ. 89).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, ვერ ასაბუთებს მისი მოთხოვნის არსებით საფუძვლიანობას.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ა. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.